ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრმა, ადამიანის უფლებათა დამცველმა კრისტოფ შტრასერმა საქართველოში ამოქმედებულ ამნისტიის შესახებ კანონს სამაგალითო უწოდა.
პირველ რიგში, ეს არის კიდევ ერთი აღიარება იმისა, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობდნენ და რაც მთავარია,
დასავლეთი აღიარებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.
„საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც პოლიტპატიმრები ევროსაბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით გათავისუფლდნენ. ეს კანონი, შესაძლოა, იქცეს მაგალითად რეგიონის სხვა სახელმწიფოებისთვისაც. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამნისტიის კანონი საქართველოს საზღვრებს გასცდება“, - ნათქვამია გერმანიის ბუნდესთაგის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის განცხადებაში.
გერმანელი დეპუტატების ეს განცხადება, ალბათ, იმის პასუხია, რაზეც საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრები მუდმივად საუბრობენ. კერძოდ, მათ განცხადებებში მუდმივად ხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხის დისკრედიტაცია და აშკარად იკვეთება იმის სურვილი, რომ პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებული პირები კრიმინალებად შერაცხონ.
გერმანელების შეფასება სავარაუდოდ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ერთობლივი განცხადების გამოძახილი იყო. ორგანიზაციები მიესალმებიან 2013 წლის იანვარში 190 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე, რომელიც 2013 წლის 12 იანვარს მიიღო პარლამენტმა და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას განაგრძოს მართლმსაჯულების რეფორმა.
„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის იმ პოლიტპატიმართა საქმეებს, რომლებმაც სასჯელი სრულიად მოიხადა, ან გათავისუფლდნენ „ამინისტიის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე და მიანიჭოს მათ შესაბამისი სტატუსი, რაც აუცილებელია ამ ადამიანების საზოგადოებაში სრულფასოვანი რეაბილიტაციისათვის, ასევე განაგრძოს სავარაუდოდ პოლიტიკური პატიმრების საქმეების გამოძიება.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ორგანიზაციამ პარლამენტს 180-მდე პატიმრის საქმის შესწავლა შესთავაზა, რომლებიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პოზიციით პოლიტპატიმრები იყვნენ და ამ სტატუსით ციხიდან განთავისუფლებას იმსახურებდნენ. ცქიტიშვილის თქმით, პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრების სტატუსით განთავისუფლებული პატიმრების უმეტესობა სწორედ ის ადამიანები არიან, რომელთა საქმეებიც პარლამენტს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შესთავაზა, თუმცა არიან კიდევ სხვა პირები, რომლებიც ამ სიაში ვერ მოხვდნენ და სამუშაო ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მათი საქმეები ცალკე შეესწავლა. ამ ადამიანებს შორის ცქიტიშვილი ვაჰაგნ ჩახალიანს ასახელებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ჩახალიანი პოლიტიკური პატიმარი იყო, მაგრამ პარლამენტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მისი საქმე ცალკე შესწავლის საგანი იყო და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით უნდა ყოფილიყო მიღებული. ალექსანდრე ცქიტიშვილი ამბობს, რომ პარლამენტში ასეთი საქმეების განხილვა ამჟამადაც მიმდინარეობს.
„ამასობაში ვაჰაგნ ჩახალიანი ამნისტიის კანონის საფუძველზე განთავისუფლდა ციხიდან. მინდა გითხრათ, რომ გუშინ ძალიან შემაშფოთებელი სიუჟეტები გავიდა „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „რუსთავი2“-ის ეთერით. ამ ადამიანისგან ქმნიან მტრის ხატს, როდესაც იგი მხოლოდ ხულიგნობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს და არანაირი ჯაშუშობის ბრალდება მას წარდგენილი არ ჰქონია. ეს შავი პიარი არის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი და სამართლებრივ პროცესთან ამას საერთო არაფერი აქვს“, - ამბობს ალექსანდრე ცქიტიშვილი.
მისი თქმით, პოლიტიკური პატიმრების თემაზე საქართველოში მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დადგინდა პოლიტიკური პატიმრების შეფასების კრიტერიუმები. ეს დადგენილება სულ ახალი მიღებული იყო, როდესაც ევროსაბჭომ შეიმუშავა პოლიტპატიმრების შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც თითქმის იდენტურია ქართული არასამთავრობოების მიერ მიღებული კრიტერიუმებისა.
ალექსანდრე ცქიტიშვილის განმარტებით პოლიტიკურ პატიმრად ითვლება არა მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული, არამედ ისიც, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ პოლიტიკური მოტივებით არაადეკვატური სასჯელი აქვს შეფარდებული და ამასთანავე, ციხეში არაადამიანურ პირობებში იმყოფება. უფლებადამცველის თქმით, ევროსაბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს შორის ერთ-ერთი ესეც არის. ამასთანავე ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური საქმიანობის გამო იდევნებოდნენ და ამის მაგალითად ომარ ქუცნაშვილი და ნორა კვიციანი მოჰყავს. პოლიტპატიმრების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი კი ის არის, რომ თუკი ადამიანი მისი ოჯახის წევრის პოლიტიკური საქმიანობის გამო იდევნება, იგი პოლიტპატიმრად უნდა იყოს მიჩნეული.
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე (რომელიც პოლიტპატიმრების საკითხის განხილვაში მონაწილეობდა) ამბობს, რომ შტრასერი იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც შეძლო და საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სიმართლე თქვა. კაკაბაძის თქმით, დასავლეთში „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტური და მოკავშირე ორგანიზაციები ამ სიმართლის მიჩქმალვას და პოლიტპატიმრების განთავისუფლების პროცესის დისკრედიტაციას ეწეოდნენ, მაგრამ შტრასერმა პირველმა განაცხადა, რომ საქართველო ევროსაბჭოს რეკომენდაციების გამოეხმაურა და ის არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ციხეებიდან პოლიტიკური პატიმრები გაანთავისუფლა.
„შტრასერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი სხვა ქვეყნებსაც გადაედება და მე ძალიან გამიხარდა, რომ ვიღაცამ ეს პროცესი დაინახა ისე, როგორც ის სინმადვილეში მიმდინარეობდა. უფრო სწორად, შეიძლება ბევრმა სხვამაც დაინახა, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო და სწორედ ეს შეიძლება ითქვას იმ ვითარებაზე, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით შემქნილი იყო როგორც ქვეყანაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, ახალი ხელისუფლების ვალდებულება იყო, რომ ეს ადამიანები ციხეებიდან გაენთავისუფლებინა, თუმცა ეს პროცესი სრულად ვერ განხორციელდა, რადგან კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ, მაგრამ პოლიტპატიმრის სტატუსი ვერ მიენიჭათ. ზოგ შემთხვევაში ეს მოხდა იმიტომ, რომ ეს ადამიანები პარლამენტის მიერ ამ დადგენილების მიღებამდე განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან, ზოგ შემთხვევაში კი პატიმრები მათი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე თავიდან არ საუბრობდნენ, შემდეგ კი აღარ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ეს თემა წამოეწიათ.