სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და საარჩევნო ბლოკ „სომხეთის“ ლიდერმა, რობერტ ქოჩარიანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
„არჩევნების შედეგებს უცნაურად მივიჩნევ. ყველა გამოკითხვა, მათ შორის „გელაპის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა საპირისპირო სიტუაციას ცხადყოფდა. უამრავი დარღვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაფიქსირდა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ“, - აღნიშნა რობერტ ქოჩარიანმა.
სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება მანდატების აღებასთან დაკავშირებით.
21 ივნისს სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. გამარჯვება ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ მოიპოვა. „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ხმების 53.92% მიიღო. მეორე ადგილზეა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, რომელსა მხარი ამომრჩეველთა 21.04%-მა დაუჭირა. მესამე ადგილს კი კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“ იკავებს, რომელმაც 5.23% მიიღო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და მთავრობის ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად შეძლებს.