საით წაგვიყვანს სტრატეგიული განვითარების ლიანდაგი?

საით წაგვიყვანს სტრატეგიული განვითარების ლიანდაგი?

მთავრობა ეკონომიკის განვითარების გეგმაზე მუშაობს - ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შემუშავება დაწყებულია. ეკონომიკური გუნდი მრჩეველთა საბჭოს შეხვდა და 26 ექსპერტთან ერთად მთავარი მიმართულებები განიხილა. მთავრობა აცხადებს, რომ უკვე არსებობს 2 მთავარი საბაზისო დოკუმენტი, რომელიც სტრატეგიას საფუძვლად დაედება. ეს არის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა და მთავრობის სტრატეგია.

ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შედგენაზე მუშაობა ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაავალა. ამიტომაც გუშინ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

გადაწყდა, რომ მუშაობის პროცესში ჩაერთვება ყველა სამინისტრო, აგრეთვე ექსპერტები, სამოქალაქო სექტორი, რათა ქვეყნის სტრატეგიის ამსახველ საბოლოო ვარიანტში გათვალისწინებული იყოს ყველა დაინტერესებული მხარის წინადადებები და მოსაზრებები.

შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტრომ მრჩეველთა საბჭოს გააცნო საქართველოს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავებისათვის საჭირო რეკომენდაციები, ასევე განიხილეს ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და წინადადებები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, დოკუმენტში განსაზღვრული იქნება პრიორიტეტები და ის ფინანსური რესურსები, რომელიც ეკონომიკაში დასახული მიზნების მისაღწევად უნდა იქნეს გამოყოფილი.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სუფთა ფურცლიდან არ ვიწყებთ მუშაობას. გვაქვს ორი სტრატეგიული დოკუმენტი. ესაა კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა, რომელმაც არჩევნებში სწორედ ამ სტრატეგიული ხედვების გამო გაიმარჯვა და მეორე - მთავრობის პროგრამა „ძლიერი, დემოკრატული, ერთიანი საქართველოსათვის“. სწორედ ეს პროგრამები დაედება საფუძვლად სტრატეგიაზე მუშაობას. ჩვენ ექსპერტებთან, პროფესიონალებთან ერთად ვიმუშავებთ და მალე მოსახლეობა იხილავს ახალი მთავრობის უფრო ფართო ხედვას“, - ამბობს ნოდარ ხადური.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის აზრით, პირველ რიგში, დოკუმენტში უნდა ჩამოყალიბდეს, რა ტიპის ქვეყანა გვინდა, სად გვაქვს კონკურენტული უპირატესობები, რა მიმართულებებზე უნდა მოვახდინოთ რესურსების მობილიზება.

„ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელზედაც ჩამოვყალიბდით მუშაობის ფორმატზე. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ზეპარტიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრებთან შეხვედრას 30-მდე ექსპერტი ესწრებოდა. როგორც ექსპერტმა ლადო პაპავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათ გასცეს კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორი სტრუქტურის უნდა იყოს დოკუმენტი, რა ვადაზე უნდა იქნეს გათვლილი და რა უნდა მოიცვას.

მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის, განმარტებით, დოკუმენტი საკმაოდ ამბიციურია და მისი შემუშავება სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. მისი თქმით, დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი ერთი შეხვედრით ვერ ჩამოყალიბდება, თუმცა ჭეშმარიტება სწორედ აზრთა სხვადასხვაობისას იბადება.

„აუცილებელია, რომ თითოეული დარგის მიმართ შემუშავდეს კონკრეტული მიდგომები, რათა მთლიანობაში მივიღოთ სანდო მიმართულება ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის. საბჭოს წევრთა მხრიდან დოკუმენტთან დაკავშირებით 4 სხვადასხვა ხედვა არსებობს, თუმცა მიზანი საერთოა - მოსახლეობამ, პირველ რიგში, უნდა დაიჯეროს დოკუმენტის რეალობა და შეძლოს მისი შედეგების გამოვლენა. იგი სურვილებს არ უნდა ეფუძნებოდეს და რეალური უნდა იყოს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

დოკუმენტი შემდეგ ძირითად საკითხებს მოიცავს: დასაქმების ხელშეწყობა, შრომითი ბაზრის შეჯერება და მიგრაციის პროცესების მოგვარება. საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ თითოეული დარგის მიმართ კონკრეტული მიდგომები უნდა გამოიკვეთოს, რათა მთლიანობაში ამან ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის წარმატებული მიმართულება განსაზღვროს.