ბარათელის პროკურორად “ოცნების“ ყოფილი ადვოკატი დანიშნეს

ბარათელის პროკურორად “ოცნების“ ყოფილი ადვოკატი დანიშნეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბარათელის საქმის განხილვა 29 მარტისთვის გადაიდო. ბარათელის საქმეზე მონიტორინგის განხორციელება დაიწყო ამერიკის საელჩომ. სასამართლო დარბაზში მოსამართლესთან, პროკურორთან, ადვოკატთან, ბრალდებულ ბარათელთან და ამერიკის საელჩოს მონიტორებთან ერთად for.ge-ც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბარათელს ბრალად ედება აკრძალული ნივთის შენახვა-გამოყენება, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმე ეხება 2012 წლის 27 ნოემბერს ორთაჭალის N1 საპყრობილის დერეფანში მომხდარ ამბავს - ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ბარათელმა თვითნაკეთი ე.წ. შტირი თანასაკნელ ზურაბ ჭონიაშვილს ზურგში ჩაარტყა. ამ ბრალდებას არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.

თავად ბარათელი და მისი უფლებების დამცველი ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებენ, რომ ე.წ. შტირის ამბავი იმ ზეწოლის და პროვოკაციის გაგრძელებაა, რაც ბარათელთან მიმართებაში გურამ შარაძის მკვლელობის დღიდან ხორციელდება, რადგან აკადემიკოს გურამ შარაძის ნამდვილი მკვლელები დაუსჯელები არიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 მარტს დანიშნული პროცესის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ ბარათელის საქმეზე ახალი პროკურორი, თამაზ ჯალიაშვილი დანიშნეს, რომელმაც პროცესის დაწყებისთანავე მოსამართლე ჯემალ კოპალიანს შუამდგომლობით მიმართა - “სხვა დეპარტამენტში ვმუშაობდი. კონკრეტულ სამმართველოში დღეს ჩემი მუშაობის პირველი დღეა. დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე შევიტყვე, რომ ამ პროცესზე უნდა წამოვსულიყავი, საქმეს არ ვიცნობ და ამიტომ, გთხოვთ, საქმის განხილვა გონივრული ვადით გადადოთო“.

რაც შეეხება ბარათელის საქმეზე დანიშნული ახალი პროკურორის თამაზ ჯალიაშვილის ბიოგრაფიულ დეტალებს:

იგი ქალაქ რუსთავში დაბადებული და გაზრდილია. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რუსთავში პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების“ ინტერესებს იცავდა. მანამდე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. 2010-2011 წლებში (ნოემბრიდან მარტამდე) მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში; 2007-2010 წლებში სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო; 2006-2007 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა; 2005-ში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო; 2002-2005 წლამდე კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გახლდათ; 2000-2002 წლებში დანიშნული იყო მესტიის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინებით უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში.

მანამდე - 1990-დან 2000 წლამდე თამაზ ჯალიაშვილი ადვოკატი იყო. 1986-დან 1990-მდე კი შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

ბარათელის წინა პროკურორთან, მკაცრი გამომეტყველების ილია ხარძიანთან შედარებით თამაზ ჯალიაშვილს სათნო გამომეტყველება აქვს. სასამართლო დარბაზში ბადრაგის მიერ შემოყვანილ გიორგი ბარათელს დიდი ინტერესით აკვირდებოდა და ერთი შეხედვით, სახეზე თითქოს სიბრალულის განცდა ჰქონდა, მაგრამ ეს ერთი შეხედვით.

ვინც წინა ხელისუფლების დროს გამართულ პროცესებს ხშირად დასწრებია, უნახავს თანაგრძნობით სავსე გამომეტყველების პროკურორები, მოსამართლეები, რომლებიც შემდეგ იმგვარად იქცეოდნენ, რომ დარბაზში მსხდომთაგან ზოგი ხმამაღლა და ზოგი ჩუმად შეუკურთხებდა და უთვლიდა წყევლა-კრულვას.

ვნახოთ როგორ მოიქცევა გიორგი ბარათელის ახალი პროკურორი. for.ge აუცილებალდ დაესწრება 29 მარტს 12 საათზე დანიშნულ პროცესს და მკითხველს საქმის განხილვის დეტალებს მაქსიმალურად დაწვრილებით უამბობს.