რეპრესირებული ბიზნესმენები:

რეპრესირებული ბიზნესმენები: "დააბრუნე"!!!

წინა ხელისუფლებისგან რეპრესირებული ბიზნესმენები ხვალ, 14.00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. ამის შესახებ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში განცხადება „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელმა, მოძრაობა „დააბრუნე“-ს თავმჯდომარე, მამია სანადირაძემ გააკეთა. მისი თქმით, მოძრაობა „დააბრუნე“ რეპრესირებული ბიზნესმენების ქონების დასაბრუნებლად იბრძვის. ამ მოძრაობის ეგიდით 30 იანვარს სასტუმრო „მერიოტში“ რეპრესირებულმა ბიზნესმენებმა გამართეს კონფერენცია „რეპრესირებული ბიზნესი და ახალი რეალობა“, რომელშიც ბიზნესმენების გარდა საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. მამია სანადირაძის განმარტებით, კონფერენციაზე მსჯელობის შედეგად მოიძებნა გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან და ეს არის სპეციალიზირებული პროკურატურის შექმნა, რომელიც ჩამორთმეული ბიზნესების საქმეებს გამოიძიებდა.

„ამ იდეის ავტორი გახლავთ ბატონი გია მეფარიშვილი, რომელიც მოგეხსენებათ, არის სისხლის სამართლის პროფესორი, ასევე ორი მოწვევის პარლამენტის წევრი და პრაქტიკოსი, რადგან იგი ამავდროულად ყოფილი პროკურორია. ჩვენი ამონახსნის შესახებ მივწერეთ პრემიერ-მინისტრს. გარდა ამისა, შევხვდით საქართველოს პარლამენტის წევრებს იურიდიული კომიტეტიდან, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით. ამ ადამიანებმა გაიზიარეს ჩვენი იდეა და გვირჩიეს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა. ამის შემდეგ შევეცადეთ შევხვედროდით იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ბატონ სანდრო ბარამიძეს, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ხოლო ჩვენი მიმართვის პასუხად მან ძალიან მოკლედ მოგვწერა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისია ამ საკითხებს შეისწავლიდა, მაგრამ ექსპერტები, ჩვენი მრჩევლები ამბობენ, რომ ამ კომისიას არანაირი ბერკეტი არ აქვს ქონებრივი საკითხების გადაჭრისთვის. ამიტომ აქ ორი ვარიანტია, სანდრო ბარამიძის მხრიდან ან ადგილი აქვს სრულ არაკომპეტენტურობას, ან საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებას“, - აცხადებს მამია სანადირაძე.

მისი თქმით, რეპრესირებული ბიზნესმენები მხარს უჭერენ ახალ მთავრობას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, ასევე დიდ პატივს სცემენ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და სურვილი აქვთ, რომ მთავრობამ განიხილოს მათ მიერ შეთავაზებული სპეციალიზირებული პროკურატურის შექმნის იდეა. პრემიერ-მინისტრისთვის ხმის მისაწვდენად რეპრესირებული ბიზნესმენები ხვალ სახელმწიფო კანცელარიასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ. მათი თქმით, სპეციალიზირებული პროკურატურის შექმნა იმითაც არის სახარბიელო, რომ ამას საკანონმდებლო ცვლილებები არ სჭირდება, საკმარისია მხოლოდ იუსტიციის მინისტრის ბრძანება და ამიტომ, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა იმისთვის საჭირო, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს მიღებული. აქვე სანადირაძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტა, რადგან ამჟამად მიმდინარეობს წართმეული ბიზნესების მესამე, მეოთხე და მეხუთე პირებზე გადაფორმება, რაც საბოლოო ჯამში ამ საქმეებზე ჭეშმარიტების დადგენას და რეპრესირებული ბიზნესმენების უფლებების აღდგენას ძალიან გაართულებს.

„სანდრო ბარამიძე თუ ვერ ხვდება, რისთვის მისცა მის გუნდს ხმა ხალხმა და რეპრესირებული ბიზნესმენების ტკივილს თუ ვერ ითავისებს, არ ვიცი, მაგრამ ამჟამად მიმდინარეობს ჩამორთმეული ბიზნესების სხვებზე გადაფორმება, რითიც იქმნება ისეთი ვითარება, თითქოსდა კეთილსინდისიერ მყიდველებს აქვთ ეს ბიზნესები შეძენილი. რეპრესირებულ ბიზნესმენებს ამ გადაყიდვის პროცესის შეჩერების არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია კი, რომლის შექმნასაც ხელისუფლება გეგმავს, სავარაუდოდ 2014 წელს ამოქმედდება, რადგან ამ წლის ბიუჯეტში მისთვის ხარჯები გაწერილი არ არის. ამ ორ წელიწადში კი ყველა ქონება გადაიყიდება“, - ამბობს მამია სანადირაძე.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ბიზნესმენები ითხოვენ, რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას სპეციალიზირებული პროკურატურა და მის დასაკოპლექტებლად თუნდაც ის კადრები იქნება საკმარისი, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ იქნენ ამ სტრუქტურიდან დათხოვნილები. მამია სანადირაძის თქმით, დღეს ქალაქის პროკურატურის ანტიკორუფციულ სამსახურში სულ შვიდი გამომძიებელი მუშაობს, რომელთაგანაც ერთი „კავკასუს ონლაინის“ საქმეს იძიებს, მაგრამ შვიდი გამომძიებელი არ არის საკმარისი იმ საქმეების შესასწავლად, რომელთა რიცხვმა უკვე 18 000-ს მიაღწია. სანადირაძე ამბობს, რომ თუ რეპრესირებული ბიზნესმენების მოთხოვნა სპეციალიზირებული პროკურატურის შექმნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება, ისინი არ გაჩერდებიან და არ აპირებენ, რომ წლების განმავლობაში ელოდონ საკუთარ საქმეებზე გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება სპეციალიზირებული პროკურატურის შექმნას, ამ თემაზე დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე იურისტმა გია მეფარიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ბიზნესმენების უმეტესობას პროკურატურაში ღამის საათებში იბარებდნენ და ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც მათი ოჯახის წევრები, ან ახლობლები პატიმრობაში იმყოფებოდნენ და უცებ ამ ბიზნესმენებს სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქების სურვილი უჩნდებოდათ. იურისტი ხელისუფლების ინიციატივაზეც საუბრობს, რომლის თანახმადაც დაგეგმილია მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა. ამ კომისიის წევრებს პარლამენტი აირჩევს, ხოლო მათი ოდენობა 15-ით განისაზღრა. კომისიაში ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის და სამოქალაქო საქმეებზე მომუშავე ხუთი-ხუთი იურისტი იქნება წარმოდგენილი. გია მეფარიშვილი აცხადებს, რომ ასეთი კომისიის შექმნა კარგია, მაგრამ ალტერნატიული გზაც არსებობს, როგორიც არის სპეციალიზირებული პროკურატურის შექმნა და რასაც უფრო ნაკლები დრო სჭირდება.

„ის კომისია, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ფურცელზე არსებობს და პროექტის სახით არის წარმოდგენილი, მხოლოდ ძალაში შესული განაჩენების და სხვა გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებას ითვალისწინებს. კომისია განიხილავს უფლებაშელახული ადამიანების საჩივრებს და შესაბამის დასკვნებს მოამზადებს და თუ კომისიამ მიიჩნია, რომ საქმეში დარღვევები არსებობს, ეს დასკვნა ზემდგომ ინსტანციაში (სავარაუდოდ საქართველოს უზენაეს, ან სააპელაციო სასამართლოში) გადაიგზავნება. ამ დასკვნას ახლადაღმოჩენილი გარემოების სტატუსი ეძლევა და ამ გარემოების საფუძველზე საქმეს სასამართლო განიხილავს“, - აღნიშნავს გია მეფარიშვილი.

მისი თქმით, ეს იდეა ძალიან კარგია, მაგრამ საკითხის გადასაწყვეტად საკმარისი არ არის. იურისტი ამბობს, რომ თითქმის ყველა ბიზნესის ჩამორთმევის საქმეზე დანაშაულებრივი სქემები მოქმედებდა და საჭიროა მათი გამოძიება. ამ საკითხის გადაწყვეტა კი სპეციალიზირებული პროკურატურის შექმნით შეიძლება. აქვე გია მეფარიშვილი განმარტავს, რომ მართლმსაჯულების დამდგენი კომისია სასამართლოს განაჩენებს ვერ გააუქმებს, რადგან ამის უფლება მხოლოდ თავად სასამართლოს აქვს. ამიტომ იურისტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში სპეციალური პალატა შეიქმნას, რომელიც მხოლოდ რეაბილიტაციის საქმეების განხილვით იქნებოდა დაკავებული და ეს სპეციალიზირებულ პროკურატურასთან ერთად ერთიან მიმართულებას შექმნიდა. აქვე გია მეფარიშვილი განმარტავს, რომ ვინაიდან რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საჩივრების ოდენობა 18 000-ს აღწევს, მათ გამოძიებას მხოლოდ პროკურატურა ვერანაირად ვერ გაუმკლავდება.

„როდესაც პროკურატურაში რეაბილიტაციის შესახებ საჩივრები მიდის, იქიდან მოდის პასუხი, რომ საჩივარი მიღებულია და როგორც კი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება მიღებული, კონკრეტულ საჩივართან დაკავშირებითაც იქნება გადაწყვეტილება მიღბული. ასეთი საჩივრების რაოდენობა მატულობს და უკვე ტევა აღარ არის. ამას დაუმატეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესული საჩივრებიც. ამიტომ ამ საკითხის გადაწყვეტას სახელმწიფოებრივი მიდგომა და გადაწყვეტილებების რაც შეიძლება სწრაფად მიღება სჭირდება“, - აცხადებს იურისტი.