საბჭოთა ანაბრები - პოლიტიკური ქულების ჩასაწერი საკითხი

საბჭოთა ანაბრები - პოლიტიკური ქულების ჩასაწერი საკითხი

საბჭოთა ანაბრების თემა საზოგადოებისთვის ერთი ნაწილისთვის უპერსპექტივო თემაა, ნაწილი კი დღემდე ელოდება, რომ რომელიმე ხელისუფლება რეალურად გამოხატავს ნებას, რომ საბჭოთა ბანკებში გაუფასურებულ-გამქრალი ანაბრები აუნაზღაუროს. რეალობა კი ის არის, რომ ბოლომდე ისიც კი არ არის დადგენილი და დასაბუთებული, რა დაემართა ამ ფულს - სად, რა მიმართულებით დაილექა და როგორ გაქრა ბანკებიდან. გასამიჯნია ის საკითხიც, რაზეა ლაპარაკი - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ინფლაციის შედეგად გაუფასურებულ თანხებზე თუ იმ რესურსებზე, რაზეც ნულოვანი ვარიანტის ფარგლებში საქართველომ თავის დროზე უარი თქვა. 

ფაქტია, რომ საბჭოთა ანაბრები საქართველომ თავის დროზე შიდა ვალად აღიარა და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის პრეცენდენტიც არსებობს. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თებერვლის დასაწყისში გამოაცხადეს საბჭოთა ანაბრების შესახებ კვლევის დაწყების თაობაზე. ამ საკითხს იკვლევენ „ახალგაზრდა ფინანსისტებიც“. ერთობლივი დასკვნა ორი მიმართულებით დაიდება, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხთან მიმართებაში სამართლებრივ დასკვნას მოამზადებენ, ხოლო „ახალგაზრდა ფინანსისტები“ პრობლემას ეკონომიკური კუთხით გააშუქებენ. საბჭოთა ანაბრების კვლევის სამართლებრივი ანალიზის დეტალებზე „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის“ წარმომადგენელი არჩილ კაიკაციშვილი გვესაუბრება.

არჩილ კაიკაციშვილი: ჩვენ გვაინტერესებს, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, გვსურს დავადგინოთ, შემდეგი გარემოებები: რამდენად იყო საქართველო ვალდებული, საბჭოთა ანაბარი ეღიარებინა და აეღო შიდა ვალად, აეღო ვალდებულება მისი გასტუმრებისა. არსებობს თუ არა  დღევანდელი გადასახედიდან რუსეთი, როგორც ერთადერთი სამართალმემკვიდრე საბჭოთა კავშირისა; იყო თუ არა ვალდებული რუსეთი, აღნიშნული საბჭოური ანაბრების მიმართ აეღო პასუხისმგებლობა და გაესტუმრებინა ეს ვალი.

ანუ, დასადგენია, რამდენად სწორად მოიქცა საქართველო, როდესაც ეს ანაბრები შიდა ვალად აღიარა. ეს იყო პოლიტიკური თუ სამართლებრივი გადაწყვეტილება.

რა მიღწევები გაქვთ ამ თვალსაზრისით?

- ამ თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო მასალაა დაგროვილი და მისი დამუშავება ახლა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც საქართველომ ეს შიდა ვალად აღიარა და, ფაქტობრივად, საბჭოთა ანაბარი ქართულ ანაბრად გადაიქცა. ამდენად, საინტერესო იყო, რა ღონისძიებები განახორციელა საქართველოს მთავრობამ, საფინანსო ინსტიტუტებმა და იმ ადამიანთა წრემ, ვისაც კანონით, ნორმატიული აქტების საუძველზე, ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ აღნიშნული ანაბრების გაცემა უზრუნველეყო.

რა მოხდა და რატომ ვერ შედგა ეს პროცესი, გამოიკვეთა?

- კიდევ ერთი საკითხი, რაც 1995 წლიდან დღევანდლამდე ჩვენი კვლევის საფუძველს წარმოადგენს - როგორ უყურებს ქართული მართლმსაჯულება ანაბრების შესახებ დავების გადაწყვეტის საკითხს და რა სამართლებრივ საფუძვლებს ეყრდნობა, როცა საერთო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს გამოაქვს სხვადასხვა გვარი გადაწყვეტილება.

რატომ ხდება, რომ პირველი-მეორე ინსტანციის სასამართლოებით საქართველოს მოქალაქეებს უბრუნდებათ ანაბრები - ანუ ხდება აღიარება, რომ შესაბამისი ინდექსაციის საუძველზე მათ მიიღონ თანხები, ხოლო უზენაესი სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს მოქალაქეთა საწინააღმდეგოდ. როგორც მოვიკვლიეთ,  საკონსტიტუციო სასამართლოში ამ ტიპის რამდენიმე საქმეა განხილული.

გარდა ამისა, გვაინტერესებს უკვე მოცემულ შემთხვევაში როგორ უნდა მოახერხოს ქართულმა სახელმწიფომ ან უნდა მოახერხოს თუ არა, ან რა ხანგრძლივობით და რა ვადაში უნდა მოახერხოს კომპენსაციების გაცემა. ეს მოხდება ფულადი სახით, პრივატიზების ან წიაღისეულის ხარჯზე თუ რა სახით.

გარდა ამისა, ანაბრების კომპენსირების საკითხს ჩვენ ვუყურებთ როგორც საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხს. ეს იყო ამ ადამიანების საკუთრება, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს შეჭამა ინფლაციამ თუ გარკვეულმა წრემ ან საფინანსო ინსტიტუტების არასწორმა გადაწყვეტილებებმა ამის დადგენაზე ვმუშაობთ.

მოცემულ ეტაპზე ცხადად ერთი რამის თქმა შეიძლება - არაერთი საქმე არსებობს და შესაბამისად დასკვნას ვამზადებთ არა მხოლოდ საქართველოს მაგალითის არამედ სხვა ქვეყნების მაგალითების განხილვის საუძველზეც, იმ საერთასორისო გამოცდილების გაზიარებით და იმ 14 მოკავშირე რესპუბლიკის გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ვინც ეს პრობლემა ამა თუ იმ გზით გადაწყვიტა. ზოგმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და აიღო ეს შიდა ვალად, ზოგმა არ აიღო, ზოგიც რუსეთისგან დღემდე ითხოვს მის ანაზღაურებას.

როდესაც ამ საკითხს იკვლევთ, თუ ითვალისწინებთ ნულოვან ვარიანტის ფარგლებში თავის დროზე საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს?

- დიახ ამ საკითხსაც ვიკვლევთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ ჩვენს დასკვნაში.

არსებობს თუ არა რაიმე შანსი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ეს თანხები?

- არ დარჩენილა არავინ იმ  ჩინოვნიკთაგან, ვისაც კი ამ საკითხთან რაიმე შეხება ჰქონდა, ოფიციალურად რომ არ მიგვემართოს და ძალიან სერიოზული ინფორმაციაა შემოსული, რაც გვაძლევს იმედს, რომ რეალურად გამოიკვეთება, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა. ]

30 მარტს ვგეგმავთ დიდ კონფერენციას, რომელშიც სხვადასხვა ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ მივმართეთ კითხვებით ბატონ შევარდნაძესაც, კითხვები გავუგზავნეთ მიხეილ სააკაშვილსაც, რომელმაც 2003 წლის არჩევნებებზე ამ ანაბრების დაბრუნების დაპირება გასცა.

კითხვები გავუგზავნეთ დღევანდელ ფინანსთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და გვაინტერესებს, რატომ არ მოხდა იმ დაპირებების შესრულება ან ხომ არ გეგმავს რაიმე საკანონმდებლო ინიციატივის შეთავაზებას ნაციონალური მოძრაობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

როდესაც სახელმწიფომ შიდა ვალად აღიარა, შესაბამისი ინდექსაციის შემდეგ დაიწყო ამ თანხების გაცემა - პირველად უნდა დაეკმაყოფილებინათ ინვალიდები, თანხების გაცემის პროცესი დაიწყო და მალევე შეწყდა, თუ მიიღეთ ვინმესგან დასაბუთებული პასუხი, თუ რატომ შეწყდა შესაბამისი კომნპენსაციების გაცემა?

- 1997 წელს პრეზიდენტის განკარგულების საუძველზე მოხდა საბჭოთა ანაბრების ინდექსაცია. განისაზღვრა კატეგორიები, ვისაც პირველ რიგში უნდა მიეღო კომპენსაცია, ესენი იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების და ადგილნაცვალი პირები, შემდეგ მოჰყვებოდა სხვა კატეგორიები.

დიახ, იყვნენ ადამიანები, ვისაც რეალურად მიეცათ კომპენსაცია და სახელმწიფო ბიუჯეტმა დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე თანხაც გაითვალისწინა. ზოგიერთმა პარტიამ უკმაყოფილება გამოხატა ამის გამო და საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლის საუძველზეც სასამართლოს გადაწყვეტილებით თანხების გაცემა შეწყდა.

ცნობილია, ლეიბორისტულმა პარტიამ შეიტანა სარჩელი, რომ სქემა არ იყო სწორი და ეს საკითხი შეჩერდა. ფინანსთა სამინისტროში შეიქმნა კომისია, რომელსაც თავიდნ უნდა დაეთვალა თანხები და შეემუშავებინა ახალი სქემა. შემდეგ შეიცვალა მთავრობები და საკითხი არ განხილულა, ამ მიმართულებით რაიმე სიახლე აღმოაჩინეთ?

- ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად კანონზომიერი იყო ამ სარჩელის მიღება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - სარჩელში ნათქვამი იყო, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის დამამცირებელი და არაადეკვატური თანხა იყო და საარსებო მინიმუმს არ პასუხობდა, რაც სასამართლომ გაიზიარა და დაწყებული საქმე შეაჩერა, ხოლო სახელმწიფო დაავალდებულა, ეფექტური და ადეკვატური ინდექსაციის სისტემა შეექმნა.

სახელმწიფოს კანონმდებლობის დახვეწაზეც კი არ უზრუნია, არათუ ანაბრების გაცემაზე! არც იმის შესახებ არსებობს ინფორმაცია, რამდენი მეანაბრეა ქვეყანაში და ა.შ. ადგილნაცვალი პირები, რომელთა დოკუმენტაცია განადგურდა, ვერაფრით ამტკიცებენ, რომ მეანაბრები იყვნენ. იქით მივდივართ, რომ შესაძლოა, რეალურად ვერც კი დადგინდეს მეანაბრეთა რაოდენობა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ უნდა შემუშავდეს რეკომენდაციათა პაკეტი, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ.

არჩევნებამდე ანაბრების დაბრუნებას ხშირად პირდებიან, თუმცა შემდეგ ამ დაპირების შესრულება ყველა ივიწყებს. რა ინფორმაციაც მოიძიეთ, არსებობს რეალური ბერკეტები, რომ ეს პროცესი ოდესმე დაიწყოს?

- იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფომ შეწყვიტა ანაბრების გაცემის პროცესი და მას შემდეგ აღარაფერი გაუკეთებია, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, ვარდების რევოლუციას ვგულისხმობ, სახელმწიფომ მოულოდნელასდ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება - პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ხელმოწერით, მიიღო დადგენილება, რომელიც თარიღდება 2004 წლის 15 ნოემბრით და რომლის შესაბამისადაც სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია შეიქმნა. მის შემადგენლობაში შევიდნენ ფინანსთა და ეკონომიკის, ასევე რეგიონული განვითარების, იუსტიციისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები. ასევე მიღებული იქნა დებულება, როგორ უნდა ემუშავა ამ კომისიას. გაიწერა ვალდებულებები სამინისტროების მიმართაც. თუმცა, საოცარი ის არის, რომ სხდომები უნდა გამართულიყო პერიოდულად კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად.

დებულების მიხედვით, პრობლემის გადაჭრის სტრატეგია ფინანსთა სამინისტროს უნდა მოემზადებინა,  რა თქმა უნდა, ხელშესახები არაფერი გაკეთებულა, მაგრამ ერთ საინტერესო დეტალზე ღირს ყურადღების მიქცევა - ყველა მომდევნო პრემიერი უფლებამოსილებას ერთი წლით ახანგრძლივებდა.

როდესაც გავყევით ამ საკითხს, აღმოვაჩინეთ, რომ კომისიის უფლებამოსილება ასევე გაახანგრძლივა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. საქართველოს მთავრობის 2012 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებაში, კომისიის შემადგენლობის გაზრდისა და  უფლებამოსილების 2014 წლის 1 იანვრამდე გარძელების შესახებ არის საუბარი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვან ამბავთან გვაქვს საქმე, მის შემადგენლობაში შევიდნენ თბილისის მერი, სხვადასხვა აუდიტები და ა.შ. რაც მთავარია ამ გაფართოებულ შემადგენლობას დაევალა, რომ შიდა ვალთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში მიეღო ეფექტური კონკრეტული გადაწყვეტილებები.

შესაძლოა, იმიტომ გაფართოვდა კომისია, რომ შიდა ვალი მხოლოდ საბჭოთა ანაბრებს არ მოიცავს, მასში შედის საბჭოთა კავშირის დაშლის გამო შეწყვეტილი ბინათმშენებლობები და ა.შ.

- შესაძლოა. ახალგაზრდა ადვოკატებმა წერილობით მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, მოეწოდებინა ამ კომისიის მუშაობის, მისი კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია 2004-წლიდან დღემდე, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

სამწუხაროდ, ფინანსთა სამინისტრომ დაარღვია საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველა ვადა. ვაპირებთ ხელმეორედ მივმართოთ ფინანსთა სამინისტროს, რადგან ამ საკითხთან მიმართებაში ერთადერთი კომისია არსებობს, რომელსაც შეუძლია ანაბრებთან დაკავშირებით მიიღოს ხელახალი ინდექსაცია ან ესა თუ ის გადაწყვეტილება.

რა გადაწყვეტილებები აქვს მიღებული ამ კომისიას წარსულში, ამითი ძალიან ბევრი რამ გახდება ნათელი, ამდენად ვაპირებთ სასამართლოს წესით მოვიპოვოთ ეს ინფორმაცია, თუ ფინანსთა სამინისტრო კვლავ უარს იტყვის მის გაცემაზე.

იმ შემთხვევაში ეს იყო პოლიტიკური თუ სამართლებრივი გადაწყვეტილება,  საქართველოს მხრიდან, ასეთი შეფასების გაკეთება შიდა ვალთან მიმართებაში ახლა რას ცვლის?

- ვფიქრობ ეს იყო პოლიტიკური, მაგრამ სრულიად მოუმზადებელი გადაწყვეტილება, რადგან საქართველოს სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, აეღო შიდა ვალად ანაბრების საკითხი. ერთადერთი სამართალმემკვიდრე რუსეთი იყო და მას უნდა აეღო ეს ვალდებულება. თუ მოხდებოდა საკითხის სამართლებრივი გადაწყვეტა, მაშინ ის ფაქტორები უნდა დადგენილიყო, რამ გამოიწვია ამ ფულის გაუფასურება.

რა დაემართა ამ ფულს და ვისი მიზეზით მოხდა გაუფასურება - ეს ცალკე საკითხია და ვფიქრობ, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, თუმცა იმ ინფორმაციის საუძველზე, რაც პროკურატურიდან მივიღეთ, არც ერთი ადამიანზე არ ყოფილა აღძრული სისხლის სამართლის საქმე ამ საკითხთან დაკავშირებით.

იმის გამო, რომ კარგი პოლიტიკური ქულების ჩასაწერი საკითხი იყო, მთავრობები ამ ვალდებულებას იღებდნენ, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა ამ თემის კარგად, ამომწურავად წარდგენა და რაიმე სარგებლის მიღება რუსეთისგან.

90-იანი წლებიდან ოკუპირებული ვართ და შეიძლებოდა ანაბრების თემის გამოყენება ამ საკითხზე სასაუბროდ.

რამდენადაც ცნობილია, არც ერთ ქვეყანას არ მიუღია რუსეთისგან შესაბამისი კომპენსაცია, რაც შეეხება საქართველოს, ითქვა, რომ ეს იყო ჩვენი თავისუფლების საფასური...

- ერთ-ერთი მოსაზრებაა, რომ ეს თანხა იყო გამოსასყიდი თავისუფლებისათვის, მაგრამ ვფიქრობ, ეს ხატოვანი გამოთქმაა. როდესაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოდიხარ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, გაქვს მოვალეობები და ვალდებულებები და თუ შენ თვლი, რომ ეს ფული იყო საბჭოური მანეთი და საბჭოთა კავშირის ცენტრალური ბანკიდან იმართებოდა, დამოუკიდებელმა სახელმწიფომ გაუაზრებლად შენს შიდა ვალად რომ აღიარე, კი ბატონო, ჩაითვალოს ეს გამოსასყიდად, მაგრამ როცა ამისი გადახდაც აღარ გინდა შემდგომ რაზეა ლაპარაკი? კი ბატონო, დაარქვი გამოსასყიდი, მაგრამ იურიდიულად ეს ასე არ ხდება არსებობს ვალდებულებები და მოვალეობები, რომელიც შესასრულებელია.