როცა წართმეული ქონება დროულად არ ბრუნდება...

როცა წართმეული ქონება დროულად არ ბრუნდება...

მოძრაობა „დააბრუნეს“ ფარგლებში გაწევრიანებულმა ბიზნესმენებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს და წინა ხელისუფლებისგან წართმეული ქონების დაბრუნება მოითხოვეს. „გასამართლდეს ცოცხების პარტია“, „არა ფინანსურ ამნისტიას“, „არ იქნება სასამართლო, არ იქნება მშვიდობა“, „კოჰაბიტაცია ვისთან?“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით გამოვიდნენ ბიზნესმენები.

ისინი სპეციალიზირებული პროკურატურის შექმნას ითხოვენ,  რომელიც წინა ხელისუფლების მიერ ბიზნესმენების რეპრესირებისა და მათთვის ქონების ჩამორთმევის საკითხებს გამოიძიებს.

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მიზნით კი ბიზნესმენებმა კანცელარიაში წერილი დატოვეს.

მოძრაობა „დააბრუნეს“ მოთხოვნებს უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძეც უერთდება. მისი თქმით, 12 კაციანი კომისია სამართლებრივი პრობლემის აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს. წართმეული ქონების უკან მიქცევის თვალსაზრისით კი დაუშვებელია, რომ მხოლოდ 100 ათას ლარზე მეტი ზიანის მიყენების შემთხვევაში დაიწყოს საქმის წარმოება, რადგან ზოგისთვის 10 ათასი ლარის ფარგლებში მიყენებული ზარალიც განსაკუთრებით მტკივნეულია. ამდენად, დიმიტრი ლორთქიფანიძის აზრით, ამ პრობლემისგან თავის დაღწევის რაციონალური გზა სპეციალიზირებული პროკურატურის შექმნაა.

რას აპირებენ ქონებაწართმეული ბიზნესმენები, ამის შესახებ For.ge „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელსა და მოძრაობა „დააბრუნეს“ თავმჯდომარეს მამია სანადირაძეს ესაუბრა.

მოძრაობა დააბრუნეს ფარგლებში ბიზნესმენებმა საპროტესტო აქცია  გამართეთ და წინა ხელისუფლების მიერ ბიზნესმენების რეპრესირებისა და ქონების ჩამორთმევის ფაქტების გამოძიება მოითხოვეთ. რატომ ჭიანურდება საქმეების გამოძიება?

- ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია. ჩვენ მოვუწოდეთ მთავრობას, მიიღოს უფრო აქტიური ღონისძიებები სამართლიანობის აღსადგენად. დღესდღეობით 18 ათას საქმეზე პროკურატურაში შეტანილია განცხადება, ხალხი ძალადობით, შანტაჟით, ცემა-ტყეპითა და მუქარით  წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს და ამ საქმეების გამოძიებას ელის. ისინი ამბობენ, რომ იძულებულნი იყვნენ, სახელმწიფოსთვის გადაეცათ ქონება. ამიტომ აღნიშნული საქმეების 97% გამოძიებას საჭიროებს. ამ დროს კი გამომძიებელთა რაოდენობა ძალიან ცოტაა და შესაძლოა, ასწლეულობით გაგრძელდეს ამ საქმეების განხილვა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ უნდა შეიქმნას სპეციალიზირებული პროკურატურა, რომელიც ფოკუსირებული იქნება მხოლოდ ამ საქმეების გამოძიებაზე, რომლის შექმნა დაშვებულია დღეს არსებული კანონით პროკურატურის შესახებ და იგი არ გადის კონსტიტუციის ფარგლებიდან. მთავრობამ უნდა  დაიქირავოს ახალი პროკურორები და ამ პროკურორების მიერ უნდა იქნას ყველა საქმე გამოძიებიული. სამი წლის განმავლობაში ყველა ეს საქმე შეიძლება, გამოძიებულ იქნას, მაგრამ, სამწუხაროა, რომ არ ხდება ჩვენი ამონახსნის დანერგვა და ბიუროკრატიულ დერეფნებში იკარგება ჩვენი იდეა. ამასობაში კი დრო გადის. ყოველი გასული დღე და კვირა მომაკვდინებელია იმ საქმეებისათვის, რომელიც ეხება საკუთრებას, ვინაიდან საკუთრების გადაყიდვა ხდება მესამე პირებზე, ოფშორებზე, კეთილსინდისიერ მყიდველებზე, რაც, პრაქტიკულად, გამორიცხავს სამომავლოდ  საკუთრების დაბრუნებას. ამდენად, მდგომარეობა კატასტროფულია, რადგან ათიათასობით ქონებაწართმეული ადამიანი ითხოვს თავისი ქონების დაბრუნებას, ხოლო მთავრობა და სახელმწიფო არ ატარებს ქმედით და სწრაფ ღონისძიებებს.

ჩვენ გვქონდა ინიციატივა, რომელიც მივიღეთ ექსპერტებთან საუბრის შემდეგ და გავაცანით პარლამენტის იურიდიული კომისიის წევრებს. თავის მხრივ, მათ  პრობლემის გადასაჭრელად მოიწონეს ეს იდეა , მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, იუსტიციის სამინისტროში არ ხერხდება  ჩვენი ამონახსნის ეფექტურად დანერგვა. ამ ქვეყნაში არის ერთადერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც იყო და იქნება იმის გარანტი, რომ ეს ქონება დაუბრუნდება კანონიერ მფლობელებს და სამართლიანობა აღდგება. მას შეუძლია, დააჩქაროს სპეციალიზირებული კომისიის შექმნა. მხოლოდ მას ხელეწიფება იმ პოლიტიკური ნების გამოხატვა, რომელიც საჭიროა მდგომარეობიდან სწრაფად და ეფექტურად გამოსასვლელად. დანარჩენი კი, პროკურატურის შესახებ კანონში ყველაფერი წერია. ეს კონსტიტუციურია და არანაირი დამატებითი კანონების მიღებას არ საჭიროებს. იუსტიციის მინისტრის ბრძანებაა საკმარისი, რომ შეიქმნას ასეთი სპეციალიზირებული პროკურატურა. წინა მთავრობის მიერ გათავისუფლებულ იქნა დაახლოებით  ათასი პროკურორ-გამომძიებლი სამსახურებიდან.  ამ ადამიანებიდან შესაძლებელია შევარჩიოთ ასი პატიოსანი პროკურორი და ჩავაბაროთ ეს საქმეები, რაც ეხება წინა ხელისუფლების თანამდებობრივ დანაშაულს და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას პირადი გამდიდრების მიზნით, სისხლის სამართლის ნიშნები გამოიკვეთება ყველა საქმეში. ამას სჭირდება გამოძიება, რომ შემდგომ მიეცეს მსვლელობა სასამართლოში. ვიმეორებ, ბატონი ბიძინას გარდა, სხვა ადამიანი ასეთ თამამ გადაწყვეტილებებს ნაკლებად მიიღებს, აღმასრულებელი მთავრობის რგოლებში საკმაოდ დაბალი კვალიფიკაციის უნიათო კადრები მუშაობენ, რომლებიც თავიანთ სუსტ იდეებს ლობირებენ და ჰგონიათ, მათი მცდარი იდეა ქვეყანას სიტუაციიდან გამოიყვანს. სინამდვილეში, ეს ჩიხია. სწორედ ასეთი ახლადგამომცხვარი დიდი კაცი არის ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც აფერხებს ჩვენი იდეის წინსვლას და თავისი  იდეის განვითარება სურს. ამიტომაც ხდება ამ საქმეების დაბლოკვა, ჩვენი საქმე წინ არ მიიწევს. სწორედ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ბატონ ბიძინას ხმა მივაწვდინოთ, რათა იგი რეპრესირებულ ბიზნესმენებს შეგვხვდეს. ვიცით, იგი დაკავებულია, მაგრამ ჩვენ ბევრნი ვართ და ბატონი ბიძინას პარტია ხელისუფლებაში სწორედ იმ ლოზუნგით მოვიდა, რომ აღადგენდა სამართლიანობას. ჩვენ მისი მხარდამჭერები ვიყავით და ვიქნებით და გვჯერა, იგი ჩვენს ტკივილს გაითავისებს.              

მოძრაობა დააბრუნეს ფარგლებში თქვენს მიერ შეტანილი სარჩელების გამოკვლევა საერთოდ არ დაწყებულა და არ დაუბარებიხართ გამომძიებლებს დასაკითხად?

- „დააბრუნეს“ სახელით  სარჩელი არ შეტანილა და ყველა ბიზნესმენს პირადად შეაქვს განცხადება შესაბამის ორგანოებში. პირადად ჩემს საქმეს რაც შეეხება, გამოძიება კუს ნაბიჯებით მიმდინარეობს, მაგრამ აქ ჩემი საქმე არ არის მთავარი. უკვე ხუთი თვეა, რაც „დააბრუნე“ არსებობს და ის უკვე ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილად გადაიქცა. ჩემთვის ბრძოლა არ არის მხოლოდ საკუთარი ქონების დასაბრუნებლად, პრინციპულად მიმაჩნია, რომ სანამ ყველა ადამიანის ქონება არ დაბრუნდება, ეს უმცირესი მეწარმე იქნება თუ უმცირესი მესაკუთრე, რომელსაც თავისი მარჩენალი ჯიხური წაართვეს, ამ ბრძოლას არ შევწყვეტ. „დააბრუნეს“ მიზანია, აღდგეს სამართლიანობა და დაისაჯონ კრიმინალები, გაიძვერები, რომლებმაც ამდენი ხალხი გაძარცვეს და ამ ნაძარცვი ფულით დღეს კიდევ პოლიტიკურ არენაზე იმყოფებიან, კიდევ შხამავენ ქართველი ხალხის ნერვებს. ამ კრიმინალებს, რომლებიც „ცოცხების პარტიის“ სახელით არიან ცნობილნი, დიდი რაოდენობით უდანაშაულო ხალხის ქონება აქვთ მითვისებული. მათ უნდა ჩამოვართვათ ყველა უკანონო ქონება და როგორი გაღლეტილებიც მოვიდნენ მთავრობაში, დახეული სპორტული ფეხსაცმელებით, ისეთივე დახეული ფეხსაცმელებით უნდა დარჩნენ და ხალხისგან მიტაცებული ქონება უნდა დააბრუნონ. ამ ქონებას უახლოეს სამ წელიწადში დავაბრუნებინებთ და ამისთვის ყოველდღიური ბრძოლა გაგრძელდება.

თქვენ ახსენეთ ალექსანდრე ბარამიძე. ფიქრობთ, რომ რიგითი გამომძიებლების დონეზე არ ხდება საქმის განხილვა, რადგან ზემოდან არის დაბლოკილი?

- გამომძიებლების რაოდენობა საკმარისი არ არის. ძალიან ცოტა გამომძიებელია და ამ რესურსით ვერ ხერხდება ათეულობით ათასი საქმის გამოძიება. მაგალითად, დღეს თბილისის საქალაქო პროკურატურის ანტიკორუფციულ განყოფილებაში არის შვიდი გამომძიებელ-პროკურორი, რომელიც, ცხადია, ათი ათასობით საქმეს ვერ გამოიძიებს. ამას ათწლეულები და ასწლეულობით დრო შეიძლება დასჭირდეს. ამიტომ სპეციალიზირებულ გამომძიებელ-პროკურორთა კორპუსი უნდა შეიქმნას შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი, რომლებიც ექსკლუზიურად დაკავდებიან ამ საქმეებით. ისინი იქნებიან ახლად აყვანილი პროკურორები და არა ისინი, რომლებიც ძარცვა-გლეჯვაში თვითონ მონაწილეობდნენ. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები დიდი ენთუაზიაზმით გამოიძიებენ ყველაფერს, რადგან თვითონაც უსამართლობის მსხვერპლნი არიან. ასეთმა საჭირბოროტო საქმეებმა არჩევნებზე ფეხზე დააყენეს ამომრჩევლები, ამ ძალმომრეობამ და უსამართლობამ მიიყვანა ქართველი ხალხი საარჩევნო ყუთამდე და მიაცემინა ხმა „ქართული ოცნებისთვის“. ამ დროს კი, რომელიღაც უმნიშვნელო ჩინოვნიკი არ იძლევა ასეთ საჭირბოროტო საქმის გამოძიების საშუალებას, რაც მინიმუმ საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებაა. იმედია, აქ არ არის სპეციალური ინტერესი ჩადებული. მიმაჩნია, ისეთი დრო მოვიდა, ყველამ თავისი ეგო უნდა მოთოკოს, „დიდი კაცები“ ასე სწრაფად ნუ გახდებიან, იცოდნენ, რისთვის მოიყვანა ქართველმა ხალხმა ისინი მთავრობაში და იზრუნონ ერზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველი ხალხი მათ ისევე წალეკავს, როგორც წალეკა „ცოცხების მთავრობა“.

როგორც ჩანს, გარკვეული ნიჰილიზმი უკვე იგრძნობა მოძრაობა დააბრუნეს ფარგლებში გაერთიანებულ ბიზნესმენებს შორის.

- ნიჰილიზმი იზრდება, ამ ხალხის რაოდენობაც მატულობს, ადამიანები კარგავენ იმედს, რომ ეს მთავრობა მათი ქონების დაბრუნებაზე იზრუნებს და ამიტომაც უკვე იწყებენ მოქმედებას. არადა, ასეთი მარტივი ამონახსნი შეიძლებოდა გაკეთებულიყო ნოემბერში, შეკრებილიყო ახლად მოსული მთავრობა, დაესახათ გეგმები და გადაეწყვიტათ, რა ბედი ეწეოდა ამ 18 ათას საქმეს. შესაძლოა, ასი ათას საქმემდე ავიდეს ამ განცხადებების რაოდენობა, ასი ათას განცხადებას გამოძიება რომ სჭირდება, ამას ბავშვიც კი მიხვდება. ამას სჭირდება პროკურატურის რიგითი გამომძიებელი, რომელიც მოიძიებს ფაქტებს, მტკიცებულებებს, დაკითხავს ხალხს. ეს რუტინული სამუშაოა. გამოძიებას სხვა ვერავინ ჩაატარებს, ვერც ალექსანდრე ბარამიძე, ვერც დალაი ლამა.

ალბათ, ამითაც აიხსნება, რომ საქართველოში ბიზნესსაქმიანობას არ იწყებთ და წართმეული ბიზნესის საქმეზე გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას ელოდებით.

- ბიზნესი აქ ჩემთვის მთავარი არ არის, მთავარია, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობა დამკვიდრდეს და კანონი კანონობდეს, პატიოსნება და შრომა ფასდებოდეს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვიყვან ჩემს შვილებს საქართველოში, როდესაც ასეთი ქვეყანა იქნება.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტით, სპეციალიზირებული კომისია სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეების გადასინჯვას დაიწყებს. პროკურატურასთან არსებული სპეციალიზირებული ჯგუფის შესახებ რას გვეტყვით

- 12 პროკურორის შემადგენლობით სპეციალიზირებული ჯგუფი განიხილავს იმ დარღვევებს პროკურორთა საქმიანობაში, რომლებიც აქამდე არსებობდა. მას საზედამხედველო ფუნქციები აქვს, რადგან ხალხში არსებობს ინფორმაცია, რომ სწორედ დღეს მოქმედი პროკურორების მონაწილეობით, რომლებიც წინა მთავრობის დროსაც პროკურორობდნენ, ბევრი უკანონობა ხდებოდა და ისინი დღესაც პროკურორებად რჩებიან. ისინი საბოტაჟს აწყობენ და ბლოკავენ ბევრ საქმეს, მტკიცებულებებს ანადგურებენ. სწორედ ამ სიგნალების გამოსაძიებლად შეიქმნა პროკურატურაში 12 კაციან პროკურორთა ჯგუფი, რომლებსაც საზედამხედველო ფუნქციები გააჩნიათ, რასაც მივესალმებით. ცხადია, გამოძიებულ უნდა იყოს ასეთი დანაშაულებრივი ქმედებები. თბილისზე მოდის ყველა წართმეული ქონების 90%, აბა, სოფლებში ხალხს სად ჰქონდა ქონება?! პატარა ჩინოვნიკი, რომელიც დღეს „დიდ კაცად“ „გამოცხვა“, არ უნდა უშლიდეს ხელს ამ საქმის გამოძიებას.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ქონებაწარმთმეულ ბიზნესმენებს მყის გამოეხმაურა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას ესმის იმ ადამიანების, ვინც დაიჩაგრა, ქონება ჩამოართვეს ან აჩუქებინეს. 

კვირიკაშვილის განმარტებით, 4 თვის განმავლობაში მისი სამუშაო დროის უდიდესი ნაწილი აღნიშნული პრობლემების მოგვარებას ეთმობა, თუმცა სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის უფლება არ აქვს.

„ჩვენ შეგვიძლია საკითხის გადამუშავება მოვახდინოთ და ძალიან ბევრ შემთხვევაში კომპანიების ადვოკატებად ვმუშაობთ, ვუმზადებთ მათ ახალ დოკუმენტაციას და ვახდენთ სასამართლოში მათ დახმარებას. არ ვმოქმედებთ როგორც მოპასუხენი, როგორც ეს იყო ადრე, ანუ არ ვებრძვით ამ კომპანიებს, არამედ პირიქით, ვეხმარებით მათ“, - განმარტა კვირიკაშვილმა.

საბოლოო სიტყვის თქმის უფლება ეკონომიკის სამინისტროს არ აქვს, რადგან ბოლო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის. კვირიკაშვილის ინფორმაციით, მომავალში იუსტიციის სამინისტროს ეგიდით შექმნილი კომისია სასამართლოს განაჩენების განხილვას მოახდენს.

ოპოზიციონერ კახა კუკავასათვის კი გაუგებარია, რა მიზეზებით არ ხდება ბიზმესმენებისათვის წინა ხელისუფლების მიერ წართმეული ქონების დაბრუნება.

როგორც მთავრობის კანცელარიის წინ ბიზმესმენების მიერ გამართულ აქციაზე მხარდაჭერის გამოსახატად მისულმა კახა კუკავამ განაცხადა, ის მხარს უჭერს ბიზნესმენების მოთხოვნას, რომ შეიქმნას სპეციალიზებული კომისია, რომელიც მათი ქონების მითვისების საქმეებს გამოიძიებს.

„პოლიტიკური მიზეზებით არ ხდება ამ ქონების უკან დაბრუნება კანონიერი მესაკუთრეებისთვის თუ რაიმე სამართლებრივი ხარვეზებია?! ბრალდებები, თითქოს, სასამართლოს გამო არ ხდება სამართლიანობის აღდგენა, არასწორია. სასამართლოს საერთოდ არ ეხება ადამიანებისათვის იმ ქონების დაბრუნების საკითხები, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო კონფისკირებული“, - განაცხადა კუკავამ და განმარტა, რომ ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების და პროკურატურის პასუხისმგებლობის საგანი.

მისივე თქმით, ჩუქების ბათილობა, სადაც ხელშეკრულების მეორე მხარე არის ეკონომიკის სამინსიტრო, უნდა განხორციელდეს ეკონომიკის მინისტრის ადმინისტრაციული აქტით.