კანონი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, საბჭოთა ანაბრები გაისტუმროს

კანონი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, საბჭოთა ანაბრები გაისტუმროს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა), 90-იან წლებში განვითარებული ჰიპერინფლაციური პროცესების გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. “ვერსიაში” უკვე ვწერდით, რომ ამ მიზნით, აფბა-მ საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრი შექმნა. ამის შემდეგ, დეტალურად მიმოვიხილეთ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პრაქტიკა _ სად და როგორ გაისტუმრეს, ან ისტუმრებენ საბჭოთა დავალიანებას. საქართველოში ეს პროცესი 1998 წელს დაიწყო, როდესაც პარლამენტმა მიიღო კანონი “სახელმწიფო ვალის შესახებ” და სხვა ვალდებულებებთან ერთად, საბჭოთა ანაბრებიც შიდა ვალში აიღო. “ვერსიას” ეკონომიკის ექსპერტი, მიხეილ ჯიბუტი ესაუბრება, რომელმაც 1998 წლის 5 მარტს, ეს კანონი პარლამენტში წარადგინა.  

მიხეილ ჯიბუტი: სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონით, საქართველოს სახელმწიფო შიდა ვალად აღიარებს: მოსახლეობის მიერ, ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილ დავალიანებას; ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის მიერ ბლოკირებული, ამავე ბანკის თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული, საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების აუნაზღაურებლობით წარმოქმნილ დავალიანებას; რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მიერ, ამ ბანკის საკორესპოდენტო ანაგრიშებზე რიცხული საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების სახელმწიფო საგარეო ვალის ანგარიშში ჩამოწერის შედეგად წარმოქმნილ დავალიანებას; თურქმენეთიდან 1995 წლის ჩათვლით მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის სანაცვლოდ. საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ დატვირთული პროდუქციის ანაზღაურებაში არსებულ დავალიანებას; საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილ დავალიანებას; ყოფილი საბჭოთა კავშირის 1990 წლის სახელმწიფო, უპროცენტო, მიზნობრივი ობლიგაციების დაფარვის ვალდებულებას; კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას; მუნიციპალურ საწარმო “თბილტრანსში”, ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობის გამო წარმოქმნილ დავალიანებას; მოსახლეობის მიერ, სახელმწიფო ლატარიაში მოგებული ნივთების გაუნაღდებლობით წარმოქმნილ დავალიანებას; ყოფილი საბჭოთა კავშირის “ინდუსტრიაბანკის” მიერ ბლოკირებული, ამავე ბანკის ბათუმის განყოფილების ანგარიშზე რიცხული, საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სავალუტო სახსრების აუნაზღაურებლობით წარმოქმნილ დავალიანებას“.

მიხეილ ჯიბუტმა “ვერსიასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ საბჭოთა მეანაბრეების ვალი აღიარა, რაც პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი იყო, დღის წესრიგში არანაკლებ აქტუალური საკითხი დადგა - როგორ და რა მექანიზმებით გადაიხდიდა სახელმწიფო ამ ვალს:

“ეს საკმაოდ რთული საკითხია და სხვადასხვა რესპუბლიკაში, სხვადასხვანაირად წყდება. საბჭოთა ანაბრების დაბრუნების პროცესი ახლაც მიმდინარეობს უკრაინაში, სადაც პოლიტიკური დატვირთვაც შეიძინა. ეს პროცესი აზერბაიჯანშიც მიმდინარეობს, რუსეთი კი 15 წელია, აბრუნებს ამ ვალს და სირთულეები მასაც აქვს. საქართველოს სახელმწიფოს 1998 წლამდე, ვიდრე ამ კანონს არ მიიღებდა, არ უთქვამს, რომ საბჭოთა ანაბრები შიდა ვალია, რაც 1990 წლიდან, ეს იყო 8-წლიანი უპატივცემულობა საკუთარი ხალხის მიმართ. 1998 წლიდან, 2013 წლამდე, 15 წელი გავიდა და არც ამ პერიოდში უთქვამს რომელიმე ხელისუფალს, როგორ უნდა გადაეწყვიტა ეს საკითხი, რაც ხალხის მიმართ უპასუხისმგებლობის კიდევ 15 წელი იყო”.

საინტერესოა, როგორ უნდა გადაჭრას სახელმწიფომ შიდა ვალად აღიარებული, ერთ-ერთი, ყველაზე უფრო მეტად მტკივნეული _ საბჭოთა ანაბრების პრობლემა. რა მექანიზმი არსებობს ქვეყანაში, რომლითაც ხელისუფლება ამ ვალს დაფარავს. მიხეილ ჯიბუტი “ვერსიას” რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს, ოღონდ ციფრები, რომლებსაც ექსპერტი ასახელებს, რა თქმა უნდა, პირობითია:

“როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ზუსტად იცი, რა შემოსავალს ფლობს ქვეყანა და რა ვალდებულება აქვს საკუთარი ხალხის მიმართ. სასურველია, რამდენიმე ვარიანტი არსებობდეს, მაგალითად, თუ ადამიანს სურვილი აქვს, რომ საბჭოთა ანაბარზე დარიცხული თანხა იმავე წელს მიიღოს, მაშინ სახელმწიფო სთავაზობს, რომ პირველ 1 000 რუბლში, 100 ლარს გადაუხდის. თუ ადამიანს უნდა, რომ ეს თანხა 5 წლის შემდეგ მიიღოს, მაშინ ყოველ 1 000 რუბლში, 150 ლარს მიიღებს, თუ უნდა, რომ თანხა 30 წლის შემდეგ მიიღოს, სახელმწიფო 30-წლიან ობლიგაციას შესთავაზებს და 30 წლის შემდეგ, საბჭოთა მეანაბრე ყოველ 1 000 რუბლში, 900 ლარს მიიღებს, მაგრამ თუ ადამიანს სურვილი აქვს, თანხა მთლიანად გაინაღდოს, მაშინ სახელმწიფო 50-წლიან ობლიგაციას შესთავაზებს. მეორე მიმართულება ის არის, როდესაც სახელმწიფო, თანხის ნაცვლად, საბჭოთა მეანაბრეს აქტივებს სთავაზობს, რაც შედარებით რთული პროცესია”.

მიხეილ ჯიბუტი იმ პერიპეტიებზეც საუბრობს, რის გამოც საბჭოთა ანაბრების საკითხი დროში გაიწელა, ემოციებით დაიტვირთა და სხვადასხვა დონის მსჯელობებში, ფაქტები უკვე მითებმა ჩაანაცვლა. მითოლოგიაში რომ არ გადავიჭრათ, ექსპერტი ანაბრებთან დაკავშირებით, ორ თარიღს უსვამს ხაზს _ 1991 წლის 26 დეკემბერი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ბუნებრივია, ამის შემდეგ, საბჭოთა ანაბარი არ წარმოიშობოდა და 1992 წლის 1 იანვარი, როდესაც საბჭოთა საბანკო სისტემამ, ანუ “სბერბანკმა” არსებობა შეწყვიტა. რაც მთავარია, 1992 წლის 1 იანვარს საქართველოს დედაქალაქში უკვე სამოქალაქო ომია გაჩაღებული, რასაც სამხედრო გადატრიალება მოჰყვა, ცალკე უნდა აღინიშნოს ომი ცხინვალსა და აფხაზეთში - მოკლედ, ეს არის დრო, როდესაც საბჭოთა ანაბრებისთვის არავის ეცალა!

რა ხდება 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ? მიხეილ ჯიბუტი განმარტავს, რომ “სბერბანკმა”, როგორც საბჭოთა ბანკმა, ლიკვიდაცია გამოაცხადა, მაგრამ სამაგიეროდ, დამოუკიდებელ, კომერციულ სტრუქტურად გადაკეთდა და ასე განაგრძო არსებობა. მთავარი ის არის, რომ საბჭოთა ანაბარი, როგორც ფულადი თანხა, “სბერბანკშიც” კი არ იყო. ექსპერტი ამბობს, რომ ფულადი თანხა ცენტრალიზებული იყო და სახელმწიფო ბანკში, ანუ “გოსბანკში” იყრიდა თავს. მიხეილ ჯიბუტის თქმით, ფულს ვერც საქართველო გასცემდა, რადგან მართალია, ქვეყანა დამოუკიდებელი იყო, მაგრამ ფინანსური დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოპოვებული.

“საინტერესოა “სბერბანკის” ისტორია, რომელიც 1841 წლიდან არსებობს. ამ ბანკმა ჯერ 1917 წელი, შემდეგ კი 1918-1921 წლები, მართლაც ღირსეულად გაიარა და დეპოზიტებთან დაკავშირებით, პრობლემები არასდროს შექმნია. საბჭოთა კავშირის დროს, “სბერბანკი” სოციალისტურ იდეოლოგიას მოერგო, შეიქმნა სახელმწიფო შრომითი შემნახველი სალაროები, რომლებიც კომერციული ბანკები კი არა, მხოლოდ და მხოლოდ შემნახველი სალაროები იყო, სადაც მოსახლეობას საკუთარი შრომითი დანაზოგი, ანუ ხელფასი შეჰქონდა. შემნახველი სალაროების ზედამხედველი “გოსბანკი” იყო, დანარჩენ 14 რესპუბლიკაში არსებული შემნახველი სალაროები კი ცენტრალური “სბერბანკის” ფილიალები იყო და დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არ გააჩნდათ” - ამბობს ექსპერტი.

მიხეილ ჯიბუტი “ვერსიასთან” საუბრისას კიდევ ერთ, მნიშვნელოვან და მტკივნეულ პროცესს იხსენებს, რამაც საბჭოთა კავშირის 15-ვე რესპუბლიკაში სერიოზული გარდატეხა შეიტანა და საბჭოთა ანაბრები, როგორც ფულადი თანხა, გააუფასურა: “ეს არის 1991 წლის იანვრის სამი დღე, როდესაც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა პავლოვმა, მსხვილი კუპიურების გადაცვლის სამდღიანი რეფორმა გამოაცხადა.  ამ პროცესს, “პავლოვის რეფორმა” უწოდეს და ეს ის პავლოვია, რომელიც 1991 წლის აგვისტოში, ГКЧП-ს ხელმძღვანელობდა. მსხვილი კუპიურების გადაცვლის სამდღიან რეფორმას, საქართველოშიც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მაშინდელი საქმოსნები ფულის ტომრებით დარბოდნენ, მაგრამ თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამ პროცესს სამი დღე არ ეყოფოდა. “პავლოვის რეფორმის” არსი ის იყო, რომ საქმოსნები, რომლებსაც საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდათ, მაგრამ შემნახველ სალაროებში დიდ თანხას ვერ შეიტანდნენ, რის გამოც დიდი ფული გარეთ იყო, სამი დღის მანძილზე, 15-ვე რესპუბლიკის მასშტაბით, შემნახველ სალაროებს მიაწყდნენ. საქართველოში, ნაღდი ფულის სახით, დაახლოებით, 14 მილიარდი რუბლი ამოიღეს, რასაც ჩვენს ქვეყანაში 300%-იანი ინფლაცია მოჰყვა, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ ყოფილა, სიტუაცია მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით აირია და ნაღდი ფული, ანაბრების წიგნაკში დაფიქსირებულ ციფრებს დაშორდა. როგორც უკვე გითხარით, საქართველოში არსებულ შემნახველ სალაროში ნაღდი ფული არ იყო და რეალურად, ფული მხოლოდ საბჭოთა მეანაბრის წიგნაკში, ჩანაწერის სახით არსებობდა”.