„ამაში გარკვეულწილად ჩადებულია წინასაარჩევნო კომპონენტებიც. თუმცა, ვთვლი, რომ ამაში, რაც არ უნდა უარყოფითად აფასებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია, არის ჩადებული მცდელობაც, - ესეც ხელისუფლებისთვის გარდაუვალი ნაბიჯი იყო, რომ შეემსუბუქებინა ის ეკონომიკური ტვირთი, რაც ამ პანდემიის შედეგად დააწვა ძალიან ბევრ მოქალაქეს, ორგანიზაციას, ბიზნესს“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯარაფიძე For.ge-სთან პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პანდემიის პერიოდში დაჯარიმებულ ადამიანებს გადასახადი ჩამოეწერებათ.
ღარიბაშვილის თქმით, მას კარგად ესმის, რომ ამით ბევრი ადამიანი დაზარალდა და აღნიშნული გადასახადი მათთვის დამატებითი ტვირთი იქნებოდა. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს გათვლილი წინასაარჩევნოდ, რაზეც ოპოზიციის ნაწილი საუბრობს?
- თუკი ამ კუთხითაც შევხედავთ, გამოვა ორივეს კოორდინაცია - ერთი მხრივ, წინასაარჩევნო მოსაზრებები, თუმცა, მეორე მხრივ, ნაბიჯი, რომ შეუმციროს მოსახლეობას და ბიზნესს მძიმე ფინანსური და ეკონომიკური წნეხი.
ასევე მინდა შევეხოთ, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაშინგტონში ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. თქვენი აზრით, „ქართული ოცნება“ მთავრობის ყოფილი მეთაურის „გაშავებას“ ცდილობს?
- ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ გახარიას და მის პარტიას პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიაყენოს, ადანაშაულებენ „ნაციონალებთან“ და სააკაშვილთან შეთქმულებაში, თუმცა მეორე მხრივ, ისმის კითხვა, თუკი გახარია იყო სააკაშვილის კაცი ან მოკავშირე, რატომ აწინაურებდნენ „ქართულ ოცნებაში?“ - ყველანაირად ხდებოდა მისი პოლიტიკური და პიროვნული აღზევება და ვერავინ ამჩნევდა, რომ ეს განზრახვა ჰქონდა გულში? შესაბამისად, გახარიას წინააღმდეგ ანტიკამპანია არცთუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება.
თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შეხვედრა მათ შორის ნამდვილად შედგა?
- არასდროს ვსაუბრობ მოარული ფაქტების საფუძველზე, მაგრამ ამის შანი არის 50-50%. ეს ადამიანები მოხვდნენ ერთ სასტუმროში - როგორ მოხვდნენ? არის რაღაც დამთხვევა, თუ ერთ სასტუმროში იყვნენ? არც ის არის გამორიცხული, რომ შეიძლება შეხვედროდნენ კიდევაც ერთმანეთს, ან არც შეხვედრიან და მართალია ის ვერსია, რასაც გახარიას გუნდის წევრები ავრცელებენ, რომ სხვა სასტუმროში გადავედითო. ესეც კითხვას იწვევს, თუ ერთ სასტუმროში იყვნენ, რატომ გადავიდნენ იმავე დღეს სხვა სასტუმროში? ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციაა, რომლითაც არ დგინდება სიმართლე.
გიორგი გახარია საშიშია „ქართული ოცნებისთვის?“
- „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანამხად, ხმების განაწილება დალაგებულია ზუსტად ისე, როგორც აწყობს ზოგადად, ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“, - „ქართული ოცნება“ ვერ იღებს 43%-ს და ხმების ძირითად ნაწილს ართმევს სწორედ გიორგი გახარია.
„ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ვერც „ქართული ოცნება“ იღებს სანუკვარ 43%-ს. ეს არის სწორედ ის ნარატივი, რომელსაც დღეს ავითარებენ ოპოზიციური პარტიები.
ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ გარკვეულწილად ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არის მოქცეული. გახარია რაღაც სეგმენტს „ქართული ოცნების“ ელექტორატიდან წაიღებს.
თქვენი აზრით, „ქართული ოცნება მიიღებს 43%-ს?
- დღეს, რომ გითხრათ მიიღებს ან არა, ყავაზე მარჩიელობა გამომივა. ჩვენ უნდა შევაფასოთ ეს რამდენიმე სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებით, დავადაროთ ეს შიდა პარტიულ კვლევებს, რომელიც ტარდება და ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოვიტანოთ შემდეგ მეტ-ნაკლებად ზუსტი დასკვნა, „ქართული ოცნება“ მიიღებს თუ არა 43%-ს.