„ოპოზიციას შეუძლია ულტიმატუმის ენით ესაუბროს მიშელს - ახლა ღარიბაშვილი უნდა გადადგესო, მერე, შეიძლება მას მიადგეს – გადადექი და ჩვენ გავხდებით პრეზიდენტიო“

„ოპოზიციას შეუძლია ულტიმატუმის ენით ესაუბროს მიშელს - ახლა ღარიბაშვილი უნდა გადადგესო, მერე, შეიძლება მას მიადგეს – გადადექი და ჩვენ გავხდებით პრეზიდენტიო“

მომავალ კვირას საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოდის. შარლ მიშელის ჩამოსვლამდე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა საქართველოს მთავრობას საგანგებო წერილით მიმართეს. დიპლომატების ადრესატები არიან: საქართველოს პრემიერ–მინისტრი, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. დიპლომატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, 5 ივლისის მოვლენების გამო, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები და მიიღონ პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები.

როგორც წერილშია აღნიშნული, 5 ივლისს, ლგბტქ+ თბილისი პრაიდის მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა, რადგან მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა. გარდა ამისა, წერილში აღნიშნულია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო.

„ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. ეს საზიარო ღირებულებები გაცხადებულია ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ეს ღირებულებები გვაერთიანებს და სიამაყის საფუძველსაც გვაძლევს, თუმცა, ასევე, გვავალდებულებს, რომ ვიმოქმედოთ მათ დასაცავად და ისინიც დავიცვათ, ვინც ყველაზე დაუცველია ჩვენს საზოგადოებაში.

ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური რიტორიკა ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული მნიშვნელოვანი რისკების პირისპირ. ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს“, – ნათქვამია დიპლომატების წერილში.

რაც შეეხება შარლ მიშელის ვიზტს და განსახილველ საკითხებს, მმართველი გუნდი გეგმავს 5–6 ივლისთან დაკავშირებით უშუალოდ შარლ მიშელსაც მიაწოდონ სრული ინფორმაცია, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მათ შორის იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს უკვე მას შემდეგ, რაც ძალადობა უკვე იყო ჩადენილი. საუბარია შემდგომ რეაგირებებზე, კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს.

პარლამენტის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის ასეთი ხშირი ვიზიტი მხოლოდ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებს არ უკავშირდება. თუმცა დარწმუნებულია, რომ შარლ მიშელი დაინტერესდება იმ პოლიტიკური ვითარებით, რაც არის ქვეყანაში. მისი თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრისას დოკუმენტის პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებით დისკუსია შედგება.

„გვექნება დისკუსია, თუ რა მდგომარეობაშია ეს დოკუმენტი. როდესაც ჩვენ ყველა პუნქტს ძალიან სკრუპულოზურად მივყვებით, სამწუხაროდ, ოპოზიცია ან არ აწერს ხელს, ან ხმას არ აძლევს შეთანხმების პუნქტებს“, – აცხადებს გიორგი ხელაშვილი.

საპარლამენტო ოპოზიცია და კერძოდ „მოქალაქეები“ თვლიან, რომ მმართველმა გუნდმა პასუხი უნდა გასცეს შარლ მიშელს როგორ სრულდება ის შეთანხმება, რომელიც მის სახელთანაა დაკავშირებული. „მოქალაქეები“ თვლიან, რომ ძალიან ბევრი პუნქტი „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია და პირველ რიგში ეს დაკავშირებულია სასამართლოსთან. როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, მიშელის შეთანხმების იმპლემენტაცია ჭრიალით მიდის – ვისაც არ ეზარება, ყველა ცდილობს დაარღვიოს. მისი თქმით, ამ ვითარებაში კარგია, რომ შარლ მიშელი ჩამოდის.

„შარლ მიშელისა და ელჩების მხრიდან ადრეც ითქვა, რომ ერთია შეთანხმება და მეორეა, განხორციელება. ყველა ვხედავთ, შეთანხმების იმპლემენტაცია ჭრიალით რომ მიდის – ვისაც არ ეზარება, ყველა ცდილობს დაარღვიოს. ჩვენ პატიოსნად მივყვებით. „ლელომ“ შეთანხმებას ხელი მოაწერა და საარჩევნო რეფორმას მხარი არ დაუჭირა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს. „ქართულ ოცნებას“ როგორც კი წაუყრუებ, იმ წამსვე არღვევს, მაგალითად, მოსამართლეების ნაწილში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, „ლელოსთვის“ ეს არის შესაძლებლობა, პრეზიდენტ მიშელს უთხრან, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს შეთანხმებას. როგორც „ლელოს“ ლიდერი აცხადებს, „ოცნების“ უპასუხისმგებლო ნაბიჯების გამო ქვეყანა იღებს ზიანს და იმისათვის, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ნაბიჯებს აქვს იდენტური შეფასება ოპოზიციის, ევროკავშირის და აშშ–ის მხრიდან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელი ჩამოდის ბათუმში სამი ქვეყნის პრეზიდენტთან შესახვედრად, ეს არის შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ პრეზიდენტ მიშელს მადლობა იმისთვის, რომ მისი მედიაციით მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ამავდროულად ვუთხრათ, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს შეთანხმებას. შეფასება არის აბსოლუტურად ერთი და იგივე ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის და აშშ–ის მხრიდან.

ასე რომ, ჩვენ გვაქვს აბსოლუტური თანხვედრა შეფასებაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია უხეშად შეთანხმება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში და ურცხვად იტყუება, როცა ამბობს, რომ რაღაც ზეპირი შეთანხმება ჰქონდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებთან და ის ზეპირი შეთანხმება მათ ზედმიწევნით შეასრულეს. უნდა ვამხილოთ კვლავ „ქართული ოცნება“, მედიატორი აბსოლუტურად ადეკვატურად უპასუხებს ასეთ გამოწვევას, რაც მოდის „ქართული ოცნების“ მხრიდან“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტი როგორც უნდა შესრულებულიყო, ისე არ შესრულებულა და სწორედ, ამიტომ ჩამოდის საქართველოში. როგორც „გირჩის“ წევრი ამბობს, თინეიჯერები რომ ჩხუბობენ, ზოგჯერ საქმეში ერევიან ე.წ. ვზროსლები. ვზროსლი კი არის შარლ მიშელი, რომელიც ჩამოდის საკითხის მოსაგვარებლად.

„შარლ მიშელის დოკუმენტის მთავარი პუნქტების შესრულება ჯერ დაწყებული არ არის. მგონი, თვითონ ბატონი შარლ მიშელი აქ გამზადებული საკითხებით მოვა, მან ზუსტად იცის ის კონფლიქტები, რაც ახლა გვაწუხებს, ჩვენ უბრალოდ ყურადღებით მოვისმენთ და დავეხმარებით აქაური სიტუაციის უკეთ გარკვევაში ბატონ შარლ მიშელს. ისე, როგორც უნდა შესრულებულიყო დოკუმენტი, არ შესრულებულა და სწორედ ამიტომ ჩამოდის შარლ მიშელი საქართველოში, თუმცა ამ პუნქტის ორი მთავარი ნაწილის შესრულება ჯერ ფაქტობრივად არ დაწყებულა, უბრალოდ, შეტანილი გვაქვს კანონპროექტი.

მთელი მსოფლიოს თვალწინ თავი მოიჭრა „ქართულმა ოცნებამ“ ამ თვალსაზრისით, თუმცა მნიშვნელოვანი პუნქტებია წინ და ალბათ, შარლ მიშელისგან ჩვენ რაც გვჭირდება არის ის, რომ არ დადგეს დღის წესრიგში „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების არსებითი პუნქტების დარღვევა, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები და 43 პროცენტიანი ბარიერი. მგონი, ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია და ოპოზიცია ამის დაცვაში უნდა იყოს ერთიანი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ევროკავშირმა დიდი პლუსი დაიწერა იმითი, რაც მან მოახერხა და გარეთ მყოფი ოპოზიცია პარლამენტშია, მაგრამ ახლა ეს ოპოზიცია ისევ გარეთ გარბის. შესაბამისად, ექსპერტი ფიქრობს, რომ მიშელის ჩამოსვლის მიზეზი არის მიღწეული წარმატების შენარჩუნება და მისი პოზიტიური შედეგები.

„საკითხის ის მხარე, რატომ ჩამოდის, სირთულეს არ შეიცავს. მაგრამ თუ არის პრობლემა, მაშინ როგორი იქნება ამ პრობლემის მოგვარების მისეული გზა - ეს იქნება ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ მან დათმოს და ამ შემთხვევაში იგულისხმება გადადგეს პრემიერ–მინისტრი, თუ ზეწოლა ოპოზიციაზე, რომ დაიცვან მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის სულისკვეთება?

ჩვენ ვიცით, რომ ქართული საზოგადოება და ხელისუფლება წინააღდეგი იყო იმისა, რომ რურუა პოლიტპატიმრად შერაცხულიყო და გამოეშვათ, მაგრამ იმ გზამ, რითაც დაასრულეს კონფლიქტის მოგვარება ჩვენმა პარტნიორებმა, ის გზა გულისხმობდა რურუას გათავისუფლებას და ხელისუფლება წავიდა ამ დათმობაზე, ოღონდ ნორმალურ რელსებზე გადასულიყო ქვეყნის ცხოვრება“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ თუ ასე გაგარძელდება პროცესები, ოპოზიციას შეუძლია ულტიმატუმის ენით ესაუბროს მიშელს.

„უთხრან: თუ გინდათ ნორმალურად გაგრძელდეს ცხოვრება, ახლა ღარიბაშვილი უნდა გადადგესო. მერე ოპოზიცია დაიწყებს ისეთ ცხოვრებას, რომ ყოველ მეორე საკითხზე ოპოზიცია გავა ქუჩაში, ჩამოვა მიშელი და დაიწყება იმის კეთება, რაც ოპოზიციას უნდა. ამითი კარგი არაფერი გამოვა საბოლოო ჯამში, თვითონ იმ მიზნებისთვის, რასაც ჩვენი პარტნიორები ისახავენ და მივიღებთ ისეთ სურათს, როგორიც არის ოქროს თევზის ზღაპარი. ასე რომ, ამითი არ დამთავრდება და მერე შეიძლება ოპოზიცია მიშელს მიადგეს მოთხოვნით – გადადექი და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის პრეზიდენტი და ეს სამართლიანი იქნებაო“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, ევროკავშირს საქართველოში თავისი დღის წესრიგი აქვს და თუ ვინმეს ჰგონია, რომ შარლ მიშელი და ევროკავშირი იმიტომ არიან აღშფოთებული, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში მურუსიძე–ჩინჩალაძის კლანი გამეფთდა, ის უბრალოდ დედმაგოგიაა.

„მათ სულ არ აინტერესებთ საქართეველოს მართლმსაჯულების მდგომარეობა და მისი შესაბამისობა ევროპის სტანდარტებათან.

მათ აინტერესებთ რამდენად იქნება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა მათი დომინირებისთვის მორჩილი ინსტურმენტი. ამისთვის იყენებენ იმ სისუსტეებს, ნაკლოვანებებს და კლანურობას, რომელიც არსებობს და არსებობს ყველგან. დღევანდელ კაცობრიობაში მიუკერძოებელ სასამართლოზე საუბარი მიმაჩნია, არის აბსურდი.

არსებობს მიკერძოების გრადაციები. ასე რომ, მიშელის ვიზიტი და წინარე მოვლენები განპირობებულია სწორედ ამ ინტერესებით და რა ინტერესია ეს, ამაზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რომ ნებისმიერ ხელისუფლებაში სასამართლო არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მიზანი არის ხელში ჩაიგდონ სასამართლო სისტემა და დაამყარონ მასზე სრული კონტროლი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როცა ქვეყანაში მძიმე ვითარება ყალიბდება. მისი თქმით, დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ ახალი დაპირისპირებისთვის ემზადება. მისი შეფასებით, შარლ მიშელის ვიზიტი სავარაუდოდ, სწორედ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზებს შეეხება.

„ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე უმეტესი პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება, რადგან ის პროცესს ქმნის. ამ პროცესის პასუხი რამდენად ადეკვატური უნდა იყოს და რამდენად მისაღები თავად საზოგადოებისთვის, ეს მნიშვნელოვანწილად ოპოზიციაზეც არის დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, არც ოპოზიცია არის პრაგმატული და პრაგმატულად ვერ აფასებს სიტუაციას. ამიტომ, რჩება ორპოლუსიანი საზოგადოება და ეს ყოველთვის დაპირიპირებას იწვევს. საპროტესტო აქციები პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად კი არ უნდა გაიმართოს, არამედ ქართულმა საზოგადოებამ გულწრფელი პროტესტი გამოხატოს“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

 

Katana . სალომე სამადაშვილმა ხომ პირდაპირ განაცხადა: არჩევნებამდე ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავაზიანოთ ხელისუფლებაო!
ჰოდა, ურტყამენ ყველა მხრიდან, ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებათ...
3 წლის უკან