5 ივლისს რადიკალური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე და რიგით მოქალაქეებზე თავდასხმის შემდეგ პოლიტიკური შეფასებები და განცხადებები კეთდება. ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს, ნაწილი - პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას. თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოპოზიციის შეფასებები და განცხადებები დაგვიანებულია და ისინი ეჭვობენ, რომ ამის მიზეზი ელექტორატის დაკარგვის შიშია.
ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ „ჰომოფობიური ჯგუფების“ თავდასხმა ჟურნალისტებზე ხელისუფლების დაგეგმილი იყო. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ძალადობრივ ქმედებებში ჩართული ადამიანი კანონის წინაშე სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.
5 ივლისს „თბილის პრაიდის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება რუსთაველზე ჩაიშალა, ხოლო აგრესიულად განწყობილმა ჯგუფებმა, რომლებიც რუსთაველზე პრაიდის გასაპროტესტებლად მივიდნენ, მედიის წარმომადგენლები სცემეს. 16 მედიის 55-მდე წარმომადგენელია დაზიანებული. აგრესიული თავდასხმების შემდეგ დაშავებულთა ნაწილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
ორს, მათ შორის „პალიტრა ნიუსის“ ოპერატორს, რომელსაც თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ასევე პირველი არხის ოპერატორს დაზიანებული აქვს თვალები, მას ქიმიური ხსნარი შეასხეს. ამასთან ალადაშვილის კლინიკაში კიდევ 2 დაშავებული პირი იმყოფება.
„გუშინ იყო მასობრივი ძალადობის აქტი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი. სინქრონში იყო მათი განცხადებები ძალადობის გააქტიურებასთან. როგორც კი განცხადებას აკეთებდა ხელისუფლების წარმომადგენელი, როგორც პრემიერი, ასევე პარტიის თავმჯდომარე, მყისიერად აქტიურდებოდა მოძალადეთა ჯგუფი. თუ ხმა არ ამოვიღეთ, აი, ასე გაგვსრესენ ყველას და თავ-პირს დაგვამტვრევენ. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა“, - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ რეაგირებასა და მოძალადეების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართული ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი, არა მხოლოდ კონკრეტული ჟურნალისტებისთვის, არამედ ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი და მძიმე მოვლენა“.
მოძალადეების კანონის წინაშე პასუხისმგებლობაზე საუბრობს „გირჩი“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი: „პირველი, რაც უნდა მოხდეს - ის ათობით ადამიანი, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული, ყველა უნდა იყოს დაჭერილი და ყველამ უნდა აგოს პასუხი“.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ძალადობაში ჩართული ყველა ადამიანი პასუხისგებაში მიცემული უნდა იყოს.
„ეს ფაქტები თუ დარჩა დაუსჯელი, ეს წაახალისებს კიდევ უფრო მეტ ძალადობას. მე მგონი, გუშინდელი დღე იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ამდენი ჟურნალისტი დაზიანდა ერთდროულად და აგრესიის ესეთი ფორმა სწორედ მათ მიმართ იყო მიმართული“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლებასთან ერთად 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციასაც არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება ჰქონდა. მთელი დღის განმავლობაში, როცა ჟურნალისტებს და რიგით მოქალაქეებს თავს გაურკვეველი ჯგუფები ესხმოდნენ, მკვეთრი პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები არ გაკეთებულა. მხოლოდ დაგვიანებული რეაქციის მიერ ფრთხილი განცხადებებით შემოიფარგლნენ. ზაქარეიშვილის აზრით, ამ სიბნელემ გამოაჩინა ეს ხალხი როგორ ისტერიკაში არიან და საქართველოს განვითარების როგორ ეშინიათ. ოპოზიციას ეს უნდა ეგრძნო, რადგანაც საუბარი აქ ლგბტ თემზე აღარ არის. აქ პრობლემა ქვეყანას, კონსტიტუციას და სახელმწიფოს ექმნება. ამიტომ ამ ყველაფრის დაცვა მხოლოდ ხელისუფლების მოვალეობა არაა.
„ამ ხალხის თვალებში არაფერი ჩანდა. რასაც ქრისტიანობა ქადაგებს, ამ ხალხის ქცევაში არ ჩანდა. სად იყო იქ სიყვარული, მიტევება და შენდობა? ესაა ქრისტიანული მოძღვრება, რომ თავები დაუხეთქეთ ერთმანეთს თუ არ მოგწონსო? სახარების კონცეფცია ესაა? ალბათ, ოპოზიციის ქცევა იმით იყო განპირობებული, რომ ვიღაცას ელგბტ თემის მხარდაჭერა არ დაებრალებინა. ხელისუფლებაზე რომ ლაპარაკობენ, ხმების და ელექტორატის გამო არაფერს ეუბნებიან ამ ჯგუფებსო, იგივეს ხომ თავად აკეთებენ. ასეთი დამოკიდებულება ყოვლად დაუშვებელია.
დილით პრემიერმა რაც გააკეთა, ეს ამ ჯგუფების წაქეზება იყო. ამ ხალხმა ჩათვალა, რომ ხსნილი იყო და ყველაფრის გაკეთების უფლება ჰქონდათ. ღარიბაშვილმა იგივე გააკეთა, რაც დაახლოვებით ტრამპმა. მისი მოწოდებების შემდეგ ხალხი კონგრესში შევარდა. ამიტომ ოპოზიციას მაშინვე კვალიფიკაცია უნდა მიეცა. ოპოზიციამ პროკურატურაში სარჩელი უნდა შეიტანოს და ხელისუფლების პასუხისმგებლობა მოითხოვოს“,-ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ასეთი ფსკერი ყველა საზოგადოებაში და ყველა ქვეყანაშია, მაგრამ მისი ამღვრევა არ შეიძლება. ამ კატეგორიის ადამიანები ყველგან არიან და მათი წახალისება არ უნდა მოხდეს. ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ მომხდარის საპარლამენტო და საგამოძიებო კომისიის დონეზე განხილვა უნდა მოხდეს. ჟურნალისტების სახით გუშინ ქართული საზოგადოება სცემეს. მედიაა ის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ქართველი ხალხი ამ ადამიანების სახეს ხედავს. ამიტომაც მედია ასეთი განსაკუთრებული აგრესიის ობიექტი გახდა.
„ამდენი წელია პოლიტიკურ ანალიზს ვაკეთებ და არც ერთხელ არ მითქვამს, რომ პრემიერი უნდა გადადგეს. ახლა კი ამ გაუგებრობასა და სამარცხვინო ქმედებაში ნამდვილად ღარიბაშვილს ვადანაშაულებ. მან ეს ყველაფერი წაახალისა. საპარლამენტო გამოძიება უნდა ჩატარდეს, ვინ და როგორ მოახერხა ამ ხალხის დაორგანიზება. ეს ადამიანები კარგად ორგანიზებულები მოქმედებდნენ. ვინ ხელმძღვანელობდა მათ? ლგბტ თემის გადაადგილების მარშრუტს საიდან იგებდნენ? ამბობენ, რომ ჯგუფებად იყვნენ დაყოფილები და ხელმძღვანელები ჰყავდათ.
ასევე სურათები ვრცელდება, სადაც რაციები აქვთ და ერთმანეთს ეკონტაქტებიან. ვინ და რატომ აღჭურვა ეს ხალხი? ამით არ უნდა ვინტერესდებოდეთ? 2013 წელს, როცა იგივე ფაქტი მოხდა, მაშინ მინისტრი ვიყავი და პირადად ვხედავდით ბიძინა ივანიშვილი ამ ფაქტს როგორ განიცდიდა. ნერვიულობდა და ეპისკოპოსებს პირადად ურეკავდა, თხოვდა, რომ პოლიციის კორდონი არ გარღვეულიყო. ამიტომ არ მჯერა, რომ მას ეს რამეში აწყობს ან უნდა. ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც პროცესი დროზე ვერ შეაფასა და ეს სამარცხვინო ფაქტი მივიღეთ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ნებისმიერ მგრძნობიარე თემას ოპოზიცია იყენებს არა პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით. აბაშიძის აზრით, ოპოზიცია ცდილობს სექსუალური თუ ეთნიკური უმცირესობის საკითხი პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. წარმოუდგენელია, რომ ის პოლიტიკური ძალა ვინმეს უფლებების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც ადამიანის წამებასა და უფლებების უხეშ დარღვევაში არის მხილებული.
„გამოდიან ახლა ძველი მოძალადე პოლიტიკური ძალიდან გამოყოფილი ადამიანები, რომლებიც ზოგი ენჯეოს, ზოგი ჟურნალისტის, პოლიტიკოსის ამპლუაში გვევლინება და ადამიანის უფლებების დაცვაზე გვესაუბრებიან. ეს კი აბსოლუტური ფლიდობა და თვალთმაქცობაა. ნებისმიერმა ადამიანმა, არ აქვს მნიშვნელობა, ანაფორიანი იქნება თუ სამოქალაქო პირი, თუკი დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს. ნებისმიერ დარღვევაზე ბერმა თუ ერმა პასუხი უნდა აგოს. არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ გემოვნებას და სფეროს სადაც ის მოღვაწეობს. როდესაც კანონი დაცულია, ესაა პრევენცია იმისთვის, რომ მსგავსი უმსაგვსობა აღარ განმეორდეს.
არავის უნდა ეგონოს, რომ ამ ქვეყანაში ვინმე ხელშეუხებელია. აქ არავითარ პოლიტიკურ აფილაციას მნიშვნელობა არა აქვს. საპატრიარქოს მხრიდან თავიდანვე ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ მშვიდობიანი შეკრება ქაშუეთის ეკლესიაში უნდა ყოფილიყო და პარაკლისი გადაეხადათ. ერთია საპატრიარქოს მოწოდება და მეორეა კონკრეტული სასულიერო პირები ამას როგორ ასრულებენ. სწორედ აქ უნდა აგოს ყველამ პასუხი. იქნება ეს საეკლესიო კანონი თუ სისხლისამართლის პასუხისმგებლობა“,-ამბობს გია აბაშიძე for.ge-სთან.