"ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენებს - ლაურა ღაჭავას და მის ვაჟს დავით კოდუას აღმკვეთ ღონისძიებად 600-600 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ. ცეზარ ჩოჩელს კი - 300 ათას ლარიანი.
ამ დროს კი პროკურატურა ბრალდებულებისთვის გაცილებით მეტი თანხის დაკისრებას ითხოვდა, კერძოდ, ლაურა ღაჭავას შემთხვევაში 1 600 000 ლარიანი გირაოს, ხოლო მისი შვილის, დავით კოდუასათვისაც იმავე თანხას. რაც შეეხება ბრალდებულ ცეზარ ჩოჩელს, მისთვის ბრალდების მხარემ 650 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
მთლიანობაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ბანკ ქართუს" გაკოტრების საქმეზე ბრალდებული 19 ბიზნესმენის საქმე განიხილა. აღნიშნულ ბიზნესმენებს ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ქონების მითვისება მოჩვენებითი გარიგებით, ასევე - ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება.
ბიზნესმენების ინტერესების დამცველი ადვოკატები აცხადებენ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, რადგან ამ შემთხვევაში, ბანკის გაკოტრების სქემით დაზარალებულები უფრო ბიზნესმენები არიან. ამიტომაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა ცდილობს, მომხდარის გამო საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს და თავს იმართლებს, რომ ამ ეტაპზე არ სურს საუბარი, თუ ვინ დაავალა არარსებული საგადასახადო დავალიანების აღიარება, ადვოკატი ალა კახნიაური, რომელიც „ქართუ ბანკის“ ინტერესების დასაცავად ამ საქმეში თავიდანვე გახლდათ ჩართული, მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები ნებისმიერი მთავრობის დროს მიჩვეულები იყვნენ თავის გადარჩენას, ფულის კეთებას, ხალხის მოტყუებასა და გამწარებას. ამდენად, მათთვის შეფარდებული 600-600 ათას ლარიანი გირაო არ არის იმ ოდენობის თანხა, რასაც მათი დანაშაული ითვალისწინებდა.
ამის მიუხედავად, ლაურა ღაჭავა აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ზემოდან იყო დაგეგმილი და თუ ვინ იყო დამკვეთი და რა მოხდა სინამდვილეში, გამოძიებამ მასზე უკეთ იცის. ღაჭავამ მხოლოდ ის იცის, რომ "ბანკ ქართუში" სესხი აქვს გასასტუმრებელი, რომელზეც საურავები არის დარიცხული იმის გამო, რომ 2011 წლის დეკემბრიდან თანხას არ იხდიდა. ამდენად, იგი „ქართუ ბანკის” მიმართ არსებული 397 302,85 ლარის ვალდებულების დაფარვისთვის მზადაა.
"მე დასჯადი არაფერი ჩამიდენია", - აცხადებს ლაურა ღაჭავა.
ადვოკატი ალა კახნიაური აკონკრეტებს მათ დანაშაულებრივ სქემას და აცხადებს, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივი დამნაშავეები არიან, ვინაიდან მათ მონაწილეობა მიიღეს ბანკის გაკოტრების საქმეში და სასამართლო დღესაც მათ ყველანაირად ხელს უწყობს. თუ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე, როგორც წესი, გირაოს თითქმის არავის უფარდებდნენ და ამა თუ იმ პირის უდანაშაულობის თუ დამნაშავეობის მიუხედავად, დაჭერისთანავე სასამართლო მათ დაპატიმრებას უფარდებდა, ახლა მტკიცებულებებით გამყარებული ბრალის მიუხედავადაც, სასამართლო მაინც არ უფარდებს მათ დაპატიმრებას.
„ასე 180 გრადუსით შეიძლება სასამართლოს დამოკიდებულების შეცვლა დამნაშავე პირთა მიმართ?“ - კითხულობს ადვოკატი და მიიჩნევს, გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო მათთვის დაკისრებული თანხა და საერთოდ, შეიძლებოდა, ამის გამო ისინი დაეპატიმრებინათ კიდეც. თუმცა, გირაოს შეფარდებაც ძალიან კარგია, რადგან ბიუჯეტში შევა თანხები.
„ზოგადად, როგორც ადვოკატი, არ ვარ მომხრე, რომ ყველა პირს დაპატიმრება შეეფარდოს. მეც რომ ვყოფილიყავი პროკურორი, მეც აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოვითხოვდი, რადგან დაპატიმრება პირს იმ შემთხვევაში უნდა შეეფარდოს, როცა გამოძიებისთვის დამალვის, ან ხელშეშლის საშიშიროება არსებობს. ამ შემთხვევაში კი საქმე, ფაქტობრივად, გახსნილია, რადგან ყველამ აღიარა ბრალი და ითანამშრომლა გამოძიებასთან, სხვების მსგავსად, არ დამალულან. ამიტომ სწორად მოიქცა პროკურატურა, როცა დიდი ოდენობის გირაო მოითხოვა, რადგან, მოგეხსენებათ, ლაურა ღაჭავას ფული არ უჭირს. თუმცა სასამართლოს 600 ათასი კი არა, უფრო მეტი უნდა დაეკისრებინა მისთვის“, - აღნიშნა ალა კახნიაურმა For.ge-სთან საუბარში.
ამასთან, მისი თქმით, გამოძიება, ალბათ, დაადგენს, რომ ეს პროცესი მართვადი იყო და ადეიშვილი და პრეზიდენტი ჩარეულები იყვნენ ამ საქმეში. უფრო მეტიც, ალა კახნიაური დღესაც იმეორებს, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობდა ბანკ „ქართუს“ წინააღმდეგ.
რაც შეეხება ლაურა ღაჭავას ოჯახსა და ცეზარ ჩოჩელის ინტერესებს, ადვოკატი აცხადებს, რომ ამ ადამიანებს დავალიანება რომ ჰქონოდათ, ამხელა კრედიტს ხომ ვერ გაიტანდნენ ბანკიდან?! ამიტომაც სახელმწიფომ ასეთი რამ მოიფიქრა, შეცვალა კანონი და დაადგინა, რომ, თუ პირს წარმოეშვება დავალიანება და ქონება იქნება ბანკში ჩადებული, ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფოს მიეცემა უპირატესობა ბანკთან შედარებით.
ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნეს და გამოიყენეს მხოლოდ და მხოლოდ ბანკ „ქართუს“ წინააღმდეგ. სხვათა შორის, ადვოკატის თქმით, ბევრ ადამიანს ჰქონდა „ქართუ ბანკის“ ვალი, თუმცა ყველა მათგანი კი არ დათანხმებულა მსგავს ფარსში მონაწილეობის მიღებას?! ზოგიერთი კეთილსინდისიერად მაინც იხდიდა თანხას.
„ადამიანი როცა იღებს კრედიტს, ის არ უნდა დაფაროს? ტყუილად უნდა აღიაროს ვალი, რომელიც არ არსებობს? ეს ხომ დანაშაული და თაღლითობაა? შესაბამისად, ეს ქონება წაიღეს. როგორც ვიცი, თათბირებს ატარებდნენ თავიანთ ორგანიზაციებში, აცხადებდნენ, რომ ჩვენ აუქციონზე ვიყიდეთ ეს ქონება, მაგრამ ამავე დროს, ახლობლებს ეუბნებოდნენ, რომ სინამდვილეში, ეს აუქციონი კი არა, ფარსი იყო. ასეთნაირად ბანკი გაკოტრების პირას მიიყვანეს. დამფუძნებელს რომ არ გაეზარდა ბანკის კაპიტალი, დღეს ბანკი არ იარსებებდა“, - აცხადებს ალა კახნიაური.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი, პროკურატურა, შემოსავლებისა და სააღსრულებო სამსახურები ერთობლივად მოქმედებდნენ ამ ერთი ბანკის წინააღმდეგ.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, "ბანკი ქართუს" გაკოტრების დანაშაულებრივი სქემა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა.
პირველ ეტაზე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს და პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით იურიდიული პირების ქონება გაეყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული.
დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ბიზნესმენებს, რომელთაც "ქართუში" საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ, უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება, ამის შემდეგ იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, აუქციონზე გაიტანდნენ, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა, ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის გზით, სიმბოლურ ფასად სხვა კომპანიებზე გაყიდდა, რომლებსაც სინამდვილეში ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები აკონტროლებდნენ. ამ გზით ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით ბანკი "ქართუს" საკრედიტო დავალიანება უუქმდებოდათ, რომლის უზრუნველყოფას სწორედ იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა. ამით დაზარალებული რჩებოდა ბანკი "ქართუ", რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისთვის მიცემული ჰქონდა 59 მილიონ 997 ათასი დოლარსა და 3 757 000 ლარის კრედიტები.