საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, გლდანის ციხიდან მათ აქვთ ინფორმაცია, რომ პატიმრები შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ. ამის შესახებ დავით დარჩიაშვილმა მედიის წარმომადგენლებს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
კანონმდებლის შეფასებით, მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ქედმაღლურად აცხადებს, რომ ჭორია, თითქოს, კრიმინოგენური ვითრება იზრდება, ამის რეალური ნიშნები არსებობს, როგორც გარეთ, ასევე, - ციხეში.
თეა თუთბერიძეც ბაჩო ახალაიასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეზე - გაგა მკურნალიძეზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქმით, დაღამებისას პატიმრები ხმაურს იწყებენ და შეძახილებით მოსვენებას უკარგავენ ზემოთნახსენებ პატიმრებს. თანაც, უკვე ოთხი ღამეა, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების სხვადასხვა კორპუსიდან არცთუ სასიამოვნო შეძახილები ისმის. ამ შეძახილების ავტორები კი არა ცალკეული პატიმრები, არამედ საკმაოდ ბევრი პატიმარია.
ამ ინფორმაციას სასჯელაღსრულების უწყების პრესსამსახურის წამომადგენელი ირაკლი კორძაიაც ადასტურებს და აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით ციხის ადმინისტრაცია პატიმრებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. უფრო მეტიც, ირაკლი კორძიას თქმით, აღნიშნული პატიმრები „ყველაზე დაცულნი არიან დედამიწის ზურგზე“.
ნამდვილად ემუქრება თუ არა საფრთხე ბაჩო ახალაიას საპყრობილეში და რამდენად რეალურია მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას საკუთარი თანაპარტიელებისაგან უფრო ემუქრება საფრთხე, ვიდრე სხვა პატიმრებისგან. ამის შესახებ For.ge ადვოკატებსა და უფლებადამცველებს ესაუბრა.
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, გლდანის №8-ე სასჯელაღსრულებითი დაწესებულება იქნება, №9-ე, №15-ე თუ №35-ე, ბაჩო ახალაიას პატიმრებისგან საფრთხე ყოველთვის დაემუქრება და ეს გასაკვირი არ არის, რადგან პატიმრებმა იციან, რომ მათი მთავარი ჯალათი იყო ბაჩო ახალაია და ის ხალხი, რომლებიც დღეს ციხეში არიან. თუმცა სხვა საქმეა, რომ ადმინისტრაციამ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს საფრთხე არ დაუშვან.
„დარწმუნებული ვარ, ასეთ რამეს სასჯელაღსრულებითი დაწესებულება არ დაუშვებს, რადგან ეს, პირველ რიგში, მათ ინტერესებში არ შედის და პასუხს აგებენ საკუთარი თავით, მაგრამ ის, რომ პატიმრებმა პროტესტი არ განაცხადონ და ბაჩო ახალაიას მიმართ დიდი სიყვარულით იყვნენ განწყობილნი, ამას მათ ვერავინ მოსთხოვს. ისინი იზოლირებულნი არიან და მათ ვერ მიეკარებიან, მაგრამ სხვა საქმეა, რომ მათ სურთ, ხმისგანაც იყვნენ იზოლირებულნი“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
უფლებადამცველისთვის გასაგებია, რომ შეძახილები ახალაიებს და სხვებს დისკომფორტს უქმნის. მართლაც არ არის სასიამოვნო, როცა ლანძღვა-გინება ისმის მათ მიმართ და ეს გასამართლებელი არ არის, თუმცა ბაჩო ახალაიამ და სხვებმა უნდა გაითვალისწინონ, თავად როგორ ეპყრობოდნენ პატიმრებს. ნაციონალების ხელში პატიმრებისთვის ლანძღვა-გინება სანატრელი იყო და მათ უმძიმეს დღეში აგდებდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათზე შური უნდა ვიძიოთ და მათაც ასეთნაირად მოვეპყრათ.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას მიმართ ნაციონალებისგან მომდინარე საფრთხეს, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ნაციონალებს დღეს არ აქვთ იმის ძალა, რომ რაიმე საფრთხე დაემუქროს მათგან ბაჩო ახალაიას. თუ მას მაინც მიუგზავნიან ვინმეს და საფრთხე დაემუქრება, ესეც ისევ ადმინისტრაციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხისმგებლობა იქნება. ამიტომ, ამას დეპარტამენტი არ დაუშვებს და ისეთ პირებს არ შეუშვებს ახალაიასთან, ვინც საფრთხეს შეუქმნის მას ან რომელიმე მის ყოფილ კოლეგას.
ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ არადამაჯერებელია, თუ რას ამბობენ ნაციონალები, რადგან ბაჩო ახალაიას სიცოცხლეს ციხეში არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ამაში თვითონ ახალაია და მისი ოჯახის წევრები ყველაზე მეტად არიან დარწმუნებულნი. ამას ადასტურებს ისიც, რომ ბაჩო ახალაია თავად ჩამოვიდა საქართველოში და გამოთქვა სამართალდამცავებთან თანამშრომლობის სურვილი.
„პრაქტიკულად, მან იცოდა, რომ დაჭერა ემუქრებოდა და ყველაზე დაცულად თავი სწორედ ქართულ ციხეში იგრძნო. დარწმუნებული ვარ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს და მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, შეიძლება, თავად ნაციონალებისგან დაემუქროს საფრთხე, რადგან ისინი თავად არიან აგონიაში და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიტუაცია რაღაცნაირად შემოაბრუნონ, მაგრამ ამას ვერასდროს შეძლებენ“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.
ამასთან, ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ნაციონალები ყველანაირ პროვოკაციაზე წავლენ. ამიტომაც ახლა ბაჩო ახალიას მიმართ საფრთხის საკითხი მოიგონეს.
ირმა ჭკადუას თქმით, ბაჩო ახალაია მარტო თვითონ არ სჩადიოდა დანაშაულს და თითეული მისი თანაგუნდელისთვის ცნობილი იყო, თუ რა ხდებოდა სასჯელაღსრულების სამინისტროში, მაშინ, როცა ბაჩო ახალაია იყო ხელმძღვანელი.
„თითოეული მათგანი სისტემურად არის დამნაშავე. ახლა ნაციონალების ინტერესშია, მორიგი სკანდალი ააგორონ, ისინი ხომ ისედაც პიარით გვაცხოვრებდნენ. ბუნებრივია, ბაჩო ახალაია და ძმანი მისნი ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებდნენ იქ განთავსებულ უამრავ პატიმარს, მათ სულში აფურთხებდნენ, აუპატიურებდნენ და ახლა ასეთი პატიმარი რაღაცას რომ გეტყვის, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. დღესაც და გუშინაც ვიყავი ციხეში და იქ არანაირი დაძაბული სიტუაცია არ ყოფილა, არაფერი არ ხდება, თუმცა ნაციონალებს სურთ, რაღაც ხდებოდეს“, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ბაჩო ახალაია ციხეებში ატარებდა, მისი ლინჩის წესით გასამართლების პრობლემა არსებობს ყველა ციხეში, სადაც არ უნდა იყოს იგი. ისევე, როგორც ბაჩო ახალაია გარეთ რომ დადიოდეს, გარეთაც მას ლინჩის წესით გასამართლების საფრთხე ელის და ეს საფრთხე ყველგანაა, სადაც ის გაივლის მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ერთადერთი, ბაჩო ახალაიას უსაფრთხოების დაცვა დღეს მხოლოდ ციხეს შეუძლია. ახალაია თავისუფალი რომ იყოს, მაშინ ჩათვალეთ, რომ მისი სიცოცხლე ნაკლებად იქნებოდა ახალი ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ახლა კი მის გასამართლებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად აღებული აქვს ციხის ადმინისტრაციას. თუკი ასეთი რამ მოხდება და მას საფრთხე დაემუქრება, ნაციონალები, რა თქმა უნდა, ამას გამოიყენებენ. თუმცა, შესაძლოა, თავად ნაციონალებსაც აწყობდეთ ბაჩო ახალაიას მოცილება, რომ იგი არ ალაპარაკდეს, რადგან ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბაჩო ახალაია იგრძნობს, რომ ნაციონალების შემობრუნება არ შეიძლება, თავისუფლად შეიძლება ალაპარაკდეს. თუმცა, რაც არ უნდა ილაპარაკოს, პირად პასუხისმგებლობას მაინც ვერ მოიხსნის. ამით მას შეუძლია, ცოტათი მაინც შეიმსუბუქოს მთელი ამ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაული“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, თუ ციხის ადმინისტრაციას ბაჩო ახალაიას დაცვის უზრუნველყოფა უფრო ადვილად გამოსდის გლდანის ციხეში, მაშინ ის უნდა დარჩეს გლდანში. ასე რომ, ციხის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია, სად ჰყავდეს ახალაია.