ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ოპოზიციის მხრიდან ბოდიშის მოხდის მოლოდინი არ აქვს. ამის მიუხედავად, მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციას მოუწოდებენ, თამარ ჟვანიას წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო მას ბოდიში მოუხადონ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერთა ღირსებას ეხება და ამბობს, რომ, თუ ღირსება აქვს ადამიანს, ეს თამარ ჟვანიასთვის ბოდიშის მოხდაში უნდა გამოვლინდეს, რადგან, რასაც ამ ქალბატონს და მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს.
ერთი თვით ადრე, თამარ ჟვანიასთვის ბოდიშის მოხდაზე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ალაპარაკდა. ისიც მიიჩნევდა, რომ, თუ ჩვენ ვქმნით ევროპული ყაიდის ქვეყანას, ბოდიშის მოხდა არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას.
„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აღმოჩნდა ის გამონაკლისი, რომელმაც „ბევრ შეურაცხყოფაგადატანილ“ თამარ ჟვანიას ბოდიში მოუხადა იმ გამონათქვამების გამო, რისი გადატანაც მას მოუხდა თვეების განმავლობაში და, რა გამონათქვამებიც ჟვანიას არ ეკუთვნოდა.
თავად ცესკოს თავმჯდომარე ქალბატონი თვლის, რომ ბოდიში არ ასწორებს არაფერს, ყველაფერს ასწორებს სიმართლე.
ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ბოდიშის მოხდა ინდივიდუალური მოვლენაა, ეს არ არის პოლიტიკური მოვლენა და, თუ ადამიანს უნდა, ბოდიში მოიხადოს, ეს მისი ნებაა.
რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ ბოდიშის მოხდას, ანალიტიკოსის აზრით, სასამართლომ უნდა დაადასტუროს, გაყალბდა თუ არა არჩევნები. პოლიტიკაში სასამართლო და სხვა წესები არსებობს, ვიდრე ბოდიშის მოხდა-არმოხდაა. ამიტომ ირაკლი კობახიძის მოწოდებაზე, ბოდიში მოუხადონ თამარ ჟვანიას, სულაც არ მოიხდიან ოპოზიციონრები ბოდიშს.
„შეიძლება, ადამიანი აიძულო, ბოდიში მოიხადოს, როგორც ეს ჩეჩნეთში ხდება, ვიღაც რომ გააკრიტიკებს კადიროვს, მერე იმ ვიღაცას მიადგებიან სახლში და აიძულებენ ბოდიშის მოხდას, მაგრამ ეს ბოდიშია? ეს ხომ ძალადობაა. ის, ვინც მოითხოვს, ბოდიში მოუხადონ რომელიმე ადამიანს, უფრო სამარცხვინოდ იქცევა, ვიდრე ის, ვინც ბოდიშს არ იხდის. ბევრი ჩვენგანი ქრისტიანია, ქრისტიანობაში გულწრფელი, გულახდილი ბოდიში ფენომენია. ადამიანს როცა აწუხებს სინდისი, ღამე არ ეძინება და საჭმელს არ ჭამს, რადგან თავს დამნაშავედ გრძნობს ვიღაცის წინაშე, მაშინ იხდის ბოდიშს და არა მაშინ, როცა მისგან მოითხოვენ ბოდიშის მოხდას. თუ ვინმეს კარგად სძინავს, კარგად ჭამს და სულაც არ ახსენდება თამარ ჟვანია, სჭირდება ასეთი ყალბი ბოდიში?“ - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას.
იმსახურებს თუ არა თამარ ჟვანია ბოდიშს, ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი თვლის, რომ პოლიტიკაში ბოდიშები საჭირო არაა. ვიღაცამ ჩათვალა, რომ თამარ ჟვანიამ გააყალბა არჩევნები და ამიტომაც არ შევიდა პარლამენტში, მერე ვიღაცამ თქვა, არ გააყალბა არჩევნებიო, რა საერთო აქვს ამას ბოდიშთან?
„თუ თამარ ჟვანია ძალიან გაბრაზებულია, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს, მიმართოს სასამართლოს ღირსების შელახვის გამო. თუ ვიღაცას ბოდიშის მოხდა არ უნდა, რაც არ უნდა მოუწოდო, მაინც არ მოიხდის ბოდიშს, ან, თუ მოიხდის, ეს იქნება ყალბი. თუ ირაკლი კობახიძისთვის მისაღებია ყალბი ბოდიში, მაშინ მას წარმოდგენა არ აქვს, რა არის ბოდიში. საერთოდ, კობახიძეს წარმოდგენა არაფერზე არ აქვს, მათ შორის ბოდიშის ბუნებაზე, რომელიც უნდა იყოს გულახდილი, გულწრფელი და ადამიანის სურვილიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, ძალიან ბევრი პრობლემა დაფიქსირდა არჩევნებზე და, შესაძლოა, თამარ ჟვანიამ ვერც გააკონტროლა ის დარღვევები, რომლებიც მოხდა.
„ქალბატონ თამარს პირადად ვიცნობ, ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, რთულიცაა, ყველა დარღვევა გააკონტროლო, რადგან ცენტრალურ და საოლქო კომისიებში საერთო ჯამში 23 ათასზე მეტი ადამიანი იყო, რომელიც ამ არჩევნებს აკვირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. სამწუხაროდ, ბევრი დარღვევა მოხდა, თუმცა ირაკლი კობახიძის მოწოდებაზე, ალბათ, ბოდიშის მოხდას არავინ აპირებს“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.