„თუ „ლელო“ გააგრძელებს „ნაცმოძრაობასთან“ ტანდემში თამაშს, ჩვენ შეიძლება უფრო მეტი პრობლემა შეგვექმნეს საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით“

„თუ „ლელო“ გააგრძელებს „ნაცმოძრაობასთან“ ტანდემში თამაშს, ჩვენ შეიძლება უფრო მეტი პრობლემა შეგვექმნეს საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით“

86 მომხრე, 3 წინააღმდეგი – პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს თამარ ჩარკვიანმა, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეიკავეს „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. საარჩევნო რეფორმით ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო კოდექსი, მათ შორის იცვლება საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი, არჩევნები ჩატარდება ელექტრონული სისტემით, აკრძალული იქნება აგიტაცია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსი, რომელიც გუშინ დაამტკიცა პარლამენტმა, გაცილებით უკეთესია, ვიდრე გვქონდა.

for.ge ლადო ბოჟაძეს ესაუბრა.

ახალი საარჩევნო კოდექსი მიღებულია. როგორ ფიქრობთ, ახალი საარჩევნო კოდექსი არის ამოსავლი, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს საუბარი არჩევნების გაყალბებაზე და არჩევნების მეორე დღეს არ დაიწყოს ისევაქციები? რას გვაძლევს ახალი საარჩევნო კოდექსი გამჭვირვალობის და თავისუფლების კუთხით?

ლადო ბოჟაძე: პირველ რიგში, გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი, ვინც გადალახა საარჩევნო ბარიერი, დღეს ყველა პარლამენტშია. არავინ აღარ საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე და ფაქტია, რომ ეს თემა ამოიწურა იმ თვალსაზრით, რომ იგივე პარლამენტის საგამოძიებო კომისიას საერთოდ არ გაეკარა ოპოზიცია, რომ მტკიცებულება წარმოედგინა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საარჩვენო ცვლილების მიღებამდეც საკმარისად გამჭვირვალე იყო პროცედურები, კარგად იყო ორგანიზებული არჩევნები და გამოჩნდა კიდეც. ამიტომ, თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 3 ოქტომბერს კვლავ შარზე იქნება, რა თქმა უნდა, ახალი საარჩევო კოდექსი მათ არ უშველით.

ოპოზიციამ, კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო ცვლილებას...

– მივყვეთ, ვინ დაუჭირა მხარი და ვინ არა. 3 ოქტომბერსაც შეუძლიათ იძახონ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გადაულახავს 43%, გააყალბეს არჩევნები და იტყვიან, რომ არ შევალ ხულოს, ან იგივე ლაგოდეხის საკრებულოში. ამიტომ, მიზეზი არ დაილევა. იცით, სომხეთშიც ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ბევრ ქვეყანაში ხდება ასე. მთავარია, ჩვენი კანონმდებლობა და ის საარჩევნო კოდექსი, რომელიც გუშინ დაამტკიცა პარლამენტმა, არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე გვქონდა მანამდე.

გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ 2 მარტს იქნა კანონპროექტი ინიცირებული და შარლ მიშელის დოკუმენტის გარდა, ოპოზიციის, თუ სამოქალაქო სექტორის უამრავი წინადადება იქნა გათვალისწინებული ახალ საარჩევნო კოდექსში. ახალი საარჩევნო კოდექსი ნაკლებ მიზეზებს დაუტოვებს ოპოზიციას ისაუბრონ არჩევნების გაყალბებაზე და რატომ? – პირველ რიგში, იმიტომ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლობა მაქსიმალურად იზრდება საარჩევნო ადმინისტრაციაში; იცვლება დაკომპლექტების წესი, 17-კაციანი იქნება საარჩევნო ადმინისტრაცია და აქედან 8 იქნება პროფესიონალი და 9 წევრი იქნება იმ სუბიექტების წარმომადგენლები, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში.

აქვე გეტყვით ერთ ნიუანსს, თქვენ იცით, „ლელომ“ თქვა, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს სწორედ იმის გამო, რომ „ლეიბორისტულმა პარტიამ“ დაკარგა წარმომადგენელი საარჩევნო ადმინისტრაციაში. თუმცა, იცით ვინ შედის „ლეიბორისტული პარტიის“ ნაცვლად? „ევროპელი დემოკრატები“, ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკიდან კიდევ ერთი პარტია. რეალურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ არჩევნებზე ეყოლება 2 კომისიის წევრი. ამას რატომღაც არ იმჩნევს არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ლელო“ ლაპარაკობს ამაზე.

„ლელოს“ გადაწყვეტილებას ასეთი განმარტება მოუძებნა მამუკა ხაზარაძემ –„მიუღებელია პატარა პარტიების დასჯა“, ამ შემთხვევაში „ლეიბორისტული პარტია“ იგულისხმა. ანუ, „ლელომ“ გაცნობიერებულად გადადგა ეს ნაბიჯი?

– შესულიყო პარლამენტში „ლეიბორისტული პარტია“ და დამთავრდებოდა, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. აქ ლაპარაკია პარტიის წევრებზე, მანდატების გამოყენებაზე და დაფინანსებაზე. მე ფაქტს გეუბნებით, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ნაცვლად „ქართულ ოცნებას“ კი არ დაემატა კომისიაში წევრი, არამედ დაემტა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი ბლოკიდან იქნება კომისიის ორი წევრი.

ანუ, საჭადრაკო დაფა სწორედ ისე დალაგდა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო...

– რა თქმა უნდა. გამოვიდა, რომ ეს არის ლეიბორისტების არჩევანი და მათი გადაწყვეტილებაა. სხვათა შორის 2008 წელსაც იგივე გადაწყვეტილება მიიღეს და საერთოდ არ შესულან პარლამენტში, ახლაც ისინი თავიანთი გადაწყვეტილების ერთგულნი დარჩნენ. მათი გადასაწყვეტია, 2022 წლამდე მათ აქვთ დრო. დავუბრუნდეთ საარჩევნო კოდექსს - ტექნიკური საშუალებები, დაახლოებით 10%–ში იქნება გამოყენებული, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს კენჭისყრის პროცედურებს და ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ფაქტობრივად გამორიცხოს ის შეკითხვები, რაც არსებობდა, იგივე სომხური კარუსელი და ა.შ.

მეორე და თვისობრივად ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საარჩევნო უბნების 10% ავტომატურად გადაითვლება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმე შეეცდება კანონდარღვევას, ვერ განახორციელებს, რადგან მას არ ეცოდინება სად შეეძლება ამის გაკეთება და არავის არ იცოდინება რომელი უბანი იქნება გადათვლილი, რაც კიდევ ერთხელ გამორიცხავს და ამცირებს იმ მინიმალურ რისკებსაც, რომელიც შეიძლება, მანამდე თეორიულად არსებობდა -

იგივე ასი მეტრით ადამიანიების კონცენტრაცია, იგულისმხმება ის, რომ ვინმემ გავლენა არ მოახდინოს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, სანამ ის შევა ხმის მისაცემად. სიჩუმის დღე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ, ამომრჩეველს მარტო ტოვებ საკუთარ გადაწყვეტილებასთან. ბევრი სხვა საკითხებია, რომელიც აუმჯობესებს საარჩევნო გარემოს. მარტო „ლელოში“ არიან ძალიან ჭკვიანები და სხვა პარტიებში არ არიან ჭკვიანები, რომელბმაც მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე დაუჭირეს მხარი ამ პროცედურებს და მიიღეს ახალი საარჩევნო კანონი?

მთავარს, რასაც მინდა მიაქციოთ ყურადღება – თუ „ლელო“ გააგრძელებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ტანდემში თამაშს და მიშელის დოკუმენტის დარღვევას, ჩვენ შეიძლება უფრო მეტი პრობლემა შეგვექმნეს უკვე უშუალოდ საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე. იცით თქვენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება და თუ აღმოჩნდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „ლელოს“ არა 4 მანდატი, არამედ მთელი ფრაქცია მხარს არ დაუჭერს ცვლილებას, 5%–იანი საარჩევნო ბარიერი დაგვრჩება, ისევე, როგორც გვიწერია კონსტიტუციაში.

„ლელოს“ ამ გადაწყვეტილებით, შესაძლოა, სწორედ აქამდე მიჰყავს პროცესი...

– ბუნებრივია, „ლელოსგან“ არაფერის გამორიცხვა არ შეიძლება. იცით, რომ „ლელოზე“ იყო თავიდანვე დამოკიდებული როგორ მოიქცეოდა დანარჩენი ოპოზიცია და „ლელო“ პირველი აყვა საბოტაჟში „ნაციონალურ მოძრაობას“, ვგულისხმობ ბოიკოტს. ასევე, „ლელო“ იყო ერთ–ერთი პირველი ვინც ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტს, სადაც ნიკა მელიას გამოშვების მექანიზმი ნათლად იყო გაწერილი, მაგრამ მაინც გაიქცა და ევროპარლამენტის დერეფნებში ეხვეწებოდნენ - ნიკა მელიას თავდებში დაუდექითო, რომ გირაოთი გამოსვლა ნაკლებად დამაზიანებელი ყოფილიყო მელიასთვის.

ასევე, „ლელო“ არის კატეგორიული წინააღმდეგი ამნისტიის პროექტის, რომ თითქოს ეს ნიკა მელიასთვის არ კეთდება და მას არ სჭირდებაო. იცით თქვენ, რომ მელიას ყველაზე მძიმე მუხლი აქვს წარდგენილი. „ლელო“ იყო ის პარტია, ვინც გახარიას მსგავსად შემთხვევით აღმოჩნდა ერთ ქალაქში, ერთ სასტუმროში სააკაშვილთან ერთად. ამის შედეგ ისევ „ლელომ“ დაიწყო პირველი საუბარი პარლამენტიდან გასვლაზე და ყველაზე მთავარი იყო კენჭისყრა, რომელსაც მხარი არ დაუჭირა, ისევე როგორც თაკო ჩარკვიანმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ორმა წევრმა.

სხვათა შორის ჩარკვიანი ამბობს, რომ მხარი არ დაუჭირა სწორედ იმიტომ, რომ ცდომილებაა ვენეციის კომისიასთან. იკვეთება ცდომილება?

– ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნა უკვე დადებითი იყო იმ პროექტზე, მათი მხრიდან არავითარი შენიშვნა არ ყოფილა, პირიქით, მათ მოიწონეს ეს პროექტი. თაკო ჩარკვიანის პოზიციები გარკვეული თვალსაზრისით გაურკვეველია, საბოლოო ჯამში, პარლამენტში შევიდა, მაგრამ შევიდა მხოლოდ მას მერე, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ შევიდა. თაკო ჩარკვიანმაც მიმართა პარლამენტს ერთ–ერთი კომიტეტის წევრობაზე. ბუნებრივია, ეს მისი უფლებაა, ისევე როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა 14–ივე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთი მიზეზი არ უნდა ჰქონდეს ოპოზიციას 3 ოქტომბერს თქვას, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

თუმცა, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში დაამტკიცეს ისეთი ცვლილებები, რომელიც საერთოდ არ ყოფილა ასახული მიშელის დოკუმენტში. ანუ, საბოლოოდ, ხომ არ მივდივართ იმ კონდენციამდე, რომ 3 ოქტომბერს ვნახოთ ქუჩაში გასული ოპოზიცია, ანუ ისევ დესტრუქცია?

– მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, პროპორციულ ნაწილში განსაზღვრული არის 43%–იანი ბარიერი, რომლის გადალახვა „ქართულ ოცნებას“ არ უნდა გაუჭირდეს. ოპოზიციისთვის ეს შედეგი იქნება მიუღებელი და მივაქციოთ ყურადღება ოპოზიციის რომელ ნაწილს უნდა რიგგარეშე არჩევნები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ნებისმიერი არჩევნები სჭირდება იმისათვის, რომ მერე მისი შედეგებიდან გამომდინარე, დესტაბილიზაცია, ქაოსი გამოიწვიოს. ისეთივე პროცესები გამოიწვიოს, რაც ჩვენ ვნახეთ ოქტომბრის არჩევნების მერე. არის გახარია, რომელიც ღიად ამბობს, რომ გადალახავას თუ არა „ქართული ოცნება“ 43%–ს, მაინც უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. მაგრამ, რატომ უნდა ჩატარდეს, იმედია, გაგვაგებინებს გახარია.

როგორ ფიქრობთ, არ გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“ 43%–ის აღება და რამდენს აიღებს გახარია, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს ელოდება?

– ამიტომ არის საინტერესო, რას გულისმობს გახარია და იმედია ამ კითხვაზე პასუხს მოვისმენთ, ისევე როგორც სხვა კითხვებზე, რომლებზეც ჯერ პასუხები არ მიგვიღია. გახარია, სავარაუდოდ, გავა მესამე ადგილზე. იგივე „მთავარმა“ და „ფორმულამ“ უკვე გვაჩვენა და ნელ–ნალა გვაჩვევენ იმას, რომ გახარია იქნება მესამე ადგილზე. გახარია გავა მესამე ადგილზე, მაგრამ მისი პროცენტული მაჩვენებელი იქნება ერთნიშნა რიცხვი. რაც ყველაზე მთავარია, ამოცანა დგას ასე – თითქოს გახარია მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ წაართმევს ამომრჩეველს, რაც არასწორია. მე მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება 43%–ის აღება, იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს თავისი სპეციფიკა აქვს.