პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს შეიკრიბება. როგორც საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ არც ერთ მოქალაქეს არ ჰქონდეს მიკერძოებულობის განცდა.
„ქვეყანას სჭირდება სასამართლო რეფორმა. მოსამართლეების დანიშვნის წესს რაც შეეხება, რეფორმის მთავარი მიზანი არის ის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა მოსამართლეებისადმი, ისევე როგორც სისტემისადმი. ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ არც ერთ მოქალაქეს არ ჰქონდეს მიკერძოებულობის განცდა“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიცია, ასევე სახალხო დამცველი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მიშელის შეთანხმებას არღვევს არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის დაწყება, არამედ ოპოზიციის მიერ ამ პროცესში მონაწილეობის არმიღება.
„ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმების, კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით მოქმედებს. ამ კუთხით შეთანხმების არც ერთი სიტყვა დარღვეული არ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევასრულებთ იმ ვალდებულებას და მანდატს, რაც დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მხრივ გაგვაჩნია. პირიქით, თუკი ოპოზიციის ნაწილი შერჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს, 19 აპრილის შეთანხმებას სწორედ ისინი დაარღვევენ.
ამ შეთანხმებით ოპოზიციის მიერ აღებული ერთ–ერთი მთავარი ვალდებულება არის, შემოსულიყვნენ პარლამენტში და საპარლამენტო საქმიანობაში სრულად მიეღოთ მონაწილეობა. საპარლამენტო საქმიანობის ერთ–ერთი ნაწილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესება და თუკი ამაში მონაწილეობას არ მიიღებენ, 19 აპრილის შეთანხმებას დაარღვევენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში პარლამენტი მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას უნდა მიჰყვეს.
„მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაწყებულია, საკითხი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა, ვნახოთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე წარიმართება პროცესი. ამ პროცესში სახალხო დამცველს თავისი ვალდებულებები გააჩნია, კანონით გაწერილი. თუ მისი ვალდებულებაა, რომ პროცესში უნდა იყოს ჩართული, ვალდებულია, ჩაერთოს მიუხედავად იმისა, პოლიტიკურად რას და როგორ თვლის. მისი ვალდებულება თუ არ არის, მისი უფლებაა და თავად გადაწყვეტს, უნდა თუ არა პროცესში ჩაერთოს“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.
სახალხო დამცველი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა.
ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2019 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სწორედ ხარვეზიანი კანონმდებლობის საფუძველზე აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლე. მათი ნაწილი, სახალხო დამცველის შეფასებებით, ვერ აკმაყოფილებდა კომპეტენციის მინიმალურ ზღვარსაც კი.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელიც წარადგინა, თუმცა ახლადარჩეული მოსამართლეების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა სარჩელის განხილვის წინ ახალი მოსამართლე დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია საქმის საბოლოო შედეგზე და სწორედ ერთი ხმა გახდა გადამწყვეტი, რის გამოც სახალხო დამცველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამის შემდგომ განხორციელებულმა უსისტემო საკანონმდებლო ცვლილებებმა აზრი დაკარგა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში ჩაერთვებიან მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, შემუშავდეს მართლმსაჯულების რეფორმირების ხედვის სტრატეგიული დოკუმენტი და შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის სასამართლო ხელისუფლებაში კლანური მმართველობის არსებობას, ამის შემდგომ კი, შესაძლებელი იქნება მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვა.
„არსებობს შარლ მიშელის დოკუმენტი, რომლის თანახმად, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ მართლმსაჯულების რეფორმირების სტრატეგიული დოკუმენტი და შეთანხმება არ იქნება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. აქედან გამომდინარე, ამ პროცესში ჩვენი ჩართვა იქნება ამ შეთანხმების დარღვევა, ისევე, როგორც ამ შეთანხმებას უკვე არღვევს „ქართული ოცნება“, როცა ჯერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების დანიშვნაზე მიიღო გადაწყვეტილებები და ახლა ვხედავთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსართლეობის კანდიდატების წარმოდგენა ხდება.
ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, შემუშავდეს სტრატეგიული დოკუმენტი მართლმსაჯულების რეფორმირების ხედვის, ასევე, უნდა განხორციელდეს ჩვენი ინიციატივა, რაც ითვალისწინებს დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის სასამართლო ხელისუფლებაში კლანური მმართველობის არსებობას და ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება კონკრეტული კანდიდატურების განხილვა“, – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ამ პროცესში „ქართული ოცნება“ მარტოა და დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის თუკი მოახდენს მიშელის შეთანხმების სრულ იგნორირებას. ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ საკითხზე სწორი პოზიცია აქვს სახალხო დამცველსაც, რომელიც პროცესში მონაწილეობას არ იღებს. ჯაფარიძის თქმით, ეს არის პროტესტის გამოხატვის ერთ–ერთი გზა, როცა შეთანხმება ირღვევა, ხოლო მის დარღვევაში მონაწილეობა არავინ არ უნდა მიიღოს.
„რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის გაგრძელებას, ეს არის პირდაპირი დარღვევა შეთანხმების, რაზეც არა მხოლოდ ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, არამედ თვითონ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ მედიატორები და აბსოლუტურად იგივე აზრს იზიარებენ, რასაც ოპოზიცია. ამიტომ „ქართული ოცნება“ არის მარტო და დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის თუკი მოახდენს საერთაშორისო თანამეგობრობის და შეთანხმების სრულ იგნორირებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ჩემს გადაბირებას არაფერი უნდა, მთავარია ის შემომთავაზო, რასაც ვითხოვ – ვითხოვ არჩევით მოსამართლეებს და არჩევით შერიფებს“, – ამბობს „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია და აქვე დასძენს, რომ თუ ამას შესთავაზებენ, ვინც არ უნდა წარმოადგინონ, მხარს დაუჭერს უზენაეს სასამართლოში. როგორც ხვიჩია ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების საკითხი პრინციპულია, თუმცა, ვინც არ უნდა აირჩიონ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე, ეს სასამართლოში არსებულ პრობლემას ვერ უშველის.
„ვაჭრობა ჩემი საყვარელი საქმიანობაა. როგორ არ არის პრინციპული საკითხი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არასამომართლე წევრების საკითხი, უბრალოდ, ვინც არ უნდა აირჩიონ, ის 5 ადამიანი, მე არ მჯერა, რომ ეს სასამართლოს უშველის. მე მგონია, რომ სასამართლოს უშველის ხალხის ხმა. ახლა ხალხი გასულია მართლმსაჯულების სისტემიდან, არის 10 კაცი, რომელიც თვითონ წყვეტს და 5 დავამატოთ თუ არა ამ 10 კაცს მაგაზეა საუბარი.
მე რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა ამ პროცესში, თუ იქ რამე საჩემო არ დავინახე? საჩემო არის არჩევითი პოლიციელები და არჩევითი პოლიციის შერიფები. როგორც მაჟორიტარს ისე რომ ვირჩევდეთ მოსამართლეს და პოლიციის უფროსს, ისინი ხომ ისეთები ვეღარ იქნებიან, როგორებსაც ვიცნობთ, თუკი მანამდე მოუწევთ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება და ხალხთან იდეების შეთავაზება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მოსამართლეების დანიშვნის მიმდინარე პროცესის შეჩერებას ითხოვს პარტია „საქართველოსთვის“. ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, გარდა იმისა, რომ ეს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ასუსტებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.
„პირველ რიგში, ყველა რეფორმა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ სასამართლოში არსებული გავლენის ჯგუფი შესუსტდეს და საბოლოო ჯამში აღმოიფხვრას. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ამ მიზნისკენ არის მიმართული. ეს გულისხმობს ორმაგი ორი მესამედით მოსამართლეების დანიშვნა–არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას. ეს ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3–მა და ასევე, არამოსამართლე წევრების 2/3–მა უნდა მიიღოს ერთობლივად გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს გაართულებს გავლენიანი ჯგუფების არსებობას სასამართლო სისტემაში და იქნება პირველი წინგადადგმული ნაბიჯი ამ გავლენების შესამცირებლად. ბევრ სხვა საკითხზე იყო აქცენტი, მათ შორის იმაზეც, რომ მოსამართლეების დანიშვნის მიმდინარე პროცესი უნდა შეჩერდეს. გარდა იმისა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ასუსტებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას და არღვევს მას“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.