საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები „ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის“ პანელში განიხილეს

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები „ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის“ პანელში განიხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის” განხილვაში მიიღო მონაწილეობა. პანელი „ბრიუსელის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა. თემაზე მსჯელობისას მომხსენებლები იყვნენ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ელჩი კურტ ვოლკერი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილო დუკანოვიჩი და გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რუპრეხტ პოლენზი.

ალექსანდრე ვერშბოუმ ალიანსის გაფართოების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ნატოს დღის წესრიგში მთავარი ადგილი უკავია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება: „საქართველოს უნიკალური სტატუსი აქვს. ამ ქვეყანამ ბუქარესტის სამიტზე მკაფიო გზავნილი მიიღო, რომ ნატოს წევრი გახდება“. მისივე თქმით, ალიანსი მხარს უჭერს და მიესალმება საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას.

გამოსვლაში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საქართველოში გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება. ალექსანდრე ვერშბოუ საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და მთავრობასა და ოპოზიციას შორის კოაბიტაციის გამოწვევაზეც ისაუბრა. „დღესდღეობით, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, საქართველოს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში. როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციის ნაწილი, ამ ქვეყანას ბევრი მსხვერპლიც ჰყავს. საქართველოს პასუხისმგებლობაც აქვს აღებული რეგიონალური სტაბილურობა ძალის გამოყენების გარეშე განავითაროს“- განაცხადა ალექსანდრე ვერშბოუმ.

“ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის” პანელში, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო. მან რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე, ოკუპირებული ტერიტორიებისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწიელობის შესახებ ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა პანელის მომხსენებლებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ შეკითხვაც დაუსვა.

ირაკლი ალასანიას შეკითხვას ელჩმა კურტ ვოლკერმა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ უპასუხეს. მათი განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების გატარება, ასევე, რეგიონალური ურთიერთობების დარეგულირება. ამ პროცესს ალიანსი გამუდმებით ადევნებს თვალყურს.

მარშალი ფონდის ორგანიზებით გამართული „ბრიუსელის ფორუმი“ დღეს სრულდება.