„ალბათ, თავად მელიამ და ვიწრო წრემ გადაწყვიტა, რომ ნიკა არ იყოს თბილისის მერობის კანდიდატი. მელია არის პარტიის თავმჯდომარე, მას უფრო მეტი ფუნქცია აქვს. გარდა ამისა, თუ ის კენჭს იყრის მერობაზე და კახა კალაძეს დაუპირისპირდება, დიდი ალბათობით, ეს საკმაოდ მძიმე იქნებოდა, როგორც მისთვის, ასევე „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას იმის შესახებ, რომ თბილისის მერობაზე მის კანდიდატურას არ განიხილავს.
როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო ნიკა მელიამ ეს გადაწყვეტილება?
- მათთვის მნიშვნელოვანი არის არა თბილისის მერობა, არამედ 43%-იანი ბარიერისთვის ბრძოლა. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყო ძალიან აქტიური. ნიკა მელიას დღეს, თუ მიხეილ სააკაშვილს არ ჩავთვლით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მხარდამჭერებში ერთერთი ყველაზე რეიტინგული ფიგურაა, ზოგადად ოპოზიციაშიც კი. შესაბამისად, მათი ეს გადაწყვეტილება ორიენტირებული არის, არა იმდენად ადგილობრივ არჩევნებზე, არამედ იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ აიღოს 43% და მივიდნენ რიგგარეშე არჩევნებამდე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ თბილისის მერობის არჩევნებზე დააყენებენ ზეპარტიულ კანდიდატს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეიძლება იყოს ის...
- იდეა სწორია, თუმცა, მეეჭვება, მოძებნონ ასეთი კანდიდატი. კარგი იქნება, თუ მას ექნება დადებითი იმიჯი მოსახლეობაში და ამასთანავე, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი აქტივისტი. ამ წრეებში უნდა ეძებონ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მეწარმეზე ან ბიზნესიდან მოსულ, თუნდაც რეიტინგულ ფიგურაზე, მოხდეს შეთანხმება და მხარდაჭერა. ასეთი ფიგურა არც მეგულება და არც ის მგონია, რომ ამან გაამართლოს. სხვა თემაა, თუ არავინ ჰყავთ და იძულებული არიან. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ამაზე აქცენტი გაკეთდეს.
ანა დოლიძის კანდიდატურაზე რას იტყვით?
- ანა დოლიძე არის ერთერთი ნორმალური კანდიდატი, თუმცა, ისიც პოლიტიკურ ველზეა. მართალია, მან შესთავაზა საკუთარი თავი ოპოზიციურ სპექტრს, მაგრამ მაინც, ჯერ ნიადაგი უნდა მოესინჯა. შესაბამისად, ასეთი შეთავაზებას ყოველთვის უკურეაქცია მოსდევს ხოლმე. უფრო პოპულისტური ნაბიჯია ანას მხრიდან. თუ მას მხარს დაუჭერენ, ახლაც არ არის ცუდი, მაგრამ ის, რომ თავად გამოვიდა ინიციატივით, ცუდია.
როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნების“ მხრიდან, კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება?
- თავის დროზე, ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ასეთ იდეას განიხილავდა - გახარია, კალაძე და კვირიკაშვილი - თუ ეს ტრიო შეიკრიბებოდა, იქნებოდა საკმაოდ ძლიერი ოპოზიციური ძალა, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს სქემა დაიხურა.
უფრო განიხილება ის, რომ კალაძე მეორე ვადით თბილისის მერი იქნება. ძალიან დიდი ალბათობით, მას აქვს შანსი, რომ მეორე ჯერზეც მოიგოს თბილისის არჩევნები.
არ მგონია, რომ ამ ეტაპზე გახარია-კალაძის დაახლოება მოხდეს. თუ რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნა, შესაძლოა, ასეთი გაერთიანება მოხდეს, ოღონდ კალაძე უკვე - თბილისის მერის რანგში და არა პარტიის.
და რაც შეეხება გიორგი გახარიას, როგორია მთავრობის ყოფილი მეთაურის რეიტინგი დღეს?
- ვვარაუდობ, რომ დაახლოებით 5%-ის ფარგლებში აქვს დღეს რეიტინგი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესაა მისი ჭერი, გააჩნია, რა ნაბიჯებს გადადგამს. ჯერჯეობით გახარიას პარტია არის გახარიას რეიტინგზე დამყარებული. პოლიტიკური კაპიტალი იმ გუნდში, რომელშიც დღეს არის, მხოლოდ მას აქვს. დანარჩენებს, ასეთი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვთ. მისი გუნდის წევრებს ცნობადობაც კი არ აქვთ.
გახარიას მოუწევს ძალიან მძიმე მუშაობის წარმართვა და რაც მთავარია, სწორი ნაბიჯების გადადგმა, თუ უნდა, რომ პარტიის რეიტინგი გაზარდოს. ჯერჯერობით რაც ხდება მის თავს და მის პარტიაში, მაინცდამაინც ამის საფუძველს ვერ ვხედავ, ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მას მოუწევს ძალიან აქტიური და აგრესიული კამპანიის წარმართვა ადგილობრივ არჩევნებზე და რაც მთავარია, მოუწევს დეტალურად გააცნოს საზოგადოებას, რა არის ამ პარტიის მიზანი.
თქვენი აზრით, „ქართული ოცნება“ მიიღებს 43%-ს?
- „ოცნება“ ამ ეტაპზე, შეძლებს ამ ბარიერის დაძლევას, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ ძალიან ადრეა. არჩევნებამდე არის 4 თვე დარჩენილი. „ქართულ ოცნებას“ გარანტირებული არ აქვს 43%-ის აღება. გახარიას ფაქტორი ძალიან რთულად იმუშავებს „ოცნებაზე“ და მის ამომრჩეველზე.