შენი შრომა აპრილიდან დაფასდება, ადექ, მუშავ შენ!

შენი შრომა აპრილიდან დაფასდება, ადექ, მუშავ შენ!

განახლებული „შრომის კოდექსი“ იუსტიციის სამინისტომ განსახილველად პარლამენტს უკვე წარუდგინა. მისი დამტკიცება მარტის ბოლომდე იგეგმება. რა თქმა უნდა, ახალ კოდექსში ყველაფერი არ არის გამოსწორებული, მაგრამ „როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება იმ სიმახინჯისგან, რასაც ახლა შრომის კანონმდებლობა ჰქვია“.

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დასაქმებულის ინტერესების გაზრდის მიზნით გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებს აწესებს. თუმცა, მეორე მხრივ, ხელაღებით არ ზღუდავს დამსაქმებლის უფლებებსა და ინტერესებს.

„შესაბამისად, ცვლილებების ძირითადი არსი მდგომარეობს დასაქმებულის უფლებების გაზრდის ფონზე დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესების დარეგულირებაში და მათი დაბალანსების შედეგად შესაბამისი შრომითი პირობების შექმნაში, რაც საბოლოოდ ორივე მხარის საერთო მიზანს წარმოადგენს“, - ნათქვამია პარლამენტში შესული კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

„გაერთიანებული პროფკავშრების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნულ კანონმდებლობაში ძალიან ბევრი დადებითი ცვლილების ინიცირება ხდება.

„შრომის კანონმდებლობა მთავრობაში მოიწონეს და ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ბუნებრივია, ეს არ გახლავთ ის, რაც ყველა მხარისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება, მაგრამ, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება იმ სიმახინჯისგან, რასაც ახლა შრომის კანონმდებლობა ჰქვია.

ძალიან ბევრი დისკრიმინაციული მომენტი, რომელსაც თვითონ კანონი ახლისებდა, არის აღმოფხვრილი ახალ ვარიანტში. მეტი ბიძგია დიალოგისთვის, რომ ადამიანები (დასაქმებულები და დამსაქმებლები, ასევე პროფკავშირები) არა ბარიკადებზე ხვდებოდნენ ერთმანეთს, არამედ დიალოგის გზით გადაწყვიტონ პრობლემატური საკითხები.

ამავე დროს აღსანიშნავია რიგი მუხლებისა, რომელთა დაკავშრებითაც პროფკავშრებს თავისი შენიშვნები აქვს. ეს შენიშვნები წარვუდგინეთ მთავრობასთან და ითქვა, რომ პარლამენტში განხილვის პერიოდში მათ ნაწილს მხარს დაუჭერენ. ჩვენ შეშფოთებას რაც იწვევს, ეს არის ქალთა უფლებები და უსაფრთხოების ნორმები. ამ კუთხით დიდი წინსვლა არ გვაქვს და გამოსასწორებელია”, - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

მისივე განცხადებით, ცვლილებები არ იქნება ეფექტური, თუ სახელმწიფო მაკონტროლებლის ფუნქციას არ შეასრულებს. პეტრიაშვილის თქმით, დღეს პრობლემაა ხელფასის დისბალანსიც.

ახალ კოდექსი გამოსაცდელი ვადით მუშაობას ანაზღაურებადს გახდის, ანუ ე.წ. უხელფასო სტაჟიორობის ეპოქა, რომელსაც ძალიან ეფექტურად იყენებდნენ ძუნწი ორგანიზაციები, წარსულს ჩაბარდება.

გამოსაცდელი ვადით სამუშაოზე აყვანის პირობებს კოდექსის მე-9 მუხლი განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, კანდიდატთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს წერილობითი შრომითი ხელშეკრულება არა უმეტეს 6 თვისა.

ამავე დროს, კოდექსი ცალსახად განსაზღვრავს, რომ გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ანაზღაურების ოდენობა და წესი კი, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება.

მე-9 მუხილს მე-3 პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელს აქვს ნებისმერ დროს შეწყვიტოს გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება.

საქართველოს მეტალურგიულ და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ კოდექსი რაც შეიძლება მალე უნდა განხილონ და დაამტკიცონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. რადგანაც პირობები დღემდე მოუგვარებელია, დასაქმებულებს ხშირად რთულ სიტუაციაში უწევთ ყოფნა.

„ყველა შემთხვევაში პროტესტის მიზეზი დაბალი შრომის სტანდარტია. ბაზარზე არ არის კონკურენცია, რაც პროცესებს კიდევ უფრო ართულებს. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში სოციალური საკითხები იწვევს უკმაყოფილებას. მთავრობის მხრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო. ცხადია, რომ პროცესები ამით არ დასრულდება თუკი პარლამენტი შრომის კოდექსის განხილვას დააგვიანებს“, - ამბობს დოლაბერიძე.