ფარმაცევტულ ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი კომპანიის და თანაც პრემიერის „ძველი ნაცნობის“ შემოყვანას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა თავისებურად შეაფასეს, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა და შესაბამისად, ფასების შემცირება, მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მომენტია.
პრემიერ-მინისტრს წამლების გაიაფების კუთხით სპეციალური პროგრამა აქვს:
„ბაზარზე ფასების დაწევა ახალი მოთამაშის შემოყვანის გზით მოხდება ისე, რომ არ დავაზიანიოთ პირველი ორი ხაზის სააფთიაქო ქსელის ბიზნესი, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. გაიაფება შეინიშნება ფარმაციის ბაზარზე, ახალი მოთამაშე უნდა შემოვიყვანოთ და ფასები დაიწევს ისე, რომ არ დაზარალდეს სხვა მოთამაშე“, - ივანიშვილის განცხადებით, მას უკვე ჰქონდა მოლაპარაკება გარკვეულ ჯგუფთან, რომელმაც, შესაძლოა, ქვეყანაში საყოველთაო მოხმარების წამლები შემოიტანოს:
„მე უკვე მქონდა მიოლაპარაკება ცნობილ ბიზნესმენთან, ჩემს მეგობართან, ჩემი ნაცნობია ძველი. იქნებ ფართო მოხმარების წამლებზე მოვახერხოთ ფასის შემცირება. ძირითადი დასახელება რაც არის, მოვახერხოთ მკვეთრად ფასების დაწევა. რაც კიდევ უფრო გაუიოლებს მოსახლეობას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის გადაწყვეტილებას ეთანხმება ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო. იგი თვლის, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენა კონკურენციას გაზრდის.
„კონკურენცია ყოველთვის კარგია, რადგანაც მედიკამენტის ღირებულება ზოგადი ჯანდაცვის დანახარჯების ძალიან მაღალ, 60%-მდე ნიშნულს შეადგენს, რითაც საქართველოს ევროპაში პირველი ადგილი, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ადგილი გვიჭირავს. თავისთავად ცხადია, რომ უნდა მივიღოთ ზომები, რომ ეს ნიშნული შემცირდეს ოპტიმალურამდე. აქ რაიმე იმპერატიულ რეგულირებაზე არ იქნება საუბარი, არამედ კონკურენციის ხელშეწყობაზე ვიზრუნებთ”, - განაცადა მინისტრმა, რომელმაც მოლაპარაკებების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, კომპანიის დასახელებისგან თავი შეიკავა.
მსხვილი აფთიაქარები პრემიერის განცხადებას საკმაოდ გაგებით მოეკიდნენ. ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით ერთ-ერთი პირველმა, კომპანია „პე-ეს-პემ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ახალი კომპანიის გამოჩენა ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის.
„ჩვენ მივესალმებით ჯანსაღ კონკურენციას. „პე-ეს-პე“ თითქმის, 20 წელია ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია და ახალი კონკურენტი კიდევ უფრო გაზრდის ჩვენ მოტივაციას წინსვლასა და განვითარებაზე მომხმარებლისთვის მეტი სარგებლის უზრუნველსაყოფად.
„პე-ეს-პე“ მუდმივად აქტიურად მუშაობს მწარმოებლებთან და ახალი მომწოდებლების მოძიებისთვის, რისი დასტურიცაა ონკოლოგიური პრეპარატების 200-300%-ით გაიაფება საქართველოს ბაზარზე. ეს პრეპარატები, სიძვირის გამო, „პე-ეს-პეს” დიდი ხანი არ შემოჰქონდა, ამიტომ სხვა სააფთიაქო ქსელში ისინი ძალიან ძვირად იყიდებოდა მანამდე, ვიდრე „პე-ეს-პემ“ ახალი იტალიელი მომწოდებელი არ მოიძია და იგივე პრეპარატები საქართველოს მომხმარებლებისთვის ნახევარ და მესამედ ფასად ხელმისაწვდომი გახადა, რითიც, საბოლოო ჯამში, მომხმარებელი რჩება მოგებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააფთიაქო ქსელ „ჯიპისის“ ხელმძღვანელის განცხადებით, მედიკამენტების ბაზარზე გაიაფების ტენდენცია უკვე სახეზეა. დავით კილაძის თქმით, ბოლო პერიოდში წამლებზე ფასების კლება დაწყებულია, ხოლო „ჯიპისი“–ში სპეციალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც მომხმარებელს „ჯენერიკ მედიკამენტების“ შეძენის საშუალებას 30%–ით ნაკლებად სთავაზობს.
რაც შეეხება ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლას, კილაძე ამბობს, რომ ახალი კონკურენტის გამოჩენა ყოველთვის დადებითია, რადგან არსებულ მოთამაშეებს ეს პროცესი მოდუნების საშუალებას არ აძლევს.
სპეციალისტები პრემიერის განცხადება სხვა კონტექსტშიც განიხილავენ. „ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, თუმცა თავისთავად ფაქტი, რომ საქართველოს ბაზარზე შეიძლება გამოჩნდეს ახალი მოთამაშე, კარგია.
„რამდენად კარგია, როცა ამ განცხადებას პოლიტიკოსი აკეთებს და აპელირებს მეგობრობის მომენტზე? ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავ, თუ ბაზარზე თამაშის წესები ბიზნეს–სტრუქტურებს შორის იქნება სამართლიანი, იქნება კონკურენტული გარმო შექმნილი, გარკვეული პრეფერენციებით არ ისარგებლებენ ბიზნესები იმის გამო, რომ რომელიღაც მეწარმე პრემიერთან ან სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებულია“, - ამბობს კალანდაძე.
მისი განცხადებით, ეს საფრთხე იმ შემთხვევაში აღმოიფხვრება, თუ სისტემა იქნება მდგრადი და სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირების ნაწილში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა სრულფასოვანად ამოქმედება.