აგვისტოს ომიდან 13 წლის თავზე კვლავ აქტიალურია თემა - ვინ დაიწყო ომი? „მთავარმა არხმა“ ეთერში მოწვეულ მამუკა მდინარაძეს წინაწარ მომაზადებული სიუჟეტით შეახსენა, მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ 2008 წლის ომის პროვოცირებაში. მდინარაძემ კი გადაცემის წამყვანს რეზოლუციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წარმომადგენელთა ხელმოწერა აჩვენა, სადაც ეს უკანასკნელნი ადასტურებდნენ ქართული მხარის მიერ კასეტური ბომბების ჩამოყრას ცხინვალის ტერიტორიაზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძე მდინარაძე ტყუილში დაადანაშაულა და რეზოლუციის საკუთარი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა:
„რა თქმა უნდა, იქ სადავო პუნქტებია, მაგრამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, პირველად იყო მოხსენიებული ფრაზა - „რუსეთის ოკუპაცია“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისკანდერზეც უნდა ვთქვა - ძალიან მწვავე და უტიფარი ტყუილი ბრძანა ბატონმა მდინარაძემ - ბომბებზე ინფორმაცია დამალესო. არა, ჩვენ 2008 წელსვე ჩვენს პარტნიორებს (ინფორმაცია) გადავეცით ექსპერტიზისთვის, რომ ნამდვილად, ეს რუსეთის მიერ გამოყენებული უმძიმესი ლეტალური იარაღი იყო. ეს არის მტკნარი ტყუილი, არავის არაფერი დაუმალავს, უფრო მეტიც, ჩვენ 2008 წელსვე ჩვენი პარტნიორები საქმის კურსში ჩავაყენეთ“,- განაცხადა ხატია დეკანოძემ.
მეორე დღეს, ომის თემამ ტელევიზიიდან პარლამენტში, ხოლო დაპირისპირებამ ახალ რეგისტრში გადაინაცვლა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ომის თემის გააქტიურების მიზეზებზე for.ge-ს კითხვებს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პასუხობს.
დავით ქართველიშვილი: ქიმიაში ასეთი ცნება არსებობს - კატალიზაცია და კატალიზატორი. ეს არის ნივთიერება, რომელიც ქიმიურ რეაქციას აჩქარებს. როგორც ვატყობ, ოპოზიციური მედიის ინიციატივა, რომ პერიოდულად ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სავსებით ჯდება ამ კატალიზაციის ცნებაში და სავსებით მიესადაგება ქართულ ანდაზას „თაგვმა თხარა თხარაო, კატა ამოთხარაო“. საქმე ისაა, რომ წლების განმავლობაში საკუთარ ოპოზიციურ მედიაში ტაბუდადებული იყო მთელი რიგი მნიშვნელოვანი თემები, რომელთა წამოწევაც არანაირად არ აწყობდათ. ოპოზიცია თავის ამომრჩეველს ასაზრდოებდა იმით, რომ ჭეშმარიტებაზე მონოპოლიზაცია მხოლოდ მათ ხელშია. სინამდვილეში ფეიკ-მეიკერებად ჩამოყალიბდნენ.
როგორ კი მათ სტუდიაში ხელისუფლების წარმომადგენელი მივიდა და მათი საინფორმაციო სტუდიიდან ამცნო ამ მედიის მაყურებელს სწორი ინფორმაცია დოკუმენტებზე დაყრდნობით, გადაცემის წამყვანიც მოუმზადებელი აღმოჩნდა. თავად სარედაქციო პოლიტიკაც უსუსური აღმოჩნდა.
რაც მთავარია, ჩიხში მომწყვდეული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრები ცდილობენ თავის მართლებას ისეთ თემებში, სადაც თავის მართლებას აზრი არ აქვს. რამეთუ დოკუმენტი აფიქსირებს იმას, რომ 2008 წელს, მათი მხრიდან სახელმწიფო ღალატი განხორციელდა.
დღეს მათი მხრიდან აგვისტოს ომის თემის გააქტიურება და გადაბრალებები რისთვის დასჭირდა „ნაციონალურ მოძრაობას“?
- ერთადერთი რისთვისაც ეს პროცესი დაწყებული აქვთ, მართლაც სასაცილო გადაბრალებების მცდელობაა. ახლა, ერთადერთი ის დარჩენიათ, რამენაირად გამოძვრნენ და საკუთარი ამომრჩევლის თვალწინ მართლაც, რომ დასველებულები მშრალად გამოვიდნენ. გააქტიურდა თემები, რომლის შესახებ ადეკვატური ადამიანი დიდი ხანია საკუთარ თავს კითხვებს უსვამს და ამ კითხვებზე პასუხებიც აქვს მიღებული. ის თემები, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება, ამ 13 წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ არც ერთ წევრს თავიანთ დაქვემდებარებულ ტელევიზიაში არასდროს არ განუხილია იმ თვალსაზრისით, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს. ამ რეზოლუციაში წერია მთელი რიგი დანაშაულები და სამწუხაროდ, მათი ხელმოწერით ქართულ მხარეს ბრალდება ცალსახად ომის დაწყება.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები საკმაოდ დიდი ხანი ოპოზიციურ ტელევიზიებში არ მიდიოდნენ. ახლა, ჯერ იყო და ირაკლი კობახიძე, შემდეგ მამუკა მდინარაძე იმ ტელევიზიაში მივიდნენ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ქება-დიდებაშია. უცნაურად არ გეჩვენებათ წინასაარჩევნოდ ძველ თემებზე დაპირისპირება?
- მათ ინტერესებში შედის, რომ გადაცემათა ეს ციკლი, რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტონ. ჩვენ სულ ორად-ორი გადაცემა ვნახეთ, ალბათ, კიდევ ბევრი აქვთ დაგეგმილი და ამით საკუთარ თავს დააზიანებენ. მათ ინტერესებშია, რომ ისეთი რამ მოიგონონ, რითიც ხელისუფლებას დააზარალებენ.
ცნობილია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილი ხომ არ კარნახობს ძველი თემების ამოწევას, რათა შიდა დაპირისპირება გადაფარონ?
- ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბოთ ყველა ის ლოგიკური მოსაზრება, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც „ტიტანიკი“ ისე იძირება. გაექცათ მოქმედი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, ადამიანი, რომელსაც ერთადერთს ჰქონდა სერიოზული დიპლომატიური მუშაობის გამოცდილება. წავიდა ამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, რომელსაც ბევრი ერთ-ერთ, ყველაზე ინტელექტუალურად დაჯილდოვებულ ადამიანად თვლიდა - სალომე სამადაშვილზე ვსაუბრობ. არ ხმაურდება, რადგან სირცხვილი იქნებოდა მათი მხრიდან ამის აღიარება, რომ პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ლევან ვარშალომიძეც წავიდა, რომელიც საკუთარ ბიზნესში გადაერთო და პარტიულ მუშაობასთან აღარაფერი აკავშირებს. ბევრმაც საკრებულოებში საკუთარი სკამები „ქართულ ოცნების“ სავარძლებში გაცვალა. ვაშინგტონში ამ პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ნიკა მელიას და პოლიტსაბჭოს წევრის, თინათინ ბოკუჩავას ვიზიტი კრახით და ფიასკოთი დასრულდა. ისინი ვერც ერთ სერიოზულ პოლიტიკოსს ვერ შეხვდნენ, საუბრები მხოლო ენჯეოს დონეზე მიმდინარეობდა. ანუ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ განაჩენი გამოუტანა, რადგან ძალიან დაბალ დონეზე მიიღეს რიგით მეორე პარტიის ლიდერები. ამას ემატება მწყობრიდან გამოსული მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არც უკრაინაში გამოსდის არაფერი, არც საქართველოში და ფაქტობრივად მისი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ემსხვრევა და ნელ-ნელა ისტორიას ბარდება. დღეს, ერთადერთი თემაზე შეიძლება საუბარი მიმდინარეობდეს - ამ პარტიის ამომრჩეველი რომელ ახალ ლიდერს აირჩევს, ან რომელ პარტიას მიეკედლებიან იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური წინსვლა გააგრძელონ.
თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და კანდიდატზე დღემდე ვერ თანხმდებიან, ნიკა მელიამ უარი განაცხადა მერობაზე. ამ საკითხზე რას მოიმოქმედებენ?
- დღეს რომ ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა ჩატარდეს, მეშინია, წარმოვიდგინო კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი რა მინიმუმადე დაიწევა. მაგრამ ვიდრე ახალი მონაცემები არ არსებობს, ნომინალურად, ეს პარტია ითვლება პარლამენტში თავისი დეპუტატების რაოდენობით მეორე პარტიად. წარმოიდგინეთ, მეორე ადგილზე მყოფი პარტია არ ასახელებს თავის კანდიდატს თბილისის მერობაზე. ანუ, ეს რას ნიშნავს? - რა დონის გაკოტრებულია საკუთარ წიაღშივე, რომ ვერც საკუთარი პარტიის წარმომადგენელს ასახელებს, ვერც საკუთარი პარტიის ლიდერს ენდობა და რაც მთავარია, გაკოტრებულები არიან ყოფილი პარტნიორების თვალში, რადგან, თვენახევრის წინ, როდესაც პარლამენტში შედიოდნენ, მოღალატეები ეძახეს. სულ რამდენიმე ხანში კი, თავადვე გაიარეს სირცხვილის კორიდორი. „ძალა ერთობაშია“ უნდა დავივიწყოთ, ისინი ვერც ერთიან კანდიდატზე შეჯერდებიან, იმიტომ, რომ პატარა პარტიებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა.
როგორ ფიქრობთ, ასეთი დაბალი რეიტინგისა და დაპირისპირების ფონზე, ყოფილი „ნაციონალები“ თუნდაც, იგივე გრიგოლ ვაშაძე, სალომე სამადაშვილი და ლევან ვარშალომიძე ცალკე პარტიას ხომ არ შექმნიან და მიხეილ სააკაშვილს ხომ არ დაუპირისპირდებიან?
- ლევან ვარშალომიძეს გამოვრიცხავ. კულუარული ინფორმაცია მაქვს, რომ მას პოლიტიკა აღარ სჭირდება. მეორე საკითხია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან სექტანტური პირები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის, როგორც ბელადის მიმდევრები მას საფლავშიც კი ჩაყვებიან. თუმცა, არიან ისეთი ადამიანებიც, ანუ მედროვეები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილიც და „ნაციონალური მოძრაობაც“ იმისთვის გამოიყენეს, რომ პარლამენტში შესულიყვნენ. ეს ადამიანები ახლა შეეცდებიან პატარა პარტიებთან რაიმე ურთიერთობები დაამყარონ, რათა რაღაც ფრაქციებში გაერთიანდნენ.