„შიში გასაგებია, მაგრამ გადამეტებულიც არ ვარგა, თუ „ოცნება“ საკუთარ გამარჯვებაში თავად არ არის დარწმუნებული, მოსახლეობას როგორ დაარწმუნებს?“

„შიში გასაგებია, მაგრამ გადამეტებულიც არ ვარგა, თუ „ოცნება“ საკუთარ გამარჯვებაში თავად არ არის დარწმუნებული, მოსახლეობას როგორ დაარწმუნებს?“

ექსპრემიერი გიორგი გახარია აცახდებს, რომ ხელისუფლება იმდენად არის შეშინებული, მის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა ხერხის გამოყენება დაიწყო. საქმეში უსაფრთხოების სამსახური ჩართო, რომელიც გარკვეულ სამუშაოებს ახორციელებს, რათა ექსპრემიერის დისკრედიტაცია მოხდეს. ამის პარალელურად კი, გახარია „ნაციოანლურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის ალიანს გამორიცხავს და ამასაც ხელისუფლების მიერ შეთხზულ ტყუილს უწოდებს.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ხელისუფლებას ურჩევენ, საზოგადოებას საჯაროდ გახარიას მიმართ შიში არ აჩვენონ, რადგან უკუშედეგს მიიღებენ - მის რეიტინგს კიდევ უფრო გაზრდიან და ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს მისკენ უბიძგებენ. როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლებას ვიღაცის ან რაღაცის ეშინია, მის მიმართ დადებითად განიმსჭვალებიან, მით უმეტეს გახარიას მესამე ძალის ჩამოყალიბების დიდი შანსი აქვს და ამ პერსპეტივას დასავლეთიც ხედავს - მისმა ვიზიტებმა ეს კარგად აჩვენა, რადგანაც ოპოზიციით და ხელისუფლებით დაღლილმა დასავლეთმა ფსონი მასზე დადო.

„როდესაც ხელისუფლება, მმართველი პარტია შეთხზული ტყუილებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია. ამიტომ, მე, წამებულის მანტიას კი არ ვირგებ, დღეს პარტია „საქართველოსთვის“ ჰყავს ყველაზე განათლებული, კეთილსინდისიერი, ახალგაზრდა ადამიანები თავის რიგებში“, -განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება იმდენადაა შეშინებული, რომ ტყუილებს თხზავს.

„ვგავარ წამებულს? წამებულს კი არ ვგავარ, კიდევ ერთხელ გეუბნებით იმას, რომ ვერანაირი ტყუილებით, შუქის ჩაქრობებით, ოფისებიდან გამოდგებით, სუს-ის მეთვალყურეობით და თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, რადგან როდესაც მმართველი ძალა, მმართველი პარტია, ხელისუფლება იმდენად შეშინებულია, რომ მთლიანად იგონებს და თხზავს ტყუილს, მერე ამ ტყუილს ავრცელებს მის მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებებით, შემდგომ ამ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ტყუილზე მისივე პოლიტიკოსები იწყებენ კომენტარების კეთებას, ეს რას ნიშნავს იცით? ეს არის უბრალოდ დაგეგმილი კამპანია იმისთვის, რომ მმართველმა ძალამ თავის მხარდამჭერები, თავის პარტიის წევრები დაარწმუნოს იმაში, რომ ჯერ კიდევ ჯანზეა და რაღაც შეუძლია. ეს ნიშნავს შეშინებულ ხელისუფლებას“, - აცხადებს გახარია.

მისივე თქმით, მთავრობას ჰგონია, კაბინეტში რომ შევა, მერე მთელი ცხოვრება იქ უნდა დარჩეს და დასძენს: „ამ ქვეყანაში პრივილეგირებული ხალხი არ უნდა იყოს“.

„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს ორნიშნა რიცხვი - ეს არ არის მარტო რიცხვი, ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილი. სახელმწიფომ, უბრალოდ, უნდა შექმნას ყველა ის პირობა იმისთვის, რომ განათლებულმა, ჯანსაღმა, კეთილსინდისიერმა ადამიანმა შეძლოს თავის შრომით თავისი ოჯახი ღირსეულად არჩინოს. ამას ბევრი რამ სჭირდება, სჭირდება ნორმალური, თანაბარი პირობები. ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს პრივილეგირებული ხალხი, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს, როდესაც ხალხი მთავრობაში მოდის და ჰგონიათ, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო, ან მათ უკეთესად იციან, ამ ქვეყანას რა სჭირდება. სამწუხაროდ, მთავრობას ჰგონია, რომ კაბინეტში რომ შევა, მერე მთელი ცხოვრება იქ უნდა დარჩეს, თან ჰგონია, რომ უკეთესად იცის, ხალხს რა სჭირდება. ეს ასე არ არის, დამიჯერეთ“, - განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ ამოსავალი წერტილი საქართველოს მოქალაქეების პატივისცემაა.

„კიდევ ერთი რამ, რაც მინდა, თითოეულ თქვენგანს და მხარდამჭერებს გითხრათ: არაფერი სიმართლეზე უფრო მნიშვნელოვანი არ არის. არც ერთ შემთხვევაში, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ, დავპირდეთ ის, რისი გაკეთების თავიც არა გვაქვს და ვერ შევძლებთ, და ეს წინასწარ ვიცით - მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე!“ - აცხადებს გახარია.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ გიორგი გახარია „ოცნებისთვის“ ახლა ყველაზე დიდი საფრთხეა და მათ მისი ნაციონალებზე მეტად ეშინიათ. ამის საფუძველი კი ნამდვილად აქვთ, რადგანაც ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ზე მეტი აქვთ ასაღები და გახარია სწორედ მათ ხმებზე ნადირობს. ამიტომ ნებისმიერ ფასად მის დისკრედიტაციას ცდილობენ, რაც პირიქით, ხელისუფლებას უკან უარყოფითად უბრუნდება. ეს დამოკიდებულება გახარიას უფრო აძლიერებს და საზოგადოება როცა ხედავს, რომ ხელისუფლებას რამის ან ვინმესი ეშინია, დადებითად მის მიმართ იმსჭვალებიან.

„გახარიას რეალურად 7%-დან 8%-მდე აღება შეუძლია. ხელისუფლებას მის მიმართ შიში ამიტომაც გაუჩნდა. გააფთრებულები არიან და ასეთი ქცევით გახარიას უფრო აძლიერებენ. ახლა, როგორც ჩანს, უსაფრთხოება ჩართეს და არაა გამორიცხული მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატებიც შემოაგდონ. პირადი ცხოვრების მხრივ გახარია ბევრად მყარად გამოიყურება, მაგრამ რასაც ნახავენ და ხელთ ჩაუვარდებათ, იმას გაასაჯაროვებენ. თვითმმართველობის არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ხელისუფლების შიში კიდევ უფრო გაძლიერდება. თან თუ შიდა კვლევებმა აჩვენა, რომ იმაზე მეტს იღებს ვიდრე მოლოდინი ჰქონდათ, საფრთხის შეგრძნება გაუორმაგდებათ. რაც შეეხება სააკაშვილის და გახარიას ერთმანეთთან გაიგივებას, რა თქმა უნდა, ეს სააკაშვილს ყველაზე მეტად აწყობს. მას უნდა შექმნას ოპოზიციის ერთიანობის ილუზია. არ გამოვრიცხავ სწორედ, ამიტომაც, სააკაშვილი, იმ სასტუმროში სადაც გახარია იყო გაჩერებული, სპეციალურად გაჩერდა. დარწმუნებული ვარ, არ შეხვდებოდნენ, მაგრამ სააკაშვილმა შექმნა წარმოდგენა თითქოს რაღაცა კონსპირაციებს ჰქონდა ადგილი“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, გახარიას სააკაშვილთან გაიგივება არანაირად არ აწყობს. ამიტომაც მისმა ამომრჩეველმა ეს კონსპირაცია არც დაიჯერა. ხოლო ვინც დაიჯერა, ის ექსპრემიერის მომხრე არც არის.

რაც შეეხება დასავლეთში გახარიას მიმართ დამოკიდებულებას და ექსპრემიერის განცხადებას, რომ „ოცნება“ ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან შეხვედრისას მისი დასაცავი გახდა, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს გასაკირი არაა. გახარია სავარაუდოდ, ამერიკაშიც და ბრიუსელშიც იმაზე მეტს ილაპარაკებდა, ვიდრე საქართველოში საჯაროდ ამბობს. სწორედ მისი გულახდილობის და გუწრფელობის გამო არის, რომ დასავლეთმა მასზე ბევრად დიდი ფსონი დადო. ახლა ექსპრემიერი მათი ფავორიტი იმიტომ არის, რომ ოპოზიციის მიერ 7-თვიანი არასწორი ტაქტიკის შედეგად გახარია მათ თვალში ყველაზე თანმიდევრულ და გულწრფელ პოლიტიკოსად მოსჩანს. ამიტომ გარკვეულ იმედებს უკვე მასზე ამყარებენ. ამის პარალელურად კი, მას იმის დამტკიცება უწევს, რომ რუსეთის კაცი არ არის.
„დასავლეთი გახარიაში განსხვავებულ ძალას ხედავს. მათ ნახეს ვინ არის „ქართული ოცნება“ და ვინ არის „ნაციონალური მოძრაობა“. ასევე კარგად დანარჩენი ოპოზიციაც გაიცნეს, რომელიც 7 თვის განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდა რა უნდოდა. ამით კი თვითლიკვიდაცია გაიკეთეს და დასავლეთი მათ აღარ ენდობა. ამ ფონზე კი მოულოდნელად გახარია გამოჩნდა. მისი ოპოზიციაში გადასვლა ყველასთვის მოულოდნელი იყო. ივანიშვილიც კი გაოგნებული დარჩა და პოლიტიკიდან წასულმა კაცმა წერილიც კი მიუძღვნა. გახარია ივანიშვილის პროექტი კი არა ანტიპროექტია, რომელმაც გარკვეული გეგმები ჩაუფლავა. ევროპა ფიქრობს, რომ იქნება გახარიასგან მაინც რაღაცა გამოვიდეს.

მას ისედაც კარგად იცნობენ და ეს კიდევ დამატებით პრივილეგიაა, რადგანაც გახარია ხელისუფლების სათავეში უკვე იყო და მართვის გამოცდილება აქვს. ის ყველაფერს საზოგადოების წინაშე ვერ იტყვის, მაგრამ უცხოელებთან უფრო გულახდილი იქნება. ყველაზე მეტად პოლიტიკოსში გულწრფელობას და თანმიმდევრულობას აფასებენ. ამიტომ გახარიაში ამ ყველაფერს ხედავენ და ფსონიც დადეს. თან ამოწმებენ რეალურად ვისი კაცია, მას იმის მტკიცებაც უწევრს, რომ რუსეთის კაცი არაა“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას მიმართ არსებული შიში საჯაროდ არ უნდა გამოამჟღავნოს, რადგან ეს მათ პირიქით, უფრო ავნებს და გახარიას რეიტინგს უმატებს. ანალიტიკოსს მაგალითისთვის 2012 წლის არჩევნები მოჰყავს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ბოლოს „ანტენების დაპატიმრება“ დაიწყო, ხალხი გაიქცა და ხმა ბიძინა ივანიშვილს მისცა. ამიტომ ახლაც იგივე იქნება თუკი ხელისუფლება გიორგი გახარიას წინააღმდეგ კამპანიას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„კი ბატონო, გიორგი გახარია ხელისუფლებისთვის ახლა ყველაზე დიდი საფრთხეა. ის „ნაციონალების“ ამომრჩევლების ძალინ მცირე ნაწილს წაიღებს. მისი ელექტორატის დიდი ნაწილი „ოცნების“ არის. ამიტომაც ხელისუფლების შიში გასაგებია, მაგრამ გადამეტებულიც არ ვარგა. როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლებას ეშინია, მის წინააღმდეგ ხმას უფრო ადვილად მისცემს. თუ „ოცნება“ საკუთარ გამარჯვებაში თავად არ არის დარწმუნებული, ამაში მოსახლეობას როგორ დაარწმუნებს? რა თქმა უნდა, გახარიას საჯარო სექტორში დასაქმებულ ქვედა რგოლებზე გარკვეული გავლენა აქვს. ის წლების განმავლობაში მინისტრი და ბიზნეს ომბუდსმენი იყო. ამიტომ გამორიცხული არაა, შიდა საბოტაჟიც მოაწყოს და ის ადამაინები, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროებში თანამდებობებს იკავებენ, გადაიბიროს. მაგრამ ეს საფრთხე ხელისუფლებამ კარგად უნდა გააანალიზოს. გახარიას თავს ასე ღიად კი არ უნდა დაესხას, უნდა გაარკვიოს შეცდომას სად უშვებს. სხვაგვარად გახარიას რეიტინგს კიდევ უფრო გაზრდიან“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან.