„სერიოზულ კონკურენტად არ აღვიქვამთ არც ოპოზიციას და არც გიორგი გახარიას - „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპისთვის კონკურენტი არ ჰყავს“

„სერიოზულ კონკურენტად არ აღვიქვამთ არც ოპოზიციას და არც გიორგი გახარიას - „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპისთვის კონკურენტი არ ჰყავს“

პრემიერ-მინისტრის ორდღიანი გამოსვლა პარლამენტში დამთავრდა. ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მოუხდა პრემიერ ღარიბაშვილს 2020 წლის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ჩაბარება. ხელისუფლების საქმიანობის შეფასებამდე, მედიისთვის მთავარ კითხვად რჩება - თუ ვინ დაიკავებს მომავალ წელს, საპარლამენტო ტრიბუნას, შემდეგი წლის ანგარიშისთვის. იქნება ეს, თუ არა, ისევ ღარიბაშვილი, ან საერთოდ, „ქართული ოცნება“.

სახელისუფლებო გუნდის შეფასება პრემიერის ანგარიშისადმი ერთმნიშვნელოვნად დადებითია, რაც გუნდის წევრებში აღფრთოვანებას იწვევს. უმრავლესობის წევრები განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავენ, პრემიერის მიერ, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმაზე, რამაც დეპუტატების თქმით, ქვეყანა ევროპული განვითარებისკენ უნდა წაიყვანოს.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერის ანგარიშით განსაკუთრებით უკმაყოფილოა, მეტიც - აღშფოთებული, ვინაიდან, მათი შეფასებით, ქვეყანა „ქართულ ოცნებას“ კატასტროფისკენ მიჰყავს. ამის დასადასტურებლად ოპოზიციამ საკუთარ გამოსვლებში მინი-ტრანსფარანტები უხვად გამოიყენა, სადაც ხელისუფლების „მიღწევები“ ციფრებში იყო წარმოდგენილი. საზოგადოებამ, პარლამენტის დარბაზში კიდევ ერთხელ ნახა ის, რაზეც თვეების წინ, საკუთარი არჩევანი შეაჩერა. პირადი შეურაცხყოფების ფონზე გამოთქმული შენიშვნები, ხმამაღალი პროტესტით ყელგამშრალი ოპოზიცია და აქა-იქ შეფხიზლებული, თვლემის რეჟიმში მყოფი ხელისუფლება, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, ოპოზიციის პროტესტი მორიელის ბუნებით ახსნა - ასე დამთავრდა პარლამენტის რიგგარეშე საგაზაფხულო სესია, ბევრი გაურკვევლობით და შედეგების გარეშე. ქვეყანას კი იმედით ცხოვრება ისევ არჩევნებიდან არჩევნებამდე მოუწევს.

მოგეხსენებათ, მეათე მოწვევის პარლამენტი ჭრელია როგორც არასდროს. ხალხის „რჩეულების“ გახსენებისას ყველაზე ხშირი უნებლიე მოძრაობა - მხრების აჩეჩვაა და კითხვა პიროვნების კომპეტენციასა და წარმომავლობაზე, განათლებასა და ზოგადად, პოლიტიკასთან შესაბამისობაზე. მაგრამ ასეა, საზოგადოების დაკვეთა - მეტი პიანისტი, მეტი პუბლიცისტი, მეტი ქორ-ვაჭარი და მეტი მეხოტბე - დავალება შესრულებულია. ხოდა, ამ პატარა არაკომპეტენტურობას, ხშირად ასევე არაკომპეტენტური წამოძახილები თუ ქმედებებიც ახლავს თან, მაგალითად, „ძალა ერთობაშია“-ს წევრმა, ნონა მამულაშვილმა, თანაგუნდელებსა და საზოგადოებაზე მეტი შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, იმ დროს, როდესაც ტრიბუნასთან სიტყვით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე გამოდიოდა, საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა პოზიციამაც და ოპოზიციამაც, გულში ერთი და იგივე გაიფიქრა, გამოხატვით კი თავშეკავებული განცხადებებით შემოიფარგლნენ და ახალბედა „პოლიტიკოსს“ კორექტულად შეახსენეს, თუ, ვის სახელობის დარბაზში იჯდა. ასე რომ, ქალბატონის ეს გამოხდომა პოლიტიკური ელფერის და ოპოზიციის აპლოდისმენტების გარეშე დამთავრდა.

საოცარია, მაგრამ ოპოზიციის ნაწილში, იყვნენ ისეთებიც, ვინც ხელისუფლების მუშაობაში დადებითი ძვრები დაინახა. მაგალითად, გიორგი (აღმაშენებელი) ვაშაძე, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება კარგი საქმის არწარმოჩენა, არაღნიშვნა და დაკარგვა, მხოლოდ იმის გამო, რომ შენ ოპოზიცია ხარ - ის კი, ხელისუფლება. ვაშაძე პრემიერის ანგარიშში ერთმა ფაქტმა აღაფრთოვანა - ეს არის დიდი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანის“ ინდურ ენაზე თარგმნა - მთავრობის მუშაობით კმაყოფილმა ვაშაძემ, კარგა ხანს ეძება ტელეფონში იმ ინდოელი პოეტის და მთარგმნელის სახელი და გვარი, ვინც ამ დიდ საქმეში ხელისუფლებასთან ერთად თავისი წვლილი შეიტანა და ახლა, ინდოელ მკითხველსაც შეეძლება ქართული მარგალიტებით ტკბობა.

გიორგი ვაშაძე: ერთადერთი მიღწევა, ნამდვილად რაც წავიკითხე ამ ანგარიშში არის, რომ ინდურად თარგმნეს „ვეფხვისტყაოსანი“. ამ პოეტის სახელიც შემიძლია გითხრათ ეს არის ბჰუპენდერ აზიზ პარიჰარი, რომელმაც, ეს ისტორიული საქმე გააკეთა. მართლაც მიხარია, ძალიან კარგი საქმეა. დანარჩენი, ქვეყანაში არის დიდი გაჭირვება და უბედურება და მეტი მიღწევა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. ეს ხელისუფლება არის კორუმპირებული და მათ ტვინში, მთავარი პრიორიტეტი არის ფულის კეთება და არა ხალხის პრობლემების გადაწყვეტა“, - ამბობს ვაშაძე.

უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური, for.ge-სთან ამბობს, რომ პრემიერის გამოსვლა განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო. ანგარიშში ყველა იმ გამოწვევაზე არის პასუხი, რომელიც აქვს ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, საქმიანი და ძალიან საინტერესოა.

ალუდა ღუდუშაური: რაც შეეხება პრემიერის მიერ წარმოდგენილ ათწლიან გეგმას, პრაქტიკულად, ქვეყანას არ ჰქონია ასეთი სტრატეგიული განვითარების გეგმა. ეს არის გრძელვადიანი, სტრატეგიული გეგმა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამეთუ, ამ გეგმაში ასახულია სამომავლოდ ის ნაბიჯები, რომელიც ქვეყანამ უნდა გადადგას და რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის, ასევე პოტენციური ინვესტორის ნაბიჯებს, რომელსაც ამ გეგმის მიხედვით დაგეგმავს და განახორციელებს.

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე უნდა იმსჯელოს პარლამენტმა, როგორია ამ პრობლემის გადაწყვეტის თქვენეული ხედვა?

- რეგლამენტის მიხედვით მოხდება საკითხის განხილვა. ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ პარლამენტში საქმიანობა. 54 დეპუტატზეა ლაპარაკი და როგორც რეგლამენტი ითვალისწინებს, ამ რეგლამენტის თანახმად იმოქმედებს პარლამენტიც. უფლებამოსილების შეწყვეტაზე არ არის საუბარი, ვინც იყო საბოტაჟის რეჟიმში, პრაქტიკულად, ყველა ამ ძალამ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გააგრძელა საპარლამენტო საქმიანობა და რეგლამენტის თანახმად, ალბათ, მოხდება ან გაფრთხილება, ან ხელფასის რაღაც ნაწილი შესაძლოა დაექვითოთ.

პრემიერმა ოთხი ძირითადი მიმართულება დაასახელა, სადაც ქვეყანამ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია, განსაკუთრებით აღნიშნულია საგარეო მიმართულება, რას გულისხმობდა ამ შემთხვევაში პრემიერი?

- თქვენ ნახეთ, რომ უკლებლივ ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროკავშირი, ყველამ ერთხმად აღიარა საქართველოს ხელისუფლების მიერ მთელი ამ ხნის განმავლობაში განხორციელებული ნაბიჯები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სვლა, რომელმაც გრძელვადიან პერიოდში უნდა განამტკიცოს ქვეყნის დემოკრატიული წინსვლა და შესაბამისად, ქვეყანა უნდა წაიყვანოს განვითარებისკენ.

წინ არჩევნებია, ვის ხედავთ თქვენ მთავარ კონკურენტად, გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც შესაძლოა ასევე საერთო კანდიდატით გამოვიდეს არჩევნებზე თუ გუნდიდან წასულ გიორგი გახარიას?

- სიმართლე გითხრათ, რაიმე სერიოზულ კონკურენტად ჩვენ არ აღვიქვამთ არც ოპოზიციას და არც გიორგი გახარიას. „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპისთვის პრაქტიკულად, ჯერ კონკურენტი არ ჰყავს.