თავდაცვის მინისტრის შეხვედრა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ხვალ დეპუტატებს შეხვდება. ირაკლი ალასანია პარლამენტარებთან თავდაცვის უწყებაში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე სამინისტროში დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე ისაუბრებს. მინისტრის გამოსვლის მთავარი თემა ასევე იქნება თავდაცვის სამინისტროს ახალი პოლიტიკა, რომელიც სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების მქონე პროფესიული შეიარაღებული ძალების შექმნას გულისხმობს.

ირაკლი ალასანიას გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა იმ რეფორმებს რომელიც უკვე გატარდა ქართულ არმიაში და თავდაცვის სისტემაში; მაგალითად როგორიცაა ავღანეთში მომსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სამოქალაქო ოფისისა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა, ასვე სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება, საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, საჯარო შესყიდვების დანერგვა და ტრანსფარენტულობა, სპეციალური კომისის შექმნა, რომელიც უკანონოდ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეების საქმეებს სწავლობს და სხვა პროექტები.

ირაკლი ალასანია კანონმდებლებს ასევე თავდაცვის უწყებაში დაგეგმილ რეფორმებსაც გააცნობს. თავდაცვის უწყება სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამხედრო მოსამსახურეების განათლების დონის ამაღლებასა და 2016 წლისთვის მთლიანად საკონტარქტო სამხედრო სამსახურზე გადასვლას გეგმავს.

განსაკუთრებულ აქცენტს მოხსენებაში მინისტრი რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების პროცესზე გააკეთებს; ასევე საუბარი იქნება სამხედრო მოსამსახურეებისთვის რეაბილიტაციისა და პროტეზირების ცენტრის განვითარებაზე. ამასთან ერთად თავდაცვის სამინისტროში სწორი კარიერული ზრდის სისტემას ჩაეყარა საფუძველი.

განხილული იქნება ისეთი პროექტები, როგორიც არის უკვე შექმნილი უწყებათაშორისი კომისია, რომელიც განიხილავს თუ როგორ სტრუქტურულ ქვედანაყოფად უნდა ჩამოყალიბდეს ვეტერანთა დეპარტამენტი.

მინისტრი ისაუბრებს კიდევ ერთ ინიციატივაზე, როგორიცაა წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება და სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე განხორციელებული ყველა ქმედების შესწავლა.

მთავარი თემა იქნება პარლამენტის და სამოქალაქო სექტორის თავდაცვის სამინისტროს საქმიანობაში მეტი ჩართულობის ახალი კონცეფცია. ამასთან ერთად მინისტრი პარლამენტის წინაშე სხვა ახალი ინიციატივებითაც გამოვა. ირაკლი ალასანია თავდაცვისა და უშოშროების კომიტეტის წინაშე 11 საათზე წარსდგება.