როგორც იქნა for.ge-ს ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების შესახებ დასკვნა გადმოეცა, რომელშიც ნათლადაა ასახული ამ ორი სიწმიდის მძიმე მდგომარეობა და ის, რომ მათი ადგილიდან დაძვრა დაუშვებელია.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 7 აგვისტოს ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების ახალციხის რაბათის ახლადრეაბილიტირებულ მუზეუმში გადატანა სცადეს, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტის უკიდურესი ზომის გამოყენების შემდეგ ხელოვნების მუზეუმის გასასვლელ კართან მიტანილი ზარზმის ღვთისმშობელი უკან დააბრუნეს.
მუზეუმის წარმომადგენლებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ხატების გატანის შეჩერების გადაწყვეტილება იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მიიღო, რაც ჩვენი აზრით, ადასტურებს იმას, რომ ეროვნული მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს ხატები ახალციხეში სწორედ მერაბიშვილის ბრძანებით გადაჰქონდა და არაფრად აგდებდა ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების პროტესტს და მათ მიერ წარდგენილ დასკვნას, რომელიც 7 აგვისტოს დაიწერა.
for.ge ამ მასალასთან ერთად გთავაზობთ 7 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9-ის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც მოისმენთ და ნახავთ როგორ ცდილობდნენ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხატების ახალციხეში გადაბრძანებას; როგორც აქტიურობდნენ ჟურნალისტები (განსაკუთრებით “ინფო 9“-ის წარმომადგენელი შალვა ჯოხაძე) და ადამიანები, რომლებმაც ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე ძალადობის შესახებ საინფორმაციო საშუალებებით შეიტყვეს და იქ მივიდნენ.
ეს აურზაური 2012 წლის 7 აგვისტოს იყო. ორი დღის შემდეგ ეროვნულმა მუზეუმმა თავის ვებგვერდზე, სიახლეების ნუსხაში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშულია გახლდათ, რომ ხატების ახალციხეში გადატანა კვლავ აქტუალური იყო. for.ge-მ სწორედ ამის შემდეგ მიმართა ეროვნულ მუზეუმს და საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვა 7 აგვისტოს დაწერილი დასკვნა.
ეროვნულ მუზეუმთან უშედეგო მიმოწერისა და მათი არაადეკვატური პასუხების შემდეგ (რის შესახებაც for.ge-ზე 20 თებერვალს გამოქვეყნდა სტატია სათაურით - კულტურის სამინისტრო ზარზმა-აწყურის ღვთისმშობლის ხატებზე for.ge-ს საჩივარს განიხილავს) კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ.
განხილვა 21 თებერვალს შედგა. კულტურის სამინისტროდან ამ პროცესს ესწრებოდნენ: იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი თემურ ჩიხრაძე; სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ეკა ქარდავა და ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტები - მაია დვალიშვილი და ალექსანდრე ჩიხრაძე. ეროვნულ მუზეუმს წარმოადგენდა მათი უფლებების დამცველი, ადვოკატი ირაკლი შარაბიძე, ხოლო for.ge-ს - მე ნინო მიქიაშვილი. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას ჩვენი უფლებების დამცველი, ადვოკატი მამუკა ნოზაძე საპატიო მიზეზის გამო ვერ დაესწრო.
ჩვენთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო სამინიტროს წარმომადგენლების მხრიდან გამოჩენილი ობიექტური პრინციპულობა, რისი საბოლოო შედეგიც გახლავთ ჩვენთვის ზემოთ არაერთხელ ხსენებული დასკვნის გადმოცემა. for.ge-სთვის გამოგზავნილ წერილს, რომელსაც დანართის სახით სხვა დოკუმენტებთან ერთად ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების ამსახველი დასკვნაც ახლავს, ხელს აწერს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი.
დასკვნა
„შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურის ფონდში დაცული ხატები
1.ზარზმა. ღვთისმშობელი ყრმით (ელეუსას ტიპი). XI საუკუნის პირველი ნახევარი. 80X64 სმ. ვერცხლი მოოქრული. ფართო ჩარჩოზე ცალკეული კომპოზიციებია - სცენები ქრისტესა და ღვთისმშობლის ცხოვრებიდან;
2.გელათი. აწყურის ღვთისმშობელი. დიდი ტრიპტიქონის ცენტრალური ჩასადგმელი ხატი. 1579-1585 წწ. 46.5X38.5 სმ. ოქრო. პირისახე - ფერწერა. ძირითადი ხატი ჩასვენებულია კარედში, რომლის წინაპირი დაფარულია XVI-XVIII საუკუნეებში შესრულებული მოოქრული, ფურცლოვანი ვერცხლით.
ორივე ძეგლს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფეოდალური ხანის ლითონმქანდაკებლობის განვითარების საერთო ხაზში და თავთავისი ეპოქის საეტაპო ნაწარმოებებს წარმოადგენს. მათ აქვთ უდიდესი მხატვრული და ისტორიული დატვირთვა.
ვერცხლის სტრუქტურაში მიმდინარე უარყოფითი პროცესების გამო ხატების ზედაპირი გაშავებულია. განსაკუთრებით პირველი ხატის შემთხვევაში ეს დეფექტი თვალსაჩინოდ არის გამოვლენილი. ორივე ძეგლის შემთხვევაში მეტალი ძალზე გამყიფებულია, რაც ჩვეულებრივ ახასიათებს ხანდზამულ ვერცხლის ნაკეთობებს.
ვერცხლში მიმდინარე კრისტალიზაციის შეუქცევადი პროცესი მის უმძიმეს ფორმებშია უკვე გადასული, რისი შედეგიცაა ზემოთ ხსენებული გამყიფება. მოჭედილობის მიკროსკოპით დათვალიერებისას შეინიშნება ზედაპირული, მოცულობითი, წერტილოვანი და ხაზობრივი დეფექტების მრავლობითი კომბინაცია, რის შედეგსაც წარმოადგენს აღნიშნულ ხატებზე დადასტურებული ნაბზარები უკვე მაკრო დონეზე.
მრავალ ადგილას არსებული ბზარების შედეგად მცირე დეტალები ძლივსღა უკავშირდება ხატის ძირითად ზედაპირს. ოდნავი შეხებით, ან ბიძგით ეს დეტალები აუცილებლად ჩამოცვივა და დაიკარგება.
აწყურის ღვთისმშობლის ხატის შემთხვევაში საერთო მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ხატის სასაფუძვლე ხე უმძიმეს მდგომარეობაშია. შესაბამისად, მასზე შესრულებული ფერწერა ძლიერ დაბზარულია. ზოგადად ორივე ხატზე არის მრავალი ნაკლული ადგილი.
ძლიერ დაზიანებულია აგრეთვე აწყურის ღვთისმშობლის ხატის ზურგის შესამოსელი ქსოვილი. ჩამოცვენილია და ნაპრალებიდან ჩანს ხის დაფასა და ვერცხლის ზედაპირს შორის არსებული უძველესი მასტიკის ნამსხვრევები, რომლებიც მცირე ბიძგებით აუცილებლად გამოცვივდება და დაიკარგება.
ამ მიზეზთა გამო მიგვაჩნია, რომ დასახელებული ხატების ადგილიდან დაძვრა არ არის მიზანშეწონილი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურის ოქროს ფონდის კურატორი ე. კავლელაშვილი;
საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურის ოქროს ფონდის რესტავრატორი ე. მაღრაძე. 7.VIII. 2012 წელი“.
ბოლოთქმა - for.ge აუცილებლად მოიკითხავს კულტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მხრიდან მოჰყვება თუ არა სათანადო რეაგირება ეროვნული მუზეუმის დირექტორის დავით ლორთქიფანიძის ქმედებებს. კერძოდ, იმას, რომ ამ დასკვნის წარდგენისა და ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების მხრიდან გამოჩენილი წინააღმდეგობის მიუხედავად ეროვნული მუზეუმის დირექტორი მაინც ცდილობდა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხატების ტრანსპორტირებას და ამასთან, იგი შვიდი თვის განმავლობაში მალავდა საჯარო ინფორმაციას, რომელიც ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების მდგომარეობის შესახებ დაიწერა 2012 წლის 7 აგვისტოს.