პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში ტრადიციისამებრ, დიდი ვნებათაღელვის ფონზე დამთავრდა. არ დარჩენილა საკითხი, რომელსაც საპარლამენტო ოპოიზიციის რისხვა არ გამოეწვია. პრემიერი და მთავრობა გააკრიტიკეს ვაქცინაციის ჩავარდნისთვის, კორუფციისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარებისთვის, ეკონომიკის ვარდნისა და კიდევ ბევრ საჭირბოროტო საკითხისთვის, რომელიც ქვეყნის წინაშე ნამდვილად დგას. ფაქტობრივად, ყველა ხელისუფლების და წინამორბედი პრემიერების ჩავარდნებიც ღარიბაშვილს აჰკიდეს. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ვეტერანების პრობლემებზე დამაშვრალმა ოპოზიციამ, კიდევ ერთხელ გადმოყარა ნიანგის ცრემლები. არაერთი კითხვა დაისვა - რა ეშველებათ ვეტერანებს? სამწუხაროდ, პასუხები არც ისე სიღრმისეული და დამაიმედებელი იყო. დღემდე, სამარცხვინოდ, გადაუჭრელ პრობლემად რჩება ვეტერანებისთვის გამოყოფილი 22-ლარიანი დახმარება, რაც ვეტერანების მხრიდან, არაერთხელ გამხდარა გულწრფელი პროტესტის საგანი. იყო შიმშილობის აქცია, იყო გამოსვლები, იყო „ოცნების“ ოფისთან შეკრებილი ვეტერანების აქცია, სადაც ისინი უკვე, საკუთარ სტატუსსაც კი აპროტესტებდნენ, მაგრამ არ იყო ხელისუფლების პასუხი. „ნაციონალური მოძრაობა“, პროტესტანტ ვეტერანებს ხელჯოხებითა და სპეცნაზით უსწორდებოდა, დღეს ესეც აღარ არის, თითქოს, ვეტერანები არც არსებობენ. სამაგიეროდ, დღემდე არსებობს 22-ლარიანი სუბსიდია, რომელიც, ალბათ, კიდევ ბევრი ხელისუფლების ხელში გაივლის, როგორც რელიქვია. ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ქვეყანა რომელიც მუდმივად შეიარაღებული დაპირისპირების და კონფლიქტის განახლების საფრთხის ქვეშაა, საინტერესოა, რა მაგალითს აძლევს მომავალ თაობას? როგორ იზრუნებს სახელმწიფო იმ ადამიანებზე, რომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა კიდევ ბევრჯერ შეიძლება დასჭირდეს ქვეყანს? მსგავსი გულისამაჩუყებელი წერილები ძალიან ბევრი დაწერილა საქართველოს ოცდაათწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, სამწუხაროდ, არც ერთ შეგონებას არც ერთ ხელისუფლებაში პატრიოტული გრძნობები არ გამოუწვევია, აშკარაა, სამთავრობო სავარძლებიდან არ ჩანან ვეტერანები. და მაინც, ქვეყანაში არსებული, ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილი ვეტერანთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები, მუდმივად ცდილობენ ხელისუფლებას მიაწვდინონ ხმა.
„მეომართა უფლებების დაცვის კავშირის“ თავმჯდომარე, ლალი ცერაძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ვეტერანებმა, განსაკუთრებით მძიმე დრო, „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში გაიარეს, მას შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ არასაკმარისი.
ლალი ცერაძე: რამდენი წელი გავიდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვიდან და ვეტერანთა პრობლემატიკის მოგვარება წლების განმავლობაში დიდი ტკივილებით და სახელმწიფოსგან იგნორირებით მიმდინარეობდა. ომის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას მთავრობა და არსებული ხელისუფლება, ხელის აქნევით და ხშირად დამცინავად ესაუბრებოდა ვეტერანებს და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. გადმოთარგმნეს რუსეთის კანონი ვეტერანების შესახებ ცალსახად და მაშინ ჩამოყალიბებული ვეტერანთა დეპარტამენტი, ძირითად, ყურადღებას აქცევდა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. დიდი ძალისხმევით და ქუჩების გადაკეტვით ვაიძულეთ ხელისუფლება ყურადღება მიექცია აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის ვეტერანებისთვის და შევქმენით „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ვეტერანთა ეროვნული საბჭო“, რომელშიც შედიოდნენ ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საბჭოს თავმჯდომარეობდა პრემიერი ავთანდილ ჯორბენაძე. ჩატარდა სულ სამი სხდომა და მოხდა შემდეგ კიდეც ეგრეთწოდებული „ვარდების რევოლუცია“. ამ სამ სხდომაზეც კი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა მოესწრო: ვეტერანთა დეპარტამენტის დაფინანსების, ვეტერანების ტრანსპორტით უზრუნველყოფის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მეომარი ვეტერანების სტატუსის მინიჭების საკითხები. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ეს საბჭო გაუქმდა და კანონის რეგრესზე მთავრობამ საერთაშორისო მსოფლიო ვეტერანთა მოძრაობიდან სერიოზული უარყოფითი გამოხმაურება მიიღო.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის დროს, როგორღაც მოვახერხეთ სხვადასხვა პროექტების გატანა და დამტკიცება, მაგრამ ზოგადი დამოკიდებულება იყო პრობლემების გადაწყვეტის მხრივ ძალიან გაურკევევლი ფონი - არ ცნობდნენ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მეომრებს და მიხეილ სააკაშვილი ბანდიტებად და მარადიორებადაც კი მოიხსენიებდა მათ. მაგრამ, როგორღაც მოხერხდა ვეტერანთა დეპარტამენტისთვის რუსთაველზე ოფისის გადაცემა და ეს ყველაფერი იყო მხოლოდ ზურაბ ჟვანიას ზრუნვის საგანი. ამის შემდეგ, უცნაური გადაწყვეტილებების მიღება დაიწყეს - გააუქმეს თითქმის ყველა შეღავათი და ჩვენ, კანონს „ვეტერანების სოციალური დაცვის შესახებ“ დავარქვით „კანონი ვეტერანთა დაკრძალვის შესახებ“, რადგან მხოლოდ ეს პუნქტიღა გადაურჩა ნაციონალების რისხვას. ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრებს გაუუქმეს სახელმწიფო დახმარება 44 ლარი და ისე გახადეს საქმე, რომ სოციალურ სამსახურებში უკან მიატანინეს კიდეც წინასწარ გადარიცხული თანხები. ეს იყო ძალიან სამარცხვინო ისტორია და სახელმწიფო ტერორი. რა თქმა უნდა, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია „მეომართა უფლებების დაცვის კავშირი“ აპროტესტებდა ამ ფაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, პრესაშიც და ტელევიზიაშიც და მერწმუნეთ, ვეტერანთა დეპარტამენტის მესვეურთა მიერ, არაერთხელ ვყოფილვართ ძლიერი ზეწოლის და მუქარების ქვეშ. ყველაზე სამარცხვინო ფაქტი დადგა მაშინ, როცა, ომში ვაჟკაცურად დაღუპული ბიჭების მეუღლეებს კანონმდებლობით შეუწყვიტეს ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი და გადაწყვიტეს, რომ ისინი მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შეძლებდნენ მიეღოთ სახელმწიფოსგან აღიარება და დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში ასახვა, რათა სოციალური პაკეტებით სარგებლობა შეძლებოდათ. ანუ, სამაჩაბლოში და აფხაზეთში დაღუპულთა მეუღლეები დატოვეს კანონგარეშე მდგომარეობაში. ეს იყო სრული ნონსენსი. ეს მოხდა ზურაბ ნოღაიდელის პრემიერობის დროს და არაერთი მცდელობის მიუხედავად, მან არ შეცვალა თავისი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, ეს მის მენტალობას შეეფერებოდა და ბოლოს, ჩვენი ზურიკო აღმოჩნდა კიდეც რუსეთის აგენტი.
უნდა ითქვას, რომ ეს სხვადასხვა სახელმწიფოებიდან ჩანერგილი და განსაკუთრებით რუსეთის ე. წ. „გავლენის აგენტები“ ყოველთვის ებრძოდნენ პატრიოტ ადამიანებს და ყველანაირად მოტივირებულები იყვნენ მათ წინააღმდეგ ებრძოლათ. გაიხსენეთ მაგალითად, შსს მინისტრი შოთა კვირაია, რომელმაც სწორედ რუსეთის დავალებით თავისი რაუნდებით ნაომარი ბიჭების მთელი წყება გაუშვა ციხეებში. ყველა სახელმწიფო უწყებიდან გააგდეს ნაომარი ვეტერანები. განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტოდან, ბაჩანა ახალაიას მესვეურობით, 600 და 800-კაციანი ბრძანებები იწერებოდა განთავისუფლების შესახებ. ბიჭებს ორი და ზოგს სამი თვე ქონდათ შესასრულებელი პენსიამდე და არავინ არ დაინდეს, რომ წელთა ნამსახურება არ შესრულებოდათ. სამაგიეროდ, გამოტენეს თავიანთი მეგობრებით და ნაციონალების ქუჩიდან მოყვანილი არაფრისმაქნისი სამხედრო საქმის უცოდინარი ე. წ. „შპანათი“.
მე მახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ვეტერანთა პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან. იმ პერიოდში, დეპარტამენტი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და სწორედ, მაშინდელი მინისტრის, ლადო ჭიპაშვილის მოადგილე იყო დღევანდელი თვალსაჩინო პარლამენტარი „გირჩელი“ - ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს უთხრა: ვინ გეხვეწებოდათ ომში რომ მიდიოდითო! არც დღეს არის სახარბიელო მდგომარეობა ვეტერანებისთვის, ეს ადამიანები დღემდე ხელისუფლების ყურადღების მიღმა რჩებიან, ეს ყველა ხელისუფლების პრობლემაა, მაგრამ მაინც, ამბობ ვეტერანს და აქვე გახსენდება 22 ლარი, იქნებ კარგად აგვიხსნათ, რა არის ეს 22 ლარი და რატომ იქცა ეს დღემდე ვეტერანებისთვის აქილევსის ქუსლად, რატომ ვერ ელევა ხელისუფლება ამ ციფრს?
- კი, ვეტერანები არაერთხელ გამოვიდნენ საპროტესტოდ ქუჩაში, დაწვეს ჯანდაცვის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის სურათი და, იყო ერთი ვაი-უშველებელი, მაგრამ არაფერი არ გამოსწორდა. რაც შეეხება ამ 22 ლარს - ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს იყო ვეტერანებისთვის კომუნალურ გადასახადებზე კვტ/სთ-ები, მიიტანდნენ ცნობას დენზე, გაზზე და კომუნალურებზე და ამ შეღავათებით სარგებლობდნენ მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლები. ამიტომ, ვითომდა საქმის ჩასაფარცხად, ესღა მოიფიქრეს - მთელი საქართველოს მასშტაბით, ვეტერანებისთვის დაიწყეს 22 ლარის სუბსიდირება. ეს გარკვეულწილად ოდნავი წინსვლა იყო, რადგან მაშინ ჩვეულებრივი, სამოქალაქო პენსია განსაზღვრული იყო მხოლოდ 14 ლარით და ამიტომაც დღესაც არასწორად საუბრობენ, რომ ვეტერანის 22 ლარი პენსია არ არის საკმარისიო. გარკვევით ვამბობ, კიდევ ერთხელ განმარტებით, რომ ეს ავადსახსენებელი 22 ლარი არ არის ვეტერანის პენსია, არამედ სახელმწიფო გასაცემელი ქვია კომუნალურ გადასახადებზე, ანუ, ვეტერანმა ამ 22 ლარით უნდა გადაიხადოს კომუნალური გადასახადები. სასაცილოა, რა თქმა უნდა, ეს მარტო წყლის მრიცხველის გადასახადსაც ვერ დაფარავს, მაგრამ მაინც... სამწუხაროდ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ ისევ გაჩდნენ დაღუპული მეომრების ოჯახები, ინვალიდები და ვეტერანები და საკანონმდებლო ბაზა აღმოჩნდა ნაციონალებისგან სრულიად მოუგვარებელი და განადგურებული. შეიქმნა საკანონმდებლო პრობლემა - დაღუპულთა მშობლები იყვნენ ასაკით ახალგაზრდები და ვერ იღებდნენ ომში დაღუპული მეომრის ოჯახის წევრის სტატუსს. ამის გამო, 2008 წლის ომის მონაწილეთა ოჯახები, რომლებიც თითქმის ყველა სოციალურად დაუცველები იყვნენ, მოაწყდნენ ვეტერანთა დეპარტამენტს და საკანონმდებლო ორგანოებს. პარლამენტში მათმა შეხვედრამაც არ გამოიღო შედეგი. პარლამენტში ვაიძულეთ გიგი წერეთელი და ორი მოსმენით გაიტანა საკითხი სხდომებზე, მაგრამ კანონში ჩასწორებას არ დააყენეს საშველი. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ვეტერანობამიღებულ პირებისთვის თანხები რომ არ მიეცათ, ამიტომ მოიგონეს მთავრობის დადგენილება 2009 წელს, რომ მათ 22 ლარი არ ჩაერიცხებოდათ. ეს იყო უკანონობა და დისკრიმინაცია. ვეტერანების დაყოფა სხვადასხვა ჯგუფებად სახელმწიფო დახმარების შეწყვეტის მხრივ. ნაციონალების ცინიზმი იქამდეც მივიდა, რომ ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოდან, ბიჭების სურათები გადაყარეს ნაგავში და ვეტერანმა ზურა სიდამონიძემ შემთხვევით გადაარჩინა სრულ განადგურებას. ეს იყო ბოლო წვეთი და ვეტერანები ისევ გამოვიდნენ საპროტესტოდ ქუჩაში და 2010 წელს გმირთა მოედანზე ბატონი თამაზ გოჩაშვილის მეთაურობით, მოაწყვეს აქცია-შიმშილობა. ისინი აპროტესტებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რომ იტყვიან „საახალწლო გულაობას“. გაიარა მიხეილ სააკაშვილმა, გადმოიხედა მანქანიდან და დაინახა ძირს გაწოლილი ვეტერანები და ამიტომაც მიუქსია ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები. სავალალოდ, დაარბიეს, ციხეში ჩასვეს და დააჯარიმეს ადამიანები, რომელთაც ისედაც საჭმელი არ ქონდათ სახლებში და ბევრს შუქიც ჩაჭრილი ქონდა. ერთდერთი, საერთაშორისო ორგანიზაციების და აშშ საელჩოს ჩარევის და საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერის შემდეგ, რეჟიმმა ოდნავ შეაჩერა რადიკალური ქმედებები. სწორედ ვეტერანებმა გააშიშვლეს ნაციონელების ხელისუფლების ანიტიდემოკრატიული მმართველობა და დაიწყო კიდეც მათი დემონტაჟის პროცესი.
უნდა ითქვას, რომ ევროპის სტრასბურგის სასამართლომ გაამართლა მოშიმშილეები და სახელმწიფოს მათთვის კომპენსაციებიც კი გადაახდევინა.
კარგი, ეს რაც იყო ნაციონალური რეჟიმის ცოდვები, ახალმა ხელისუფლებამ რა გააკეთა ვეტერანებისთვის, არც მათ დაუშურებიათ როგორც მახსოვს ნაირ-ნაირი დაპირებები, დღეს რა შეიცვალა ისეთი რაც ზედაპირზე არ ჩანს?
- გულწრფელად უნდა ითქვას, რომ ბევრ საკითხში გადაიდგა სასიკეთო ნაბიჯები, მაგრამ ეს ნაციონალებისდროინდელი 22 ლარის კომუნალურის სუბსიდია, როგორც იყო, ისე დარჩა და დარჩა სამარცხვინოდ, არ განიცადა არანაირი ინდექსაცია, როდესაც ძალიან ბევრჯერ მოიმატა ამ გადასახადების ტარიფებმა. სამწუხაროდ, პარლამენტმა არ მოახდინა გაუქმებული კანონების აღდგენა. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 1991-1994 წლებში, 1998 წელს გალის მოვლენების, 2004 წელს სამაჩაბლოში, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები ახლაც კანონგარეშედ არიან და ვეტერანთა დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში სტატუსს ვერ ანიჭებენ და ვერ სარგებლობენ შეღავათებით. მაგალითად: ტრანსპორტზე, ჯანდაცვის მხრივ, მედიკამენტებზე და სხვა. და, რადგან პარლამენტი არ ცვლის ამ ერთ საცოდავ სიტყვას „შრომისუუნარო“ - ვერ „იცლიან“, მერამდენე წელია - მთავრობამ მეტი გამოსავალი რომ არ დარჩა, საკუთარი დადგენილებით, ჯერ კიდევ დავით სერგეენკოს მინისტრობის დროდან დანიშნა 1000 ლარიანი დახმარება ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის. ამ სოციალური პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღოდათ ბიძინა ივანიშვილს და შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე, ბატონი კობა კობალაძის ინიციატივით, მისი დეპუტატობის დროს, მთავრობის დადგენილებით, მოხერხდა 22 ლარის აღდგენა, განურჩევლად ყველა ვეტერანისთვის, ვინც სახელმწიფო სამსახურში არ არის დასაქმებული. ეს ამ მხრივ უდავოდ დისკრიმინაციის დამთავრება იყო.
ვფიქრობ, ვეტერანთა მოწყვლადი, დაუსქმებელი და ხელმოკლე ოჯხების პრობლემების კიდევ უფრო დამძიმება მოხდა კორონავირუსის და პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების დროს. მეომრების მძიმე სოციალური გაჭირვების ფონზე, სახელმწიფოსგან მათთვის დახმარების გარეშე დატოვება იყო სრული კრახი. უნდა ითქვას, რომ პრემიერმა გიორგი გახარიამ გამოიჩინა თავი, როგორც ვეტერანთა მოძულე პოლიტიკოსმა. ჩვენთვის უკვე გსაგებია საიდანაც უბერავდა ნიავი. პატრიოტი ხალხის დახმარება არ შედიოდა მის ინტერესებში. არადა, როგორი იმედი გვქონდა, მოაგვარებდა საკითხს. ალბათ, მოვა დრო და გაირკვევა ფაქტობრივად, სად წავიდა შემოსული მილიონები - ვის კუთვნილ სასტუმროებში, რესტორნებში და საავადმყოფოებში.
ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ არაერთი მადლიერების შესახებ მსმენია ვეტერანებისგან, რომ ღარიბაშვილი განსაკუთრებულად ზრუნავს მათზე, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა – რაში გამოიხატა ეს ზრუნვა, თუკი 22 ლარი ისევ სახეზე გვაქვს?
- ერთადერთი მინისტრი, რომელმაც დახმარება გაუწია ინვალიდ ვეტერანებს, ეს იყო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მხოლოდ მან მიიტანა გულთან არსებული მძიმე ვითარება და შეძლებისდაგვარად ვეტერანთა დაპარტამენტის თანამშრომლების მეშვეობით ლუკმა მიაწოდა თადარიგის მეომრებს. სულ ზურგით ათრიეს ეს სასაურსათო მძიმე ყუთები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ის შენობა, რომელშიც დღეს განთავსებულია სამსახური და ის ცხრა მილიონიანი დაფინანსება, სწორედ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაემთხვა. მის გარდა არავის გახსენებია ჩვენი პრობლემატური საკითხების მოგვარება.
ხელისუფლებას რატომ არ ახსენებთ წინასაარჩევნო დაპირებებს, რამდენიმე თვის წინ, საპარლამენტო არჩევნების წინ, სოზარ სუბარი სულ ციმციმ დაატარებდა ავტორიტეტ ვეტერანებს მოსახლეობასთან შეხვედრებზე, რომ მათგან როგორმე მხარდაჭერა მიეღო. პირდაპირ ვიტყვი, კარგად ისარგებლა კიდევ ერთხელ ცრუ დაპირებებით და მერე ვეტერანების მხარდაჭრით, გაახსენდით მას შემდეგ ბატონ სუბარს, თუ, ჯერ ადრეა არჩევნებამდე?
- სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა ვეტერანი. დღესდღეობით, ჩვენი გუნდის „მეომართა უფლებების დაცვის კავშირის“ მცდელობა, როგორმე პარლამენტში შექმნილიყო ე. წ. „ლობი“, რომელიც საკითხებს დაძრავდა კანონმდებლობის აღსადგენად და გასაუმჯობესებლად, რაღაც დიდი შედეგებით არ გამოირჩევა. დაიწყო თითქოს მოქმედებები და შეხვედრები ვეტერანთა დეპარტამენტთან ერთობლივად თავდაცვის და უშიშროების კომიტეტთან, დეპუტატებთან სოზარ სუბართან, ალეკო ელისაშვილთნ, მაგრამ ეს ისე დუნედ მიმდინარეობს, რომ სამწუხაროდ, დიდი შედეგები მგონი არ გვექნება. და არც მგონია საკანონმდებლო ინიციატივების აღდგენას დაუჭირონ მხარი ნაციონალების და სხვადასხვა სახის გაურკევეველი ორიენტაციის და ფსიქიკის დეპუტატებმა. მაგალითად, სწორედ ის მეგრელიშვილი, რომელიც ახსენეთ, რომელიც რაღაც გაურკვეველი პარტია „გირჩიდან“ მოხვდა პარლამენტში და იქ წყლის პისტოლეტით დარბის, ბევრს თუ არ ახსოვს, სწორედ ამ ადამიანმა გაანადგურა თავის დროზე ვეტერანთა კანონები და როდესაც კამათი მოგვივიდა გამომიცხადა: „რად უნდათ ვეტერანებს საკუთარი სოციალური დაცვის კანონი? წავიდნენ და სოციალურად დაუცველთა კანონით ისარგებლონო. სანამ მე ცოცხალი ვარ, ამ ვეტერანებს კანონის აღდგენა არ ეღირსებათო“. ამომრჩევლებს ვეკითხები - იცით კი ვის აძლევდით ხმას? ესენი სამშობლოსმოყვარულ ადამიანებს ებრძვიან და უნდათ მათი განადგურება. ვაჟკაცი ხალხი მათ არ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ დაბოლილი, გადაგვარებული ახალგაზრდობა და სწორედ ისინი აძლევენ ხმას მათ დეპუტატობას. მე მგონი გასაგებია, რომ შარვლის სამარცხვინო ჩახდით ვერ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და ეს გაურკვეველი ფსიქიკის ადამიანები თავს გვჭრიან მთელ კავკასიაში თავისი უღირსი პერფორმანს-ვაისპექტაკლებით. 53 ათასი გადაგვარებული პირი მათ თუ აძლევს ხმას, არ გვქონია მაღალ დონეზე სახელმწიფოში საქმე საზოგადოებრივი მენტალობის მხრივ, პატრიოტიზმზე ხომ, საერთოდ, არ არის საუბარი.
რეალურად, რითი ეხმარება დღეს ვეტერანთა სამსახური ვეტერანებს, იღებენ მაინც სრულყოფილად იმ, თუნდაც მცირედ დახმარებებს, რაც კანონით არის განსაზღვრული?
- რაც შეეხება ვეტერანთა სამსახურის მუშაობას, იქ შეიძლება ბევრი რამ არ მოგვწონდეს, მაგრამ რეალურად სახეზეა ამ სამსახურის თანამშრომელთა თავდადება ვეტერანებისთვის. უნდა განსაკუთრებით აღვნიშნო სოციალური სამსახურის ხელმძღვანელების ბატონების ჯანდრი უბირიას და ამური რევიშვილის მართლაც რომ, თავდაუზოგავი შრომა. ჩემთვის უცნობია რომელიმე მაგალითი, რომ მათ შეძლებისდაგვარად არ მოეგვარებინოთ გაჭირვებული ადამიანისთვის საქმე. ოპერაცია, მედიკამენტებით დახმარება, გასვლითი ღონისძიებები გამოკვლევებზე რეგიონებში, შეღავათები საცურაო აუზებზე, დახმარებები ეტლებით და ხელჯოხებით, ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო გამოკვლევები, თვალის კლინიკებთან ექიმებთან უფასო კონსულტაციები და სხვა ღონისძიებები ტარდება სამაგალითოდ. ბატონი ჯანდრის თავად აქვს გამოცდილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გასაჭირი, სახელმწიფოსგან უყურადღებობა და გაუცხოვება და ამიტომაც უფრო გულისხმიერია სხვათა პრობლემებისადმი. მან ორივე ფეხი ომში დაკარგა, ხანდახან მიკვირს კიდეც, რა ენერგიას ფლობს ეს ადამიანი და ეს მისი შემართება განსაცდელის დროს მე თავად მამხნევებს კიდეც.
სულ ორი დღის წინ, ვეტერანთა სახელმწიფო სამსხურს გადმოეცა სანიკიძის სახელობის ვეტერანთა პოლიკლინიკა, რომლის ბაზაზეც, იმედია, აუცილებლად აღდგება ჰოსპიტალიც. მისი აღჭურვისთვის ჩართულები არიან სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიც. სხვათა შორის, ვეტერანთა სამასახურში გენერალ ვლადიმერ იმნაძის ხელშეწყობით ბოლოს და ბოლოს დავასრულე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა შესახებ მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება და ინდივიდუალური პასპორტიზაცია. ვინ დაიჯერებს, რომ ამდენი ხანი ჩვენ გმირთა სიაც კი არ გვქონდა აკადემიურ დონეზე შესრულებული. ბევრს ახსოვს, რომ ნაციონალების დროს კომპიუტერიც კი წამართვეს და შიგ არსებული ინფორმაცია გამინადგურეს. ასე რომ, ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ და საქმეები წინ მიდის. მინდა მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის ბატონ ვლადიმერს. ვეცდებით თითოეული სამშობლოსთვის შეწირული მეომრის სახება შემორჩეს ჩვენი საზოგადოების, ქვეყნის, ერის მეხსიერებას. რომ იცოდეთ, რა ბიჭები შეეწირნენ ომს! მართლაც ლომგულები, ალალები და პატრიოტები. ასე რომ, ამ 22-ლარიანი ნაციონალების დროინდელი სუბსიდიის ტრიალი, სხვადასხვა მოწყობილი ე. წ. პერფორმანსებით, ცოტა არ იყოს, უხერხულია. მერწმუნეთ, ზოგიერთები ამით ვერ დაიწერენ პოლიტიკურ ქულებს და ნუ სწყინთ შემდეგ საზოგადოების უკმეხი რეაქცია. ვეტერანის პენსია 22 ლარი არ არის და ის პირები, რომლებიც ხშირად ამით სპეკულირებენ სატელევიზიო ე. წ. მინიშოუებში, ვეტერანთა სამსახურში ხშირადაც დადიან კიდეც და ყველანარი პრივილეგიებითაც სარგებლობენ. ამ წლებში კიდევ მოხდა საკანონმდებლო ცვლილება და თავდაცვის სამინისტროს პენსიონერთა პენსიები გადათვალეს და გადმოთვალეს და არც ისე ურიგო თანხებს იღებენ. ჩვენი კავშირი დიდი ხანია აყენებს საკითხს 22 ლარის გაუქმების შესახებ და ჩვენი აზრით, უნდა დაიწიოს ვეტერანის საპენსიო ასაკმა როგორც ადრე იყო - ქალბატონებისთვის 55 წელი და მამაკაცებისთვის 60 წელი უნდა ჩაითვალოს. ვეტერანობის დამსახურებისთვის ჩვეულებრივ მოქალაქესთან შედარებით დაემატოს ყოველთვიურად 100 ლარი და ყველა პრობლემა მოიხსნება. მინდა ჩემი პატივისცემა და დიდი სიყვარული გამოვხატო თითოეული ვეტერანის და პატრიოტი ადამიანის მიმართ. ამ ადამიანების თავდადება და ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე უნდა დაედოს საფუძვლად ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას და არა საეჭვო რეპუტაციის ფსევდოდემოკრატიული იდეოლოგიების ქადაგებას და დანერგვას.
ჩვენი ცოდვა დაგედოს ნაცების გამო ......რომ არ მიჰქინძე ესენი
აიიიი ...... ჩუ მოგადნეეენ ....
მერე ჩვენი ამბები შენ ამბებს ვეღარ შეედრება.....ჩვენი ამბები შენ ამბებთან შედარებით სახსენებელიც არ იქნება....კადაფის სახ;ლსი რომ სეცვივდნენ ზუსტად ისე იზამენ ნაცები