მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერმა, აუქციონზე თვითმმართველობის სარგებლობაში მყოფი მანქანების გაყიდვა დაიწყო, იდეა რეგიონებშიც აიტაცეს. შეიძლება უგულავას შემთხვევაში ეს უბრალოდ ქამრების შემოჭერის პიარი იყო, მაგრამ რუსთავის საჯარო მოხელეები თავს დებენ, რომ სამსახურის ძვირადღირებული მანქანებით მათ რუსთაველები უკვე ვეღარ ნახავენ.
თვითმმართველობამ აუქციონზე სამსახურეობრივ სარგებლობაში მყოფი 6 მანქანა გამოიყვანა. მათ შორის რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის – კახა გურგენიძის MERSEDES-BENZ –ი, საწყისი ღირებულებით 6 500ლარი. გაყიდვას უპირებენ ქალაქის მერის – მამუკა ჩიქოვანის VOLKSWAGEN TOUAREG–ს, რომლის საწყისი ღირებულებაც 36 000 ლარია. აუქციონზეა ასევე, მერის ერთ-ერთი მოადგილის - გიორგი ტაბატაძის FORD-FOCUS–ი, რომლის საწყისი ღირებულება 10 500ლარია.
თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების ნახმარ მანქანებს ჯერ-ჯერობით პატრონი არ გამოუჩნდათ.
”ნამდვილად არ ვიცნობ იმ ადამიანს, ვის თავშიც ეს იდეა გაჩნდა. თუ ეს უგულავას იდეაა და საუბარია ჩვენი მხრიდან იდეის ატაცებაზე, გეტყვით რომ ყველა სახელმწიფოებრივად სასარგებლო და კარგ იდეას მომავალშიც ავიტაცებთ. ამ შემთხვევაში, მანქანების აუქციონზე გატანა არის ერთ-ერთი ღონისძიება, რომელიც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად. მომავალში ჩვენ ამ კუთხით სხვა სახის ღონისძიებებსაც დავიწყებთ და ამაზე მოგვიანებით ამომწურავად მოგაწვდით ინფორმაციას. სხვების არ ვიცი, მაგრამ პირადად მე, ალბათ, გარკვეული პერიოდი საკუთარი მანქანით ვივლი“ – საუბრობს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძე.
თავად რუსთველების აზრი კი ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია. ”თუ მართლა გაყიდვა უნდათ, წავიდნენ და მანქანები მერიის წინ კი არა, ავტობაზრობაზე დააყენონ. თავის დროზეც არ უნდა გაეშალათ ფრთები ასე. რატომ უნდა ყოლოდა ჩიქოვანს ასეთი ძვირი მანქანა?! საქმის გაკეთება უნდოდეს კაცს და ”შესტითაც” გააკეთებს. როცა მერიაში წამლისთვის ფულის მთხოვნელი პენსიონერების რიგი გიდგას, ცოტა მიწაზე უნდა დაეშვა და სხვაც შეიცოდო. ეს არ არის უგულავას იდეა, ბიძიკო. მიშამ ნახა, რომ ამათ რაღაც ზედმეტად გაუსქელდათ ტყავი და გამოუწერათ რეცეპტი” – მიაჩნია რუსთაველ შალვა დვალიშვილს.
რუსთავის მერის, მამუკა ჩიქოვანის აწი უკვე ყოფილი, 2003 წლის გამოშვების VOLKSWAGEN TOUAREG –ი, არ აღიზიანებს მე-3 კურსის სტუდენტ, რუსთაველ ნინო თხელიძეს. ”არ მინდა ჩემმა ქალაქის მერმა ”ბანძი” მანქანით იაროს” – ამბობს თხელიძე.
თავისი მხრივ, ჩიქოვანი ადგილობრივ მედიას არწმუნებს, რომ ამ ეკონომიით და აუქციონით გამონთავისუფლებული თახები სოციალურ პროექტებს დაემატება. სხვათა შორის, რუსთავის მსგავსად, თვითმმართველობის სარგებლობაში მყოფი მანქანები აუქციონზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტმაც გამოიყვანა.
ქვემო ქართლში ახლა აინტერესებთ, ამ გახმაურებული აუქციონების შემდეგ რეგიონის საჯარო მოხელეები სამომავლოდ რა ღირებულების და მარკის ავტომობილებით ივლიან. შესაბამისად, გაირკვევა პოპულარული იდეა პიარისთვის აიტაცეს, ზევიდან დაავალეს, თუ თვითმმართველობებმა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება რეალურად დაიწყეს. ყოველ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ”ქამრების შემოჭერის” ისტორია ისევე დასრულდეს, როგორც იაღლუჯის ნაგავსაყრელის ისტორია დასრულდა.
დეკემბრის დასაწყისში რუსთავში ჩამოსულმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ქვემო ქართლის გუბერნატორთან, დავით კირკიტაძესტან ერთად, იალღუჯის ნაგავსაყრელი დახურულად გამოაცხადა. აღნიშნული ნაგავსაყრელი რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე მდებარე იალღუჯის მთაზე 1985 წლიდან ფუნქციონირებს.
დახურვის ცერემონია პომპეზური არი იყო. ნაგავსაყრელიდან ამოსული კვამლის ფონზე რამაზ ნიკოლეიშვილი და დავით კირკიტაძე ჟურნალისტებს ინტერვიუებს აძლევდნენ.
მოგვიანებით კი, ქვემო ქართლში გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილობრივ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ნაგავსაყრელის დაკონსერვების და ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი ჯერ-ჯერობით არ აქვთ.
ის, რომ ნაგავსაყრელი კინოფესტივალის მსგავსად არ იხურება, კარგად იცის ”მწვანე ალტერნატივას’’ ანალიტიკოსმა, ქეთევან გუჯარაიძემ. ორგანიზაცია, რომლის თანამშრომელიც გუჯარაიძეა, საქართველოს მთავრობისგან წლებია ნარჩენების შესახებ კანონის მიღებას ითხოვს. ”საქართველოში სულ 63 ნაგავსაყრელია რეგისტრირებული, რეალურად კი ამაზე გაცილებით მეტია, თუმცა ეს რეგისტრირებულებიც არაა კონტროლირებადი ნაგავსაყრელები.
სამთავრობო წრეები და არასამთავარობო ორგანიზაციები ხშირად აწყობენ გარემოს დასუფთავების აქციებს, მაგრამ იმას, თუ სად მიდის საბოლოოდ ეს ნაგავი, ნაკლები ყურადღება ექცევა.
მას შემდეგ, რაც გადაივსო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მოქმედი ნაგავსაყრელები, დაიწყეს ახლების კეთება. ეს, ცხადია, კარგია, მაგრამ ძველ ნაგავსაყრელს ყურადღება, კონტროლი და, პირველ რიგში, დახურვა ჭირდებათ.
დახურვა იმას არ ნიშნავს, მიხვიდე ადგილზე, აქტი გამოსცე და თქვა, ნაგავსაყრელი დავხურეო. საჭიროა, პირველ რიგში, ნარჩენების მოსწორება, დატკეპნა, წყალგაუმტარი ფენით დაფარვა და ტერიტორიის აღდგენა, ხეების დარგვა ან სხვა სახის ღონისძიების გატარება. უცხოეთში არსებობს ამის კარგი გამოცდილება და ახლის გამოგონება არც ჩვენ გვჭირდება.
ასევე, არის მეორე მიზეზი, რის გამოც ძველი ნაგავსაყრელების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. როდესაც აკეთებ ახალ ნაგავსაყრელს, იცავ საჭირო ნორმებს, ტერიტორია გაქვს შემოფარგლული და, შესაბამისად, ნარჩენების შემომტანები იხდიან გადასახადებს - ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთები, ვისაც ამ გადასახადის გადახდა არ უნდა. ისინი ადგებიან და ნაგავს ისევ ძველ ნაგავსაყრელზე მიიტანენ. შესაბამისად, ოფიციალურად დახურული ნაგავსაყრელი კვლავ იარსებებს. ნარჩენებში შიდა წვის პროცესები წლებით გაგრძელდება. კვლავ, გამოიყოფა მეთანი და სხვა სახის მავნე ნივთიერებები და გვექნება უკონტროლო მოქმედი ნაგავსაყრელი“ – საუბრობს ქეთევან გუჯარაიძე.
თვითმმართველობის შესახებ მოქმედი კანონით ნარჩენების მოვლა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ევალებათ, თუმცა პრობლემა ისაა, რომ თავისი წილი საქმე საკანონმდებლო ორგანოსაც არ აქვს გაკეთებული. ”ის, რომ დღეს ჩვენთან ხშირ შემთხვევაში ნაგავსაყრელებს ყველა საჭირო წესის დაცვის გარეშე აცხადებენ დახურულოდ (მაქსიმუმ - მიწას მიაყრიან და ზოგჯერ არც ამას ეკეთებენ), შესაბამისი კანონის არარსებობის ბრალიცაა. მიუხედავად ჩვენი უცხოელი პარტნიორების დიდი ძალისხმევისა, მთავრობას კანონი ნარჩენების მართვის სფეროში ჯერაც არ მიუღია.
გვაქვს, სპეციფიური კანონმდებლობა წყლისა და ჰაერის დაბინძურების სფეროში. ეს კანონები ოთხმოცდაათიან წლებში მიიღეს. ერთადერთი, ნარჩენების კანონი არ არის, რაც აღნიშნულ სფეროში პრობლემის მოგვარებას ხელს უშლის. არსებობს მხოლოდ მწირი ფრაგმენტული კანონმდებლობა, რაც ცხადია საკმარისი არ არის. შესაბამისად, ნარჩენები ტიპების მიხედვით დაყოფილი არაა. მაგალითად, უნდა განისაზღვროს, ვინ არის პასუხისმგებელი სამრეწველო ნარჩენზე, ვინ სამედიცინოზე და ვინ - ბიოლოგიურზე.’’ – ამბობს გუჯარაიძე.
ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმა, ჩვენ ქვეყანას გარემოს დაცვის კუთხით სხვადასხვა ვალდებულებებს აკისრებს. ერთ-ერთი ნარჩენების ეფექტური მართვაა. ევროკავშირის დაფინანსებით გაზაფხულში გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამინისტროში, ახალი პროექტი დაიწყება.
სანამ უცხოელები ჩვენებს საკუთარი ნაგავის პატრონობას ასწავლიან, რუსთაველ ნანა კუპატაძეს თავისი აივნის კარი გაუქმებული ექნება. ”წლებია, აივანზე ვერ გავდივარ. იალღუჯიდან დამწვარი ნაგვის კვამლი მოდის. თქვეს - დაიხურაო, მაგრამ ჩვენ შვებას ვერ ვგრძნობთ! გუშინ ქარი იყო და მთელი ეზო გადაგვითეთრდა. გარემოს დაცვაზე და ელექტომობილებზე საუბრობს ჩვენი მთავრობა, არადა ნაგვისთვის ვერ მოუვლია. თუ მოსახლეობის მხრიდან მოხმარეება საჭირო, მივალთ და რაც გასაკეთებელია გავაკეთებთ’’ – ამბობს კუპატაძე.
ფესტივალივით დახურული ნაგავსაყრელი კვლავ ბოლავს. მეთანით და სხვა მავნე ნივთიერებებით რუსთავის ჰაერს აბინძურებს. პარალელურად კი მის შემცვლელ, ახალ ნაგავსაყრელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში აშენებენ.