ვახტანგ ბალავაძის ულვაში

ვახტანგ ბალავაძის ულვაში

რამდენიმე დღეში თბილისის სპორტის სასახლეში ჭიდაობაში ევროპის პირველობა დაიწყება. ამ დონის საერთაშორისო ასპარეზობით ქართველი გულშემატკივრები განებივრებულები არ ვართ. ქართველებს თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მდიდარი ტრადიციები გაგვაჩნია. თბილისის ტურნირიც ალბათ გამონაკლისი არ იქნება და ჩენი ფალავნები არაერთი წარმატებით გაგვახარებენ.

მომავალი ევროპის ჩემპიონატი საყურადღებო კიდევ ერთი მიზეზის გამო გახლავთ. სპორტის ამ სახეობის მაღალჩინოსნებმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს უნდა დაუმტკიცონ, რომ ჭიდაობა კორუფციისა და სხვადასხვა სახის ჩაწყობებისგან გათავისუფლების გზას დაადგა. თბილისის შეჯიბრება პირველია, რომელიც ბატონი რაფაელ მარტინეტის გარეშე ჩაივლის. ეს უკანასკნელი ის ადამიანია, რომელმაც თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა უძირო ჭაობში შეიყვანა.

მომავალ ევროპის პირველობაზე საქართველოს ღირსებას შემდეგი ფალავნები დაიცავენ.

თავისუფალი ჭიდაობა: 55 კგ - გიორგი ედიშერაშვილი, 60 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 66 კგ - კონსტანტინე ხაბალაშვილი, 74 კგ - დავით ხუციშვილი, 84 კგ - დავით მარსაგიშვილი, 96 კგ - ელიზბარ ოდიკაძე, 120 კგ - გენო პეტრიაშვილი.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 55 კგ - ლაშა გოგიტაძე, 60 კგ - რევაზ ლაშხი, 66 კგ - მანუჩარ ცხადაია, 74 კგ - ზურაბ დათუნაშვილი, 84 კგ - ვლადიმერ გეგეშიძე, 96 კგ - ელიზბარ ოდიკაძე, 120 კგ - გურამ ფერსელიძე.

ქართველ ფალავნებს მომავალ შეჯიბრში წარმატებებს ვუსურვებთ. დღევანდელ წერილში ცნობილი ქართველი მოჭიდავეების თავს გადამხდარ მორიგ სახალისო ამბებს შემოგთავაზებთ. იმედია მას ევროპის პირველობაზე მოასპარეზე ჩვენი ორივე ნაკრების წევრებიც გაეცნობიან და მათი საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტან.

თავდაპირველად სიტყვას სპორტულ ჟურნალისტ თამილა კახიძეს გადავცემ, რომელიც თქვენს სამსჯავროზე ორ ადრინდელ ისტორიას გამოიტანს.

„ის წელია სსრკ-ის მოჭიდავეთა ნაკრები რომ პირველად გაემგზავრა ტურნეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. სსრკ-ის უძლიერეს ფალავნებთან ერთად იმყოფებოდა სწორუპოვარი ვახტანგ ბალავაძე, რომლის მრისხანება უკვე ოკეანის იქითაც ცოდნიათ.

პირველ დღეს ვახტანგმა ადვილად დაამარცხა მოწინააღმდეგე. მეორე დღესაც. აი, გადამწყვეტ მესამე დღეს კი მსაჯი აშკარად ჩაგრავს. ერთხელ არ ჩაუთვალა ქულა. ვახტანგმა საგანგებოდ მოვლილ ვეება ულვაშზე ჩამოისვა ხელები, ისევ ეკვეთა მეტოქეს და ჰა, ჰა უნდა გააკრას ხალიჩას და... ისევ უადგილო სასტვენი. კვლავ არ ჩაუთვალა მსაჯმა.

მართალ კაცს სიმართლე სად დაეკარგება... ისევ ჩამოისვა დინჯად ხელი ულვაშებზე ბალავაძემ და ისევ ეცნენ ერთმანეთს ფალავნები. სუფთა გამარჯვება!

უკვე ფონს გასულმა ქართველმა ისევ დააპირა ულვაშებზე ხელის ჩამოსმა, რომ გადმოხტა ხალიჩაზე ვიღაც ადგილობრივი და სანამ ვინმე რაიმეს მოიფიქრებდა ვახტანგს ეცა... პირდაპირ ულვაშზე. ეცა და მოსწია. ერთ ხელს მეორეც მიაშველა და ორივე ხელით ქაჩავს ულვაშს. ერთი ხელის გაქნევით მოისროლა ბალავაძემ მეტიჩარა და თავხედი „მოიერიშე“.

მოგვიანებით გაირკვა ყველაფერი. იმ „აგრესორ“ ულვაშის მტერს უფიქრია, ეს ულვაშები ალბათ მიწებებული აქვს, როგორც თილისმას ხელით ეხება, ახალი ენერგიით იმუხტებაო და უნდოდა ემხილებინა, თუმცა საპასუხოდ მუდამ დაუვიწყარი ალიყური გამოსტყუა გამარჯვებულს.“

„ლევან თედიაშვილს ვუთხარი, ცოტათი მძიმე ბარგი მაქვს და აეროპორტამდე მიმატანინე როგორმე-თქო. (კიევიდან თბილისში მოვფრინავდით). ლევანი რის ლევანია, სასწრაფოდ მოაყენა ტაქსი სასტუმროს და ჰერი აეროპორტისკენ.

მძღოლი ენაწყლიანი გამოდგა. ლევანის დიდი თაყვანისმცემელი და გაბმულად ელაპარაკება, რა თქმა უნდა, სპორტზე და ძირითადად - ჭიდაობაზე.

მე უკან ვზივარ არხეინად. მოულოდნელად გამახსენდა, რომ სასტუმროს ტუმბოჩკაში ერთი ბოთლი გაუხსნელი არაყი დამრჩა, რომელიც ასპარეზობის ბოლო დღეს ჩვენი ფალავნებისთვის უნდა მიმერთმია. ამის გაგონებაზე ტაქსის მძღოლი „დაიბნა“. თავდაპირველად მანქანა გააჩერა და მე და ლევანს გვთხოვა სასტუმროში დავბრუნდეთო.

- არა, კაცო, გვაგვიანდება - ლევანმა - თვითმფრინავი გაგვასწრებს, არყის მეტი რაა საქართველოში, იქიდან გამოგიგზავნიო.

აეროპორტში რომ მივედით, მძღოლმა ხელები დაიკაპიწა. სულ თავისით სათითაოდ ამოალაგა ჩვენი ჩანთები. მერე ლევანი გვერდზე გაიყვანა და - „ბრატ, დარაგოი, სკაჟი ვ კაკომ ნომერე ასტალსია ვოდკა?!“

მე კი ვასწავლე, მაგრამ მერე რა მოხდა, ვეღარ გეტყვით.“

ჯუმბერ დავლიანიძე: „მახსოვს, ერთხელ მოსკოვში, კურსკის ვაგზლიდან თბილისში ვბრუნდებოდით. კურსკის ვაგზლის ახლოს გასტრონომში შევიარეთ პროდუქტების შესაძენად.

მოლარეს სალაროში ქვითრები გამოვარტყმევინე, თან თანმხლებ კოლეგას ვუთხარი: „მე სანამ სხვა რამეებს ვიყიდი, მიდი აი, იმ ქერათმიან გოგოსთან (სხვა გამყიდველზე ვანიშნე) და სამი „ბატონი“ გამოართვი-მეთქი. ისიც ადგა და მივიდა: „დევუშკა, დავაი ტრი გასპადინ“. გაოცებულმა გამყიდველმა ჩეკი გამოართვა.

- ჩტო? ჩტო ვი ტრებუიტე?

ამან იფიქრა სწორედ ვერ ვუთარგმნეო და ცეცხლზე ნავთი დაასხა:

- ტაგდა... ტრი კნიაზა დავაი...

გამყიდველი ჩაბჟირდა. და რომ ავუხსენი, სიამოვნებით შეგვიფუთა „ტრი ბატონჩიკი“... „ნუ შუტნიკი!“.

„სტამბულში ვართ. ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის პირველობა ტარდება. მსაჯებს ასეთი რამ შეგვემთხვა.

პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრების შემდეგ ავტობუსით ვბრუნდებოდით სასტუმროში. როცა ავტობუსიდან გადმოვედით, კარებში ჩანთებით დატვირთული თურქები დაგვხვდნენ. ისინი კოხტად შეფუთულ პარკებს სულ... სამ დოლარად გვთავაზობდნენ.

თითოეულ მათგანში მსაჯის თეთრი მაისური და ხუთი წინდა უნდა ყოფილიყო. მათი გახსნის და ნახვის ნება არ დაგვრთეს იმ მიზეზით, რომ პოლიცია უთვალთვალებდათ.

მოკლედ, სულ დავუცარიელეთ ჩანთები და სასტუმროს ვესტიბიულში შესვლისას გავხსენით ეს პაკეტები. ყველა მათგანში უხარისხო, დახეული და თვალწასული, „დეფექტიანი“ საქონელი იდო.

სასწრაფოდ გამოვცვივდით გარეთ, მაგრამ რა დაგიკარგავს, რას ეძებ? მოკლედ, საღამოს, გულის ჯავრზე მსაჯებმა ჭიქის მიჭახუნებით ერთმანეთს ვუსურვეთ, რომ მეტი დანაკლისით ღმერთს აღარ დავესაჯეთ.“

ზურაბ კახაბრიშვილი: „ერთმა ჩვენმა მოჭიდავემ (გვარს და სახელს არ ვიტყვი) ერთი „პაეზდკის“ დროს ტატუს გამკეთებელი გაიცნო და მხარზე - იდაყვის ზემოთ არწივი „ამოანაკოლკებინა“.

შევხედე არწივს და ნამდვილად არ მომეწონა, რადგან არწივი ძლიერების და შეუპოვრობის სიმბოლოა. ის არწივი კი ნიბლია ჩიტივით კეთილად გამოიყურებოდა.

- რაა ბიჭო, ეს! მით გინდა „წაახდინო“ მეტოქე?! დავიწუნე და დავიწუნე.

- აუ, რაღა ვქნა ახლა! - აშკარად შეწუხდა ჩვენი ფალავანი, რა ვუყო ახლა ამას? - სიმწრით გადაყლაპა ნერწყვი.

- ხომ გახსოვს, ვინც გაგიკეთა? - ვეკითხები.

- რავა არა, ორასი მანეთი მივეცი, სულ თუმნიანები.

- ჰოდა, მიდი და უთხარი, ცოტა „ჟესტოკი“ არწივი გაგიკეთოს.

ჩვენი მოჭიდავე დაფიქრდა - ასე მართლა არ ივარგებსო და ოთხი საათი უჯდა გადასაკეთებლად იმ „მეტატუირეს“. ეტყობა ის კაცი მაგარი პროფესიონალი იყო და „გადააკეთა“.

- აი, გადააკეთა! – „მომახარა“ ჩვენმა ფალავანმა და მკლავი გაიშიშვლა.

მკლავიდან გაკვირვებული, მრისხანე გამომეტყველების მქონე არწივი გაოცებული თვალებით მიყურებდა..“