თბილისში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა უკიდურესად გართულებულია. დედაქალაქში მოქმედი 125 სამარშრუტო ხაზიდან მხოლოდ 92 დატოვეს. მგზავრების შეფასებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემცირებით ხელისუფლებამ ხალხის აბუჩად ამგდები გადაწყვეტილება მიიღო.
„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტმა ჭავჭავაძის გამზირზე ერთ დღეს რამდენიმე ვიდეოკადრი გადაიღო - ვაკეში, თსუ-ს-თან მდებარე გაჩერებასთან მგზავრები ავტობუსს თითქმს 40 წუთი ელოდებოდნენ.
შემდეგ გამოჩნდა საბურთალოსკენ მიმავალი N51 ავტობუსი, თუმცა იმდენად გადატვირთული იყო, რომ მძღოლს კარის გაღება და დაკეტვა გაუჭირდა.
როგორც მგზავრები ამბობენ, ავტობუსებით მგზავრობის საფასური 40-დან 50 თეთრამდე იმ არგუმენტით გაიზარდა, რომ მომსახურება გაუმჯობესდებოდა, თუმცა მომსახურება არა თუ გაუმჯობესდა, პირიქით, გაუარესდა.
მოქალაქეები 90-იან წლებს იხსენებენ და ამბობენ, რომ არსებული ვითარება აგონებთ სამოქალაქო ომის პერიოდს, როდესაც ავტობუსები ღია კარებით დადიოდნენ.
მუნიციპალური ავტობუსის ხაზების რაოდენობა პირველი ნოემბრიდან 125-დან 92-მდე შემცირდა.
გთავაზობთ სატრანსპორტო სფეროში უშუალოდ მგზავრების კომენტარებს ციკლიდან „ავტობუსი გამოუშვით... 2“: „სულ გაჭედილია ეს ავტობუსები. პლიუს გაჩერებაზე რამდენ ხანს ველოდები, რა არის, რა უბედურებაა...კიდევ ერთხელ „მოკითხვას ვუგზავნი“ თქვენს „სახელმწიფო რეფორმებს და სახელმწიფო აზროვნებას“...
„ჩვენ ხელისუფლება დამპალი კომუნისტების სტილით მუშობს – ხალხს მეტი თუ მიეცი, უფრო მეტო მოუნდებაო. სხვა შემთხვევაში მგზავრებს ამ დღეში არ ჩააგდებდნენ. პარიზულ ტრამვაიზე საუბრობენ და თბილისში ავადასხსენებელი 90–იანები დააბრუნეს. რატომ აღარ მგზავრობს უგულავა ყვითელი ავტობუსით?“
„ერთხელ ვიმგზავრე 140-ით და კოლმეურნეობაზე სამი კაცი დამხვდა ჩამოსვლისას; ყველამ სათითაოდ შემიმოწმა ბილეთი გულდასმით. სამსახურში წასვლა არ მინდა, ისეა გადაჭედილი ავტობუსები. ტაქსი ძვირი ჯდება, არ მაქვს მაგის შესაძლებლობა.
მეტროში ჩასვლა მეშინია, როცა მოვკვდები ისაც მეყოფა მიწის ქვეშ ყოფნა“.
„გარდა იმისა, რომ გააუქმეს და შეცვალეს ხაზები, ბევრ ხაზზე ავტობუსთა რაოდენობაც შეამცირეს. მაგალითად, 59-ზე 8 ავტობუსიდან 5 დატოვეს. ძალიან უკმაყოფილოა ხალხი ამ ნომრის მოძრაობით და მძღოლს რომ შესჩივლეს, მან რაოდენობა შეამცირესო უპასუხა. ალბათ ანალოგიურად შემცირდებოდა დარჩენილ ავტობუსების რაოდენობაც, რაც ამავდროულად ძალიან აფერხებს მგზავრობას. საოცარია თუ რატომ ხდება ესე. ხალხს ნერვებს უშლიან“.
„სამსახურიდან უკან ფეხით ვბრუნდები, ამის დედაც ვატირე... ისეთი ამბავია მძღოლს თუ გადმოსვამ და მის ადგილს დაიკავებ, თორემ სხვა შანსი არაა ახვიდე ავტობუსში. მე კიდევ კარგი, 20-25 წუთი მჭირდება ფეხით სახლამდე მისასვლელად. მაგრამ ყველას ასე ხომ არ უმართლებს არა?“
„მოდით რა შევეშვათ - „საქართველოა“, „მაინც არ გადაიხდის“ და მსგავს მარაზმს! სისულელეა იმის მტკიცება, რომ ხაზები იმიტომ განახევრდა, თითქოს ხალხი ფულს არ იხდიდა! ძალიან მარტივადაა ეს ყველაფერი - უბრალოდ პირველად შემოყვანილ ჰოლანდიურ ავტობუსებს დედა ეტირა და ძალაუნებურად მოხდა „ბოგდანებით“ მათი ჩანაცვლება. ახალ ბოგდანებს საიდან მოიყვანდნენ, ამიტომაც მოხდა გადანაწილება სხვა ხაზებიდან...
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხალხის ჯიბეზე „გათვლით“ გაკეთდა ( აბა ჩიკვაიძეს ხო არ დაიჭერდნენ საუკუნის წინ ვადაგასული ავტობუსების ჩამოყვანისთვის) რა პრობლემაა?! მერე რა რომ ჭედვაა, ან ორმაგს ვიხდით, როგორც ერთი დიადი იტყოდა - „თუ ჭედვა და ჭყლეტვაა, არ ახვიდეთ და ფეხით წადით“, სულ ესაა“.
„მოკლედ, რაც შეეხება ავტობუსებს, ერთი რამ ნათელია: ყვითელი ავტობუსები ასე თუ ისე, კარგი იყო თავდაპირველი სახით. თავის მარშრუტებით, ფასებით და ყველაფრით. ანუ ამ საქმის მოგვარების პრაქტიკა აქვს ხელისუფლებას და რაც ახლა მოხდა, ეს საქმის არცოდნის გამო არ მოსვლიათ. ჩემი აზრით, ეს უნდა გამოირიცხოს. რაღაც სხვა ამბავია.
„წამგებიანობა არ იყო მთავარი მიზეზი... მაგალითად ლილოს ავტობუსის მარშრუტი გააუქმეს, რომელიც სულ გადატენილი იყო. პატარა ბოგდანი დადიოდა, ახლა ხალხს ორი ავტობუსის გამოცვლა უწევს და ფულსაც მეტს ხარჯავს. ასეა სხვა მარშუტებზეც. შეიძლება არსებობდა რამდენიმე მარშრუტი, რომელიც მართლა ტყუილად იყო, მაგრამ ეგ იქნებოდა 20-30% საერთო რაოდენობიდან“.
„სიხარბე - ერთ-ერთი ცოდვათაგანია. აღარ ჰყოფნიდათ ყოველდღიურად შეტანილი გეგმა. საფასური 20 თეთრი, 40 გახადეს და ეგონათ პროპორციულად მოიმატებდა შემოსავალი და როგორც მოსალოდნელი იყო - შემოსავალმა დაიკლო. ვიდრე მძღოლის ხელში იყო ფული, გეგმაც ბარდებოდა, ავტობუსიც გამართული იყო, ხალხიც მეტ-ნაკლებად კმაყოფილი.
ოღონდ მძღოლს არ წაეღო „უშრომელი“ ფული და ყველაფერი იღონეს - ჯერ კონტროლიორები დაუსვეს (ყარაულის ყარაული, ეს რა შედეგს გამოიღებდა სულხან საბას იგავის წამკითხველს მაინც უნდა სცოდნოდა!), მერე სალარო აპარატები მოიგონეს, არც ამ „ღონისძიებამ“ უშველა, ახლა მარშრუტები შეამცირეს, ზოგიც დაამოკლეს, არ უშველის ბატონებო არც ეს.
ახლა ტრამვაიზე დაიწყეს საუბარი - იაფი ჯდებაო, ხალხი ფულს გადაიხდისო. თითქოს ტრამვაი ჰაერით იმოძრავებდა და უქონელი ხალხი ღამღამობით ფულის ბეჭდვას დავიწყებდით. რატომ ჯდება იაფი და არგადამხდელი ამჯერად რატომ გადაიხდის, ვერ გავიგე ვერაფრით“.
„ორშაბათს სამსახურში ავტობუსით წასვლა გადავწყვიტე, თუმცა, ქალაქის ახალი მერიის გადაწყვეტილების გამო (ავტობუსების ხაზების შემცირებას ვგულისხმობ) დიდხანს ლოდინი მომიწია. ავტობუსში (ნომერს შეგნებულად არ ვასახელებ) ავედი, ბილეთი ავიღე და წინა სავარძელზე მოვკალათდი.
ავტობუსი ნელა გაუდგა გზას, დაღმართზე კი ძრავი გამორთო. გვერდით მჯდომმა გაკვირვებულმა მგზავრმა მძღოლს საყვედური უთხრა, მან კი თავი იმართლა, - „იძულებული ვარ დაღმართზე ძრავი გამოვრთო, რომ საწვავის ეკონომია გავაკეთო, რადგან ცოტა დიზელს გვისხამენ, გვეუბნებიან იყოფინეთო და ჩემი ჯიბიდან ხომ არ გადავიხდი დამატებითი საწვავის ფულს?“
იქვე მძღოლმა ავტობუსების კიდევ უფრო შემცირებაც იწინასწარმეტყველა და აღნიშნა, რომ ეს წამგებიანი ბიზნესი აღმოჩნდა, რომელიც თავის დროზე მთავრობამ კერძო კომპანიას არ გადასცა სამართავად. ახლა კი ყვითელი ავტობუსები ნელ-ნელა ჯართის ჩამბარებელი პუნქტებისკენ მიემართება.
„პროექტი წამგებიანია და ძალიან ხარჯიანი, ავტობუსები ამორტიზებულია, ავტოპარკის განახლება კი არ ხერხდება“.
მუნიციპალური ავტობუსები წამგებიანი რომ იყო, ამაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. ამიტომ შეიძლება ის საერთოდ გაუქმდეს ან მათი რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს. ყველაზე დიდი დარტყმა კი მუნიციპალურმა პროექტმა მაშინ მიიღო, როდესაც ავტობუსებში სალარო აპარატების დამონტაჟება გადაწყდა“.
ამ ფონზე თბილისში ტრამვაი ბრუნდება. უკვე ცნობილია, რომ ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს სახეობა პარიზული მოდელის იქნება.
ამ მიზნით დედაქალაქის მერი გიგი უგულავა უკვე რამდენიმე დღეა საფრანგეთის დედაქალაქს სტუმრობს. მისი განცხადებით, ფრანგულ კომპანია „სისტრასთან“ შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
„მათთვის, ვინც საზოგადობრივი ტრანსპორტით სარგებლობს, ტრამვაის დაბრუნება შეღავათი იქნება. გარდა ამისა, ეკოლოგიური კუთხით ეს მნიშვნელოვანი სიახლეა თბილისისთვის. რეალურად, თბილისი მართლა გახდება ევროპული ქალაქი ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა უგულავამ.
აღსანიშნავია, რომ პარიზში მყოფმა თბილისის მერმა პარიზული ტრამვაი პირადად გამოსცადა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრა.
„დიზაინით, მოხერხებულობით და ყველა კრიტერიტუმით პარიზის ტრამვაები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, რაც უდავოდ დაამშენებს თბილისს“, - დასძინა უგულავამ.