პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგები მომავალ კვირას გახდება ცნობილი და გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან.
თანხებს გია ნოდიას „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ (800 ათას ლარს) და ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდი (200 ათას ლარს) განკარგავს, რომელსაც ნინო დარასელი ხელმძღვანელობს.
ამ ეტაპზე გია ნოდია არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელმა ორგანიზაციებმა შეიტანეს განცხადება პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და იყვნენ თუ არა ისენი დამოუკიდებელი ორგანიზაციები, არც ის კონკრეტდება, სავარაუდოდ, ვის მიენიჭება უპირატესობა, რა კრიტერიუმით და რა იგულისხმება ინოვაციურ პროექტებში. ამ ეტაპზე ისიც უცნობია, მაღალი რეპუტაციის მქონე რომელი ადამიანებით დაკომპლექტდა გრანტის გამცემი აღნიშნული კომისია. გია ნოდიას აზრით, კონკურსში დამარცხებულებისგან კრიტიკული შეფასებები არ გაუკვირდება და ეს ბუნებრივი მოვლენა იქნება.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით „სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტის“ განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირის შესარჩევი კონკურსი 19 დეკემბერს გამოცხადდა და მიხეილ სააკაშვილის 17 დეკემბრის ბრძანებულების საფუძველზე პროექტისთვის საპრეზიდენტო ფონდიდან 1 000 000 ლარი გამოიყო.
For.ge მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორს გია ნოდიას ესაუბრა.
უკვე გაირკვა, რომ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები მომავალ კვირას გამოვლინდებიან, თუმცა ამ ეტაპზე რომელმა ორგანიზაციებმა შემოიტანეს თქვენთან განცხადება და მათი რიცხვი რამდენია?
- მათი რიცხვი, დაახლოებით, 90-ის ფარგლებშია, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს მათი ჩამონათვალი.
კლასიფიკაცია რომ მოვახდინოთ, განმცხადებლები ძირითადად ინტერნეტმედიის წარმომადგენლები არიან?
- არ ვიცი, სია არ მინახავს.
მაშინ როგორ უნდა მოხდეს გამარჯვებულების გამოვლენა, თუ სია არ გინახავთ?
- კომისია შექმნილია, მუშაობენ და სწავლობენ.
როგორც ვიცი, აქცენტი ინტერნეტმედიის განვითარებაზე უნდა გაკეთებულიყო.
- კი ბატონო, ეს წერია კიდეც განაცხადში. 40 ათასი ლარია მაქსიმუმი თანხა, რასაც ცალკეული ორგანიზაცია მიიღებს.
თითოეულის შემთხვევაში, 25-დან 30 ათას ლარზე არ იყო საუბარი?
- არა, თითოეულისთვის მაქსიმუმი არის 40 ათასი.
ის მაინც რომ გვითხრათ, დაახლოებით რამდენმა ორგანიზაციამ უნდა გაიმარჯვოს?
- არ ვიცი, ამ ეტაპზე, ალბათ, დაახლოებით ათი გაიმარჯვებს.
თქვენ აღნიშნეთ, გამარჯვებულებს კომისია შეარჩევსო, მაგრამ როგორი იქნება თავად კომისიის კრიტერიუმები? რას მიანიჭებენ უპირატესობას?
- კომისიის კრიტერიუმი იქნება, თუ რამდენად კარგად არის ჩამოყალიბებული და რამდენად საჭიროა ეს საქმიანობა, რამდენად კარგად არის გააზრებული მათი საქმიანობა, სწორად არის თუ არა მათი ბიუჯეტი შედგენილი, რამდენად ძლიერია თვითონ ორგანიზაცია და შეუძლია თუ არა პროექტის განხორციელება. ჩვეულებრივი კრიტერიუმებია, რომლებიც ყველა კონკურსში გამოიყენება.
თქვენ აცხადებთ, რომ 90-მდე საგრანტო მოთხოვნაა წარმოდგენილი. ხომ არ ელოდით უფრო მეტს? გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მედიასაშუალებებში ფინანსური რესურსების ნაკლებობაა, ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო მეტს შეეძლო წარედგინა განცხადება და რატომღაც გადაიფიქრეს? რა უნდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ მათ არ ისურვეს განცხადების შემოტანა?
- არ ვიცი, მიჭირს თქმა, უფრო მეტს შეეძლო თუ არა განცხადების წარმოდგენა თუ უფრო ნაკლებს, თუმცა არც ისე ცოტაა ეს განცხადებები, საკმაოდ ბევრიცაა, თუმცა შეიძლება, უფრო მეტიც ყოფილიყო. ეს არ გამიკვირდებოდა.
ზოგადად, თქვენი შეფასებით, დღესდღეობით რა ვითარებაა მედიაში ფინანსური თვალსაზრისით?
- მიჭირს თქმა, მედიაში რა ვითარებაა ფინანსური კუთხით. ჩვენი მიზანია, განახლებას და ინოვაციას შევუწყოთ ხელი. არ ვარ მედიაექსპერტი, შიგნიდან არ ვიცი მედიაპრობლემები, მაგრამ გამიგია, რომ უჭირს მედიას.
სხვათა შორის, თავიდანვე, როცა ფინანსები ნაწილდებოდა, დასახელებული იყო შემდეგი გვარები - ვერა ქობალია, ვან ბაიბურთი და პრეზიდენტთან დაახლოებული სხვა პირები. რატომ არ მოხდა მათი ჩანაცვლება, რადგან ამ გვარებმა კითხვები გამოიწვია საზოგადოებაში?
- ეს იყო პრეზიდენტთან არსებული კომისია, პრეზიდენტმა გამოყო თანხები, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ ეს თანხა გადაეცემოდა კონკრეტულ ორგანიზაციებს, ვინც ამას გაანაწილებდა.
ნინო კალანდაძის ხელმძღვანელობით შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომელშიც პრეზიდენტის სხვა მრჩევლები - ვერა ქობალია, ვან ბაიბურთი, ნატალია ყანჩელი და მუბარის კარაევი შედიოდნენ, რა კრიტერიუმით შეარჩია თქვენი ინსტიტუტი და, ასევე, ნინო დარასელის ფონდი?
- ეს იმ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ, ვინც შეარჩია. ჩვენ გავაგზავნეთ ჩვენი ვარიანტი, ჩვენი წარდგინება და მათ ამის შემდეგ გააკეთეს არჩევანი.
იმ პერიოდშივე გახმიანდა, რომ აღნიშნული პირებით დაკომპლექტებული კომისიის გამო ტენდენციურად მოხდებოდა თანხების განაწილება. მედიაექსპერტებში იმთავითვე იყო შეგრძნება, რომ სააკაშვილისთვის მისაღებ მედიასაშუალებებს მოხმარდებოდა ეს თანხები. მართლაც რეალური იყო ეს შიში მედიასაშუალებებში?
- იცით, როგორ არის? გასაგებია, რომ რადგან თანხები პრეზიდენტის ფონდიდან მოდის და პრეზიდენტმა შექმნა აღიშნული კომისია, ბუნებრივია, ვიღაცას რაღაცის მიმართ შიში გაუჩნდებოდა, მაგრამ მთავარია, გრანტების განაწილების პროცესი რაც შეიძლება ობიექტური იყოს. ჩვენ ვმუშაობთ და ვიმუშავებთ იმ სტანდარტებით, რითაც დონორი ორგანიზაციები მუშაობენ. იქნება ეს USAID-ი, ევროკავშირი თუ ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ და სხვა, ყველგან ზოგადი პრინციპები მსგავსია. უნიკალური არაფერი არ არის. ყოველთვის, ვინც ვერ იღებს ფულს, ის უკმაყოფილოა, წაგებულები ყოველთვის უკმაყოფილოები რჩებიან. ვინც იღებს თანხას, ის კმაყოფილია, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ პრინციპები და კრიტერიუმები მაქსიმალურად ობიექტური გვაქვს. თვითონ განაწილების პროცესიც სწორად აგებული უნდა იყოს, ყველა ვერ მიიღებს გრანტს, რადგან გრანტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მსურველი.
იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი ორგანიზაციები გრანტის გარეშე დარჩებიან, ეს ხომ ჩრდილს მიაყენებს თქვენს ან ნინო დარასელის ორგანიზაციებს?
- წინასწარ ვიცით, რომ უკმაყოფილოები ნამდვილად იქნებიან, რადგან დიდი უმრავლესობა ვერ მიიღებს გრანტს. თუმცა იმედი გვაქვს, ისინი პატივს სცემენ კომისიის გადაწყვეტილებას. თუ უკმაყოფილო ადამიანები ხმამაღლა განაცხადებენ, არც ეს იქნება გასაკვირი. როდესაც შეგვქონდა ეს განაცხადი, მაშინვე ვიცოდით, რომ ფულის განაწილება სადაც ხდება, ყოველთვის რჩება უკმაყოფილო ადამიანი. ეს ბუნების კანონია.
საქართველოსნაირი ქვეყნისთვის თითო ორგანიზაციისთვის 40 ათასამდე ლარის ოდენობით გრანტი რამდენად ოპტიმალურია?
- ყოველთვის მეტი თანხა სჯობს. შეგვეძლო, ერთი ორგანიზაციისთვის მიგვეცა ძალიან ბევრი ფული, ან ბევრი ორგანიზაციისთვის მიგვეცა 5 ან ათი ათასი ლარი, მაგრამ ჩვენ მივიჩნიეთ, რომ გონივრული იქნებოდა გრანტების იმ სახით გაცემა, როგორც დღეს არის. რომ გვეთქვა, 80-ს და ასი ათასს ვიძლევით-თქო, მაშინ ყველა დაწერდა განაცხადს.
უცხოეთში პრეცენდენტი თუ არსებობს, რომ პრეზიდენტის ფონდიდან ამ სახით დახმარებოდნენ მედიას?
- მარტო მედიას არ ეხება ეს, არამედ - სამოქალაქო ორგანიზაციებსაც. განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სახელმწიფო ფულით იქმნება ფონდები, რომლებიც ეხმარებიან სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. ამის პრეცენდენტები არსებობს ჩეხეთში, უნგრეთში. თუმცა ფული სადაც ნაწილდება, კითხვები ყველგან ჩნდება.
თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლება მისთვის სასურველ მედიასაშუალებებს ეხმარებოდა, თუნდაც ტელევიზიებს სარეკლამო კუთხით. ალბათ, გექნებათ სუბიექტური აზრი იმის შესახებ, აქამდე რატომ არ იყო იმის პრეცენდენტი, რომ დამოუკიდებელ მედიას დახმარებოდნენ, თუნდაც რეკლამების მიზიდვის კუთხით?
- როგორც ექსპერტი, გეტყვით, რომ, როდესაც სააკაშვილი, ფაქტობრივად, ოპოზიციის ლიდერი აღმოჩნდა, რამდენადმე სხვაგვარად შეხედა ვითარებას. შეიძლება, ეს იყოს ამის ახსნა.
დღესაც იმის საშიშროება ხომ არ არის, რომ მისთვის სასურველი მედიაორგანიზაციები მიიღებენ თანხას?
- ფულს ის არ ანაწილებს, არამედ ანაწილებს კომისია, რომელიც შედგება სრულიად აპოლიტიკური ადამიანებისგან. თვითონ რომ სდომებოდა ფულის განაწილება, ჩვენ კი არ მოგვცემდა, არამედ თავადვე გაანაწილებდა.
ანუ კომისიის უმწიკვლობაში დარწმუნებული ხართ?
- კი ბატონო, ჩვენი შექმნილია და სწორედაც ობიექტურობის ნიშნით და კომპეტენტურობით შევარჩიეთ.
კომისიის წევრების ვინაობა გასაიდუმლოებულია?
- ამ ეტაპზე არ ვასახელებთ, რადგან რომ გაიგონ, დაიწყებენ რეკვას და ყველა გამონახავს ნაცნობს. ამიტომ ამ ეტაპზე კომისიის წევრები არ უნდა შეაწუხონ.
როგორ ფიქრობთ, ხომ არ იყო ეს წინა ხელისუფლების შეცდომა, რომ დამოუკიდებელი მედიის მიმართ არ ავლენდნენ ისეთ დამოკიდებულებას, რასაც მათთვის სასურველი მედიის მიმართ? ასე რომ ყოფილიყო, მაშინ როგორ განვითარდებოდა მოვლენები?
- ჩემი აზრით, აქ მთავარი ის არ არის, რომ დამოუკიდებელია მედია. ის თანხები, რომელსაც ჩვენ ვანაწილებთ, იმდენი არ არის, რომ პრინციპულად შეცვალოს ვითარება მედიაში. სახელმწიფოს ფუნქციაა, არ შეუშალოს ხელი მედიას და არა ის, რომ მედია დააფინანსოს. ზოგადად, მედიის დიდი ოდენობით დაფინანსება არც ახლა ხდება და არც მაშინ არ უნდა მომხდარიყო. სინამდვილეში, ეს პატარა თანხაა, რაც პრეზიდენტმა გამოყო, რაც ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების წახალისებას. სერიოზულ, დიდ მედიას კი ეს თანხა არაფერს უშველის.