„გორილკა „ვ“ პერცომ“

„გორილკა „ვ“ პერცომ“

სამწუხაროდ საქართველოს ისტორია ისე წარიმართა, რომ დიდი ხნის განმავლობაში რუსებთან „ახლო ურთიერთობა“ გაგვაჩნდა. ჩვენი ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში ჩრდილოელი მეზობლის შემადგენლობაში შედიოდა და ძალაუნებურად ცხოვრების ნებისმიერ სფეროში რუსებთან ხშირი კონტაქტი გვიწევდა.

მენტალურად ეს ორი ერი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ამიტომ ქართულ-რუსული ურთიერთობები განსაკუთრებულ ელფერს იძენდა.

წინა კვირას ანსამბლი „ერისიონი“ მოსკოვიდან დაბრუნდა. საქართველოში  მის გასტროლებს  არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. 2008 წლის ომის შემდეგ დიდი დრო არ არის გასული და იმდროინდელი მოვლენები ქართველების გულებში ჯერაც მოუშუშებელ ჭრილობად რჩება.

საზოგადოება ორად გაიყო. ნაწილი „ერისიონის“ წევრებს მოღალატეებად მიიჩნევს, ხალხის ერთი კატეგორია კი თვლის, რომ უმჯობესია საქართველომ რეალობას თვალი გაუსწოროს, რუსეთთან უწინდელი დამოკიდებულება აღიდგინოს და ბოიკოტს თავი დაანებოს.

ამ მტკივნეულ თემაზე საუბარი მიმძიმს, რადგან იმ სისხლიანი აგვისტოს პერიპეტიები დღესაც თვალწინ მიდგას. მეორე მხრივ ცხოვრება წინ მიდის და დრო ყველაფრის მკურნალია.

დღევანდელ წერილში „ერისიონის“ კრემლში სტუმრობის შესახებ მეტს ვერაფერს მოგახსენებთ. ალბათ მეც გარკვეული ხანი დამჭირდება რომ მეზობელ რუსეთს უწინდელი აგრესიით აღარ შევხედო.

დღეს კვირა დღეა და გადავწყვიტე რუსულ-ქართული ურთიერთობები სახალისო კუთხით წარმოგიდგინოთ და რამდენიმე ძველი მოგონება შემოგთავაზოთ.

ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი ნოდარ დუმბაძე იქნება. ერთხელ ბატონი ნოდარი საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მოსკოვში ჩატარებულ ერთ-ერთ ყრილობაზე აღმოჩნდა. ქართველები სასტუმრო „იუნოსტში“ მოათავსეს.

სართულებსაც და რესტორნებსაც ყრილობის დღეებში სტუდენტები ემსახურებოდნენ.

ერთ საღამოს  რამდენიმე ჩვენმა თანამემამულემ, მათ შორის ნოდარ დუმბაძემ სასტუმროს რესტორანში ვახშამი მოისურვა. ნოდარმა ბუფეტის თაროზე უკრაინულ არაყს შეავლო თვალი და ოფიციანტი გოგონა თავისთან მოიწვია.

- ერთი ბოთლი „გორილკა „ვ“ პერცომ“ მოგვიტანეთ.

ცოტა ხანში ოფიციანტმა შეკვეთა შეასრულა. ბოთლს უკრაინული იარლიყი ჰქონდა: „გორილკა „ვ“ პერცომ“. ნოდარმა „განრისხებული“ სახე მიიღო და ოფიციანტს მიმართა:

- არ გრცხვენია, მოტყუებას პატარაობიდანვე ეჩვევი?

- ბოდიში, ვერ მიგიხვდით, რას გულისხმობთ?

- ჩახედე ბოთლში, რამდენი წიწაკაა?

- ორი...

- ახლა იარლიყზე რა წერია, რამდენი უნდა იყოს?

- სამი...

- ჰოდა, წაბრძანდი, ბოთლი შეგვიცვალე და შოკოლადიც მოაყოლე!

დამორცხვილი, ლოყებაფაკლული გოგონა ბარმენს მიეჭრა და გასაგებია, რის მტკიცებაც დაუწყო. ბარმენი ახარხარდა, მერე ყურში რაღაც უჩურჩულა. გოგონა დინჯი ნაბიჯით დაბრუნდა და გაბუტული გამომეტყველებით ბოთლი არაყი და შოკოლადიანი თეფში ქართველებს მაგიდაზე დაუდგა.

- შენ არაფერი გეწყინოს! - უთხრა ნოდარმა, - ჩვენ ქართველები, ვინც მოგვწონს, იმას ვეხუმრებით ხოლმე...

და გაღიმებულ გოგონას შოკოლადი გაუწოდა.

ცნობილი ქართველი მსახიობი, განუმეორებელი ოსტაპ ბენდერის როლის შემსრულებელი არჩილ გომიაშვილი  ციმბირში ერთხელ მეტად კურიოზულ ვითარებაში აღმოჩნდა. ამ შემთხვევას გომიაშვილი შემდეგნაირად იხსენებდა.

„ციმბირში ჩავედი საგასტროლოდ. ვმოგზაურობ. მირეკავს ადმინისტრატორი: - არჩილ მიხეილის ძევ, კონცერტის გამართვა ამჯერად მოგიწევთ ერთობ არაჩვეულებრივ აუდიტორიაში, თუ ღმერთი გწამს, უარს ნუ მეტყვი. სამაგიეროდ, საუზმით და სადილ-ვახშამით უზრუნველყოფილი იქნებით.

- კეთილი, - დავთანხმდი და მერეღა ვკითხე, - მაინც სად მიგყავარ?

- სამხარეო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

უარის თქმა უკვე გვიან იყო. მივედით. იქაურმა ადმინისტრატორმა გულითადი მიწვევით შეგვიყვანა სასადილოში და თან დასძინა: სწორედ რომ დროულად მოგვისწარითო. ქურქი რომ გავიხადე, რიხიანად წამოვიძახე: მე ახლა ისე მშია, შეუჭმელი არავინ და არაფერი გადამირჩება-მეთქი.

ამის თქმა ძლივს მოვასწარი, თითქოს გრიგალმა გაფანტაო, ერთბაშად გაგრიალდა ყველა. სასადილო მთლიანად დაიცალა. ეტყობა, ეგონათ, ახალი ავადმყოფი მოიყვანესო. კონცერტი, რა თქმა უნდა, ვეღარ გავმართეთ და მშივრებიც დავრჩით.“

არანაკლები „ფათერაკი“ გადახდათ თავს თბილისის პანტომიმის თეატრის მსახიობებს. რუსეთის ერთ მიყრუებულ ქალაქში ქართველები ყრუ-მუნჯებად მონათლეს.

გოგი ოსეფაშვილი, პანტომიმის თატრის მსახიობი: „კომუნისტების პერიოდია, რუსეთში გვაქვს გასტროლები. ერთ-ერთ ქალაქში ჩვენი ჟანრი ვერ აღიქვეს და ეგონათ, რომ ყრუ-მუნჯთა ჯგუფი ვართ.

დაირხა ხმა, ინვალიდები ჩამოსულანო. შემდეგი წარმოდგენა მეზობელ ქალაქში გვქონდა. გამოვედით, ტაშით შეგვეგებნენ, კეთილი და პატიოსანი. მიდის სპექტაკლი და დარბაზში სამარისებური სიჩუმეა. ჩურჩულიც კი არ ისმის.

ნომრების დამთავრებისას სხვაგან „ბრავოს“ რომ ყვიროდნენ, აქ სხვა ხმები გვესმის - მ-მ-მ, ა-ა-ა, უ-უ-უ! ვერ ვხვდებით, რა ხდება. ერთი ამოვარდა ყვავილებით ამ-ამ-მუუ! - გვითხრა კმაყოფილმა და ჩავიდა.

უცებ გავიხედეთ და სცენის კუთხეში ვიღაც ქალი ზის პირით დარბაზისკენ და ხელებით ლაპარაკობს. თურმე, რაც ქალაქში ყრუ-მუნჯები იყვნენ, „კოლეგების“ სანახავად მოეყვანათ და მუსიკაც რომ არ ესმით, ის ქალი მოვლენების შინაარსს თარგმნის.

წარმოდგენის ბოლოს სამადლობელი სიტყვის წარმოთქმა დავიწყე. დარბაზი პირდაღებული მომაჩერდა. გავხედე თარჯიმანს და გულწასული იატაკზეა გაშხლართული...“

მწერალი ოთარ ჭელიძე სხვა ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებთან ერთად სტუდენტობისას მოსკოვში ცხოვრობდა. ერთ დღეს ქართველებმა აღმოაჩინეს, რომ ხელიდან გამდიდრების შესაძლებლობა გაუშვეს.

ოთარ ჭელიძე: „მოსკოვში სწავლის დროს ერთ სახლში ვცხოვრობდით მე, შოთა ქარუხნიშვილი, თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე. გიგა ლორთქიფანიძეც ხშირად მოდიოდა ჩვენთან.

გვშიოდა, გვწყუროდა, გვციოდა, ერთი სიტყვით, ყოველნაირად გვიჭირდა სტუდენტებს.

ერთ დღეს ვხედავთ, ჩვენს სახლს ალყა არტყია. თურმე, ბუხარს რომ წმენდნენ, ერთი აგური ჩატყდა, ჩავარდა და... გამოჩნდა ოქროს ზოდი. გაიგეს, რომ ბუხარი ოქროს ზოდებით იყო აშენებული და მერე შეენიღბათ აგურებით. ამ ამბის შემდეგ გიგა ლორთქიფანიძე სინანულით ამბობდა:

- რატომ თავები არ ვურტყით იმ ბუხარს და არ დავანგრიეთ, რომ ის განძი მშიერ-მწყურვალ სტუდენტებს გვეპოვა და ადამიანურად გვეცხოვრაო. თუმცა რომ გვეპოვნა და დაგვემალა, ალბათ ყველას დაგვხვრეტდნენო.“

ჩვენი მომდევნო სტუმარი ქალბატონი დოდო ჭიჭინაძე გახლავთ, რომელიც მხატვრული სურათი „დავით გურამიშვილის“ გადაღების პერიპეტიებს გაიხსენებს.

„მხატვრული სურათი „დავით გურამიშვილის“ გადაღება ლენინგრადში მიმდინარეობდა. გადაღებები ერმიტაჟში უნდა გაგრძელებულიყო. ერმიტაჟი კი სრულიად დანგრეული გახლდათ.

დახმარებისთვის მის დირექტორს, იოსებ ორბელს მიმართეს. მინებჩამტვრეულ დარბაზებში მუშაობა შეუძლებელი იყო. მსახიობები, ბუნებრივია, ვერ გავუძლებდით რუსეთის სიცივეს.

ფილმის გადასაღებად ცხრა დარბაზი უნდა აღედგინათ.

მაშინ ფილმის დირექტორი ტარას მახარაძე მინის საშოვნელად ურალში გაფრინდა. მინის ქარხნის დირექტორი ქართველი აღმოჩნდა და როცა გაიგო, რა საქმეზე იყო ჩასული მახარაძე, არა თუ ცხრა დარბაზისთვის, მთელი ერმიტაჟის შესამინად რამდენიმე ვაგონი საუკეთესო ხარისხის მინა გამოგზავნა.“

სერგო ფარაჯანოვი დიდი კინორეჟისორი გახლდათ. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მისი მომავალი პროფესიის არჩევაში გადამწყვეტი როლი, ქართველმა რეჟისორმა გუგული მგელაძემ და მისმა რუსმა კოლეგა სერგეი გერასიმოვმა ითამაშეს.

გუგული მგელაძე: „სერგეი გერასიმოვი იღებს „ახალგაზრდა გვარდიას“ და სჭირდებათ სომეხი.

სინჯებზე დაუძახეს სერგო ფარაჯანოვს, კიდევ ორ სომეხ ბიჭს და რატომღაც მეც. სამ სომეხს როგორ ვაჯობებ სომეხის როლზე?

კინომსახიობთა თეატრშია შერჩევა. ერთი შევიდა და გაბრწყინებული სახით გამოვიდა. მეორეც გამოვიდა. ბოლოს ფარაჯანოვს მოუსმინეს. ახლა, ჩემი ჯერია.

ნაწყვეტი წავიკითხე „ახალგაზრდა გვარდიიდან“ და კვდებიან სიცილით, თურმე იუმორი მაქვს. გერასიმოვის მეუღლე თამარ მაკაროვა გამოვიდა კონკურსის შემდეგ და მითხრა: „თქვენ ითამაშებთ!“

ალბათ, ფარაჯანოვი იმიტომ გახდა დიდი რეჟისორი, რომ მაშინ ვაჯობე.“

დღევანდელ წერილში საუბარი ქართველ ხელოვანებზე გვქონდა. დასასრულს ერთი თანამემამულე პოლიტიკოსი მსურს გაგახსენოთ, რომელიც რუსეთის იმპერიას რკინის ხელით რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მართავდა. გაგიკვირდებათ და წერილს ერთი ანეკდოტით დავასრულებ.

„ერთ გორელ ნაცნობს მოსკოველმა მეგობარმა შემოუთვალა, - ჯიშიანი ვირი ჩამომიყვანე საჩუქრად დაბადების დღეზეო.

ამანაც კახეთში იყიდა ვირი და ჩაუფრინა იმ კაცს, რომელიც წითელ მოედანთან ახლოს ცხოვრობდა. წესრიგის დამცველს ეკითხება, მაღაზიაში უნდა შევიდე და იქ ვირს ვინ შეგაყვანინებს, სად დავაბაო? მილიციელი გამხიარულდა.

- სადაური ხარ, ძია? - ეკითხება ვირის პატრონს.

- გორელი.

რუსმა გულიანად გადაიხარხარა.

- რა გაცინებთ, ამხანაგო? - გაუკვირდა გორელს.

- რა და აქ ერთი გორელი იყო, კრემლში 22 ვირი ჰყავდა დაბმული და შენ ერთი ვირი ვერ უნდა დააბაო?“