„ჭუტა“, მელაძე და გვარამია მედია არ არის, მელაძემ დილიდან იცოდა ყველაფერი და ამის მიუხედავად, კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტა პოლიტიკური ქულების ჩაწერა“

„ჭუტა“, მელაძე და გვარამია მედია არ არის, მელაძემ დილიდან იცოდა ყველაფერი და ამის მიუხედავად, კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტა პოლიტიკური ქულების ჩაწერა“

აშშ–ის ელჩი ამბობს, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურს ქვეყნის ხელმძღვანელად. კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოვლენები განვითარდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში. სახელმწიფოს წინააღმდეგ წარუმატებელი შეთქმულების შემდეგ, ოპოზიცია და მასთან დაახლეოებული მედია, პრემიერ–მინისტრის გადადგომას ითხოვს. თავად ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ქვეყანაში ვერასდროს შედგება.

პრემიერის განცხადებით, 5–6 ივლისს თბილისში ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება იგეგმებოდა, რა დროსაც საპოლიციო ძალების გამოყენება უნდა მომხდარიყო. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რევანშისტული და რადიკალური შეთქმულების უკან მიხეილ სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი დგას.

„კითხვები დაისვა, რა შეხება ჰქონდა ლგბტ თემს და მათ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან? აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერი და ერთ–ერთი ორგანიზატორი იყო „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად და სრულად იმართება საააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი. ასევე მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და ეს არ დავუშვით.

სახელმწიფოში, სადაც ხდება ძალადობა და კრიმინალი, არ შეიძლება ამის განზოგადება. ძალადობა, რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ქაოსი და უწესრიგობა. აქვე მინდა განვაცხადო, რომ გარანტიას ვიძლევი, ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ცნობილია, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ლექსო ლაშქარავა შესაძლოა, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაცვლილიყო, როდესაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

ოპერატორის გარდაცვალებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს ოპოზიცია და მასთან აფილირებული მედია. შესაბამისად, ისინი ითხოვენ მთვარობის გადადგომას და ღარიბაშვილს ვადა 12 საათამდე მისცეს. მას შემდეგ, რაც მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში, სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს. ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი, მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები მანდატურმა პარლამენტიდან გაიყვანა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გამოსავალი არის მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება, მანამდე, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში იქნება მარტო.

„არ აქვს მნიშვნელობა, ამას საპარლამენტო ბოიკოტს დაუძახებთ თუ რას. „ქართულ ოცნებას“ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს. გამოვედით სხდომათა დარბაზიდან იმიტომ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ტარდება, რუსული რიტორიკა, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი ივანიშვილის ჩაწოდებით ახორციელებს ამ ქვეყანაში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცებას და დაპირისპირებას. მოვითხოვთ ამ პროცესის შეჩერებას.

ერთადერთი სწორი მექანიზმია პრემიერის გადადგომა. ღარიბაშვილი და მთავრობა მიაქანებს ქვეყანას უფსკრულისკენ. მათი მესიჯბოქსი არის ფუჭი. ვაპროტესტებთ ჟურნალისტებზე თავდასხმას, რუსულ კურსს, შარლ მიშელის დოკუმენტის არშესრულებას, მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადმოიბარეს და ჩააცემენტეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შს მინისტრისა და პრემიერის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს მხოლოდ ოპოზიცია აყენებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, ძალიან ცუდია, როდესაც მედია იცავს პოლიტიკოსის ინტერესს, რომელსაც სურს, აქცია ხელისუფლებაში მოსასვლელად გამოიყენოს.

„მე არ მიმაჩნია სწორად, რომ პრემიერ–მინისტრი უნდა გადადგეს. შს მინისტრი რომ პარლამენტში უნდა მოვიდეს, ამაზე ჩვენც გვქონდა განცხადება, ამიტომ შს მინისტრი პარლამენტში მოსმენაზე იქნება დაბარებული. ჰიპოტეტურადაც რატომ ვერ წარმოიდგინე ის, რაც არასდროს მომხდარა და ამის გამო ქვეყანაში ხელისუფლება გადადგეს, არასწორი იქება. არის მცდელობა, რომ სიტუაცია ხელოვნურად მიიყვანონ კრიზისამდე. ვფიქრობ, ეს არ არის სწორი. ადამიანი გარდაიცვალა და არ ელოდოებიან დასკვნას, რა გახდა ამის მიზეზი. პირდაპირ ხდება უხეში მანიპულირება და დაკავშირება ამ საკითხისა ძალადობასთან, რაც ხუთი დღის წინ მოხდა. ხდება ასეთი საკითხების პოლიტიკურ ინტერესებთან მიბმა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიგა ბოკერია თვლის, რომ ან პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ირაკლი ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი. როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ამბობს, ვითარება უნდა იყოს მკაფიო ქვეყნის შიგნით ყველა მოქალაქისთვის და ქვეყნის გარეთ საქართველოს თავისუფლების მხარდამჭერი ყველა პარტნიორისთვის.

„ეს არის ბრძოლა ფასეულობებისთვის, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ქვეყნის შიგნით ჩვენი თავისუფლებისთვის. ახლა, ამ ვითარებაში, ამ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა, მისმა დამქაშმა სასულიერო პირებმა და პრო–პუტინისტურმა ძალებმა მოაწყვეს, ამ ტრაგედიის შემდეგ, რაც მოხდა - ჟურნალისტის გარდაცვალება, ასევე, ამ საზიზღრობის შემდეგ, რაც მოაწყო გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროპაგანდის თვალსაზრისით ივანიშვილის რეჟიმმა, ერთადერთი ფუნქცია, რაც შეიძლება ამ პარლამენტმა შეასრულოს, არის ღარიბაშვილის გადაყენება. თუ ამის წინაპირობებს ვერ ვხედავთ და ჯერჯერობით, ვერანაირს ვხედავთ, მაშინ ამ პარლამენტში ნამდვილად არ არის დემოკრატიული ოპოზიციის ადგილი. თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ძვირფასი და ეს უნდა გაირკვეს ძალიან სწრაფად“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტში მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესში და პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილებას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, მისი პარტია „ფაშისტების დაჯგუფებასთან“ თანამშრომლობას წყვეტს.

„ამ რუტინულ პროცესში, რომელიც ამ ფარისევლულ, ყალბ პარლამენტშია, მონაწილეობას არ გავაგრძელებთ. ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან და ჟურნალისტებთან ერთად. ასე ვერ გაგრძელდება. მონაწილეობას მივიღებთ პარლამენტში მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს მთავარობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხსს.

ასევე მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრაში, რა გულისხმობს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. სხვა შემთხვევაში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ფასრისევლობაში მონაწილეობას და ფაშისტების დაჯგუფებასთან თანამშრომლობას წყვეტს“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, კითხვები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმა უნდა იკისრონ, რომლებიც გარდაცვლილი ადამიანების ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა. სამწუხაროდ, არ არის მიზანშეწონილი ყველა დეტალის გამჟღავნება. ეს ადამიანები – ნოდარ მელაძე, „ჭუტა“ და ნიკა გვარამია მორალური ფსკერი არიან. „ჭუტა“, მელაძე და გვარამია მედია არ არის. ნოდარ მელაძემ დილიდან იცოდა ყველაფერი და ამის მიუხედავად, მან საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტა პოლიტიკური ქულების ჩაწერა. რაც არის უკიდურესად ამორალური. საზოგადოებამ უკვე იცის, რაში იყო საქმე და ამას იტყვის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ალბათ, დღეს საღამოს, როდესაც საბოლოოდ დასრულდება ექსპერტიზა. ამომწურავი იქნება ეს ინფორმაცია და დასკვნები გაკეთდება საბოლოოდ მას შემდეგ, რაც ყველა ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციისგან განსხვავებით „გირჩი“ გამოდის ინიციატივით 5–6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას იმის გასარკვევად, ვინ ვინ არის და ვინ ვისი დაკვეთით მოქმედებს. იაგო ხვიჩიას განცხადებით, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებენ ყველაფრის მოწყობას, ამიტომ უნდა გაირკვეს, ვინ არის პასუხისმგებელი 5–6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე.

„აქცია დაარბიეს ჯგუფებმა, რომლებიც აქამდე შემჩნეულნი იყვნენ, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ ან რაღაცნაირი თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. დღეს გამოდის პრემიერი და ამბობს, რომ ესენი არიან „ნაცების“ მართული ხალხი, არაფერ შუაში ვართ ჩვენ, „ნაცებმა“ გალახეს ჟურნალისტები და მოაწყვეს ეს ამბავი რევოლუციით ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ყველაფერი რომ გაირკვეს, ჩემი აზრით, ამისთვის საჭიროა შესაბამისი ფორმატი, სადაც საუბრის, კითხვის დასმის შესაძლებლობა გვექნება და დასკვნებს გამოვიტანთ,“ – აცხადებს იაგო ხვიჩია.

 

 

Katana . მოკლედ, სანამ თვითონ არ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, რისი შანსიც მინიმალურია, არანაირ ხელისუფლებას ესენი არ მისცემენ მუშაობის საშუალებას!..
არ გამოილევა ამ ქვეყანაში სამიტინგო და საღავღავო...
ლამის ერთი წელი ხომ გაყალბდა-არგაყალბდაში გავიდა!.. მერე "შემოდით პარლამენტში! - არ შემოვალთ!"... "შემოდით! - არ შემოვალთ!"... ახლა ლგბტ-პრაიდის ახალი წრე და "გადადექი! - არ გადავდგები!"
მერე ადგილობრივი არჩევნები მოგვისწრებს და ესენი რომ ჩაფლავდებიან (რაშიც ეჭვი არ მეპერება), ისევ დაიწყება "გაყალბდა - არ გაყალბდა"...
როდემდე შეიძლება, რომ ხელისუფლება მხოლოდ ოპოზიციის მოგერიებაში იყოს?!

სავსებით ვეთანხმები ჩერჩილის ფორმულირებას, ოღონდ, მეორე ნაწილის გარეშე: - "დემოკრატია ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობის..."
3 წლის უკან
Katana P.S. 12-ში რომ "ოცნებამ" თავი დაუხარა დასავლეთს და ნაცების სისტემა არ გაასამართლა, დაპირებული "სამართლიანობის აღდგენის" ნაცვლად რომ კოჰაბიტაცია გამოუცხადა და ჩაიხუტა დამნაშავეები, იმის შედეგს იმკის ქვეყანა და კიდევ დიდხანს მოიმკის!!!
3 წლის უკან
არაგველი641 Katana სამწუხარო სიმართლეა. ჩვენი ქვეყნისთვის დემოკრატია ნაადრევი ხილია, ისევე როგორც ჩვენი აღმოსავლეთელი მეზობლებისათვის.
3 წლის უკან