გამოიყენებს თუ არა  პროკურატურა „ორთაჭალჰესის“ საქმეს „სემეკის“ წინააღმდეგ

გამოიყენებს თუ არა პროკურატურა „ორთაჭალჰესის“ საქმეს „სემეკის“ წინააღმდეგ

კომპანია „ორთაჭალენერჯი“ სახელმწიფოსგან „ორთაჭალჰესის“ დაბრუნებას ითხოვს. კომპანიის ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ  2008 წელს „ორთაჭალჰესი“ კონკრეტულმა მაღალჩინოსებმა კორუფციული გარიგების შედეგად კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ გამოყენებით „ორთაჭალენერჯის“ ჩამოართვეს. ამ უკანასკნელს კი, „ორთაჭალჰესი“ გრძელვადიანი იჯარით მესაკუთრის უფლებებით, 2019 წლამდე ჰქონდა აღებული. 

ოფიციალურად ცნობილია, რომ ჰესი 25 მილიონ დოლარად იყიდა „ენერგო პრო-ჯორჯიამ“ კონტრაქტის თანახმად, ჰესის განვითარებაში ინვესტიციაც უნდა ჩაედოთ, რაც არ განხორციელებულა, არსებობს ეჭვი, რომ არც 25 მილიონი დოლარი შესულა სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომპანიამ სახელმწიფოს გადაწყვეტილება 2008 წელსვე გააპროტესტა და „ორთაჭალჰესის“ დასაბრუნებლად ბრძოლაც დიდი ხანია, დაიწყო, მაგრამ ქართულ სასამართლოებში საქმე, ბუნებრივია, როგორც ყველამ, მანაც  წააგო და ახლა „ორთაჭალჰესის“ საქმე უკვე სტრასბურგის სასამართლოშია. თუმცა კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ სტრასბურგში ამ საქმის განხილვა აუცილებელი არ გახდება და საქმე ადგილობრივ დონეზე გადაწყდება.

კომპანიის დასაბრუნებლად სარჩელი პროკურატურაში შეტანილია და გამოძიებაც დაიწყო, თუმცა, როგორც ჭიჭინაძე ამბობს, ეს პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს.

„ორთაჭალენერჯის“ წარმომადგენლები მამია სანადირაძის წამოწყებულ მოძრაობა „დააბრუნეს“ მიერ ორგანიზებულ გამაფრთხილებელ აქციასაც შეუერთდნენ. აქცია მთავრობის გაფრთხილებას ისახავდა მიზნად და ხელისუფლებას მოუწოდეს სერიოზულად დაფიქრდეს და გადაწყვიტოს სპეციალიზირებული პროკურატურის შექმნა, რომელიც ჩამორთმეული ბიზნესების საქმეებს გამოიძიებს.

„ორთაჭალენერჯი“ „დააბრუნეს“ აქციაზეც გამოჩნდა. ბატონო თემურ, არ გაქვთ ახალი პროკურატურის იმედი?

- იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ საბოლოო ჯამში ყველა დაჩაგრულ ბიზნესთან მიმართებაში სამართალი გაიმარჯვებს, მაგრამ მართლაც ურმით დადის, როგორც ჩანს და ვშიშობთ ამ შენელებულმა პროცესმა გამოუსწორებელი შედეგი არ მოიტანოს, იმას ვგულისხმობ, რომ თუ გამოძიების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უსაშველოს გაიწელა, დიდი შანსია, მოხდეს დარეკეტებული ქონებების და ბიზნესების გადაყიდვა, რაც შემდგომში ერთიორად გააძნელებს სამართლიანობის აღდგენას და შესაძლოა იმედგაცრუებას კი გამოიწვიოს. ჩვენს პროტესტში და აქციაში მთავარი ის არის, რომ მოძრაობა „დააბრუნე“ კონკრეტულ გამოსავალს სთავაზობს ხელისუფლებას, როცა ვურჩევთ „სპეციალიზებული პროკურატურის“ შექმნას, რომელიც ჩამორთმეული, დაყაჩაღებული, დარეკეტებული და დაწიოკებული  ბიზნესების საქმეებს განიხილავდა.

იურისტი გია მეფარიშვილი ხელისუფლებას უზენაეს სასამართლოში სპეციალური პალატის შექმნასაც სთავაზობს, რომელიც მხოლოდ რეაბილიტაციის საქმეებზე იმუშავებს. ეს კონკრეტული გეგმაა და იმედი მაქვს, ხელისუფლება დაფიქრდება ამ პრობლემაზე. სხვა შემთხვევაში, როგორც ჩანს, ეს 20 ათასამდე „ნაჩუქარი“ ქონების და ბიზნესის საქმე წლობით გაიწელება და იმედგაცრუების რა ტალღასაც გამოიწვევს, ალბათ ძნელი გასათვლელი არ არის. მე მაინც მგონია, რომ პროკურატურა მოახერხებს და მოკლე დროში შეძლებს ქმედუნარიანი და მოქნილი მასშტაბური სპეციალური სტრუქტურის შექმნას, რომელიც ამ საქმეებით დაკავდება. კონკრეტულად „ორთაჭალენერჯის“ საკითხს რაც შეეხება, მისი ობიექტური გამოძიება ყველას დაანახებს რა განუკითხაობაც იყო ენერგეტიკაში ამ ბოლო წლებში და ვისი უკანონო და ყაჩაღური ინტერესები კმაყოფილდებოდა.  

მე „ორთაჭალის“ საქმეს ვხედავ, როგორც ერთგვარ გასაღებს ენერგოსექტორში არსებული კორუფციული სქმების გამოსაძიებლად. იმედი მაქვს, პროკურატურა აქამდეც მივა.

თქვენი და „ორთაჭალენერჯის“ უთოფოდ დაყაჩაღების კონკრეტული ისტორია როგორია?

- ორთაჭალჰესი 1994 წელს, მაშინ ავიღეთ იჯარით, როდესაც ის თითქმის გაჩერებული იყო და ფაქტობრივად, მდინარე მტკვრის კალაპოტის ფუნქციას ასრულებდა. როგორც ჰესი, აბსოლუტურად უფუნქციო იყო. გაფორმდა გრძელვადიანი იჯარა, რომელიც სამი-ოთხი წლის შემდეგ - 1998 წელს, სახელმწიფოს ინიციატივით ლიზინგის წესით შეიცვალა. ასეთი გადაწყვეტილება კი იმის გამო იყო მიღებული, რომ როგორც კი ჰესი გადმოგვეცა, მაშინვე დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები, თითქმის საპროექტო მაჩვენებელზე გავიყვანეთ, ჰესი ამუშავდა და ქალაქის ელექტრომომარაგებასაც დაეტყო. თავის დროზე დაახლოებით 5 მილიონ დოლარამდე თანხა მოვახმარეთ ამ ჰესის ამუშავებას.

ლიზინგის კანონის თანახმად, გრძელვადიანი იჯარის დასრულების შემდეგ, თუ კიდევ იქნებოდა რაიმე თანხა დარჩენილი გადასახდელი, იმ თანხასაც დავფარავდით და ჰესი უკვე საკუთრებაში გადმოგვეცემოდა.

ყოველწლიური შენატანის სახით ბოლოს წელიწადში დაახლოებით 170 ათასი ლარის გადახდა გვიწევდა. თავად ჰესის საბალანსო ღირებულება იმ მომენტისთვის როდესაც იგი ჩვენ გადმოგვეცა, 700 ათასი ლარი იყო. ძირითადი დანადგარების 2/3 რაც დღეს იქ არსებობს, ჩვენი საკუთრება იყო, რადგან ჩვენს მიერ ჩადებული ინვესტიციით მოხდა ამ დანადგარების შეძენა-განახლება.

2008 წლამდე ამ  რეჟიმში ვმუშაობდით. 2008 წელს სახელმწიფომ კიდევ ერთხელ მოინდომა საიჯარო პირობების გადახედვა, გაიზარდა იჯარის გადასახადი. ეს მოხდა 2008 წლის ივლისში. ამ ხელშეკრულების გადახედვის შემდეგ ჩვენ კიდევ განვახორციელეთ ინვესტიცია და კიდევ 300 ათასი ლარი ჩავდეთ საქმეში.

ამის გარდა რაკი ხელშეკრულება განახლდა, იტალიელმა ინვესტორმა, საკონტროლო პაკეტის მფლობელმა, დამატებითი წილების შესყიდვაც განახორციელა, რაშიც მან დამტებით 300 ათასი დოლარი გადაიხადა.

ახალი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით 3 თვეში კი სახელმწიფომ ადგა და გადაწყვიტა, რომ ეს ქონება უკან წაეღო და ხელშეკრულება ცალმხრივად დაერღვია.

რა არგუმენტი მოიტანა საკუთარი დაგაწყვეტილების გასამართლებლად?

- არაფერი არ განუმარტავს. ჩვეულებრივი იჯარის შემთხვევაში, სახელმწიფოს შეუძლია 10-წლიანი პერიოდის შემდეგ იჯარა გააუქმოს. თუმცა ეს არ ეხება ლიზინგს. ჩვენ კი ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 წლის შემდეგ გაგვიუქმეს ხელშეკრულება. თავად ლიზინგი 25-წლიან იჯარას ითვალისწინებდა და ვადა 2019 წელს იწურებოდა.

ხელშეკრულების შესაწყვეტად რაიმე სერიოზული მოზეზი უნდა არსებულიყო და რაკი ასეთი მიზეზი არ იყო, დაწერეს, რომ ხელშეკრულებას წყვეტდნენ - ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

არ შეეცადეთ, პასუხი მიგეღოთ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი?

- შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ჯგუფური დანაშაულის კლასიკური მაგალითი, რომელიც განხორციელდა ეკონომიკის სამინისტროს (ეკა შარაშენიძემ დაიწყო პროცედურა და ლაშა ჟვანიამ დააგვირგვინა) სემეკის,  საჯარო რეესტრის და სასამართლოს მონაწილეობით. ეს იყო ჯაჭვური პროცესი, რომელიც ბიზნესის და კერძო საკუთრების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ვისი ინტერესი იყო, მერე ვიცით რომ „ენერგო-პროს“ მიჰყიდეს...

- ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს იყო ენერგო-პროს დაკვეთა, რომლის შესრულებაშიც სახელმწიფო უწყებების ეს რგოლები ჩაერთო.

„ენერგო-პროს“უკან რომელი ყოფილი პრემიერი დგას, რატომ შეექმნა ამ კომპამიას სასათბურე პირობები და ფაქტიურად რატომ „აჩუქეს“ მას ლამის მთელი ენერგეტიკა, მისი „ძვირფასი“ საქმიანობა რა გავლენას ახდენს ტარიფზე და სხვა,  ეს უკვე სხვა დიდი თემაა. ფაქტია, იმდენად დიდი გავლენა ქონდა (და დღემდეც აქვს!) „ენერგოპროს“ და მის სახელისუფლო ლობის ქვეყანში, რომ იოლად მოახერხა სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვა დანაშაულებრივ სქემაში. არ ვერიდები ამ ბრალდების ხმამაღლა წაყენებას, რადგან რაც სემეკმა ჩაიდინა, ნამდვილად დანაშაული იყო.

კონკრეტულად?

- სემეკმა ლიცენზია ჩამოართვა „ორთაჭალენერჯის“, მაშინ, როცა ჯერ სასამართლო დავა მიდიოდა. არ შეიძლებოდა ამ საკითხის განხილვა და მაინც განიხილა. 27 იანვარს ჩამოართვა ლიცენზია და უკუქმედების ძალა მისცა,  როცა „ორთაჭალენერჯი“ ჯერ კიდევ მუშაობდა და მარტო დროის ამ მცირე მონაკვეთში, ერთ თვეში,  125 ათასი ლარით აზარალა კომპანია. ამ გადაწყვეტილების შედეგად კი  მთლიანობაში 9-10 მილიონის ზარალი დადგა.

ამის შემდეგ გააუქმა „ორთაჭალენერჯის“ ტარიფიც, რომელიც ამ კომპანიისთვის იყო დადგენილი. ტარიფი გადასცა „ენერგო-პროს“, ისე, რომ  ქონებაც კი არ ჰქონდა ჯერ შესყიდული - რომელი კუთხიდანაც უნდა შეხედო, – ესეც დანაშაულია.

თუმცა, ეს ზღვაში წვეთია იმასთან რასაც საერთოდ აკეთებს, იგივე მოქმედ ტარიფებთან დაკავშირებით.

ტარიფის შემცირებას მთელი ხელისუფლება ცდილობს და ისე ეფექტურად ვერ გამოსდის როგორც დაპირდა საზოგადოებას, სად სცოდავს სემეკი და თქვენი შეფასებით, რა კომპონენტის გამოთავისუფლება შეიძლებოდა?

- ტარიფის შემცირება, რაც ეხლა მოხდა, ხდება ზეპირად, მემორანდუმებით, არადა სემეკმა უნდა დაგვისაბუთოს თუ რის ხარჯზე ხდება შემცირება ან მომატება. თუმცა,  სემეკს დღემდე ნოტარიუსის ფუქნქცია აქვს და რასაც ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ეტყვიან, იმას ამტკიცებს. სემეკს არ აქვს გათვლები. როდესაც მომხმარებელი იხდის გარკვეულ თანხას, მან უნდა იცოდეს ეს რა თანხაა, იქნებ ბევრია, იქნებ ცოტაა. მაგრამ ფაქტია, არავინ იცის. წლებია შეგნებულად არ ასაჯაროებენ ინფორმაციას.

თეორიულად რომელი კომპონენტი შეიძლება გამოთავისუფლდეს?

- ეს არის ხარჯები, რომელიც არის გასაიდუმლოებული და ვერავინ ვერაფრით ვერ აკვლევს, რა შედის ამ ხარჯებში. მაგალითისთვის, თუ თელასის ტარიფი არის 16 თეთრი, ის ერთგვარად ასაბუთებს ამას ჩადებული ინვესტიციებით (ტყუილია თუ მართალი, ეს კიდევ სხვა საქმეა).

აი, კონკერტულად როგორ, რა გათვლების და გაანგარიშებების საფუძველზე დაადგინა „სემეკმა“ ეს 16 თეთრი „ენერგოპროსთვის“, გაურკვეველია.

მერე ხდება ისე, რომ საზოგადოებრივი დაწოლის შემდეგ  „სემეკი“ ამბობს, რომ დააკლებს, მაგრამ ეგებ მეტის დაკლება  გვეკუთვნის და გვატყუებს, ეგებ უფრო ძვირი ღირს და გვჩუქნის და მადლობა უნდა ვუთხრათ... ხომ გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რა გათვლებს ეყრდნობა მოქმედი ტარიფი.  ეს უკვე გასაიდუმლოებულია.

ამიტომ ვამბობ, რომ გათვლები, რომელიც ევალება სემეკს, უნდა წარმოგვიდგინოს, გაასაჯაროოს! გვაქვს უფლება, ვიცოდეთ რას ვიხდით და რატომ. მე მაინც მგონია, რომ დღემდე საქმე გვაქვს ნოღაიდელის მიერ საფუძველჩაყრილ ენერგომაფიასთან, რომლის საქმიანობაც „წარმატებით“ გააგრძელეს დანარჩენმა პრემიერებმა. ნოღაიდელმა შემოიყვანა „ენერგო-პრო“ და სწორედ მან შეუქმნა სასათბურე პირობები. კერძოდ, დაუწია შესასყიდი ფასი და ფაქტობრივად აჩუქა ჰესები. ტენდერის წინა დღეს გენერაციის ობიექტებს, რომელიც „ენერგო-პროს“ უნდა ეყიდა, ენერგიის გასაყიდი ტარიფი აუწია - გაუორმაგა და არც შემდგომში „დაუკლია“ სითბო და ყურადღება.

„ორთაჭალენერჯის“ თავი რომ დავანებოთ, ჩემთვის გაუგებარია, კომპანიებს რატომ ეხვეწებიან ტარიფი ჩამოგვიკელიო, როცა ეს „სემეკის“ პრეროგატივაა. „სემეკს“ კი იმდენი და ისეთი დანაშულებრივი ისტორია აქვს, რომ თავისუფლად შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ამას როგორ უნდა დაარქვას ვინმემ პოლიტიკური დაკვეთა - დახვეწილი კრიმინალია, რომლის შედეგადაც მოსახლეობას უზარმაზარი მატერიალური და მორალური ზიანი მიაყენა... რეალური, პროფესიული გამოძიება უნდა ამ საკითხს და ჩემი აზრით, მოსახლეობის მიერ განცდილმა ზარალმა შესაძლოა ნახევარ მილიარდსაც კი გადააჭარბოს.

რაც შეეხება „ორთაჭალჰესს“, შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

- გამოყარეს თანამშრომლები და დირექცია. აი ასე  – და დაეუფლნენ სადგურს, დოკუმენტაციას. მას შემდეგ ორთაჭალჰესთან  შეხება არ გვაქვს. პარადოქსია – ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ჩვენს ბალანსზეა და ბუნებრივია ქონების გადასახადს ისევ ჩვენ ვიხდით ეს წლებია.  რეკეტიორები უბრალოდ ექსპლოატაციას უწევენ ჰესს და როგორც ჩვევიათ, იღებენ უკანონო შემოსავალს.

მეტსაც გეტყვით. ჯერ სასამართლო არ იყო დასრულებული, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ქონება აუქციონზე გაიტანა და გაყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან და უცხოელი ინვესტორის მხრიდანაც მინისტრი ლაშა ჟვანია ოფიციალურად იყო ინფორმირებული, რომ სამინისტრო ჩადიოდა უკანონობას (ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა, ითვლებოდა რომ ქონება ჩვენი იყო), აუქციონი მაინც შედგა. აუქციონზე ერთადერთი უალტერნატივო მყიდველი გამოჩნდა, რაღა თქმა უნდა, „ენერგოპროს“ სახით.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ქონების საბაზრო ფასი დაახლოებით 12 მილიონი იყო.  „ენერგო-პრომ“, თანაც ისე, რომ კონკურენტი არ ჰყავდა, უცებ 25 მილიონად იყდა. ესეც ძალიან საეჭვოა, რადგან იგივე „ენერგო-პროს“ ყველაზე მაღალი სიმძლავრის ჰესშიც (122 მგვტ) ზუსტად იგივე თანხა - 25 მილიონი აქვს გადახდილი. ეს კი მასზე 10-ჯერ ნაკლები სიმძლავრის ჰესი იყო.

წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან თუ გქონდათ შეხვედრა, ვინმე თუ მოგიგზავნეს ან რამე შემოგითვალეს - ასეთი საქმეები მუქარის ფონზე გვარდებოდა-ხოლმე...

- სრული იგნორი, ახლოსაც არავინ გაგვიკარა...სემეკზე მოგახსენეთ, საჯარო რეესტრმაც უკანონოდ, ცალმხრივად შეგვიწყვიტა ხელშეკრულება, ისე რომ გაურკვეველია, რის საფუძველზე გააკეთე ეს, ვინ მივიდა მასთან და ვინ მოითხოვა ხელშეკრულების გაუქმება. ცხადია ყველას ვიღაც კარნახობდა, რა უნდა ექნა და როგორ მოქცეულიყო და სწორედ ეს არის გამოსაძიებელი.

ვიდრე აუქციონი დაიწყებოდა, უცხოელმა ინვესტორებმა წერილიც მისწერეს ეკონომიკის სამინისტროს, სადაც მოლაპარაკებას სთხოვდნენ, რომ თუ ობიექტის გაყიდვას აპირებდნენ, ეგებ მათვე შეესყიდათ, მაგრამ პასუხი არავის გაუცია.     

რატომ იყო ენერგო-პრო დაინტერესებული მაინც და მაინც „ორთაჭალჰესით“ გაქვთ ეს ინფორმაცია?

- „ენერგო-პროსთვის“ ეს ბოლო ობიექტიღა იყო, რომელიც შესასყიდი დარჩა (მისი სახით ნოღაიდელმა საქენერგოს მსგავსი მონსტრი შექმნა - გენერაციაც და დისტრიბუციაც მას დაუქვემდებარა). ვფიქრობ, ის მომენტიც იყო, რომ მართალია,  მცირე ჰესია, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან მაინც არ კონტროლდებოდა და ეგონათ, რომ რაღაც დიდი თანხები მოძრაობდა. შესაძლოა, ეს მომენტიც იყო.

 როგორც ვიცი, ახლა უფლებების აღდგენას ითხოვთ...

- ვითხოვთ ჩვენს პირობებში დაბრუნებას, ლიზინგის უფლების აღდგენას, უარეს შემთხვევაში კი იმ ხარჯების ანაზღაურებას, რაც გაწეული გვქონდა, პლუს ამ წლებში მიუღებელ შემოსავალს და ჩვენი კუთვნილი ქონების დაბრუნებას.

მესმის ყველა იმ სიძნელის, რაც გამოიწვია პროკურატურაში ათიათასობით საჩივრის მოკლე დროში შესვლამ. მაგრამ ახალმა ხელისუფლებამაც უნდა კარგად გაუგოს დატერორებულ ბიზნესს და მაქსიმალურად უნდა ეცადოს რომ საქმეები დროულად გამოიძიოს. აი ჩვენს შემთხვევაში – საქმე აღიძრა, დავიკითხეთ მხოლოდ მე და ჩვენი დირექტორი და მორჩა, მეტი წინ აღარ წასულა არაფერი. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ამდაგვარი მიდგომა დროებითი მოვლენაა და მთლიანად ხელისუფლება და განსაკუთრებით საგამოძიებო ორგანოები მალევე მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან დატერორებულ-დაყაჩაღებულთა არმიის სამართლიან პრეტენზიებს. ხაზგასმით ვამბობ, რომ თუ პროკურატურა მოინდომებს, „ორთაჭალჰესის საქმე“ ენერგოსექტორში არსებული კორუფციული სქემების გამოძიებისთვის გასაღები გახდება.