გახარიას, ეტყობა, დაავიწყდა, რომ პრაიდის ორგანიზატორებს    ალტერნატიულ ადგილებს სთავაზობდა, რადგან დაცვის პირობას ვერ აძლევდა

გახარიას, ეტყობა, დაავიწყდა, რომ პრაიდის ორგანიზატორებს   ალტერნატიულ ადგილებს სთავაზობდა, რადგან დაცვის პირობას ვერ აძლევდა

ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ხელისუფლებას მწვავედ უპირისპირდება და პირველად, ოპოზიციურ ამპლუაში გამოჩენილმა ექსპრემიერმა „ქართულ ოცნებას“ უუნარო უწოდა. მან ხელისუფლებას დააბრალა ის, რაშიც მას თავად ოპოზიცია წლების განმავლობაში ადანაშაულებდა და მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შავი ლაქაა. სპეცოპერაციები და აქციების დარბევა გახარიას ძლიერი მხარე არ არის და მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაზე წარუმატებელ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს.

2-დღიანი დუმილის შემდეგ, როგორც ჩანს, გახარიამ გადაწყვიტა, რომ ოპოზიციური ხმების მონადირების დრო დაიწყო, თუმცა მან ნადირობა სწორედ იმ ელექტორატზე დაიწყო, რომელმაც, გახარიას გადაწყვეტილებით, 20 ივნისს აქციის დარბევა საკუთარ თავზე იწვნია. გახარიას განცხადებამდე კომენტარი 5 ივლისის დაპირისპირების შესახებ პირველი დარტყმა ხელისუფლებაზე მისმა გუნდის წევრმა ნათია მეზვრიშვილმა მიაყენა. სავარაუდოდ, მან სიტუაცია დატესტა, რომელიც შემდეგ გახარიამ დააგვირგვინა. თუმცა რის მიღებას ცდილობს ამ გასროლით ექსპრემიერი გაუგებარია.

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის რაც ვნახეთ, „წარმოუდგენელი იყო“, სახელმწიფომ ვერ დაიცვა მოქალაქეები. როგორც გახარია აღნიშნავს, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.

„ეს არ არის მხოლოდ პოლიციის გადმოსახედიდან შესაფასებელი შემთხვევა. ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ჟურნალისტები მასობრივი დევნისგან, ვერ დაიცვა ტურისტები, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო, რაც ვნახეთ. ეს უუნარობის გამოხატულება იყო. გარდა ამისა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაურკვეველი იყო, როდესაც სახელმწიფომ, მმართველმა ძალამ და ხელმძღვანელებმა გვითხრეს: „ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო?“

ფაქტობრივად, გვითხრეს, რომ ჩვენ ვიცოდით წინასწარ ასე რომ იქნებოდაო. გაგაფრთხილეთ და ამის იქით, თქვენი თავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო - არაკომპეტენტურობის პიკი.

ადამიანებს ასე ესმით სახელმწიფო, სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა მე რისკების შესახებ, ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებაზე, თურმე სხვები არიან პასუხისმგებლები - უსუსურობაა. ამის შემდგომ, რაც უფრო მიუღებელი იყო, სახელმწიფო, მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას - მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ მემარჯვენეებს, როცა აწყობთ მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავის პასუხისმგებლობაზე. ჩემთვის ძალიან მძიმეა, როდესაც ჩემს სახელმწიფოზე ვსაუბრობ, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა ვემსახურებოდეთ“, - აღნიშნავს გახარია.

თუმცა ყოფილი პრემიერი თანამდებობაზე ყოფნის დროს „თბილისი პრიდის“ მიერ აღლუმის ჩატარებას სრულიად სხვაგვარად აფასებდა და უფრო მეტიც, ის ღონისძიების ორგანიზატორებს ურჩევდა, რომ პრაიდისთვის ალტერნატიული ადგილი ეპოვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაცვას ვერ შეძლებდა.

მოკლედ, 2019 წელს, გიორგი გახარიას შს მინისტრობის პერიოდში, ჯერ კიდევ LGBT კვირეულის დაწყებამდე გახდა ცნობილი შსს-ს პოზიციის შესახებ, რომ ღირსების მარში არ უნდა ჩატარებულიყო. სამინისტრომ არათუ ყველაფერი გააკეთა „პრაიდის“ მონაწილეთა დასაცავად, არამედ თავიდანვე განაცხადა უარი ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

მიუხედავად უწყების უარისა, 2019 წლის 8 ივლისს, შსს-ს შენობასთან, ღირსების მარში (რომელსაც საპროტესტო აქციის სახე ჰქონდა) მაინც გაიმართა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მონაწილეებს არ ჰქონდათ უსაფრთხოების გარანტიები და მათკენ რადიკალურად განწყობილი ჯგუფები მიემართებოდნენ, მსვლელობის მონაწილეებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.

რაც შეეხება 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს, ოფიციალური მონაცემებით, 275 პირი დაზარლდა, მათ შორის – 187 სამოქალაქო, 15-ჟურნალისტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2018 წელის 12 მაისს კლუბ ბასიანში სპეცრაზმის შევარდნის შემდეგ ახალგაზრდებმა მეორე დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს და გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობიდან გადადგომას მოითხოვდნენ. ამის პარალელურად, მათ სწორედ ის ჯგუფი დაუპირისპირდა, რომლებიც 5 ივლისს პრიდის წინააღმდეგ გამოვიდნენ. გახარიამ მაშინ ახალგაზრდებს უთხრა, რომ თუკი აქცია არ დაიშლებოდა, ის კონტრაქციის მონაწილეების შეკავებას ვერ შეძლებდა. სწორედ ამის შემდეგ მიიღეს ორგანიზატორებმა დაშლის და ტერიტორიის პოლიციის თანხლებით დატოვების გადაწვეტილება ისე, როგორც ახლა 6 ივლისს მოხდა.

ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გახარიას განცხადებებს უპასუხა და მისი განცხადება პოლიტიკურ სპეკულაციად შეაფასა.

„ძალადობა რომ ძალადობას შობს, ამას დაგიდასტურებთ, მაგრამ რა შობს შუბლზე ასეთ ძარღვგაწყვეტილობას, ვერ ვხსნი.

ძალადობა არ არის ის თემა, რომელიც ხელისუფლებას ახასიათებს, მათ შორის არ ახასიათებდა გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის დროსაც. მას შემდეგ არ შეცვლილა სახელმწიფოში მიდგომა. ის, რაც მისი განცხადების შინაარსში დევს, არის პოლიტიკური სპეკულაციის მაგალითი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერს პოზიციის დასაფიქრებლად ორი დღე ჰქონდა. ამიტომ შეეძლო, რომ უკეთესად მომზადებული განცხადება გაეკეთებინა. თუმცა, შეიძლება, ვინაიდან ექსპრემიერი ოპოზიციურ ლიდერად ახლა ყალიბდება, ჩათვალა, რომ მსგავსი განცხადების გაკეთება მას ამ ამპლუაში წაადგება. ამიტომ ის ცდილობს, რომ საერთო ოპოზიციურ ფერხულს არ ჩამორჩეს. თუმცა მისი შინაარსი და პათოსი მიზანს აცდენილი იყო. გახარიას მხრიდან ხელისუფლების შეცდომებზე საუბარი ცოტა ალოგიკურია, რადგანაც ამაზე ადამიანი ლაპარაკობს, რომელიც ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ მინისტრი იყო და არაერთი სპეცოპერაცია აქვს ჩატარებული, რაც მის ძლიერ მხარედ არ ითვლება - უფრო მეტიც, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ყველაზე შავი ლაქებია და 20 ივნისის აქციის დარბევის ტვირთს დღემდე ატარებს.

„რომელ უმოქმედობასა და პოლიციის შეურაცხყოფაზე საუბრობს ბატონი გახარია, როცა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გავეშებულმა და გაბრაზებულმა მოსახლეობამ სპეცრაზმელები სცემა, დაასისხლიანეს და პოლიციის ავტომობილები დაწვეს. დღემდე ამ საქმეზე დაკავებული არავინ არის. გავიხსენოთ იგივე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები, როდესაც პოლიცია მომიტინგეებმა დაარბიეს, ფარები წაართვეს და გადაუარეს. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც აქციის დაშლა დაიწყო. ამ ყველაფერმა კი, ვნახეთ, რომ ადამიანების დასახიჩრება გამოიწვია. როდესაც უკან ასეთი შლეიფი მოგდევს, ცოტა არ იყოს ასეთი საუბარი უხერხულია. გავიხსენოთ ბასიანის ინციდენტიც - ახალგაზრდებს, რომლებიც კლუბში სპეცრაზმის შეჭრას აპროტესტებდნენ, ზუსტად მაშინ, ეს ჯგუფი დაუპირისპირდა. გახარიამ მაშინ იქ შეკრებილ ახალგაზრდებს უთხრა, რომ გაბრაზებულ მოწინააღმდეგე მხარეს ვერ აჩერებდა და მათ აქციები უნდა შეეწყვიტათ. ზუსტად იგივე ფორმით აქციის მონაწილეების რუსთაველიდან ავტობუსებით გაყვანა და გაცილება მოხდა. ასე რომ, გახარია რას ითხოვს და რას აპროტესტებს, გაუგებარია“,-ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

იყო თუ არა ეს ოპოზიციურ ელექტორატზე გათვლილი განცხადება და რის მიღებას ელის გახარია აქედან, როცა მისი სპეცოპერაციების მწარე გამოცდილება ყველაზე მეტად ამ ელექტორატს ახსოვს, ანჯაფარიძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რადგან ექსპრემიერის ეს ნათქვამი ჰაერში გასროლილს ჰგავს. მისი აზრით, ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ გახარია ისევ პრემიერი ყოფილიყო, თავად რამე განსხვავებულს იზამდა, როცა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში იგივე პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების ჩასატარებლად ალტერნატიულ ადგილებს სთავაზობდა და დაცვის პირობას ვერ აძლევდა?!

„გახარიას პრემიერობის დროსაც „თბილსი პრაიდი“ რუსთაველზე აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ხელისუფლება მათ მაშინაც ამას ეუბნებოდა, რომ დაპირისპირებას გამოიწვევდა და მათ დაცვას ვერ შეძლებდნენ. გახარია მათ თავშეკავებას სთხოვდა და ღონისძიების ალტერნატიულ ადგილს სთავაზობდა. მესმის, რომ ის ახლა ოპოზიციური ლიდერია და ხელისუფლება უნდა გააკრიტიკოს, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთო, რომ საკუთარი იმიჯი არ დააზიანო. ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლო. ჰყავს მას გუნდში ჭკვიანი ხალხი და შეეძლოთ უფრო მეტი ეფიქრათ და განცხადება განცხადებისთვის არ გაეკეთებინა, რომელიც არაფერს მოუტანდა“, - ამბობს ანალიტიკოსი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი ამბობს, რომ მას დარჩა შთაბეჭდილება გახარიას ეს განცხადება „ჩაუდეს“. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ექსპრემიერი პარტიის შექმნიდანვე ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ შთაბეჭდილება იქმნება, მას ვიღაცა ამ ურთიერთსაპირისპირო პოზიციას ძალით ალაპარაკებს. მისი აზრით, როგორ შეიძლება იმ თემებს შეეხო და სხვა ადამიანები დაადანაშაულო იმ ქცევაში, რასაც თავად ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაბრალებდნენ და რომელიც მისი ყველაზე სუსტი მხარეა.

„ძმები ხოჯრევანიშვილების და საბანაძის კორუფციულ, ნეპოტიზმზე სოციალური ქსელები და მედიაა აჭრელებული. გახარია კი ამბობს, რომ ხელისუფლებაში კორუფცია იყო და არისო. ვისზე ამბობს, როცა პრემიერი თვითონ იყო და მისი ქვეშევრდომები, რომლებიც ახლა მის გუნდში არიან, ამ საქმიანობაში იყვნენ ეჭვმიტანილები. იგივე ითქმის მის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციებზე. ვინ ვინ და გახარიას არა აქვს სპეცოპერაციებზე და პოლიციაზე საუბრის უფლება. მის მიერ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პოლიციას რომ შეურაცხყოფა მიაყენეს, ვინმეს კი არ დაავიწყდა. გახარიას და მის მოადგილე კახა საბანაძეს „ოცნება“ კბილებამდე იცავდა, როცა 20 ივნისს ჟურნალისტები და რიგითი გამვლელები არანაკლებად დაზიანდნენ. ხალხს თვალები დასთხარეს და პოლიციური ღონისძიებების დროს აშკარა გადაცდენებს ჰქონდა ადგილი. თუმცა ყველა მას იცავდა და ერთი საყვედურიც არავის დასცდენია. ახლა კი, ჟურნალისტების, პოლიციის და მოქალაქეების დაზიანებაზე ხელისუფლებას პასუხს სთხოვს? ამ აქციებზე კონკრეტული პროვოკატორების და მოძალადეების მხრიდან კანონის დარღვევას ჰქონდა ადგილი და ამას ძალოვანი სტრუქტურები იძიებენ“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ძალიან საინტერესოა, რომ გახარიას წარსულს და ე.წ. გავრილოვის ღამეს „ნაციონალური მოძრაობა“ მას აღარ ახსენებს. იგივე პანკისში, ეთნოსებს შორის, ლამის, შუღლის გაღვივების ფაქტს და „ბასიანის“ დარბევას, საერთოდ აღარ ახსენებენ. ეს ეპიზოდები მას პოლიტიკურ ამნეზიაში მყოფმა ენმ-მა აპატია, რადგან მას ახლა სიტუაციურ მოკავშირედ მიიჩნევენ. „ნაციონალებმა“ გახარიას სრული ამნისტირება დაიწყეს და სავარაუდოდ, მისგან ხელისუფლებაზე უფრო მწვავე დარტყმებს ელიან.