როგორც იქნა გარემოს დაცვის სამინისტრო თავისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ხათუნა გოგალაძის უწყებამ ყაზბეგში მდინარე ბროლისწყალზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით უარყოფითი ეკოლოგიური დასკვნა გასცა.
სამინისტროს ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თამარ შარაშიძის ინფორმაციით, დასკვნა გარემოს დაცვის მინისტრმა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დაამტკიცა და შემდგომი რეაგირებისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტს გადაეგზავნა.
"ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილ, შპს "ყაზბეგი ჰესის" მდ. ბროლისწყალზე 6 მგვტ სიმძლავრის ყაზბეგი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე გაიცა ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა, ვინაიდან ეკოლოგიურ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით წარმოდგენილი ანგარიში ვერ პასუხობდა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის N14 ბრძანებით დამტკიცებული "გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ" დებულებით დადგენილ მოთხოვნებს", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ხდის ჰესის აშენებას შპს "ფერი" აპირებს. კომპანია ყაზბეგში კიდევ ორ ჰესს აშენებს. როგორც შარაშიძემ განმარტა, მშენებლობის ნებართვის გაცემა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული.
"მშენებლობის განმხორციელებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილი არ არის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დებულების მოთხოვნებს არ პასუხობს. იყო ჩანაწერები, რომ მშენებლობის დაწყებამდე მოხდებოდა გარკვეული მიმართულებების შესწავლა, რაც დაუშვებელია, რადგან ჯერ უნდა მოხდეს შესწავლა, დადგინდეს გარემოზე ზემოქმედება და ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს ღონისძიებები, რომელიც ამ ზემოქმედებას მინიმუმამდე შეამცირებს", - განაცხადა თამარ შარაშიძემ.
სამინისტროს დასკვნაში ასახულია მოთხოვნები, რომელთა შესრულება აუცილებელია, თუმცა სამუშაოების განმხორციელებელი ვადებში შეზღუდული არ არის.
"მან უნდა დაადგინოს რისკ ფაქტორები გარემოს კომპონენტებზე და შემდეგ თავად უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა იმ ტერიტორიაზე ჰესის აშენება. აუცილებელია, შესწავლის შედეგად შეიქმნას ახალი დოკუმენტი, რომელსაც სამუშაოების განმხორციელებელი წარმოადგენს სამინისტროში, ექსპერტები მას განიხილავენ და შეესაბამის დასკვნას გასცემენ", - აღნიშნა თამარ შარაშიძემ.
ორიოდე დღის წინ "ყაზბეგიჰესთან" დაკავშირებულ შენიშვნებზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინსიტრმა კახი კალაძემაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროს შენიშვნების გამო ჰესთან დაკავშირებით სამუშაოები შეჩერებულია.
ექსპერტებმა ხათუნა გოგლაძის უწყების გადაწყვეტილება ძალიანაც მოიწონეს.
"გარემოს დაცვის სამინისტრომ გამოიჩინა პრინციპულობა და ეს არის გამარჯვება როგორც საზოგადოების, ასევე გარემოს დამცველების. თუმცა, ყურადღება მაინც არ უნდა მოვადუნოთ, რადგან გამორიცხული არ არის, რომ ინვესტორმა კვლავ სცადოს მშენებლობის დაწყებაზე ნებართვის მოპოვება.
გარემოს დამცველები ყველა ჰესის მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით. მთავარია, ამ ჰესებმა არ ჩაყლაპონ მდინარეები, არ გაანადგურონ ბუნების ძეგლები", - ამბობს "გრინფისის" მხარდამჭერი ჯგუფის თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილი.
ამ დროისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. “ლარსი ჰესი” და “დარიალი ჰესი” მდინარე თერგზე შენდება. ორივე პროექტი დერივაციულია (წყლის გადაგდება მდინარის მთავარი კალაპოტიდან არხში, რომლითაც წყალი მიედინება ჰიდრავლიკურ ტურბინებში). კიდევ ერთი ჰესის მშენებლობა კი ხდის ხეობაში, მდინარე ბროლისწყალზე იგეგმებოდა.