„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) არ ეთანხმება საკანონმდებლო ცვლილებების იმ პროექტს, რომელიც პარლამენტარ კობა დავითაშვილის ინიციატივით „ლატარეების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“ და „მაუწყებლის შესახებ“ კანონებში უნდა შევიდეს. ამის შესახებ განცხადება აფბა-ს პრეზიდენტმა, ნოდარ ჭიჭინაძემ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. მისი თქმით, აფბა-ს ამოსავალი არის ის, რომ სარეკლამო ბიზნესის, ისევე, როგორც ნებისმიერი ბიზნესის შეზღუდვა ასეთი მკაცრი ფორმით, მისი არალეგალური ფორმების განვითარებას გამოიწვევს, რაც გაცილებით უფრო საზიანო იქნება საზოგადოებისთვის.
„ჩვენ ვეცადეთ ამ საკითხს კომპლექსურად მივდგომოდით და ჩვენი აზრით, საკმაოდ საინტერესო სტატისტიკაც მოვიძიეთ. ბატონი კობა აცხადებდა, რომ სათამაშო ბიზნესის გამო საზოგადოების დიდი ნაწილი უკიდურეს მდგომარეობაში ვარდება, თვითმკვლელობამდე მიდის და ა.შ. ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყნების ათეულში შედის, სადაც თვითმკვლელობების მაჩვენებელი ყველაზე დაბალ დონეზეა, საშუალოდ 100 000 ადამიანზე 4 ფაქტი ფიქსირდება, მაშინ, როდესაც მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფინეთში (სადაც სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტებია) ეს მაჩვენებელი 20-ს აღემატება“, - აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.
მისი თქმით, აფბა-მ მოიძია იმის სტატისტიკაც, თუ რომელია თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფები და აღმოჩნდა, რომ აზარტული თამაშები და სათამაშო ბიზნესი საერთოდ არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, რა მიზეზითაც ადამიანები თვითმკვლელობამდე ყველაზე ხშირად მიდიან. აფბა-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ აზარტულ თამაშებთან მიმართებაში სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკაც შეისწავლა და გაარკვია, რომ განვითარებულ ქვეყნებში აზარტული და მომგებიანი თამაშობები აკრძალული არ არის. უფრო მეტიც, ჭიჭინაძის თქმით, 2011 წლის 20 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაბამის კანონში ცვლილებები შევიდა და ამ ბიზნესს უფრო მეტი თავისუფლება მიენიჭა, ასევე აბსოლუტურად დაშვებულია ე.წ. ონლაინთამაშობები.
აფბა-ს პრეზიდენტი განმარტავს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და განვითარებასთან ერთად აზარტული თამაშობები თავისთავად მცირდება და ეს პროცესი ასე ვთქვათ, ბუნებრივად რეგულირდება. ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე, როდესაც საქართველოს ეკონომიკისთვის ნებისმიერი სახის ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვანია, ამ ბიზნესის შეზღუდვა არასწორია, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ გარკვეულ რეგლამენტაციებზე შეთანხმება შესაძლებელია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც ნოდარ ჭიჭინაძე საუბრობს, არის ეკონომიკური ფაქტორი.
„კანონპროექტში ნათქვამია, რომ ეს ცვლილება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას არ იქონიებს, მაგრამ არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესიდან მხოლოდ სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლებიდან, ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 140 მლნ ლარი შედის. ამას ემატება სხვადასხვა გადასახადები და ეს ის თანხაა, რომელიც უხეში შედარება რომ მოვიყვანოთ, რომელიმე საშუალო ან მსხვილი სახელმწიფო უწყების მთლიან ბიუჯეტს შეადგენს. ასე რომ ამაზე ასე ერთბაშად უარის თქმა სახელმწიფოსთვის მომგებიანი ნამდვილად არ იქნება“, - აღნიშნავს აფბა-ს პრეზიდენტი.
მისი თქმით, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ ბიზნესის კავშირი სხვა ბიზნესებთან. ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს, რომ ამ საკნონმდებლო ცვლილებებით ყველაზე დიდი დარტყმა შეიძლება მიიღოს სარეკლამო ბაზარმა, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიონამდე ლარის შეკვეთას სწორედ აზარული და მომგებიანი თამაშობების ბიზნესიდან ღებულობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც აფბა-მ კანონპროექტში აღმოაჩინა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სათამაშო ბიზნესის ორგანიზების ადგილების განსაზღვრის უფლებამოსილებას ეხება. ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, თუ რომელიმე რეგიონში სათამაშო ბიზნესისთვის შედარებით მიმზიდველი პირობები იქნება მიღებული, ამან შეიძლება იმ რეგიონში სათამაშო ბიზნესის კონცენტრირება გამოიწვიოს, ხოლო თუ გარკვეული დროის შემდეგ ეს პირობები შეიცვალა, ბიზნესი ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. ამიტომ აფბა მიიჩნევს, რომ ეს საკითხიც კანონით უნდა დარეგულირდეს და კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს ის ადგილები, სადაც სათამაშო ბიზნესის ორგანიზება უნდა მოხდეს, რაც ამ სექტორს მეტ გარანტიებს მისცემს. ძირითადად ეს არის ის შენიშვნები, რომელიც აფბა-ს კანონპროექტის მიმართ გააჩნია, თუმცა ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს, რომ ორგანიზაცია ამ თემაზე მუშაობას გააგრძელებს, სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც შეისწავლის და რეკომენდაციების უფრო სრულ პაკეტს წარუდგენს პარლამენტს.
აფბა-ს პრეზიდენტი განმარტავს, თუ რატომ დაინტერესდა ორგანიზაცია ამ კანონპროექტით. ჭიჭინაძის თქმით, ახალგაზრდა ფინანსისტებს გაუჩნდათ განცდა, რომ კანონპროექტის ავტორი, კობა დავითაშვილი აზვიადებს იმ პრობლემას, რომელსაც სათამაშო ბიზნესი ქმნის. ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ თუ ქართულ საზოგადოებაში მართლაც არსებობს ის პრობლემა, რაზეც დავითაშვილი საუბრობს, უკეთესი იქნებოდა, მას ამასთან დაკავშირებით მეტი არგუმენტაცია და ფაქტი წარმოედგინა. ნოდარ ჭიჭინაძე პარალელს ავლებს საბანკო სექტორთან და ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში საბანკო კრედიტების გამო ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბანკების რეკლამირება უნდა შეწყდეს და მათი საქმიანობა რაიმე სახით უნდა შეიზღუდოს. ჭიჭინაძის თქმით, როდესაც პრობლემა არსებობს, მის მოგვარებაზე მუშაობა უნდა დაიწყოს, თუ ადამიანს ხელი სტკივა, ხელი კი არ უნდა მოიჭრას, არამედ მისი მკურნალობა უნდა დაიწყოს.
პრეს-კონფერენციაზე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით სათამაშო ბიზნესის ასოციაციის იურისტმა, გიორგი მელიქიშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, სათამაშო ბიზნესის რეკლამის იმ სახით აკრძალვა, როგორც ეს კანონპროექტშია ასახული, არა მხოლოდ ამ ბიზნესს შეუქმნის პრობლემებს, არამედ დააზარალებს მედიას და ასევე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, თუ სპორტული გადაცემების დაფინანსებასაც შეუქმნის პრობლემებს (რადგან ძალიან ბევრი სპორტული ღონისძიების დამფინანსებელი სწორედ სათამაშო ბიზნესია) ხოლო სარეკლამო კომპანიები შესაძლოა გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. გიორგი მელიქიშვილი ამბობს, რომ აქედან გამომდინარე სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ მიმართა პარლამენტს, რომ კანონის მიღების პროცესში ჩაერთოს.
„კანონპროექტის განხილვა ჩვენი მონაწილეობის, ჩვენი არგუმენტების მოსმენის გარეშე, უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დავსახოთ პრობლემა, თუ ასეთი არსებობს და მსჯელობა ამის შემდეგ უნდა დაიწყოს. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩავერთვებით“, - აცხადებს გიორგი მელიქიშვილი.