ერდოღანი: „განვიხილეთ ახალციხელი თურქების რეპატრიაციის საკითხიც“

ერდოღანი: „განვიხილეთ ახალციხელი თურქების რეპატრიაციის საკითხიც“

იმაზე, სამხრეთ საქართველოდან 1944 წელს გადასახლებულთაგან თუ რამდენი ითხოვს უკან დაბრუნებას; საქართველოს ხელისუფლებამ რამდენ მათგანს მიანიჭა რეპატრიანტის სტატუსი; მათგან რამდენი დასახლდა საქართველოში; რა მექანიზმებით აპირებენ ჩამოსახლებულთა ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმას და შესრულდა თუ არა 1999 წელს ევროსაბჭოში გაეწვრიანებისას მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ინიაციატივით აღებული ვალდებულება, for.ge შეხვდა და ესაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსს ირაკლი კოკაიას.

სანამ ინტერვიუს გაეცნობით, გიამბობთ ამ ეტაპზე რამ განაპირობა სამხრეთ საქართველოდან 1944 წელს გასახლებულთა უკან დაბრუნების საკითხით for.ge-ს დაინტერესება - ანკარაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ვიზიტის დროს, 14 თებერვალს ერთობლივ პრესკონფერენციაზე თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სხვა საკითხებთან ერთად გადასახლებულების უკან დაბრუნებაზეც ისაუბრა. თქვა, ამ საკითხზე მე და ივანიშვილი შევთანხმდითო.

ამ მისამართზე http://www.youtube.com/watch?v=mrFJbjDPmX8

შეგიძლიათ ნახოთ და მოისმინოთ 14 თებერვალს ანკარაში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის 32-წუთიანი ვიდეოჩანაწერი. კონკრეტულად სამხრეთ საქართველოდან გასახლებულებზე ბატონი ერდოღანი 08.55-ე წუთიდან 09.38-წუთამდე ასეთ რამეს ამბობს:

„... განვიხილეთ ასევე სამოცდაათი წლის წინ უსამართლოდ გადასახლებული ახალციხელი თურქების თავიანთ ქვეყანაში რეპატრიაციის საკითხიც. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბატონი პრემიერი ძალიან დადებითად უყურებს ყველა ამ საკითხს და ჩვენ ვიზიარებთ მის შეხედულებებს“.

რეპატრიანტის სტატუსი 864-მა ადამიანმა მიიღო.

გთავაზობთ for.ge-ს კითხვებზე ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს ხელმძღვანელის ირაკლი კოკაიას პასუხებს:

ჩამოსახლების მსურველთა რამდენი განაცხადია წარდგენილი?  საუბრობდნენ, რომ ჩამოსახლება უნდოდა 200, 300 ათასს ადამიანს.

- ამგვარი საუბრები იყო, მაგრამ ფაქტია, რომ განაცხადი 5 841-მა წარმოადგინა.

რომელი ქვეყნების მოქალაქეებმა წარადგინეს განაცხადები?

- განაცხადების უმეტესობა აზერბაიჯანიდანაა. განმცხადებლებს შორის არიან ყირგიზეთის მოქალაქეები, 144 განაცხადი თურქეთიდან შემოვიდა, რუსეთიდან 64-მა ადამიანმა მოგვმართა, ცხრამ უკრაინიდან, 21-ს საბჭოთა კავშირის პასპორტი აქვს.

განაცხადებს შორის რამდენი იყო სრულყოფილად წარმოდგენილი და რამდენი ხარვეზიანი?

- აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი წესრიგში 75 განმცხადებელს ჰქონდა. რეპატრიანტის სტატუსი75-ივეს მაშინვე - 2011 წლის 15 ივნისს მიენიჭა. განმცხადებელთა ნაწილს გადასახლების დამადასტურებელი ცნობის გარდა ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი ჰქონდა, რასაც სხვადასხვა მიზეზი გააჩნია - მაგალითად, გადასახლების შესახებ ცნობები დაკარგულია, უზბეკეთის არქივებიდან უჭირთ ცნობების გამოთხოვა და ასე შემდეგ.

განმცხადებელს კანონი უფლებას აძლევს, რომ ზემოხსენებული ცნობის გარეშე წარმოდგენილი საბუთები სრულყოფილად ჩაეთვალოს - თუ რომელიმე დოკუმენტი ვერ წარმოადგინეს, ამის ობიექტური მიზეზი უნდა ამტკიცონ, რის შემდეგაც მტკიცებულების ტვირთი ჩვენს სამსახურზე გადმოდის. ამისათვის ლტოლვილთა სამინისტრომ 2011 წელს უხუცესთა საბჭო შექმნა, რომელიც სამინისტროს მიერ მიწოდებული სიების მიხედვით ამა თუ იმ პირის გადასახლების შესახებ რეკომენდაციას გასცემს, ანუ ადასტურებს გადასახლების ფაქტს - არის თუ არა ესა და ეს პიროვნება გადასახლებული, ან გადასახლებულის შთამომავალი.

ვინ არიან უხუცესთა საბჭოს წევრები?

- უხუცესთა საბჭოში შედიან მესხების უხუცესები. მოგეხსენებათ ეს როგორი საზოგადოებაა - თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს. უხუცესთა საბჭო ოქმის დონეზე წერს, თუ საიდან, რაზე დაყრდნობით ადასტურებენ ამა თუ იმ პირის საქართველოდან გასახლების ფაქტს. ეს შეიძლება იყოს მეზობლების გამოკითხვა, ზოგს პირადად იცნობენ და ასე შემდეგ.

უხუცესთა საბჭოს რეკომენდაციით რეპატრიანტის სტატუსი დღემდე 789 ადამიანს მივანიჭეთ. როცა რეკომენდაციებს მოგვაწვდიან, რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების პროცესი გაგრძელდება.

მთლიანობაში რამდენმა ვერ წარმოადგინა გადასახლების ცნობა?

- გადასახლების ცნობა დაახლოებით 1500-მდე ადამიანმა ვერ წარმოადგინა. განმცხადებელთა შორის არიან ისეთებიც, ვინც ბევრი სხვა დოკუმენტიც ვერ წარმოადგინა. ხარვეზების გასასწორებლად მათ წერილობით მივმართეთ. ხარვეზი ნაწილმა გამოასწორა, ნაწილმა ეს ვერ გააკეთა.

რამდენ ადამიანს მიანიჭეთ რეპატრიანტის სტატუსი?

- რეპატრიანტის სტატუსის მინიჭება 2011-ში დავიწყეთ და როგორც ზემოთ აღვნიშნე, პირველ 75 ადამიანს სტატუსი 14 ივნისს მივანიჭეთ. 2012 წლის სექტემბრის ბოლოს მოხდა სტატუსის ბოლოჯერ მინიჭება. ამ ეტაპისთვის სამინისტროს რეპატრიანტის სტატუსი 864 სრულწლოვანისთვის აქვს მინიჭებული.

რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ ადამიანი ხომ გამარტივებული წესით ხდება საქართველოს მოქალაქე?

- დიახ, ოღონდ დავაზუსტებ - მას შემდეგ, რაც ადამიანი რეპატრიანტის სტატუსს მიიღებს, მას უფლება აქვს ორი წლის განმავლობაში მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას, გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღების შესახებ, რის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლება მათ აძლევს პირობადებული მოქალაქეობის უფლებას.

რას ნიშნავს პირობადებული მოქალაქეობა?

- ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი საქართველოს მოქალაქე ხდება მას შემდეგ, რაც ის უარს იტყვის იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, საიდანაც აქ უნდა გადმოსახლდეს.

რამდენმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, გამარტივებული წესით?

- 6 განაცხადია შემოსული. ეს განაცხადები იხილება და ალბათ, მალე დაკმაყოფილდება.

როდის დასრულდა განაცხადების მიღება?

- 2010-ში.

არიან ისეთები, ვინც პრეტენზიას გამოხატავს, რომ მათ ვერ მოახერხეს დათქმულ ვადამდე საბუთების წარდგენა?

- ამ კუთხით გამოთქმული პრეტენზიები არადამაჯერებელია, რადგან საბუთების მოსაგროვებლად და საკონსულოში წარსადგენად ორ წელზე მეტი ჰქონდათ.

იმას ვინც უკვე რეპატრიანტის სტატუსი მიიღო, მაგრამ საქართველოს მოქალაქე არ გამხდარა, აქ ჩამოსახლების უფლება აქვს?

- ქართული კანონმდებლობის მიხედვით აქ ჩამოსახლების უფლება ნებისმიერ უცხოელს აქვს და მათ შორის, იმათ, ვისაც რეპატრიანტის სტატუსი აქვთ მინიჭებული. ასე რომ, მათაც შეუძლიათ ჩამოვიდნენ, იყიდონ სახლები.

1944 წელს გადასახლებულებიდან და მათი შთამომავლებიდან რამდენი ადამიანია ამ ეტაპზე საქართველოში ჩამოსახლებული

- საქართველოში რამდენიმე ოჯახი უკვე ცხოვრობდა. ისინი როგორც უცხოელები, ისე იყვნენ ჩამოსულები. ასეთმა დაახლოებით 20-მდე ადამიანმა განაცხადები წარმოადგინა.

ახალციხეში რომ ცხოვრობდნენ, ნაყიდ, მაგრამ დაუმტკიცებელ სახლებში, იმათ გულისხმობთ?

- დიახ. სახლები უმეტეს მათგანს დამტკიცებული აქვთ.

ჩამოსახლების პროცესში საქართველოს ფინანსური ვალდებულება არ აუღია და არის რომელიმე ქვეყანა, ვისაც ამგვარი ვალდებულება აქვს აღებული?

- ამგვარი ვალდებულება, არც ერთ ქვეყანას არა აქვს. მაგრამ თუ ეს ხალხი თავიანთი ქონების დაბრუნების საკითხს დააყენებს, ამაზე პასუხი უნდა აგოს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე ქვეყანამ, ანუ რუსეთმა.

შეასრულა თუ არა საქართველომ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულება?

- ევროსაბჭოში გაწევრიანებისას ავიღეთ ვალდებულება, სამართლებრივი ბაზის შექმნასა და ინტეგრაციაზე. სამართლებრივი ბაზა შექმნილია - 2007 წელს რეპატრიაციის შესახებ კანონი მივიღეთ, რაც ვალდებულებაში გვეწერა. ასევე მივიღეთ კანონქვემდებარე აქტები (დადგენილებები, განკარგულებები). მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებაზე მთავრობის განკარგულება გამოცემულია. გარკვეულ რაოდენობას სტატუსი მივანიჭეთ.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ვალდებულება დიდწილად შესრულებულია. ახლა ყველაფერი თავად ჩამოსახლების მსურველებზეა დამოკიდებული - მათ შეუძლიათ ჩამოსახლდნენ, სადაც უნდათ, როგორი ფინანსებიც აქვთ, იმის მიხედვით იყიდონ სახლები და ასე შემდეგ. როგორც კი ჩამოვა თუნდაც რამდენიმე ოჯახი და მიიღებს მოქალაქეობას, შეიძლება ითქვას, რომ ვალდებულება, როგორც ასეთი, მოხსნილი გვექნება.

რაც შეეხება ვალდებულების შესრულების დათქმულ ვადას?

- 1999 წელს, ამ ვალდებულების აღებისას ვადები გაწერილი იყო, რაც მოგვიანებით რამდენჯერმე გადაიხედა. ამ ვადების გამო ჩვენზე ზეწოლას არავინ ახდენს, რადგან ვადების გადახედვა საკმაოდ ობიექტური მიზეზების გამო მოხდა.

მათ ისევ აქვთ სამცხე-ჯავახეთში კომპაქტურად ჩასახლების სურვილი?

- სურვილი ერთია და შესაძლებლობა მეორე. მათი კომპაქტურად ჩასახლება წარმოუდგენლად მიმაჩნია. კომპაქტურად, რომ ჩასახლდნენ, მაგალითად, ერთი სოფელი მთლიანად უნდა იყიდონ, ხომ?!

რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ჩამოსახლებულების ქართულ საზოგადოებასთან შერწყმა მოხდეს?

- ამ საკითხზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია (“ეროვნულ უმცირესობათა ცენტრი“, “ტოლერანტი“ და “ACF“) მუშაობს. მათთან მჭიდრო კავშირი გვაქვს. შექმნილია სამთავრობო საბჭო, რომელშიც მინისტრების მოადგილეები შედიოდნენ. თავმჯდომარე ჩვენი მინისტრის მოადგილე გახლდათ. ახლა ამ საბჭოს შემადგენლობა შეიცვლება. ეს საბჭო სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ მოხდეს ჩამოსახლებულთა ქართულ საზოგადოებასთან შერწყმა. ამ საბჭოსთან მუშა ჯგუფი იყო, რომელმაც შექმნა ინტეგრაციის სტრატეგიის პროექტი.

ახლა ამ პროექტს გადავხედავთ, უფრო დავხვეწავთ და სამთავრობო საბჭოს შემადგენლობა როცა შეიცვლება, პროექტს წარვუდგენთ. სტრატეგიის პროექტს მოჰყვება სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად გაიწერება ინტეგრაციის სფეროში ყველა სამინისტროს კომპეტენცია.

შეიცვალა თუ არა ამ კონკრეტულ საკითხთან მიდგომა, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად?

- მე, როგორც ექსპერტს ამ საკითხში, შემიძლია გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ცვლილება არ შეინიშნება.

ერდოღანმა ივანიშვილთან შეხვედრისას განაცხადა, მივაღწიეთ შეთანხმებასახალციხელი თურქებისსამშობლოში დაბრუნების შესახებო და ხომ არ იცით რა შეთანხმებას გულისხმობდა?

- ამ შეთანხმებას მაშინ მივაღწიეთ, როცა 1999 წელს ევროსაბჭოში შესვლისას ავიღეთ ვალდებულება, 1944 წელს გასახლებულების უკან დაბრუნებაზე, რაც იყო საქართველოს მხრიდან გამოხატული კეთილი ნება. ალბათ, ამას გულისხმობდა ბატონი ერდოღანი.