ამერიკულმა სასამართლომ ინდიანის შტატის 49 წლის მკვიდრს, ანა მორგან ლოიდს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე 3-წლიანი პირობითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 120 საათი და 500-დოლარიანი ჯარიმა დააკისრა.
Associated Press-ის ინფორმაციით, ბრალდებულმა გამოძიებასთან შეთანხმება გააფორმა და ბრალი აღიარა. სასამართლო სხდომაზე ანა მორგან ლოიდმა ბოდიში მოუხადა სასამართლოს, საკუთარ ოჯახსა და ამერიკელ ხალხს იმის გამო, რომ შტურმის დღეს ვაშინგტონში ჩავიდა, რათა მშვიდობიან დემონსტრაციაზე მხარი დონალდ ტრამპისთვის დაეჭირა.
პროკურატურის მტკიცებით, ანა მორგან ლოიდი შტურმის დროს არ იჩენდა აგრესიას, წინასწარ არ გეგმავდა არეულობებში მონაწილეობას, კაპიტოლიუმის შენობაში მხოლოდ 10 წუთი დაჰყო, გამომძიებლებს საკუთარი მობილური ტელეფონის შესწავლის საშუალება მისცა, აქამდე არ ყოფილა პასუხისგებაში მიცემული და კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე საკუთარი ბრალი აღიარა, რაც, საერთო ჯამში, იძლევა იმის საფუძველს, რომ სასჯელი პირობითი იყოს.
სულ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ბრალი 500-მდე ადამიანს აქვს წარდგენილი.
6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ მისი უწყება კაპიტოლიუმზე შტურმს ტერორიზმის აქტად განიხილავს.