„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს თავისი „ხელი“ დაატყო. საპარლამენტო თანამდებობებზე, ანუ კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეების პოსტზე უარი თქვეს და ასევე ახალ საარჩევნო რეფორმასაც მხარი არ დაუჭირეს.
როგორც for.ge-თან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რეფორმას მხარი არ დაუჭირეს, რადგან ახალი საარჩევნო რეფორმის მიხედვით „ლეიბორისტულ პარტიას“ დაფინანსება ეხსნება.
რამდენად „ზრუნავს“ ექს-პრეზიდენტის პარტია შალვა ნათელაშვილის პარტიაზე, რატომ თქვეს კომიტეტებში მოადგილის თანამდებობებზე უარი, ამაზე ზაალ უდუმაშვილი გვესაუბრა.
თქვენი ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა, რომ კომისიებში ყოფილიყავით, თუმცა, შემდეგ უარი განაცხადეთ, რატომ?
- კომიტეტებზე უარი არასდროს გვითქვამს. კომიტეტზე უარს ვერ იტყვი, რადგან პარლამენტარის ვალდებულებაა, რომ მინიმუმ ერთ კომიტეტში უნდა იყოს წარმოდგენილი. ჩვენი ყველა დეპუტატი ყველა კომიტეტში ვართ წარმოდგენილი, ზოგიერთი ორ კომიტეტშიც. კვოტით ჩვენ გარკვეულ კომიტეტებში მოადგილის თანამდებობები გვეკუთვნოდა. თუმცა, ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობაზე თქვა უარი.
მაგრამ კომიტეტებში თანამდებობები რომ დაგეკავებინათ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი მოწერილი უნდა გქონოდათ...
- ასე არ არის. განსხვავება იცით რაშია? შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს კონკრეტულად 5 კომიტეტის თავმჯდომარეობას. ვინაიდან, ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტს არ ვუერთდებით, ბუნებრივია, პრეტენზია არც გვექნებოდა რაიმე თანამდებობა დაგვეკავებინა, მით უმეტეს სურვილიც არ გვაქვს თანამდებობების დაკავების, მაგრამ ის, რასაც პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, ანუ კომიტეტებში მუშაობას, რა თქმა უნდა, იმ კომიტეტებში წარმოდგენილი ვიქნებით.
შეგიძლიათ გვითხრათ, რომელმა თქვენმა თანაგუნდელმა თქვა უარი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობაზე?
- შეიძლება გვარები შემეშალოს. კომიტეტებში ყველა ვმუშაობთ. შეიძლება ვიღაცას მოადგილის თანამდებობის დაკავება არ სურდა და ეს ადგილი სხვა ოპოზიციონერს დაუთმო.
ახალ საარჩევნო რეფორმას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა. რატომ, რა დაუწუნეთ ახალ საარჩევნო რეფორმას?
- ჩვენთვის ბევრი რამ მიუღებელია, მათ შორის პრობლემური არის ის, რომ ეს რეფორმა, გარკვეულწილად, „ლეიბორისტული პარტიის“ მიმართ სადამსჯელო პროცესად იქცა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან მთლიანად ისჯება და მათ დაფინანსებას ართმევენ. ბუნებრივია, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერდით. ეს პირდაპირ დისკრიმინაციული კანონი იყო.
თუმცა, „ლეიბორისტულ პარტიას“ პარლამენტში შემოსვლა შეეძლო და არც დაფინანსება არ შეუწყდებოდა...
- ბოიკოტი და პარლამენტში შესვლა არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ პოლიტიკური პარტია დასაჯო. პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტია პარლამენტში შევა თუ არა. დაფინანსებას ის იღებს არჩევნებში მიღებული ხმებიდან გამომდინარე და არა იქიდან გამომდინარე, შევა თუ არა პარლამენტში. „ქართული ოცნების“ მზაკვრობა სწორედ აქ არის ჩადებული. ყველაფერი მანდატებს მოარგეს და პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს. „ლეიბორისტული პარია“ იქნება მაგალითი და სიგნალი სხვა პარტიებისთვის, თუ მანდატებს დათმობთ, დაფინანსებას აღარ გექნებათ.
თქვენი პოზიცია გასაგებია და გასაგებია, რომ მმართველ გუნდს აკრიტიკებთ ამ მხრივ, მაგრამ საზოგადოებაში გაჩნდა ასევე მოსაზრება - რატომ უნდა ფინანსდებოდეს პარტია მოქალაქეების გადასახადებისგან მიღებული ფულით, თუ ისინი პარლამენტში მუშაობას არ აპირებენ?
- ასეთი მიდგომა არ შეიძლება. პარლამენტში შესვლა-არშესვლა პოლიტიკური პროცესის ნაწილია. როდესაც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებ, ამას იმიტომ კი არ აკეთებ, რომ დასვენება გჭირდება, ბოიკოტს იმიტომ უცხადებ, რომ პოლიტიკური პროცესი მოითხოვს. პარტია, რომელიც დაფინანსებას იღებს, შემდეგ ამ ფინანსებს სწორედ იმ პოლიტიკური პროცესში ხმარობს, რომელშიც მონაწილეობს - იგივე, ქუჩის პროცესში, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ახლა, პრაქტიკულად, ცდილობენ, რომ „ლეიბორისტულ პარტია“ პოლიტიკურ პროცესებს მთლიანად ჩამოაშორონ.
პოლიტიკური პროცესების განხორციელება პარლამენტშიც შეეძლოთ და არა ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის დროს. ოპოზიციის ბოიკოტი მმართველ გუნდს ხომ პლუსს აძლევს. ხელისუფლების კრიტიკა გასაგებია, მაგრამ ამაზე არ გიფიქრიათ?
- როგორ არ შეიძლებოდა. ეს რომ მმართველი გუნდისთვის პლუსი იყო, მაშინ მთელი 6 თვის განმავლობაში წარმოდგენილი არ იქნებოდა თხოვნა, რომ პარლამენტში შემოდითო. პლუსად, რომ თვლიდნენ, მაშინ ჩვენს მოთხოვნას მანდატების გაუქმებაზე დააკმაყოფილებდნენ. რომ არ აწყობდათ, სწორედ ეს პროცესი ამიტომ მიმდინარეობდა. ის, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლაზე უარი ვთქვით, სწორედ ამიტომ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს შარლ მიშელის დოკუმენტი არსებობს. ამან მოიტანა ის შედეგი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს და ამან მოიტანა ის შედეგი, რომ ხელისუფლებამ ნაწილობრივ აღიარა, რომ არჩევნები გააყალბა. ეს მოიტანა სწორედ იმ ბოიკოტმა, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ.
ვერ დაგეთანხმებით, რომ მმართველმა გუნდმა აღიარა არჩევნების გაყალბება. ისინი ჩვენთან საუბარში სულ სხვა რამეს აცხადებენ. ამის დასტურად არის არჩევნების საგამოძიებო კომისია. ხმები გადაითვალა და როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, არის მცირედი გადაცდომები, თუმცა მას არჩევნებზე ზეგავლენა არ მოუხდენია. ისე, საინტერესოა, თქვენ რატომ არ ჩაერთეთ ამ კომისიის მუშაობაში?
- ამ კომისიის შექმნა არჩევნებიდან 7 თვის შემდეგ ჩვენთვის მიუღებელია. დღეს ეს კომისია ვერაფერს ვეღარ გამოიძიებს. იმას, რასაც იძახიან, რომ ვიღაცას მოემატა, ვიღაცას ხმები დააკლდა, ეს ზღაპრები მოუყვნენ ერთმანეთს კაბინეტებში რომ დასხდებიან. ჩვენ ხმების გადათვლას არჩევნების დასრულებისთანავე ვითხოვდით. სასამართლოში სარჩელები შევიტანეთ, მათ შორის პროკურატურაში, მაგრამ ჩვენი არც ერთი საჩივარი განხილული არ ყოფილა, არც ერთი დაკმაყოფილებული არ ყოფილა, რადგან უბნების გახსნის ეშინოდათ. ეს უბნები რომ გაეხსნათ, მთელი არჩევნების შედეგი თავდაყირა დადგებოდა. ამიტომ აიღეს 7-თვიანი პერიოდი, თუ რამე ჩასასწორებელი იყო, ჩაასწორეს, გაალამაზეს და ახლა უნდათ, რომ გამოძიება ჩაატარონ, როდესაც არაფერია დარჩენილი გამოსაძიებელი.
ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას ახალი საარჩევნო რეფორმის მიღებას უკავშირებთ?
- საარჩევნო რეფორმას არ ვუკავშირებ, ვუკავშირებ იმ ზეწოლას, რომელიც მის მიმართ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, როგორც ოპოზიციის, ასევე საზოგადოების მხრიდან. უბრალოდ, ხელისუფლება ჯიუტობდა და არ უნდოდა, რომ დამარცხებულის როლში ყოფილიყო, რათა თამარ ჟვანია გაეთავისუფლებინა, მაგრამ საბოლოდ ამ ნაბიჯის გადადგმა მაინც მოუწია. ეს არ ნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება კარგად. ხელისუფლებას გაყალბების მცდელობა კვლავ ექნება. ახალი თამარ ჟვანია ეყოლებათ, რომელიც ზუსტად ისევე შეასრულებს მის დირექტივებს, როგორც ჟვანია ასრულებდა. ახლა ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ ხელისუფლებას ამის საშუალება არ მივცეთ. ცესკოს ისეთი თავმჯდომარე უნდა იქნას არჩეული, ვის მიმართ საზოგადოებას ნდობა ექნება. ამისთვის ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ. რა შედეგი დადგება, ამას გვაჩვენებს თვითმმართველობის არჩევნები.