ქართულ ბაზარზე შესაძლოა, ხორცი გაიაფდეს, რაც სასაკლაოების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული. მოვაჭრეების შეფასებით, სასაკლაოების გახსნა ხორცის დამუშავების ხარჯებს შეამცირებს, რაც შემდეგ ხორცის გასაყიდ ფასზეც აისახება.
ჯერჯერობით კი საპირისპირო სიტუაციაა. რეგიონებში სასაკლაოების გახსნას დიდი გაურკვევლობა და საპროტესტო აქციები მოჰყვა. სხვათა შორის, ზოგიერთ ქალაქში ხორცის ფასიც ზრდა შეინიშნება. თუმცა, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ეს დროებითი მოვლენაა და მალე ყველაფერი დარეგულირდება.
შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ადრე ქვეყანაში მხოლოდ 2 სასაკლაო იყო, დღეს კი მათი რაოდენობა 45-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოშიც ადასტურებენ.
“ნოემბრის ბოლოს თბილისში მხოლოდ 2 სასაკლაო ფიქსირდებოდა, რეგიონებში არსებულები კი სულს ღაფავდნენ”, - აცხადებენ სურსათის უვნებლობის სამსახურში.
მათივე თქმით, თბილისში ხორცის შემოტანის უფლება მხოლოდ თელეთისა და ნატახტრის სასაკლაოებს ჰქონდათ, რეგიონებში კი ერთეული სასაკლაოები იყო. სააგენტოს წარმომადგენელთა განმარტებით, მაისის ბოლომდე სასაკლაოების რიცხვი 60-ს მიაღწევს.
დღეს ქვეყნის მასშტაბით ხორცის გასაყიდი ფასი 1 კილოგრამზე 7-14 ლარია. ყველაზე იაფი ის ყარაჯალასა და ხაშურშია, შედარებით ძვირია დიდ ქალაქებში, ხოლო ყველაზე მაღალ ფასად ხორცი, რა თქმა უნდა, დედაქალქაში იყიდება. თუმცა, ბოლო 1 წელია თბილისის სავაჭრო ქსელებშიც მისი გაიაფების ტენდენციაა. ამ პერიოდში ხორცი და ხორცპროდუქტების ფასმა 1-3 ლარით დაიკლო.
ამის უმთავრესი მიზეზი ნატახტარის სასაკლაოზე მომსახურების გადასახადის შემცირებაა. თუ ადრე ცეზარ ჩოჩელის მიერ კონტროლირებად სასაკლაოზე 1 კილოგრამ ხორცის დამუშავებაში 1 ლარს ითხვოდნენ, არჩევნებამდე 1 პირუტყვის დაკვლა-დამუშავება მოჭრილად 100 ლარამდე ჩამოვიდა, ხოლო ნაარჩევნებს სულაც 50 ლარამდე.
ორის გარდა, რატომ არ ჰქონდათ სხვა სასაკლაოებს ხორცის შემოტანის უფლება? სურსათის უვნებლობის სამსახურში ამას წინა ხელისუფლების პერიოდში ამ ბაზარზე არსებულ მონოპოლიურ ვითარებას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ამ დრომდე სასაკლაოებზე კონტროლი სუსტი იყო.
კონტროლის სისუსტესა და შეუმოწმებელ პროდუქციაზე საუბრობს "იბერმითიც", რომელიც ნატახტარში მდებარე პირველად გადამამუშავებელ საწარმოს წარმოადგენს.
კომპანიის წარმომადგენლებმა “კომერსანტს” განუცხადეს, რომ დღეს თბილისში ხორცის 60-70% შეუმოწმებელია მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში კონტროლი გამკაცრდა.
კომპანიის განცხადებითვე, ბაზარზე შარშან 30-მდე სასაკლაო იყო, კონკურენცია კი დღემდე არ არსებობს გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქციის დიდი ნაწილი შეუმოწმებელია.
კომპანიის ინფორმაციითვე, ბოლო თვეების განმავლობაში ლიცენზია ძველმა სასაკლაოებმა აიღეს, მათ შორის, გარდაბანში, საჩხერეში, დუშეთში, საგარეჯოსა და სხვა რეგიონებში მდებარე საწარმოებმა, თუმცა ფასები ანალოგიურია.