ვერტმფრენს, რომელზეც კოლუმბიის პრეზიდენტი ივან დუკე იმყოფებოდა, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ გამოცემა Noticias Caracol-ი წერს.
თავდასხმა ჩრდილოეთ სანტანდერის დეპარტამენტში, სარდინატის მუნიციპალიტეტში მოხდა. პრეზიდენტის გარდა, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, დეპარტამენტის გუბერნატორი და ქალაქ კუკუტას მერი. ვერტმფრენზე თავდასხმის ფაქტი ივან დუკემაც დაადასტურა.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ვერტმფრენის მისამართით სულ მცირე ექვს ჯერ გაისროლეს. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივ მედიაში ინციდენტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.