საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ბელარუსისთვის ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტის დაწესება არ გამორიცხა.
„თავიდან ეკონომიკურ სანქციებს არ ვიყენებთ, რადგან ვიცით, რომ ეკონომიკური სანქციები არა მხოლოდ იმ ხალხს ეხება, ვისთვისაც სანქციების დაწესება გვსურს, არამედ ყველას. ამიტომაც ფრთხილად მივუდეგით ამ საკითხს. არ გამოვრიცხავ სანქციების მეხუთე პაკეტის მომზადებას, ვინაიდან გავლენა უნდა მოვახდინოთ იმათ ქცევაზე, ვინც ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე პასუხს აგებს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
21 ივნისს ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სასანქციო სიაში 78 ფიზიკური პირი და 8 ორგანიზაცია შეიყვანა.
23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.