ცნობილი „გავრილოვის ღამიდან“ 2 წელი გავიდა. ამ ორ წელში ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი ცვლილება განხორციელდა. იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჯერ პრემიერ-მინისტრი გახდა, შემდეგ კი გადადგა და ოპოზიციაში წავიდა.
გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რა დროსაც 7 თვის განმავლობაში ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე ჯიუტობდა. ოპოზიციასა და ხელისუფლების „შესარიგებლად“ ფასილიტატორები ჩაერივნენ და ბოლოს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დოკუმენტი შეადგინა, რომელზეც ხელი როგორც მმართველმა გუნდმა, ისე ოპოზიციამაც მოაწერა და პარლამენტიც შეივსო. სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცნობილი „გავრილოვის ღამის“ მონაწილეებს ამნისტია შეეხოთ და პარლამენტმაც ამნისტიის კანონპროექტზე დაიწყოს მუშაობა.
გავრილოვის ღამის 2 წლისთავს for.ge-თან ექსპერტები აფასებენ. ანალიტიკოს, გია აბაშიძისთვის დღესაც მიუღებელია პარლამენტზე შტორმის მიტანა. მისივე თქმით, შარლ მიშელის შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია, რომ ამნისტია ყველას უნდა შეეხოს - ყველა ბრალდებულს და ყველა ეჭვმიტანილს. ექსპერტი ასევე დასძენს: „უპირველეს ყოვლისა 2019 წელში დავბრუნდეთ, რადგან აქ ორი მთავარი მომენტია. პირველი სრულიად მოულოდნელი იყო ოკუპანტი რუსეთის დეპუტატის, თუნდაც პარლამენტში შესვლა. ორგანიზატორებს ეს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ, ან ამ ღონისძიების ჩატარებისგან თავი აერიდებინათ. თუნდაც, ამის გამო საერთაშორისო ორგანიზაციიდან მსუბუქი სანქციები მიეღოთ.
მეორე მომენტი - როდესაც რუსეთის დელეგაცია წავიდა, მოხდა პირდაპირ პარლამენტის შტურმი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. გასაგებია, იქამდე ძალიან კარგი, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი იყო, რომელმაც ყველა პოლიტიკური გემოვნების ადამიანი გააერთიანა, მაგრამ როდესაც შტურმი დაიწყო, ის კატეგორიულად მიუღებელი იყო. შტურმის მოგერიება ჩვენმა სამართალდამცველებმა მშვენივრად შეძლეს.
ახლა მე მესმის უკვე, რომ გარკვეული შეკითხვები მოგერიებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად წყლის ჭავლზე, რეზინის ტყვიებთან და ა.შ. ყველა ეს საშუალება კანონის მიერ დაშვებულია, თუმცა, სპეცოპერაციას როგორ გამოიყენებს ოპერაციის ხელმძღვანელი, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია.
მესმის, რომ აქ არის პოლიტიკური ბრალდებები ორივე მხრიდან, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად პარლამენტზე შტურმი მიუღებელია ისე, როგორც კაპიტოლიუმზე იყო მიუღებელი.
რაც შეეხება ამნისტიის კანონპროეტს, ის კანონად შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე უნდა მიიღონ. შარლ მიშელის შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია, რომ ამნისტია ყველას უნდა შეეხოს - ყველა ბრალდებულს და ყველა ეჭვმიტანილს. ეს თქვა შარლ მიშელმა და ამას ყველა პარტია დაეთანხმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. ის უნდა შესრულდეს მახინჯი ინტერპრეტაციის გარეშე. სხვაგვარად ეს ვერ წამომიდგენია.
ასევე გვესმის მოულოდნელი რამ, რომ თურმე, „ნაცმოძრაობა“ შეუერთდება დოკუმენტს, როდესაც კანონს მიიღებენ, რაც სრულიად გაუგებარია. საერთოდ, „ნაცმოძრაობას“ გაუგებარი პოლიტიკური განცხადებები ახასიათებს. გარდა ამისა, ამნისტიის კანონი ისე უნდა მიიღონ, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტშია გაწერილი“, - გვითხრა გია აბაშიძემ.
კოლეგისგან განსხვავებით, ექსპერტ ლევან ალაფიშვილისთვის, გავრილოვის ღამიდან 2 წლისთავზე ამნისტიის კანონის მიღება არასწორად მიაჩნია. მისი თქმით, ვიდრე პოლიტიკური სპექტრი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, იქამდე საზოგადოებასთან დიალოგი უნდა გაემართათ.
„პერსონალიების გარეშე, რადგან ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი ხელისუფლება იყო - დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, რიგითი დეპუტატით დამთავრებული, ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. რაც შეეხება, სისხლის სამართლის საკითხს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი წლის თავზე მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ძალიან კარგად ისარგებლა იმ შექმნილი მოცემულობით, რომელიც არჩევნების შემდგომ არის. სავარაუდოდ, ხელისუფლებამ გამოიყენა საპარლამენტო ოპოზიციის უყურადღებობა, უპასუხისმგებლობა. არ მიაქციეს ყურადღება ამნისტიის ქვეშ ე.წ. მიშელის დოკუმენტში რა მოიაზრებოდა. შესაბამისად, სწორედ მიშელის დოკუმენტის საფუძველზე მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა საკუთარ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამნისტიის მიღების შემდგომ, ვერავინ ვეღარ გამოიძიებს და საზოგადოებას ვეღარ მოგვეწოდება სწორი, სრული ინფორმაცია თუ რა მოხდა ორი წლის წინ. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა წარმოგვედგინა, ყოველ შემთხვევაში ასეთი მოცემულობა მივიღეთ.
სხვა საკითხია, ეს ამნისტია ყოფილიყო ფართო პოლიტიკური შერიგების საფუძველი, საზოგადოებისთვის ჯეროვანი ინფორმაცია მიეწოდებინათ და შესაბამისად, ამ კომუნიკაციის პროცესში საზოგადოებას, მმართველ პოლიტიკურ ძალასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ერთგვაროვანი შეთანხმება გაფორმებულიყო - ეს სხვა საკითხი იქნებოდა. მაგრამ იმ სახით, რომლითაც იქნა მიღებული ამნისტია, ეს არის ოპოზიციისა და მმართველი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობის საკითხი. მათ საზოგადოებასთან კომუნიკაცია საჭიროდ არ ჩათვალეს, ან ვერ გაიგეს დოკუმენტში რა ეწერა და ეს უფრო უარესია, რადგან კომპეტენციის დაბალ დონეს მიანიშნებს“, - განუცხადა ექსპერტმა for.ge.
შეგახსენებთ, 2 წლის წინ, საპროტესტო გამოსვლები თბილისში, საპარლამენტო მართლმადიდებლური ასამბლეის სესიის დროს, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას მოყვა.
ზუსტად 2 წლის წინ, 20 ივნისს საპროტესტო აქცია სასტუმრო "რედისონთან" დაიწყო, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ გაგრძელდა.
გვიან ღამით სამართალმდაცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა. აქციის დაშლის დროს კლინიკებში მოხვდა 200-ზე მეტი მოქალაქე, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა. დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმაც. აღნიშნულ პროტესტს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.