თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზად მან თქვა, რომ ეს საშუალებას მისცემს პოლიტიკურ მხარეებს, განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკო-ს თავმჯდომარე. როგორც ჟვანიამ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ქვეყანას.
მისივე თქმით, ის არ მიდის პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. ამის შესახებ განცხადება თამარ ჟვანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1-ელი ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.
იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას“, - ვკითხულობთ თამარ ჟვანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რას შეცვლის ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა დღეს არსებულ, პოლიტიკურ რეალობაში? - ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მოსალოდნელ არჩევნებზე ოპოზიციას აღარ ექნება იმის თქმის საშუალება, რომ არჩევნები გაყალბდა.
„თამარ ჟვანიას გადადგომა თანამდებობიდან შეცვლის იმას, რომ ამ არჩევნებზე არ იქნება ლაპარაკი, თითქოს არჩევნები გაყალბდა, რაზეც საუბარი ადრე იყო“, - თქვა საყვარელიძემ For.ge-სთან.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა თამარ ჟვანიას გადადგომა გახდეს წინაპირობა იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს, დასძინა:
„თუკი ფარული შეთანხმება არის მათ შორის, ეს სხვა საკითხია. ისე, მიშელის დოკუმენტის ხელმოწერასა და თამარ ჟვანიას გადადგომას შორის, პირდაპირ ხაზს ვერ ვხედავ.
რაც შეეხება, 43%-იან ბარიერს, მეტ-ნაკლებად, რა თქმა უნდა, იმის შესაძლებობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს ამ არჩევნებში, არსებობს. ის ადამიანები, ვინც ადრე არ მონაწილეობდნენ არჩევნებში, შესაძლოა ახლა გამოვიდნენ და ჩაერთონ არჩევნებში“, - აღნიშნა საყვარელიძე.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ თამარ ჟვანიაზე, სავარაუდოდ, ზეწოლა მოხდა და ამიტომაც დატოვა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა:
„შესაძლოა, თამარ ჟვანიაზე გარკვეული ზეწოლა იყო, მანამდე ის აცხადებდა, რომ არ აპირებდა გადადგომას. ამასთან, შეიძლება, მისი გადადგომა მიშელის დოკუმენტის შესრულების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს. ხელისუფლება ამით გვეუბნება, რომ ახორციელებს რეფორმას, საარჩევნო სისტემაში ჟვანიას გადადგომით.
„რეალურად, არ მგონია, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. ჟვანიას გარდა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, 22 ათასზე მეტი თანამშრომელი მუშაობს ამ საარჩევნო პროცესში“, - თქვა ჩიტაძემ For.ge-სთან.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა გადადგომამდე, თამარ ჟვანიასთვის ოპოზიციას ბოდიში მოეხადა:
„კარგი იქნებოდა, ჯერ მოესმინა ბოდიში ოპოზიციისგან, რომლებმაც აბსოლუტურად დაუმსახურებლად თვეების განმავლობაში შეურაცხყოფები აყენეს, დააბრალეს ბევრი ტყუილი და შემდეგ გადამდგარიყო, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა.
ამაში, ბუნებრივია, სხვა ვერავინ ჩაერევა, პირადი გადაწყვეტილებაა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი და მთლიანად ცესკოს სიმართლე უკვე დადასტურებულია. მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ ISFED-ის დასკვნა, რომელიც აღმოჩნდა ტყუილი და, რომელიც იყო ერთადერთი საპირწონე. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თამარ ჟვანიას და მთლიანად ცესკოს სიმართლეს", - განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
„გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თამარ ჟვანიას მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში შეაფასა. როგორც ჯაფარიძე წერს, „ქართული ოცნება“ ცდილობს, შარლ მიშელის მიერ მიღწეულ შეთანხმებას აზრი დაუკარგოს და საბოლოოდ იქამდე მიიყვანოს საქმე, რომ ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა თქვან, რომ მიშელის შეთანხმება ჩაიშალა, რის ფონზეც ჟვანიას გადადგომა უმნიშნველო დათმობაა.
„ჩემი აზრით, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, „ოცნება“ მუდმივ რეჟიმში ცდილობს, ამ შეთანხმების იმდაგვარად გაღუნვას, რომ მას აზრი დაუკარგოს. ამის ნაწილია ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, თითქოს ეს პუნქტი იქ იმისთვის ჩაიდო, რომ 20 ივნისის მოძალადეები არ დასჯილიყვნენ. ამის ნაწილია ის, რომ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ შორის დაკავშირებული საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან, ჯერ დაძრულიც არ არის და ჯერ კიდევ არ ვიცით, დოკუმენტით გაწერილი ტექსტის რა სახის ინტერპრეტაციებს ვნახავთ.
ამის ნაწილია ის, რაც ხდება სასამართლო სისტემაში, სადაც „ოცნებამ“ სრულად ფეხებზე დაიკიდა, როგორც მიშელის ტექსტი, ისე აშშ-ს საელჩოს მიერ ამ ტექსტის მარკერით გაყვითლება და ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს სისტემაში კლანის ფესვების გრძელვადიან ჩაბეტონებას. საბოლოო ჯამში, „ოცნება“ ცდილობს იქამდე მიიყვანოს საქმე, რომ ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა თქვან - მიშელის შეთანხმება ჩაიშალა. ეს მისცემს „ოცნებას“ შესაძლებლობას, უარი თქვას 43%-იან დათქმაზე, თავიდან აიცილოს შესაძლო, ხელახალი არჩევნები და ხელი „შეთანხმებიდან გასულ“ ოპოზიციას შეაწმინდოს. ერთი შეხედვით, სწორედ ეს არის მათი მიზანი. ამ კონტექსტში ჟვანიას გადადგომა მხოლოდ კონსტრუქციულობის თამაშია საერთაშორისო პარტნიორების დასანახად - ყველა მნიშვნელოვანი თემის გაჭედვის ფონზე, უმნიშვნელო დათმობა“, - წერს ჯაფარიძე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას მის სუბიექტურ გადაწყვეტილებად აფასებს და ამბობს, რომ „სტრესის ქვეშ ადამიანმა ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს“.
როგორც სერგეენკომ განაცხადა, ჟვანის გადაწყვეტილების ესმის: „ადამიანურად მესმის მისი გადაწყვეტილება, რადგან ამ თვეების განმავლობაში დაუმსახურებელი შეურაცხყოფის და წნეხის ქვეშ იყო. დაუმსახურებელი იყო იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვისი სპეციალობაცაა არჩევნების შედეგების შესწავლა, დაადასტურა, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. იყო ხარვეზები, მაგრამ დარღვევები არ ყოფილა. ასე რომ, ამ ადამიანის მესმის. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ, არ მგონია. ჩემთვის უცნობია. დღეს გავიგე მედიიდან მისი გადაწყვეტილების შესახებ. რატომ თვლიდა ადრე, რომ არ წავიდოდა და რატომ გადაწყვიტა დღეს, ესეც ადამიანურად მესმის. ეს სუბიექტური გადაწყვეტილებაა და სტრესის ქვეშ ადამიანმა ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს“,- განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება ოპოზიციის მოლოდინს, რომ „ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატიც ისეთი იქნება, ვინც თამარ ჟვანიას მსგავსად მმართველი გუნდის დავალებებს შეასრულებს“, სერგეენკოს თქმით, კანდიდატი ყველასთვის მისაღები უნდა იყოს.
„ეს გულთმისნობა რაღაა? კანდიდატი უნდა იყოს ისეთი, რომ აკმაყოფილებდეს კონსტიტუციას და ყველასთვის მისაღები იყოს“, - განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა.