აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის უხანის ლაბორატორიიდან გავრცელების მტკიცებულებები უკვე გაანადგურა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის თავიდანვე დარწმუნებული იყო იმაში, რომ ვირუსის გავრცელება უხანის ლაბორატორიიდან დაიწყო.
„ჩემთვის ეს ნათელი იყო. ამას უკვე დიდი ხანია ვამბობ. მივიჩნევ, რომ ეს, სავარაუდოდ, შემთხვევითობა იყო, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ ეს სულაც არ იყო შემთხვევითობა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კითხვას, იქნება თუ არა წარმატებული კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიება, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა:
ასე არ ვფიქრობ, რადგან ჩინეთმა, სავარაუდოდ, უკვე გაანადგურა უამრავი მტკიცებულება. უკვე გვიანია. ვფიქრობ, მტკიცებულებები უკვე სერიოზულად დაზიანებულია.
26 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაძლიერება დაავალა.
25 მაისს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთი ბოლომდე არ იყო გამჭვირვალე COVID-19-ის წარმოშობის გამოძიებისას და საჭიროა სრული გამოძიება იმის დასადგენად, ვირუსი ბუნებრივად გავრცელდა თუ ლაბორატორიული შემთხვევის შედეგად.
30 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.