„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა და ახლა საპარლამენტო თანამდებობებზეც განაცხადა პრეტენზია. პარტიის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას განცხადებით მიმართა, რომ საკუთარი პარტიის წევრები კომიტეტებში განემწესებინა. კონკრეტულად კი, „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ წევრებს სურთ საპარლამენტო თანამდებობები: რამაზ ნიკოლაიშვილს, რომან გოცირიძეს, დავით კირკიტაძეს, ანა წითლიძეს, თინათინ ბოკუჩავას, დავით ხაჯიშვილს, დევი ჭანკოტაძეს, დილარ ხაბულიანს, მანუჩარ კვირკველიას, თემურ ჯანაშიას, ეკატერინე ხერხეულიძეს, ცეზარ ჩოჩელს, როსტომ ჩხეიძეს და ნონა მამულაშვილს. (იხ. დანართი)
„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო თანამდებობების დაკავების სურვილს for.ge-თან ექსპერტები აფასებენ.
ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე თვლის, რომ ხატია დეკანოიძის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე უპრინციპო და არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალა. „ოპოზიცია პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ შევიდა. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე აღმოჩნდა პარლამენტში, რომელსაც არალეგიტიმურს უწოდებდა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი სწორედ პარლამენტში შესვლის შემდეგ, პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე ითხოვენ 14-ვე კომიტეტში მოადგილის ადგილს. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. მათ არც შარლ მიშელის დოკუმენტი არ ავალდებულებდათ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, მაგრამ შევიდნენ და ახლა თანმდებობებსაც ითხოვენ. ბუნებრივია, რეგლამენტიდან გამომდინარე ისინი ამ თანამდებობებს მიიღებენ.
რაც შეეხება 5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, რომელიც, ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციამ უნდა მიიღოს და უნდა მართოს, სწორედ, შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, კომიტეტის თავმჯდომარეობებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ პრეტენზია ვერ ექნება იქამდე, ვიდრე მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
ექსპერტი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში, რომლებიც ამ პარტიების მხარდამჭერები არ არიან, იყო ის მოლოდინი, რომ საკუთარი უპრინციპობის გამო, „ნაციონალები“ პარლამენტში მაინც შევიდოდნენ და მაინც დაიკავებდნენ იმ საპარლამენტო თანამდებობებს, რომლებიც მათ ეკუთვნით.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რასაც იტყვის, ყველაფერი პირიქით ხდება. ასე რომ, მათი მხრიდან ეს ქმედება გასაკვირი ნამდვილად არ არის. თუმცა, აქაც უკვე დაბნეულობაა, იმიტომ, რომ მიხვდნენ ხატია დეკანოიძის წერილმა გარკვეული უხერხულობა, ხოლო საზოგადოების დიდ ნაწილში კი ოხუნჯობა გამოიწვია. შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა უარყო, რომ მათ საპარლამენტო თანამდებობების დაკავება სურთ. ლევან ხაბეიშვილი რას იტყვის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ეს მან გულმოსულმა თქვა, იმიტომ, რომ იმ ჩამონათვალში მისი გვარი არ იძებნება. წარმოიდგინეთ, მათმა ტელევიზიებმა ნიკა მელიას ამერიკაში ვიზიტი ტრიუმფალურად წარმოადგინეს, ამასობაში კი ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ 3 ამერიკელ კანონმდებელს შეხვდა. სააკაშვილის ამერიკაში ჩასვლამაც კი არ უშველათ. ასე რომ, არაფერი გაგვიკვირდეს, უპრინციპობა „ნაციონალური მოძრაობის“ მახასიათებელია“, - გვითხრა გია აბაშიძემ.
ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად ხუთი კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის წევრი უნდა იყოს. ამ თანამდებობას მხოლოდ ევროსავჭოს პრეზიდენტის დოკუმენტის ხელმომწერებს შეეძლებათ. ასე რომ, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვერ დაიკავებენ, რადგან დღემდე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ.