„უკანასკნელი 9 წლის მანძილზე ერთადერთი ოპოზიციამ რაც მოიგო, ეს იყო 8 მარტის შეთანხმება - ოპოზიციას სხვა არაფერი მოუგია“

„უკანასკნელი 9 წლის მანძილზე ერთადერთი ოპოზიციამ რაც მოიგო, ეს იყო 8 მარტის შეთანხმება - ოპოზიციას სხვა არაფერი მოუგია“

თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვე დარჩა და ყოველდღიურად ჩნდება ვერსიები, თუ ვინ იბრძოლებს დედაქალაქის მერობისთვის. სწორედ ამ თემას უკავშირდებოდა, სოციალურ ქსელში პარტია „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ფოტოს გავრცელება. ფოტოზე მინაწერი იყო, რომ მერობისთვის საუკეთესო კანდიდატი, მისი შვილი ანზორ ბიწაძეა.

for.ge-თან საუბარში, თავად ანზორ ბიწაძე უარყოფს მერობის კანდიდატობაზე საკუთარი თავის წარდგენის შესაზლებლობას  და აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი არც კი განხილულა.

სოციალურ ქსელში ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ფოტო გავრცელდა, რომელსაც წარწერა ჰქონდა, რომ თბილისის მერი უნდა იყოს ახალგაზრდა ადამიანი და ეს უნდა იყოთ თქვენ. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება?

- „ქართული ოცნების“ ზოგიერთ სოციალური მედიის მენეჯერებს, როგორც ჩანს, ძალიან შეუყვარდათ ველური მეთოდი. ადამიანის სურათს დადებენ, შემდეგ ციტატას მიაწერენ და ვითომ, ამ ადამიანის ციტატაა. ძალიან გამიკვირდა, რომ ამ ფოტომ ასეთი ინტერესი გამოიწვია, რადგან ნებისმიერი დაკვირვებული ადამიანი მიხვდებოდა, რომ ნინოს ციტატა არ იქნებოდა. როგორც ჩანს, ხუმრობის ხასიათზე არიან, არა უშავს იხუმრონ, პრობლემა არაა. სერიოზულად რომ გაგცეთ პასუხი, ეს თემა არც განხილულა. ჩვენ ვთვლით, რომ ოპოზიციას საერთო კანდიდატი უნდა ჰყავდეს და მხარს დავუჭერთ საერთო კანდიდატს, რათა შედეგი დაიდოს. ასე რომ, ჩემი კანდიდატურა არ განხილულა და არც განიხილება.

გასაგებია, რომ თქვენ თვითმმართველობის არჩევნებზე მომხრე ხართ, რათა ოპოზიციას საერთო კანდიდატი ჰყავდეს, მაგრამ ოპოზიცია ამ საკითხზე ვერ თანხმდება და ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია როგორია?

- ჩემი პოზიცია აბსოლუტურად ცალსახაა, თუ წარმატების მიღწევა გვინდა, ერთიანობა უნდა იყოს. ეს არავის აჩემება არაა. უბრალოდ, პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ უკანასკნელი 9 წლის მანძილზე ერთადერთი ოპოზიციამ რაც მოიგო, ეს იყო 8 მარტის შეთანხმება - ოპოზიციას სხვა არაფერი მოუგია. ამ 8 მარტის შეთანხმებამ მოიტანა უპრეცედენტო ერთობა.

ასევე, ვფიქრობ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ოპოზიციისთვის წარმატება არაა. შარლ მიშელის ჩამოსვლაც კი არ იქნებოდა, რომ არა ოპოზიციის ერთობა. ახლა, ხელმომწერებიდან ზოგიერთი იმდენად დაიბნენ, რომ ჰგონიათ, შარლ მიშელი მათ ჩამოიყვანეს. არა, მიშელი ჩამოვიდა ოპოზიციის ერთობისა და ბოიკოტის შედეგად. ასე რომ, აქ არავითარი ახირება არაა, უბრალოდ, პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ერთობის გარეშე ჩვენ ვერ დავამარცხებთ ადამიანს, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე უფრო მდიდარია.

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია გაერთიანებული იყო, მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან ისხედით, თუმცა, სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში ეტაპობრივად შევიდა. ამით ხომ ოპოზიციის ერთობა დაირღვა?

- ამაზე ჩვენი პოზიცია ნათელია და ჩვენი პოზიცია კოლეგებს გულახდილად გავაცანით. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოპოზიციის მიმართ ვინც პარლამენტში შევიდა, ბულინგი განხორციელდეს. ყველას თავის გზა და არჩევანი აქვს. თუმცა, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებს, პარტიზანულად და სულსწრაფობით არ უნდა მოეწერათ ხელი ამ დოკუმენტისათვის, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტი სრულიად სხვანაირი იქნებოდა. როგორც მინიმუმ ციფრი 43 გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას მეტი პრინციპულობა რომ გამოეჩინა, შარლ მიშელის დოკუმენტში ჩვენ ვადამდელი არჩევნების თარიღი გვექნებოდა.

თქვენ ახსენეთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი წარუმატებელია და მხოლოდ ის მიგაჩნიათ წარუმატებლად, რომ იქ ციფრი 43 წერია? თუ არის კიდევ სხვა რამე?

- წარუმატებლად მიმაჩნია ის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ისეთი ფორმით მოეწერა, ოპოზიციაში დისონანსი იქნა შემოტანილი. მეორე ის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების გადაკეთების პროცესი, ზუსტად ისეთი გადაკეთების პროცესია, როგორც საკონსტიტუციო რეფორმაზე იყო და რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2019 წელს დაიწყო. ასე რომ, ოპოზიციის ნაწილი საკუთარი სურვილით შევიდა, ზოგიც იძულებული აღმოჩნდა, რომ შესულიყო. ამით მივიღეთ ის მოცემულობა, რომ ოპოზიციას დაუფიქსირდა ძალიან სერიოზული წყვეტა თანმიმდევრობაში. პოლიტიკოსს ამომრჩეველი თუკი რაიმეს არ პატიობს, ეს არის არათანმიმდევრულობა.

ფიქრობთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულო ცნებას“ გაუჭირდება 43%-ის აღება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება?

- აქ საკითხი ასე არ დგას, რაც მივიღეთ, ეს არის ჩვენი კოლეგების მიერ დაშვებული შეცდომების შედეგი. კოლეგიალობა კოლეგიალობაა, მაგრამ ყველამ ერთად უნდა შევეცადოთ, რომ ქვეყანას მოვუტანოთ ვადამდელი არჩევნები. ასევე, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ მიიღოს. თუმცა, ადგილობრივი არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს რთული ამოცანა იქნება. ვისაც კარგად ესმის, თვითმმართველობის არჩევნები რასაც ნიშნავს, მიხვდება, რაზეც ვსაუბრობ. ისე კი, გაუგებარია ციფრი 43 რას ნიშნავს. თუ რეფერენდუმის სახეს ვაძლევთ, მაშინ 43 რაღა არის?! მაშინ 50+1 უნდა იყოს, მაგრამ ყველა ხელისუფლების დროს და ყველა ოპოზიციის პირობებში, პრობლემა ყოველთვის ოპოზიციის შიგნით ღალატი იყო. თუ ასეთი პრობლემები არ გვექნება, რა თქმა უნდა, შედეგი დადგება.

საპარლამენტო ოპოზიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება აღარ სურს და თვითმმართველობის არჩევნების დროს ყველას საკუთარი კანდიდატი უნდა რომ ჰყავდეს. ამ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ პროცესების განვითარება?

- აქ გაერთიანებაზე კი არ არის საუბარი, აქ საუბარია ერთმანეთთან დროებით სიტუაციურ მოკავშირეობაზე, იმისათვის, რომ ხელისუფლებიდან გავაძევოთ ადამიანი, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე უფრო მდიდარია. როდესაც კონკრეტული პარტია საკუთარ კანდიდატს აყენებს და იცის, რომ მისი კანდიდატი 7%-ზე მეტს ვერ აიღებს, ჩნდება ლოგიკური კითხვა - თუ მოგებისთვის არ იბრძვი, მაშინ რისთვის იბრძვი? თუ მოგებისთვის არ იბრძვი, მაშინ კულისებს მიღმა შეთანხმებაში ხარ შესული. რატომ უნდა შეიწუხოს ამომრჩეველმა თავი არჩევნებზე მისვლაზე, თუ მათ არ დაინახეს, რომ ოპოზიცია ცვლილებებისთვის იბრძვის. ცვლილებების გარეშე, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში არაფერი არ შეიცვლება. ხალხმა ცვლილებები მოითხოვა და არა ის, რომ ოპოზიციაში კონფიგურაციები შეცვლილიყო და ვიღაცა ვიღაცაზე გაბუტულიყო. ხალხს მხოლო ოპოზიციის ერთობის დანახვა აინტერესებს.

ექს-პრემიერი გიორგი გახარიაც დღეს უკვე ოპოზიციაშია. მასთან გაერთიანება როგორ წარმოგიდგენიათ?

- გიორგი გახარიასთან მიმართებაში არც გაერთიანებას და არც საერთო კანდიდატს არ განვიხილავთ, რადგან ჩვენსა და გახარიას მიერ გაჟღერებულ გზავნილებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა - დაწყებული 20 ივნისიდან, დამთავრებული იმით, რომ ვერ მოვისმინე გახარიას მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შეფასება - არის თუ არა ის არაფორმალური მმართველი და საქართველოსთვის არის თუ არა პრობლემა არაფორმალური მმართველობა. ეს არის ჩვენთვის უმთავრესი, მაგრამ, ბუნებრივია, რომ გახარიას პარტია საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ოქტომბრის არჩევნების დროს სწორედ გახაირიას გამო „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. ამიტომ, ის „ოცნებას“ საკმაოდ ბევრ ხმებს დააკარგვინებს. სწორედ, ამიტომ ივანიშვილმა საჯაროდ დადებული პირობა დაარღვია, რომ პოლიტიკაში აღარ გამოჩნდებოდა და სახელდახელოდ გამოაქვეყნა წერილი, რომ გახარიას მიმართ ეჭვი გაუჩნდა.

მიგაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარიასი შეეშინდა?

- შეეშინდა თუ გაბრაზდა, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ფაქტია, რომ დაინახა ელექტორალურად, გარკვეულწილად, პრობლემას უქმნიდა. ამიტომ, უკან არც კი მოუხედავს, ისე დაარღვია საკუთარი სიტყვა, რომ პოლიტიკაში აღარ ჩავერევიო. ამით კი, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ნდობა არც ერთ ნაბიჯზე არ შეიძლება.

გამოქვეყნდა „ედისონ რისერჩის“ კვლევები, ამ კვლევებს როგორ შეაფასებდით?

- ორი სხვადასხვა კვლევა გამოქვეყნდა. ციფრები როგორც ყოველთვის ერთმანეთისგან პროცენტულად მცირედით განსხვავდება. ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც საზოგადოებას პატივს სცემს, ამ კვლევებიდან ძალიან კარგად დაინახავდა, რომ სურათი დიდად არ განსხვავდება 2020 წლის წინასაარჩევნო კვლევებისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობაში ცვლილებების მოთხოვნაა. ამიტომ ყველამ კეთილი უნდა ვინებოთ და საზოგადოების დაკვეთა უნდა შევასრულოთ.