ვის აქვს “ცდომილება გაიკებში” - სვანებს თუ ხელისუფლებას?!

ვის აქვს “ცდომილება გაიკებში” - სვანებს თუ ხელისუფლებას?!

[ნანა ფაჟავა, მესტია] 

მესტიაში პირველი საკურორტო სეზონის გადავადება სვან მშენებლებს “ბრალდება”, რომლებმაც თურმე ბაგირების დამჭერი ბოძები უკუღმა დაამონტაჟეს. ეს “ცხელი” ამბავი, ორი დღის წინ, აკაკი გოგიჩაიშვილმა ტელემაყურებელს გადაცემა “ბიზნესკურიერიდან” მიაწოდა.

 

ამ ინფორმაციას იმავე გადაცემაში სატელეფონო ჩართვით “აბსოლუტური შეცდომა” უწოდა სამეგრელო-ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ, რომელმაც საბაგიროს დამონტაჟებაში მთავარ დარღვევად “ცდომილება გაიკებში” დაასახელა.

 

“ბიზნესკურიერში” გოგიჩაიშვილი ირონიით თუ სრული სერიოზულობით აცხადებდა, რომ “სვანმა მშენებლებმა იტალიელებს ვერ გაუგეს და საბაგირო გზის ბოძები შეცდომით დაამონტაჟეს... მესტიაში პირველი სეზონი სვანი მშენებლების წყალობით შესაძლოა ახალ წლამდე ვერ მოესწროს.

 

გახსნა ჯერ დღეს იყო დაგეგმილი, შემდეგ 24 დეკემბრისთვის გადაიდო, ახლა კი იტალიური კომპანია “ლაიტნერის” ინფორმაციით, რომელიც სამონტაჟო სამუშაოებს აწარმოებს, ეს ვადაც საეჭვო ხდება. მიზეზი ის არის, რომ სვანმა კონტრაქტორებმა ბაგირების დამჭერი ბოძები შებრუნებულად დაამონტაჟეს, რის გამოც სიმძიმის ცენტრი ჰაერში მოექცა.

 

დსთ-ს ქვეყნებში “ლაიტნერის” წარმომადგენელს ტელეფონით დავუკავშირდით და მან განაცხადა, რომ გამოსავალი ბოძების ძირში ბეტონის დამატება და გამაგრებაა, რასაც დამატებითი დრო და სახსრები დასჭირდება. იტალიური კომპანია ხარვეზებს ქართულ მხარეს აბრალებს...”

 

ქართული კონტრაქტორების პოზიციის გამოხატვა გადაცემის ავტორმა პირდაპირ ეთერში გუბერნატორ გოროზიას სთხოვა, რომელმაც გოგიჩაიშვილი დეზინფორმაციის გავრცელებაში პირდაპირ დაადანაშაულა.

 

გოროზია ირწმუნებოდა, რომ: “ამ წუთას ყველანაირი პრობლემა, რომელიც იყო დაკავშირებული საბაგირო გზის მშენებლობაზე, არის აღმოფხვრილი. უკვე ჩართული არის საბაგირო. დღეს უკვე მანდ ჩაშვებაც იყო და დაშვებაც.

 

ამავე დროს იყო მოთხილამურეებიც, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთი რამე გითხრათ, აბსოლუტური შეცდომა არის დაშვებული თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში, რადგანაც არანაირი სიმძიმის ცენტრი, არანაირი სხვა რამე დარღვევაზე საუბარი იქ არ ყოფილა. აქ არის უბრალოდ მუშაობის პერიოდში გაიკების ცდომილებაზე საუბარი, რომელიც შემდეგ იქნა აღმოფხვრილი”.

 

გოროზიას განმარტებები გადაცემის ეთერში მოულოდნელი ჩანდა გოგიჩაიშვილისთვის, რომელმაც გუბერნატორს “ლაიტნერის” წარმომადგენელთან ინტერვიუს ჩანაწერის მოსმენა შესთავაზა.

 

“პრესაგე.ტვ” შეეცადა გაერკვია ის მიზეზები, რომელმაც მესტიაში საკურორტო სეზონის დაწყება შეაფერხა. ცნობილი გახდა “ლაიტნერის” მხოლოდ სამი ქვეკონტრაქტორის შესახებ. ერთ-ერთი შპს “საქსპეცტრანსია”, რომელსაც ნოდარ წვერიკმაზაშვილი ხელმძღვანელობს.

 

მეორე, შპს “მტკვარი”, რომელსაც მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კვიციანი ლობირებს. მესამე ქვეკონტრაქტორი ფირმა, როგორც “პრესაგე.ტვ”-ს განუმარტეს, სავარაუდოდ, ზაზა გოროზიას მფლობელობაშია.

 

ასე, რომ პირი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, პრესაგე.ტვ-სთან ირწმუნება, რომ სარკაზმით ნახსენები სვანები საბაგიროსა და სათხილამურო ტრასის მშენებლობაში არ მონაწილეობდნენ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სამუშაოების ჩასატარებლად ადგილობრივებმა მხოლოდ ტყეები გაკაფეს. ყველა ქვეკონტრაქტორი ფირმა ბარიდან ამოვიდა. ამიტომ სვანებზე გადაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უსინდისობაა”.

 

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, შმაგი ნაკანი კი სრულიად განსხვავაებულ ვერსიას ავრცელებს. “პრესაგე.ტვ”-სთან ინტერვიუში იგი ამბობს, რომ: “სეზონის გახსნა არ გადადებულა, საბაგირო გუშინაც მუშაობდა და დღესაც. არანაირი გაიკის ცდომილება არ ყოფილა. ერთი თვის წინ რაღაცა პატარა შეცდომა დაუშვეს მშენებლებმა, მაგრამ მაშინვე გამოსწორდა.

 

“რუსთავი2” -მა ტყუილი ინფორმაცია გადასცა, მასაც ვიღაცამ... ჯერ ვერ გეტყვით, გაიხსნება თუ არა საკურორტო სეზონი 24 დეკემბერს. ეს ხვალ გაირკვევა, როცა მოთხილამურეებს ამოიყვანენ და საცდელი დაშვება იქნება...”

 

საკურორტო სეზონის დაწყების მაუწყებელ სათხილამურო დაშვებას “პრესაგე.ტვ” სიამოვნებით დაესწრებოდა... მაგრამ მესტიაში თოვლი არ არის...  აწვალის მთაზე, სადაც სათხილამურო ტრასა დააპროექტეს, თეთრი საფარის სიმაღლე მხოლოდ 3 სანტიმეტრია...

 

ასე, რომ არც ქანჩის გასაღები (რუს. გაიკა) მოშვებულა და არც საბაგირო დატრიალებულა უკუღმა. საქართველოს პრეზიდენტის გრანდიოზული პიარი სვანეთში ხანგრძლივი საკურორტო პოტენციალის შესახებ მესტიელებმა კი არა ბუნებამ ჩაშალა, თორემ საკუთარი დაბადების დღეზე თხილამურებით სრიალს მიხეილ სააკაშვილს ალბათ ვერავინ დაასწრებდა...