პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გასაუბრების პროცესი სამშაბათს, 6 ივლისს დაიწყება. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველი ინტერვიუ 10:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე დაიწყება.
გასაუბრების პროცესში ყველა ოპოზიციურ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო დეპუტატს მიეცემათ დრო კითხვების დასასმელად. შესაბამისად, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება“ გამოეყოფა 75 წუთი, ფრაქციას „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ – 15 წუთი, ფრაქციას - „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 15 წუთი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 32 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს - „გირჩი“ – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „მოქალაქეები“- 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს - ჯამში 33 წუთი.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას მოსამართლეთა კანდიდატებისთვის კითხვის დასმის უფლება აქვს, ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
როგორც for.ge-ს „ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არალეგიტიმურია. მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესს „ლელო“ კი არ უცხადებს ბოიკოტს, არამედ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით ბოიკოტს უცხადებს სასამართლოში რეფორმის განხორციელებას და 19 აპრილის შეთანხმებას არღვევს.
„ლელო“ ამ პროცესის ლეგიტიმაციას არ აპირებს. ამიტომ, არც კითხვები გვექნება და არც ამ პროცესის შეფუთვაში მონაწილეები არ ვიქნებით. რა თქმა უნდა, არც დავესწრებით“, - გვითხრა ანა ნაცვლიშვილმა.
პროცესში მონაწილეობის მიღებას არც „გირჩი“ აპირებს. როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, იურიდიულ კომიტეტის სხდომას დაესწრებიან, თუმცა კითხვების დასმის სურვილი არ ექნებათ, რადგან, „გირჩის“ წევრებიც თვლიან, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არალეგიტიმურია.
„ადამიანი, რომც მოგვეწონოს, ასეთი პროცესით შერჩეულ კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ. მართლაც, რომ ვარჩევდეთ მოსამართლეებს, შეიძლება კითხვები ბევრი მქონდეს. თუმცა, ამ პროცესში ჩვენთვის არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია“, - განუცხადა for.ge-ს „გირჩის“ წევრმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ ის 9 მოსამართლე, რომელსაც პარლამენტი მოუსმენს, „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად და პოლიტიკური პროცესების სამართავად სასიცოცხლოდ სჭირდება.
„მათთან არანაირი კითხვები არ გვაქვს და არც დავუსვამთ. ისინი „ქართული ოცნების“ მარიონეტები არიან. ეს არის სიცრუს დამტკიცება, რომელიც საფუძველშივე ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმებას. ის, რომ ეწინააღმდეგება ამის შესახებ არაერთი გზის განაცხადეს ელჩებმა, რომლები იყვნენ ამ შეთახმების პროცეში შუამავლები. თუ ამ პროცესს „ქართული ოცნება“ ბოლომდე მიიყვანს, ამ გადაწყვეტილებას ძალიან ინანებენ“, - გვითხრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.
ოპოზიციის საპირისპიროს აცხადებენ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ წევრის და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძისთვის გაუგებარია მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა რატომ უნდა იყოს შეჩერებული.
„მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის საკითხთან დაკავშირებით ერთადერთი რეფორმა, რომელიც გათვალისწინებული იყო მიშელის დოკუმენტით და, რომელიც რელევანტური შეიძლება ყოფილიყო, უკვე დასრულებულია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კოლეგას ეთანხმება ასევე, მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილიც. მისივე თქმით, ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტის დროს დაიგეგმა და განხორციელდა ძალიან გამჭვირვალე პროცესი, რასაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მოსმენა და დანიშვნის საკითხი. ღიაობა საკმაოდ მაღალი იყო და ამ პროცესმა საერთაშორისო პარტნიორებში მაღალი შეფასება მიიღო.
„მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის დოკუმეტით გათვალისწინებული ვალდებულებები სასამართლო რეფომასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ზედმიწევნით იქნა შესრულებული, მოსამართლეთა მოსმენის და დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მაშინ დანიშვნის პროცესი შეჩერდა. მოხდა შესაბამისი პროცედურის და კანონში ცვლილების შეტანა. ეს დოკუმენტაცია გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში და ის დასკვნებიც ასახული იქნა. ასე რომ, პროცედურა ითვალისიწინებს როგორ ოპოზიციური ფლანგის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, ადვოკატთა ასოციაციის და სახალხო დამცველის ჩართულობას. სამწუხარო იქნება, თუკი ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა, ეს მათი არჩევანია, რაც ნამდვილად არ წაადგება დემოკრატიულ განვითარებას“, - განუცხადა for.ge-ს დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 9 კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.