მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ საქართველოს ციხეებში გარდაცვლილი მსჯავრდებულების უმრავლესობას ორგანოები ამოჭრილი ჰქონდა, მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, არცთუ იშვიათად შინაგან ორგანოებს ავადმყოფი პატიმრებიც კარგავდნენ. ამ ეჭვს ყოფილი მსჯავრდებულიც ამყარებს. ხათუნა ჯანაშვილის თქმით, ციხის კონტრაქტორმა კლინიკა „ნიუ-ჰოსპიტალმა“ მას ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვა და ფილტვის ამოჭრა გადაწყვიტა, თუმცა გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პატიმარი ჯანმრთელი იყო.
ამ შემზარავ ისტორიებს, შესაძლოა, გაგრძელებაც ჰქონდეს და საბოლოოდ გაირკვას, ვაჭრობდნენ თუ არა პატიმრების შინაგანი ორგანოებით ქართულ ციხეებში და იყენებდნენ თუ არა მათ ორგანოებს ტრანსპლანტაციისთვის.
ადვოკატი ირმა ჭკადუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მას, როგორც უფლებადამცველს, მონიტორინგის ფარგლებში ყველა ციხეში შესვლა უწევდა. სწორედ იმ პერიოდში შეიტყო, რომ ქალთა დაწესებულებაში უამრავი საჩივარი და განცხადება იყო დაწერილი, სადაც პატიმარი ქალბატონები აცახდებდნენ, რომ მათ სხვადასხვა ორგანოს ოპერაციებს ტყუილად უტარებდნენ. უმეტეს შემთხვევაში, სახელდებოდა საშვილოსნოს, თირკმლის, მკერდის ოპერაციები. პატიმარი ქალბატონები ეჭვობდნენ, რომ მათ სულაც არ ესაჭიროებოდათ აღნიშნული ოპერაციები.
პატიმარ ქალთა ამ ისტორიების მოსმენის შემდეგ ირმა ჭკადუას ეჭვი კონკრეტულმა ფაქტმაც გაამყარა. კერძოდ, ყოფილ პატიმარს ხათუნა ჯანაშვილს ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. იგი გამზადებული იყო საოპერაციოდ და შეჰყავდათ საოპერაციოში, რაზედაც მან ორჯერ უარი განაცხადა. ამის დამადასტურებელი ოფიციალური ოქმები არსებობს, სადაც პატიმარმა ქალბატონმა აღნიშნა, ხელს ვაწერ, თუნდაც მოვკვდე, მაგრამ ოპერაციას არ გავიკეთებო. მართლაც, ციხეში ყოფნისას ამ ქალბატონმა ნათესავების მეშვეობით ანალიზები გაგზავნა სხვადასხვა კლინიკაში, მათ შორის, საქართველოს ონკოცენტრში, სადაც ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი პატიმრობაში იმყოფებოდა, დადასტურდა, რომ ფილტვის ამპუტაციის საჭიროება არ არსებობდა.
ირმა ჭკადუა იმასაც აცხადებს, რომ ხათუნა ჯანაშვილს ამჯერად ყველა დოკუმენტი გამზადებული აქვს, რათა ამ საკითხის გამო შესაბამის სამართალდამცავ უწყებაში იდავოს.
„ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ მისი ფილტვი მაინცდამაინც ტრანსპლანტაციისთვის სჭირდებოდათ. ამით უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევ, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ცოცხალი ადამიანი ასაბუთებს და დოკუმენტებსაც იშველიებს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ისევ გადაამოწმა ანალიზები და გაირკვა, რომ არანაირი შემხებლობა ფილტვთან არ ჰქონია და საერთოდ, ამ ორგანოს პრობლემაც კი არ ჰქონია“, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.
მისი თქმით, ეს ქალბატონი რამდენიმე თვის განმავლობაში წამების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან არწმუნებდნენ, სიმსივნე გაქვს და თუ არ გაიკეთებ ოპერაციას, შეიძლება, გარდაიცვალოო. ამის გამო ისე ინერვიულა მისმა დედამ, რომ ხათუნა ჯანაშვილის მიერ საპატიმროს დატოვებიდან ათი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
ირმა ჭკადუას ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება პროკურატურაში დაწყებულია და იგი კბილაშვილის უწყებას სავსებით ენდობა. ისიც სჯერა, რომ მთავარი პროკურორი ასეთ მნიშვნელოვან საკითხს უბრალოდ არ გაატარებს.
ადვოკატი კიდევ ერთი მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, პატიმართა უმრავლესობა აცხადებს, რომ ქალაქის ტიპის საავადმყოფოში გადაყვანისას მათ აიძულებდნენ, „ნიუ-ჰოსპოტალის“ მომსახურებით ესარგებლათ. ეს მაშინ, როცა პატიმრებს გადამოწმებული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ გაცილებით იაფი ჯდებოდა სხვა საავადმყოფოებში ანალოგიური სახის ოპერაცია.
„ორგანოების ამოჭრა უმძიმესი დანაშაულია. მსოფლიოში მსგავსი ტიპის დანაშაული გავრცელებულია. თუმცა დადგენილი ფაქტია, რომ წელიწადში, მინიმუმ, 700 გვამი გამოდიოდა ჩვენი პენიტენციალური დაწესებულებებიდან. ჩემი ინფორმაციით, ყველა ადამიანი ერთხმად ამბობდა, რომ პრაქტიკულად, ყველა პატიმარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. ამიტომ ამის გადასამოწმებლად და შეცდომის გამოსარიცხად, მნიშვნელოვანი იქნება ჩატარდეს თუნდაც რამდენიმე პატიმრის გვამის ექსგუმაცია, რადგან ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა. ალბათ, გამოძიება ამით დაინტერესდება. 700 გვამის ეგსგუმაციას არავინ გააკეთებს, მაგრამ 10 და 20 გვამის ეგსგუმაციის ჩატარების შემთხვევაში თუკი დადასტურდება, რომ შინაგანი ორგანოები ამ ადამიანებს არ აქვთ, გარკვეული ეჭვები და კითხვები დადასტურდება“, - აცხადებს ირმა ჭკადუა და ვერ ადასტურებს, ციხის ადმინისტრაცია ამ ორგანოებს ყიდდა თუ არა, ან კიდევ, რომელ ქეყანაში ყიდდა.
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გეჯაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ პროკურატურაში მართლაც შევიდა მსგავსი ტიპის განცხადება და ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი საუბრობდა ამ ფაქტებთან დაკავშირებით. თუმცა რეალურად ხდებოდა თუ არა ასეთი მძიმე დანაშაული ქართულ ციხეებში, ცალსახად ამის დადასტურება, ან გამორიცხვა ალექსანდრე გეჯაძეს არ შეუძლია, სანამ გამოძიება შესაბამის დასკვნას არ დადებს.
„რეალურად, საქართველოში ორგანოს ტრანსპლანტაცია პრაქტიკაში ხორციელდება, განსაკუთრებით - თირკმლის ტრანსპლანტაცია. სხვათა შორის, სავსებით წარმატებულად მიმდინარეობს თირკმლის ტრანსპლანტაცია. თუმცა ბოლო ორი წელიწადია, გვამი არ გამიკვეთავს, რადგან დაბლოკილი ვიყავი წინა პრემიერ-მინისტრის, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის „წყალობით“ და ცოტა ხნის წინ ავიღე ლიცენზია. ამდენად, დღეს სრულად შემიძლია გვამები გამოვიკვლიო“, - გვითხრა ალექსანდრე გეჯაძემ.
მისივე განმარტებით, იმ პერიოდში იგი მხოლოდ გვამების გარეგანი დათვალიერებით შემოიფარგლებოდა და ცხადია, ვერ დააკონკრეტებს, თუ რა ხდებოდა პატიმრების გვამების შინაგან ორგანოებთან მიმართებით, რომლებსაც პენიტენციალურ სისტემაში გარდაცვლილი პატიმრების ჭირისუფლების მოთხოვნით გარეგნულად ათვალიერებდა.
ამასთან, განმარტავს, რომ ეგსგუმაციის შემთხვევაში, ამის გამორკვევა დაგვიანებული არ იქნება და თუკი ერთი წლის, ან წელიწადნახევრის დასაფლავებულია მიცვალებული, იქ კიდევ შეიძლება გარჩევა, ცალკეული ორგანო აკლია თუ არა მიცვალებულს.
ექსპერტი დანაშაულის სიმძიმის შეფასება იურისტებს ანდობს. თუმცა, როგორც მოქალაქე, ადასტურებს, რომ, თუკი ქართულ ციხეებში ასეთი რამ მართლაც ხდებოდა, ეს კოშმარი და კატასტროფაა.